წვდომის მენიუ

შპს „სერვისი“-სთვის (ს/კ: 211383304) პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-26-11 / 350

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 29, 2026 17:12

მიღების თარიღი ივლისი 23, 2026

შპს „სერვისი“-სთვის (ს/კ: 211383304) პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია“) 2026 წლის 14 ივლისს განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის შ-26-6/5160) მიმართა შპს „სერვისის“ დირექტორმა და დამფუძნებელმა ფიზიკურმა პირმა თამრიკო გოგლიძემ კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელის, ვიქტორია გაჩეჩილაძის, წილის მეორე დამფუძნებლის, თამრიკო გოგლიძის, სასარგებლოდ სრულად გასხვისებაზე წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე.

შპს „სერვისი“ 2010 წლის თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1  ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.4  მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი)  გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება ტექსტური შეტყობინების მომსახურება

B.F.2   ინტერნეტ მომსახურება

კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up) სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL) ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

B.F.3   მონაცემთა გადაცემა

მონაცემთა გადაცემა

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „სერვისის“ დამფუძნებლები არიან:

სახელი

გვარი

წილი(%)

ვიქტორია

გაჩეჩილაძე

50

თამრიკო

გოგლიძე

50

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მიხედვით, კომისია ამავე კანონის 26-27-ე მუხლებით დადგენილი წესით განიხილავს ისეთ კონცენტრაციას, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში არ ექცევა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული  კონცენტრაციების  კონტროლის  მექანიზმის  ფარგლებში,  მაგრამ აკმაყოფილებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ წინაპირობებს. შესაბამისად, კომისია, მოცემულ შემთხვევაში, განცხადებაში აღნიშნულ ტრანზაქციას განიხილავს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე-27-ე მუხლებით დადგენილი წესით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე, ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს „სერვისი“ და მისი დამფუძნებლები არ ფლობენ წილებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ სხვა პირებში. შესაბამისად, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33   ქვეპუნქტის თანახმად აღნიშნული პირები   ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ  არიან. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ტრანზაქცია არ ითვალისწინებს წილის გასხვისებას სხვა პირზე, არამედ კომპანიის წილი სრულად გადადის მეორე დამფუძნებლის მფლობელობაში.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვრიდან 2026 მაისის პერიოდის მონაცემების შესაბამისად, კომპანია ეწევა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებად საქმიანობას, კერძოდ, ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხების იჯარას ადგილობრივი დასახლებული პუნქტის ფარგლებში და აღნიშნული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი და საბაზრო წილები შემდეგია:

 

 

შპს "სერვისი"  მომსახურების სფერო

 

 

2025 წლის იანვრიდან 2026 წლის მაისის პერიოდის შემოსავალი

 

 

 

საბაზრო წილი

ქსელის ელემენტებთან დაშვება/იჯარა - ადგილობრივი (დასახლებული პუნქტის ფარგლებში) ოპტიკურ- ბოჭკოვანი  არხების იჯარა

 

 

2 150 594

 

 

 

34%

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული ტრანზაქცია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. ამასთან კომპანიის აფილირება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირ(ებ)თან არ შეიცვლება.

შესაბამისად, არ არსებობს შპს „სერვისი“-ს წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.  მიეცეს   თანხმობა   შპს   „სერვისს“   მისი   დამფუძნებლის,   ფიზიკური   პირი   ვიქტორია გაჩეჩილაძის კუთვნილი, კომპანიის 50%-იანი წილის ფიზიკური პირის თამრიკო გოგლიძის სასარგებლოდ სრულად გასხვისებაზე;

2.   განემარტოს  შპს  „სერვისს“,  რომ  ამ  გადაწყვეტილების  შესაბამისად,  წილის  მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „სერვისი“   ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3.   ამ  გადაწყვეტილებით  კომისიის  მიერ  გაცემული  თანხმობა  ძალაშია  გადაწყვეტილების მიღებიდან   6     (ექვსი)     თვის     განმავლობაში.     აღნიშნულ     ვადაში     ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „სერვისი“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.

4.   დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას  ამ  გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის კომპანიისთვის  გაგზავნა (ბ. გასვიანი);

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის კომპანიისთვის ჩაბარების დღიდან;

6.   გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კომპანიისთვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.  კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის  აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ანი ვაზაგაშვილი წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები