სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წინააღმდეგ შპს „ვიჯიეს ლაინის“ საჩივრის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 16, 2026 13:28
მიღების თარიღი მარტი 05, 2026
სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წინააღმდეგ შპს „ვიჯიეს ლაინის“ საჩივრის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის თაობაზე
მომჩივანი: შპს „ვიჯიეს ლაინი“
მოწინააღმდეგე მხარე: სს „ენერგო-პრო ჯორჯია“
დავის საგანი: არასატელეკომუნიკაციო ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვება
სხდომის გამართვის თარიღი: 2026 წლის 26 თებერვალი და 5 მარტი.
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საჩივარი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) საჩივრით (კომისიაში რეგ. Nშ-26-6/1272; 09.02.2026) მიმართა შპს „ვიჯიეს ლაინმა“. კომისიის მიერ აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით დადგინდა ხარვეზი, რომლის საპასუხოდ მომჩივანმა წარმოადგინა დაზუსტებული საჩივარი (კომისიაში რეგ. Nშ-26-6/1856; 20.02.2026). შესაბამისად, ფორმალურად გამართული საჩივარი კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2026 წლის 20 თებერვალს. აღნიშნული საჩივარი ეხება არასატელეკომუნიკაციო ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვების საკითხს.
2. საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს „ვიჯიეს ლაინი“ 2026 წლიდან გეგმავდა საკუთარი ქსელის განვითარებას და შიდა ქართლში აბონენტების აყვანას. ამ მიზნით მოიძიეს საინვესტიციო თანხები და დაიწყეს მოლაპარაკებები ქსელთან დაშვების მიმართულებით. შპს „ვიჯიეს ლაინის“ განმარტებით, ვინაიდან ა(ა)იპ „ოუფენ ნეტი“ ასრულებს შიდა ქართლის დაქსელვას მაგისტრალების დონეზე და უშუალოდ აბონენტამდე მისასვლელად საუკეთესო ალტერნატივაა საჰაერო ქსელის მოწყობა, როგორც ე.წ. მუნიციპალური გარე განათებების ბოძების, ასევე, პრიორიტეტულად სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელითაც.
3. საჩივრიდან ირკვევა, რომ 2025 წლის 28 ნოემბერს, შპს „ვიჯიეს ლაინმა“ წერილობით მიმართა სს„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხელშეკრულების გაფორმებისა და მის საფუძველზე ხაშურის, ქარელის და გორის რაიონებში მის 0,4 კილოვატ სიმძლავრის არასატელეკომუნიკაციო ქსელთან დაშვების თხოვნით. საჩივრის თანახმად, ამავე წერილით, სს „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ეცნობა, რომ შპს „ვიჯიეს ლაინი“ უსაფრთხო დაშვების უზრუნველსაყოფად გამოიყენებდა მხოლოდ დიალექტიკურ სპეციალურ ე.წ. საჰაერო კაბელს (ADSS) და საორიენტაციო მოთხოვნა მომდევნო წლისთვის შეადგენდა დაახლოებით 35 კილომეტრს. წერილი მოიცავდა კონკრეტული მიმართულებების შესახებ ინფორმაციას და შპს „ვიჯიეს ლაინი” თანახმა იყო ანგარიშსწორებაზე ყოველი საანგარსწორებო თვის შესაბამისი ანგარიშფაქტურის ატვირთვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
4. საჩივარში აღნიშნულია, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ 2025 წლის 15 დეკემბრის საპასუხო წერილით შპს „ვიჯიეს ლაინს“ ფაქტობრივად ეთქვა უარი, კერძოდ, ის გადაამისამართეს მცირე ინტერნეტ პროვაიდერების გაერთიანებისკენ, რომელთანაც აქვთ გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულება და ხდება არაპირდაპირი დაშვება. შპს „ვიჯიეს ლაინის“ განმარტებით, ამხანაგობის წარმომადგენელთან (უ. სეთური) სატელეფონო საუბრის დროს გახდა ცნობილი, რომ საჭირო იყო ამხანაგობის წევრთა თანხმობა და იმ პირობებზე შეერთება, რომლებითაც დარეგულირებული იყო ურთიერთობა ამხანაგობასა და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შორის, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმირება ახალი წევრის თაობაზე, შესაბამისი კვალიფიკაციისა და დაშვების კადრების შერჩევა და ა.შ. მომჩივანისთვის ამავე სატელეფონო საუბრიდან ცნობილი გახდა დაშვების ტარიფის - 18 აშშ დოლარისა და ამხანაგობის მომსახურების ყოველთვიური თანხის შესახებ, რომლითაც კიდევ უფრო ძვირდება ტარიფი. შპს „ვიჯიეს ლაინის“ განცხადებით, ამხანაგობის მოქმედმა წევრებმა უარი თქვეს შპს „ვიჯიეს ლაინის“ გაწევრიანებაზე.
5. საჩივრის მიხედვით, შპს „ვიჯიეს ლაინსა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შორის წერილობითი კომუნიკაციის გარდა, ასევე შედგა სატელეფონო საუბარი, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წერილში მითითებულ პირთან გ. ღუდუმიძესთან. პირველი კომუნიკაცია იყო გაცნობითი ხასიათის. შპს „ვიჯიეს ლაინს“ გაეწია კონსულტაცია წარსადგენი პროექტის დეტალებზე, რაც მოიცავდა პროექტის არეალს, კილომეტრაჟობას, კაბელის ტიპს, ვადებს, უსაფრთხოებას. აღნიშნული დეტალები, როგორც წერილობით, ასევე, მეორედ შემდგარ სატელეფონო საუბრის დროს დაფიქსირდა შპს „ვიჯიეს ლაინის“ მიერ, თუმცა, უშედეგოდ. მესამედ შემდგარ სატელეფონო საუბრის დროს, იგივე დეტალების განხილვისა და იგივე კითხვა-პასუხის შემდგომ, შპს „ვიჯიეს ლაინს“ დაპირდნენ, რომ დაუკავშირდნებოდნენ დადგენილ ვადაში.
6. საჩივარში აღნიშნულია, რომ 2026 წლის 12 იანვარს, სს „ენერგო პრო-ჯორჯიამ“ შპს „ვიჯიეს ლაინს“ წერილობით მოსთხოვა იმ პირობების გადაგზავნა, რომელიც მომჩივანმა 2025 წელს მიაწოდა. შპს „ვიჯიეს ლაინის“ განმარტებით, მათ აღნიშნულის თაობაზე დროულად აცნობეს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და სთხოვეს ხელშეკრულების დადება და დაშვების უზრუნველყოფა. მომჩივანის განცხადებით, კომუნიკაციის დაწყებიდან უშედეგოდ გავიდა 2 თვე, რის გამოც მიმართეს კომისიას.
7. საჩივარში ასევე, აღნიშნულია, რომ „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე მაღალსიჩქარიანი, ფართოზოლოვანი ქსელის ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვებით. ამავე კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ეს კანონი ემყარება კონკურენციის, ღიაობის, ხელმისაწვდომობის, თანასწორობის, არადისკრიმინაციულობის, ეფექტიანობის, გამჭვირვალობისა და ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპებს.
8. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შპს „ვიჯიეს ლაინმა“ მიიღო დაშვებაზე უარი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ოპერატორთან, პირველ რიგში, დიდ ოპერატორებთან და ასევე, სხვა მცირე ოპერატორებთან დადებულია ხელშეკრულება, თუმცა, რა პრინციპით მოხდა მათი შერჩევა, მომჩივანისთვის უცნობია.
9. საჩივარში აღნიშნულია, რომ „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მომჩივანს მიაჩნია, რომ სს „ენერგო პრო-ჯორჯიამ“ უნდა დააკმაყოფილოს გონივრული მოთხოვნა საკუთარ ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების დაშვების თაობაზე არადისკრიმინაციული, სამართლიანი და გონივრული პირობებით და ფასით. ამავე პუნქტის მე-2 ნაწილის მიხედვით, წერილობით მოთხოვნაში დაკონკრეტებული უნდა იყოს პროექტის ელემენტები, იმ ფიზიკური ინფრასტრუქტურის ჩათვლით, რომელზეც დაშვებაა მოთხოვნილი, დაშვების პირობების, ვადის და ფასის ჩათვლით, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
10. მომჩივანი საჩივარში უთითებს, რომ შეუძლებელია 18 აშშ დოლარი ჩაითვალოს სამართლიან და გონივრულ ფასად. მისი აზრით, ეს ფასი აღემატება რეალურ ტარიფს, რომელიც დადგინდებოდა და დაემყარებოდა ინფრასტრუქტურის ოპერატორის მიერ გაწეულ ხარჯებს, ბიზნესზე შესაძლო გავლენას და გაწეული ინვესტიციის გონივრულ უკუგებას. ამასთან, მომჩივანი აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია ტარიფი დისკრიმინაციულია თუ არა, მაგრამ, მიაჩნია, რომ ეს გარემოებაც უნდა გადამოწმდეს. ის ასევე, აღნიშნავს, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაციით, შპს „მაგთიკომის“ აფილირებული პირისთვის „დელტანეტისთვის“ ეს დაშვების პირობა არის 10 აშშ დოლარი, მომჩივანი ითხოვს, კომისიამ გამოითხოვოს ხელშეკრულება და შეისწავლოს დისკრიმინაციული ფასით ოპერირების ფაქტიც.
11. მომჩივანის მოთხოვნებია: ა) კომისიამ შეისწავლოს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ ერთ კმ-ზე დადგენილი დაშვების ტარიფი 18 აშშ დოლარი დღგ-ს გარეშე; ბ) კომისიამ დაავალდებულოს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შპს „ვიჯიეს ლაინთან“ დაშვების ხელშეკრულების დადება მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში; გ) უზრუნველყოს სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ მომჩივანთან დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისობა „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ კანონსა და კომისიის მიერ მიღებულ კანონქვემდებარე აქტებთან, ასევე, საუკეთესო პირობებით დადებულ ხელშეკრულებასთან; დ) კომისიამ შეისწავლოს დაშვების მომსახურების დისკრიმინაციული ფასით (10 აშშ დოლარი) შპს „დელტანეტის“ მიერ ოპერირების ფაქტი.
12. 2026 წლის 26 თებერვალს გაიმართა კომისიის მოსამზადებელი სხდომა, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წინააღმდეგ შპს „ვიჯიეს ლაინის“ საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვის მიზნით. კომისიის სხდომას ესწრებოდნენ შპს „ვიჯიეს ლაინის“ წარმომადგენელი გ. ტატევოსიანი და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები ც. ჩქარეული და ბ. ფხალაძე.
2. მომჩივანის პოზიცია
13. კომისიის სხდომაზე შპს „ვიჯიეს ლაინის“ წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შპს „ვიჯიეს ლაინის“ საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და დაყენებულ მოთხოვნებს. მან აღნიშნა, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიასგან“ ფაქტობრივად არც დასტური მიუღიათ და არც უარი დაშვებაზე. მისი განცხადებით, პირველი განაცხადის წარდგენის დღიდან გასული იყო ორი თვე და პასუხი ჯერ არ მიუღიათ.
3. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პოზიცია
14. კომისიის სხდომაზე სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომისიას შპს „ვიჯიეს ლაინის“ საჩივარი განსახილველად არ უნდა მიეღო და საქმის წარმოება უნდა შეწყვეტილიყო. მისი განმარტებით, მათ არ უთქვამთ მომჩივანისთვის მომსახურების ტარიფი ისევე, როგორც არ უთქვამთ თანხმობა ან უარი მომსახურების გაწევაზე. შპს „ვიჯიეს ლაინმა“ ორჯერ მიმართა მათ და მას ორჯერ გაეცა პასუხი. პირველად მიმართვის დროს შპს „ვიჯიეს ლაინს“ განსხვავებული მოთხოვნა ჰქონდა, ხოლო მეორე მიმართვის დროს არეალი, რომელზეც დაშვებას ითხოვდა, შეამცირა. 2026 წლის 12 იანვარს შპს „ვიჯიეს ლაინს“ ეთხოვა კონკრეტული ინფორმაციის წარმოდგენა, რის გამოც 2 თვიანი ვადა ჯერ არ არის გასული და აღნიშნული ვადა უნდა აითვალოს სწორედ 12 იანვრიდან.
15. 2026 წლის 2 მარტს, სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ კომისიაში წარმოადგინა წერილობითი პოზიცია (კომისიაში რეგ. N შ-26-6/2094) განსახილველ საკითხთან დაკავშირებით და ასევე, მხარეთა შორის შემდგარი კომუნიკაციის ამსახველი დოკუმენტაცია.
16. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წერილობითი პოზიციის თანახმად, 2025 წელს მომჩივანმა განცხადებით მიმართა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და ითხოვა ხელშეკრულების გაფორმება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების განთავსებისთვის ენერგოკომპანიის საკუთრებაში არსებულ საყრდენებზე. მას გაეცა პასუხი, რომ მიემართა „სატელეკომუნიკაციო ოპერატორების არაკომერციული ამხანაგობისთვის”, რომელიც აერთიანებს მცირე და საშუალო ინტერნეტ პროვაიდერ კომპანიებს, გაწევრიანებულიყვნენ და მათი მომართვის შემდეგ, უსაფრთხოების მოთხოვნათა სრული დაცვით, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ მოახდენდა მათ დაშვებას თავის საკუთრებაში არსებულ ქსელში. ასეთი პრაქტიკის უპირატესობა არის ერთ პირთან კომუნიკაციის მარტივი ფორმა. ამასთანავე, ეს შეთავაზება არ ყოფილა იმპერატიული ფორმით, ვინაიდან იმავე წერილით მომჩივანს ეცნობა, რომ თუ ეს მათთვის მიუღებელი იყო, გაეფორმებინათ ხელშეკრულება პირდაპირ და დეტალური პირობების განსახილველად შესთავაზეს წარმომადგენლების შეხვედრა და მიუთითეს საკონტაქტო პირი. ამის შემდგომ, შპს „ვიჯიეს ლაინის“ წარმომადგენელმა კვლავ მიმართა სხვა ლოკაციების მითითებით. საყურადღებოა, რომ პირველად და მეორედ მითითებული ლოკაციები ზოგადი ხასიათისაა, მაგ; ხაშური-ქვიშხეთი-ახალდაბა; გორიდან მიმდებარე სოფლების მიმართულება; ხაშური-სურამი; ქარელი-ტყემლოვანა და სხვა. ბოლოს შემოტანილ განცხადებაში, შპს „ვიჯიეს ლაინი“ მხოლოდ კასპის მუნიციპალიტეტს ასახელებს, ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. კომპანიას განემარტა, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად, საჭირო იყო მათი მხრიდან ზუსტი მისამართების წარმოდგენა, თუ სად და ასევე, რა მანძილზე და რა პერიოდში გეგმავდნენ ოპტიკურ- ბოჭკოვანი კაბელების განთავსებას, რაც არ წარმოუდგენიათ. მეტიც, მათი მხრიდან საკონტაქტოდ გამოყოფილი პირი ენერგოკომპანიის სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობდა. კომისიაში გამართული შეხვედრის შემდგომ, შპს „ვიჯიეს ლაინის“ წარმომადგენელმა მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა საკონტაქტო პირს და ითხოვა ჩარჩო ხელშეკრულების მიწოდება, რაზეც ელექტრონული ფოსტით ეთხოვა იგივე ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა, რასაც მანამდეც ითხოვდა სს „ენერგო-პრო ჯორჯია“.
17. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წერილობითი პოზიციის თანახმად, საჩივრის ავტორმა აირჩია კომისიაში საჩივრის შეტანის გზა იმ საკითხებზე, რაზეც ენერგოკომპანია სათანამშრომლოდ დღესაც თანახმაა. ცხადია, თანამშრომლობა ცალმხრივად ვერ და არ გამოვა. ისიც არ უნდა იყოს სადაო, რომ საკითხის შესასწავლად დრო, ადგილი დათვალიერება და გარემოებების ანალიზია საჭირო, რისთვისაც სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ითხოვს მომჩივანისგან კონკრეტული ლოკაციის და ინფორმაციის წარმოდგენას. მართალია, კანონი ,,სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ” აწესებს ვალდებულებას, რომ ინფრასტრუქტურა გაზიარებულ იქნას, მთელი რიგი გამონაკლისებით, რა შემთხვევაშიც, ქსელის მესაკუთრეს აქვს უარის თქმის უფლება.
18. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წერილში ასევე, აღნიშნულია, რომ ენერგოკომპანია რეგულირებულ საქმიანობას ეწევა და მის მიერ გაღებული ყოველი თეთრი თუ შემოსავალი სემეკის მხრიდან რეგულირებულია, განსაზღვრულია. ასევე, ენერგოკომპანია საკუთარ ქსელს აშენებს (ან თავადაც იჯარით იღებს) მასზე დაკისრებული ვალდებულებების - ელექტროენერგიის მიწოდების განსახორციელებლად. მომჩივანის მიერ მითითებულ არეალში უკვე ოპერირებენ „მაგთიკომი“,„სილქნეტი“, „სქაიტელი“ და „გრინ ნეთვორქსი“. ენერგოკომპანიას ყველგან ერთნაირი ქსელი არ აქვს, ზოგან ამორტიზირებული ელექტრონული ბოძებია, რომელთა რეაბილიტაციის გეგმა უკვე შეთანხმებულია სემეკთან. არაგეგმიურად ხდება დაზიანებების აღმოფხვრა. შესაბამისად, კონკრეტიკის გარეშე, პასუხის გაცემა საკითხისადმი არასერიოზული დამოკიდებულება იქნებოდა. პროვაიდერი კომპანიების მხრიდან არც თუ ისე იშვიათად ირღვევა ხაზობრივი ნაგებობის (ელექტროგადამცემი ხაზებისათვის) დაცვის ზონები, რაც დადგენილია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილებით. ცალკეული პროვაიდერების შემთხვევაში, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ იდენტიფიცირებული აქვს დარღვევის არაერთი სახე: გაბარიტის დარღვევა; ბოჭკოვანი კაბელების გატარება 04/6 ძაბვის სადენებს შორის, რაც ართულებს და სახიფათოს ხდის მისი პერსონალის ოპერირებას და აგრეთვე, ზრდის პროცესების წარმოების ხარჯებს. ზემოაღნიშნული ნათლად მიუთითებს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მოთხოვნების სწორ, კანონიერ მიზანზე - შპს „ვიჯიეს ლაინმა“ კონკრეტული მისამართები წარმოადგინოს.
19. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წერილობითი პოზიციის თანახმად, მათ ასევე აქვთ სრულიად ახალი ქსელიც, რეაბილიტირებულიც და ნაკლებად დატვირთული სხვა პროვაიდერების კაბელებისგან, მაგრამ, საკითხი შესასწავლია, გასავლელია შემდგომ გასაფორმებელი ხელშეკრულების არეალი. მომჩივანი კი, არ თანამშრომლობს აღნიშნულ საკითხზე გაუგებარი მიზეზების გამო.
20. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, ვერ გაიზიარებენ შპს „ვიჯიეს ლაინის“ მითითებას გატარების ფასთან დაკავშირებით იქიდან გამომდინარე, რომ ფასზე საუბარი საერთოდ არ ჰქონიათ. 10,40 ლარი გაუგებარია თანამედროვე პირობებში. როგორც თავად შპს „ვიჯიეს ლაინი“ აცხადებს, მას სახელმწიფო პროექტიდან აქვს ეს ციფრი აღებული და ცხადია, სახელმწიფოს და ენერგოკომპანიის შესაძლებლობები თანაბარი არ არის. ხაზგასასმელია, რომ საქმე ეხება ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალურ ინფრასტრუქტურას. ამასთანავე, თავად „ოუფენ ნეტი“ კი არ აწვდის მოსახლეობას ინტერნეტ- მომსახურებას, არამედ, ნებისმიერ ავტორიზებულ ტელეკომ-ოპერატორს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლოს მაგისტრალზე ღია დაშვების მომსახურებით. ენერგოკომპანიას კი, კონკრეტულ აბონენტამდე მიყავს ელექტროენერგია.
21. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წერილში ასევე, აღნიშნულია, რომ საჩივრის ავტორი საკუთარ წერილებში (გარდა მის მიერ გაჟღერებული ფასისა) იმპერატიულად ითხოვს 10 წლიან ხელშეკრულებას, რაც მოლაპარაკების საგანია, თუნდაც ფასიდან გამომდინარე. მხოლოდ 2014-25 წლების საქსტატის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული სამომხმარებლო ფასების ინდექსის კალკულატორის მიხედვით, ცვლილებამ შეადგინა 68,68%. ცვლილება შთამბეჭდავია და ცხადია, ეს გარემოებაც უნდა იყოს გათვალისწინებული მრავალწლიანი ხელშეკრულების დადებისას (სსკ 398-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი).
22. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, ენერგოკოპანია უარს არ ამბობს ხელშეკრულების გაფორმებაზე, მაგრამ ამისათვის მას სჭირდება სათანადო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რასაც მხარე ჯიუტად არ წარმოადგენს. ენერგოკომპანია ბუნებრივი მონოპოლისტი გახლავთ ელექტროენერგიის განაწილებაში და არა მისი საკუთარი ქსელის იჯარით გაცემაში. სსკ 319-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო ურთიერთობის სუბიექტებს შეუძლიათ დადონ ან არ დადონ ხელშეკრულება. კანონი არ ითვალისწინებს ხელშეკრულების დადების ვალდებულებას გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთ-ერთ მხარეს კონკრეტული მომსახურების სფეროში მონოპოლიური მდგომარეობა უკავია. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების დადება სავალდებულოა იმ შემთხვევაშიც, როდესაც პირი არასამეწარმეო მიზნებისათვის ან საარსებო მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად იძენს ან სარგებლობს ქონებითა და მომსახურებით. განსახილველ შემთხვევაში არცერთი მათგანი არ არის სახეზე. ენერგოკომპანიას ლიცენზია მისი ქონების იჯარით გაცემაში არ აქვს.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიაჩნია, რომ შპს „ვიჯიეს ლაინის“ საჩივარი წარმოებაში არ უნდა იქნეს მიღებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო. ამასთანავე, არ არსებობს დაშვებაზე უარის თქმის შესახებ წერილობითი (და არც ზეპირი) პასუხი, ჯერ კიდევ არ გასულა ზემოთ მითითებული კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ორთვიანი ვადა. შესაბამისად, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ითხოვს კომისიამ შპს „ვიჯიეს ლაინის“ საჩივარი ცნოს დაუშვებლად.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
24. „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „ინფრასტრუქტურის ოპერატორი ვალდებულია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების განსათავსებლად საკუთარ ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების თაობაზე ავტორიზებული პირის გონივრული წერილობითი მოთხოვნა დააკმაყოფილოს არადისკრიმინაციული, სამართლიანი და გონივრული პირობებითა და ფასით. ამ მოთხოვნაში დაკონკრეტებული უნდა იყოს შესაბამისი პროექტის ელემენტები, მათ შორის, ის ფიზიკური ინფრასტრუქტურა, რომელზედაც მოთხოვნილია დაშვება, აგრეთვე დაშვების პირობები, ვადა და ფასი, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.“ ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, „ინფრასტრუქტურის ოპერატორი ვალდებულია ავტორიზებულ პირთან დადოს ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების უფლების მინიჭების შესახებ წერილობითი ხელშეკრულება ან წერილობით შეატყობინოს მას აღნიშნულ დაშვებაზე უარის თქმის მიზეზი ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი წერილობითი მოთხოვნის მიღების დღიდან 2 თვის ვადაში“.
25. „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი არის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ავტორიზებული პირი, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინფრასტრუქტურის ოპერატორი არის ავტორიზებული პირი, აგრეთვე პირი, რომელიც ფლობს ფიზიკურ ინფრასტრუქტურას, რომლის საშუალებითაც იგი ახორციელებს ან აპირებს განახორციელოს: გ.ა) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ან განაწილება; გ.ბ) ელექტროენერგიის წარმოება, გადაცემა ან განაწილება; გ.გ) გარე განათების მომსახურება; გ.დ) თბომომარაგება; გ.ე) წყალმომარაგება, წყალარინება, სანიაღვრო და სადრენაჟო სისტემების მართვა და ოპერირება; გ.ვ) სატრანსპორტო მომსახურება, მათ შორის, სარკინიგზო, საგზაო, სანავსადგურო და სააეროპორტო მომსახურებები.
26. „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, „ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვებაზე უარის თქმის შემთხვევაში ან კონკრეტულ პირობებსა და დებულებებზე, მათ შორის, დაშვების ფასზე, შეუთანხმებლობის შემთხვევაში მხარეებს უფლება აქვთ, დავის გადაწყვეტის მოთხოვნით კომისიას მიმართონ“.
27. „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ავტორიზებულ პირსა და ინფრასტრუქტურის ოპერატორს შორის წარმოშობილ დავას განიხილავს კომისია. ამასთანავე, თუ ინფრასტრუქტურის ოპერატორი ავტორიზებული პირი არ არის, კომისია დავას განიხილავს შესაბამისი დარგის მარეგულირებელ ორგანოსთან ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან წერილობითი კონსულტაციის საფუძველზე“.
28. კომისიის 2024 წლის 27 ივნისის N4 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირის ელექტრონულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესებისა და პირობების“ (შემდგომში - დაშვების წესები) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ავტორიზებული პირი უფლებამოსილია ინფრასტრუქტურის ოპერატორს მოსთხოვოს ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვება“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ამ წესის მიზნებისთვის მოთხოვნის ადრესატს წარმოადგენს პირი, რომელსაც კანონის ან სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე გააჩნია ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე პირის დაშვების უფლებამოსილება“.
29. დაშვების წესების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „ავტორიზებული პირი ვალდებულია დაშვების მოთხოვნა წარადგინოს წერილობითი ფორმით“, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, „თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, ავტორიზებული პირი ვალდებულია წერილობით მოთხოვნაში მიუთითოს: ა) დაშვების მსურველი ავტორიზებული პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო ინფორმაცია (რომლის მეშვეობითაც ინფრასტრუქტურის ოპერატორი შეძლებს მასთან დაკავშირებას); ბ)ფიზიკური ინფრასტრუქტურა (ფიზიკური ინფრასტრუქტურის მდებარეობა, საკადასტრო კოდი (არსებობის შემთხვევაში), ინფრასტრუქტურის კონკრეტული მონაკვეთი), რომელზეც დაშვება არის მოთხოვნილი; გ) ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვების მოთხოვნილი ვადა; დ) დაშვების საფასურის გადახდის მეთოდი (ყოველთვიური, ყოველწლიური და სხვა); ე) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და თარიღი“.
30. დაშვების წესების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, „თუ ავტორიზებული პირის მოთხოვნა არ შეიცავს ან არასრულყოფილად შეიცავს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს, ინფრასტრუქტურის ოპერატორი უფლებამოსილია წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მოსთხოვოს ავტორიზებულ პირს განცხადების (დაშვების მოთხოვნის შესახებ) ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და ამისთვის განუსაზღვროს დამატებითი ვადა, რომელიც არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები“, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „ავტორიზებული პირის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ინფრასტრუქტურის ოპერატორი უფლებამოსილია დაშვების მოთხოვნა განუხილველად დატოვოს“.
31. დაშვების წესების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „კანონით დადგენილ საკითხებზე კომისიისთვის მიმართვა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართვის საფუძვლების წარმოშობიდან 1 თვის ვადაში“, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „დაშვების პირობებზე შეუთანხმებლობის შეთხვევაში, შესაბამისი იურიდიული ინტერესის არსებობისას, კომისიისთვის საჩივრით მიმართვა შეუძლია როგორც ინფრასტრუქტურის ოპერატორს, ასევე დაშვების მსურველ ავტორიზებულ პირს“.
32. დაშვების წესების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დაუშვებელია კომისიისთვის პირდაპირ მომართვა, მანამ სანამ მხარეები არ ეცდებიან შეთანხმებას კანონისა და დაშვების წესების შესაბამისად“, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „გასაჩივრებისათვის განსაზღვრული ვადის ათვლა დაიწყება დაშვებაზე ან კანონით განსაზღვრულ სხვა საკითხებზე უარის თქმის შესახებ წერილობითი შეტყობინების ჩაბარების დღის მომდევნო სამუშაო დღიდან, ხოლო კანონით დადგენილ ვადაში პასუხის მიუღებლობის/ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ქმედებისთვის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან“.
33. დაშვების წესების მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, „ამ მუხლი მე-6-მე-7 პუნქტების შესაბამისად წარდგენილი საჩივრის კომისიაში რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას, რომელზეც განიხილავს საჩივრის დასაშვებობის საკითხს“, ხოლო ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, „თუ საჩივარი განეკუთვნება კომისიის კომპეტენციას და აკმაყოფილებს კანონითა და ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კომისია იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის წარმოებაში მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ, სხვა შემთხვევაში კომისია განუხილველად დატოვებს საჩივარს“.
III. სამართლებრივი დასაბუთება
34. „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ საქართველოს კანონი და დაშვების წესები განსაზღვრავენ კომისიის მიერ ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების თაობაზე საკითხების დავის ფორმატში განხილვის საფუძვლებს და პირობებს. კომისიამ უნდა შეაფასოს, არსებობს თუ არა შპს „ვიჯიეს ლაინის“ საჩივრის განსახილველად მიღების კანონმდებლობით დადგენილი წინაპირობები.
35.დაშვების პირობებზე შეუთანხმებლობის შეთხვევაში, შესაბამისი იურიდიული ინტერესის არსებობისას, კომისიისთვის საჩივრით მიმართვა შეუძლია როგორც ინფრასტრუქტურის ოპერატორს, ასევე დაშვების მსურველ ავტორიზებულ პირს. კომისიისთვის საჩივრით მიმართვის უფლება წარმოიშობა ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების უფლების მინიჭების შესახებ წერილობითი ხელშეკრულების დადებისა თუ დაშვებაზე უარის თქმისთვის დადგენილი 2 თვის ამოწურვის შემდეგ. ამასთანავე, გასაჩივრების ვადა წარმოადგენს 1 თვეს და გასაჩივრებისათვის განსაზღვრული ვადის ათვლა დაიწყება დაშვებაზე ან კანონით განსაზღვრულ სხვა საკითხებზე უარის თქმის შესახებ წერილობითი შეტყობინების ჩაბარების დღის მომდევნო სამუშაო დღიდან, ხოლო კანონით დადგენილ ვადაში პასუხის მიუღებლობის/ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ქმედებისთვის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან. ამასთანავე, დაუშვებელია კომისიისთვის პირდაპირ მომართვა, მანამ სანამ მხარეები არ ეცდებიან შეთანხმებას კანონისა და დაშვების წესების შესაბამისად.
36. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს „ვიჯიეს ლაინი“ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი, ხოლო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობას და შესაბამისად, წარმოადგენს „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ინფრასტრუქტურის ოპერატორს. ამდენად შპს „ვიჯიეს ლაინი“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ვალდებულნი არიან დაიცვან ზემოაღნიშნული კანონისა და დაშვების წესების მოთხოვნები.
37. მხარეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ახსნა-განმარტებებიდან დგინდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ა) 2025 წლის 28 ნოემბერს, შპს „ვიჯიეს ლაინმა“ წერილობით მიმართა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხელშეკრულების გაფორმებისა და მის საფუძველზე ხაშურის, ქარელის და გორის რაიონებში მის 0,4 კილოვატ სიმძლავრის არასატელეკომუნიკაციო ქსელთან დაშვების თხოვნით. შპს „საქართველოს ფოსტის“ გზავნილის N0100009012680 ჩაბარების დასტურის დოკუმენტის მიხედვით, წერილი სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჩაბარდა 2025 წლის პირველ დეკემბერს.
ბ) 2025 წლის 28 ნოემბრის წერილში, შპს „ვიჯიეს ლაინი“ უთითებს, რომ კომპანიის საჰაერო კაბელი (ADSS ტიპის დიალექტრიკური კაბელები 12-24 ოპტიკური წვერით) უნდა ჩამოიკიდოს დაახლოებით 35 კილომეტრის მანძილზე, 2026 წლის განმავლობაში, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებისა და პირობების დადგენის შემდგომ, შემდეგი მიმართულებებით: ხაშური-ქვიშხეთი-ახალდაბა; ხაშური- სურამი; ქარელი - ხვედურეთი; ქარელი - ბებნისი; ქარელი - რუისი-ურბნისი; ქარელი-ტყემლოვანა: გორიდან მიმდებარე სოფლების (ატენი, ახალუბანი, ბურბუკი, ბოშური, დიცი, ვარიანი, ზეღდულეთი) მიმართულებით. წერილში დაფიქსირებულია კონტრაქტის 10 წლის ვადით გაფორმების სურვილი. ამასთანავე, მითითებულია, რომ თანხას გადაიხდიან ყოველი საანგარიშსწორებო თვის და ხელშეკრულებისა და ანგარიშფაქტურის ატვირთვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
გ) 2025 წლის 15 დეკემბრის საპასუხო წერილით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ შპს „ვიჯიეს ლაინს“ შესთავაზა მიემართა „სატელეკომუნიკაციო ოპერატორების არაკომერციული ამხანაგობისთვის“ (შენიშვნა: მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემების მიხედვით, ა(ა)იპ „საქართველოს სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია“; განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B22036436, 30/03/2022 13:16:15) გაწევრიანებისთვის, რის შემდგომ „ენერგო-პრო ჯორჯია“ ამხანაგობასთან გაფორმებული დაშვების ხელშეკრულების საფუძველზე დაუშვებდა ქსელთან შპს „ვიჯიეს ლაინს“ ან ალტერნატივის სახით, ხელშეკრულების პირდაპირ დადების სურვილის შემთხვევისთვის, წერილში მიუთითა შეხვედრის საჭიროებაზე და საკონტაქტო პირი/ინფორმაცია. ა(ა)იპ „საქართველოს სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის“ მიერ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი 2025 წლის 25 დეკემბრის წერილის მიხედვით, ასოციაციამ უარი უთხრა გაწევრიანებაზე შპს „ვიჯიეს ლაინს“ ყველა წევრის მიერ თანხმობის გაცემის შეუძლებლობაზე მითითებით.
დ) სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 2026 წლის 2 მარტის წერილით კომისიაში წარმოადგინა შპს „ვიჯიეს ლაინის“ განცხადება, სადაც კვლავ მოთხოვნილია ქსელთან დაშვება, ხოლო ინფრასტრუქტურის არეალად მითითებულია სხვა ლოკაცია, კერძოდ, კასპის რაიონი, ქალაქის ტერიტორია სრულად; ინფრასტრუქტურის მოწყობის ვადა - 5 თვე; საფასურის გადახდის მეთოდი: ყოველთვიური.
ე) 2026 წლის 12 იანვარს, სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 2025 წლის 24 დეკემბრის განცხადების საპასუხოდ შპს „ვიჯიეს ლაინს“ წერილობით მოსთხოვა შემდეგი ინფორმაციის წარმოდგენა: კომპანიის განვითარების გეგმა, არეალი, სადაც აპირებს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების განთავსებას, განსათავსებელი კაბელების სიგრძე და პერიოდი, რა პერიოდში აპირებს მითითებული სიგრძის გაყვანას, რის შემდგომ, კომპანიის განმარტებით, მოხდებოდა განხილვა და დეტალებზე დაკავშირება.
