შპს „ქლაუდ სოლუშენსის“-ს (ს/კ: 404754413) პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 25, 2026 13:26
მიღების თარიღი თებერვალი 19, 2026
შპს „ქლაუდ სოლუშენსის“-ს (ს/კ: 404754413) პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია“) 2026 წლის 16 იანვარს განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის შ-26-6/1557) მიმართა შპს „ქლაუდ სოლუშენსის“ დამფუძნებლის, შპს „პროსერვისის“ დირექტორმა რევაზ ნატროშვილმა შპს „პროსერვისის“ კუთვნილი 50%-იანი წილის შპს „ქლაუდ სოლუშენსის“ მეორე დამფუძნებლის შპს „დატა სენტერ სოლუშენსის” სასარგებლოდ გასხვისებაზე წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე.
შპს „ქლაუდ სოლუშენსი“ 2025 წლის ნოემბრიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
ელექტრონული კომუნიკაციების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და/ან მომსახურების მიწოდების სახეები და მათი მოკლე აღწერილობა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ქლაუდ სოლუშენსის დამფუძნებლები არიან:
|
დასახელება |
წილი(%) |
|
შპს პროსერვისი |
50 |
|
შპს დატა სენტერ სოლუშენს |
50 |
საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად შპს „პროსერვის“-ის 100% წილის მფლობელი არის ფიზიკური პირი რევაზ ნატროშვილი, იგი ასევე წარმოადგენს კოპანია „პროსერვის“-ის და კომპანია „ქლაუდ სოლუშენსის“ დირექტორს. ამასთან შპს „ქლაუდ სოლუშენსის“ მეორე დამფუძნებელი შპს „დატა სენტურ სოლუშენსი“ არ წარმოადგენს კომისიაში ავტორიზებულ პირს, ხოლო მისი დამფუძნებლები არიან ფიზიკური პირი ვალერიან ტოგონიძე (30%), ფიზიკური პირი გიორგი აბრამიშვილი (30%) და ფიზიკური პირი ნიზან ვაისმან (40%, ისრაელის მოქალაქე).
უნდა აღინიშნოს, რომ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში 2020 წლის 16 სექტემბერს განხორციელებული ცვლილებებით (გამოქვეყნების თარიღი 21.09.2020; სარეგისტრაციო კოდი 240140000.05.001.020181) ახლებურად განისაზღვრა აღნიშნული კანონის აღსრულებასთან
დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, ერთმანეთისაგან გაიმიჯნა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა (შემდგომში - სააგენტო) და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების კომპეტენციები. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კანონის მეორე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ იქნა საგამონაკლისო დათქმა, რომლის მიხედვითაც, 2026 წლის პირველ იანვრამდე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია შეისწავლიდა იმ ოპერაციას, რომლითაც ხდება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის წილის ან აქციის ან/და აქტივების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეძენა ან იმ პირთა შერწყმა, რომელთაგან ერთი მაინც არის ამ პუნქტით განსაზღვრული პირი, ხოლო მეორე არ არის ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტი. იმის გათვალისწინებით, რომ დღეის მდგომარეობით გასულია აღნიშნული საგამონაკლისო პერიოდი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას აღარ აქვს უფლებამოსილება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შეაფასოს დადგეგმილი კონცენტრაციის თავსებადობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან ისეთ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ექცევა სააგენტოს კომპეტენციაში.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ შპს „პროსერვისის“ განმარტებით, განსახილველი ტრანზაქცია არ ექვემდებარება სააგენტოში შეტყობინების წარდგენას სააგენტოს 2020 წლის 26 ოქტომბრის N39 ბრძანებით დამტკიცებული „კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის“ მე-3 მუხლისა და ამავე წესის მე-4 მუხლის სფუძველზე. რაც გულისხმობს, რომ განმცხადებლის განმარტებით, არ არის დაკმაყოფილებული შეტყობინების ვალდებულებასთან მიმართებით დასახელებული ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნები კონცენტრაციაში მონაწილეთა წლიურ შემოსავალთან დაკავშირებით.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მიხედვით, კომისია ამავე კანონის 26-27-ე მუხლებით დადგენილი წესით განიხილავს ისეთ კონცენტრაციას, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში არ ექცევა „კონკურენციის შესახებ“ საქართველო სკანონით გათვალისწინებული კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმის ფარგლებში მაგრამ აკმაყოფილებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ წინაპირობებს. შესაბამისად, კომისია მოცემულ შემთხვევაში განცხადებაში აღნიშნულ ტრანზაქციას განიხილავს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე-27-ე მუხლებით დადგენილი წესით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ქლაუდ სოლუშენის“ ერთერთი დამფუძნებელის, შპს „პროსერვისის“, 100%იანი წილის მფლობელი და დირექტორი რევაზ ნატროშვილი ასევე ფლობს 100%-იან წილს ავტორიზებულ პირ შპს „ჰოსტნოუდსში“. შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არიან.
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „ქლაუდ სოლუშენსს“ ჯერ არ დაუწყია საქმიანობა, ხოლო მისი დამფუძნებელი შპს „პროსერვისი“ და მის მფლობელთან აფილირებული შპს „ჰოსტნოუდსი“ ეწევიან ჰოსტინგ მომსახურებას, ამასთან, აღნიშნულ კომპანიებს 2025 წელს ასევე უფიქსირდებათ შემოსავალი არასაკომუნიკაციო მომსახურებიდან. თუმცა ტრანზაქციის განხორციელების შედეგად შპს „პროსერვისი“ გადის შპს „ქლაუდ სოლუშენის“ დამფუძნებელთა რიგებიდან, შესაბამისად, აღნიშნული აფილირება განსახილველი საკითხისთვის აქტუალური არ არის.
ზემოთ აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში, შპს „ ქლაუდ სოლუშენსის“ 100% იანი წილის მფლობელი ხდება მისი ერთერთი დამფუძნებელი შპს „დატა სენტერ სოლუშენსი“, რომლის აფილირებაც არ იკვეთება კომისიაში ავტორიზებულ სხვა პირებთან და კომპანიის პარტნიორის ურთიერთდამოკიდებულება (აფილირება) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირ(ებ)თან არ შეიცვლება.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული ტრანზაქცაია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, არ არსებობს შპს „ქლაუდ სოლუშენსის“ წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „ქლაუდ სოლუშენსს“ დამფუძნებლის შპს „პროსერვისის“ 50%-იანი კუთვნილი წილის შპს „დატა სენტერ სოლუშენსის” სასარგებლოდ გასხვისებაზე.
2. განემარტოს შპს „ქლაუდ სოლუშენსს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ქლაუდ სოლუშენსი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „ქლაუდ სოლუშენსი“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის კომპანიისთვის გაგზავნა (ბ. გასვიანი);
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის კომპანიისთვის ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კომპანიისთვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