ვ) 2026 წლის 15 იანვარს, შპს „ვიჯიეს ლაინმა“, 12 იანვრის წერილის პასუხად, კვლავ მიმართა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხელშეკრულების დადების თხოვნით და მიუთითა, რომ 12 იანვრის წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია მას მიწოდებული ჰქონდა 2025 წლის ნოემბერში.
ზ) სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ წარმოადგინა მობილური ტელეფონიდან ამონაბეჭდი (ე.წ. სქრინშოთი), კერძოდ, შპს „ვიჯიეს ლაინის“ მიერ გამოგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინება ჩარჩო ხელშეკრულების გაგზავნის თხოვნისა და დამატებით წარსადგენი ინფორმაციის განმარტების თაობაზე.
თ) სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ კომისიაში წარმოადგინა 2026 წლის 27 თებერვალს შპს „ვიჯიეს- ლაინისთვის“ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი წერილი, რომელშიც ავტორიზებულ პირს მიეთითა, რომ წარმოსადგენი ჰქონდა კომპანიის განვითარების კონკრეტული არეალი, 1 წლიანი გეგმა ე.წ. „დრაფტის“ და პირობების განსასაზღვრად, კონკრეტული ლოკაციები, ქალაქის შემთხვევაში ქუჩების დასახელება და მისამართების დაკონკრეტება ან სოფლის დასახელება.
38. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ არ უთქვამს უარი მომჩივანისთვის დაშვების ხელშეკრულების გაფორმებაზე, ასევე, მას არ მიუწოდებია ინფორმაცია შპს „ვიჯიეს ლაინისთვის“ დაშვების მომსახურების ტარიფის შესახებ. გარდა ამისა, სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 2026 წლის 12 იანვრის წერილით მომჩივანს დაუდგინა ხარვეზი დაშვების მოთხოვნის თაობაზე განცხადებაზე და მოსთხოვა შემდეგი ინფორმაციის წარმოდგენა: კომპანიის განვითარების გეგმა, არეალი, სადაც აპირებს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების განთავსებას, განსათავსებელი კაბელების სიგრძე და პერიოდი, რა პერიოდში აპირებს მითითებული სიგრძის გაყვანას. შპს „ვიჯიეს ლაინს“ მოთხოვნილი ინფორმაცია სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ არ წარუდგენია.
39. ამდენად, ადმინისტრაციული წარმოების მასალებით არ დასტურდება დაშვების პირობების გამო მხარეთა შორის შეუთანხმებლობის ან დაშვებაზე უარის თქმის ფაქტი. ამასთანავე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „ვიჯიეს ლაინს“ არ წარუდგენია სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ დაშვების თაობაზე სრულყოფილი მოთხოვნა, ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების უფლების მინიჭების შესახებ წერილობითი ხელშეკრულების დადებისა თუ დაშვებაზე უარის თქმისთვის დადგენილი 2 თვიანი ვადა მოცემულ შემთხვევაში არ არის გასული. შესაბამისად, სახეზე არ არის სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქმედების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი წინაპირობები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ვიჯიეს ლაინს“ უარი უნდა ეთქვას საჩივრის განსახილველად მიღებაზე.
40. კომისია აღნიშნავს, რომ მხარეებს ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა მარეგულირებელი ორგანოს ჩარევის გარეშე, დამოუკიდებლად წარმატებით დაასრულონ მოლაპარაკება დაშვების თაობაზე ხელშეკრულების დადების მიზნით, თუ ისინი აწარმოებენ მოლაპარაკებას დაშვების წესებით განსაზღვრული პროცედურის დაცვით და სათანადო ინფორმაციის ურთიერთგაცვლის გზით.
41. მხარეებმა დაშვების თაობაზე ხელშეკრულების დადების მიზნით მოლაპარაკების წარმოებისას უნდა გაითვალისწინონ, რომ ინფრასტრუქტურის ოპერატორი ვალდებულია ავტორიზებულ პირთან დადოს ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების უფლების მინიჭების შესახებ წერილობითი ხელშეკრულება ან წერილობით შეატყობინოს მას აღნიშნულ დაშვებაზე უარის თქმის მიზეზი ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი წერილობითი მოთხოვნის მიღების დღიდან 2 თვის ვადაში. ავტორიზებული პირი ვალდებულია დაშვების მოთხოვნა წარადგინოს წერილობითი ფორმით, ხოლო თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, ავტორიზებული პირი ვალდებულია წერილობით მოთხოვნაში მიუთითოს: ა) დაშვების მსურველი ავტორიზებული პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო ინფორმაცია (რომლის მეშვეობითაც ინფრასტრუქტურის ოპერატორი შეძლებს მასთან დაკავშირებას); ბ) ფიზიკური ინფრასტრუქტურა (ფიზიკური ინფრასტრუქტურის მდებარეობა, საკადასტრო კოდი (არსებობის შემთხვევაში), ინფრასტრუქტურის კონკრეტული მონაკვეთი), რომელზეც დაშვება არის მოთხოვნილი;
გ) ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვების მოთხოვნილი ვადა; დ) დაშვების საფასურის გადახდის მეთოდი (ყოველთვიური, ყოველწლიური და სხვა); ე) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და თარიღი. თუ ავტორიზებული პირის მოთხოვნა არ შეიცავს ან არასრულყოფილად შეიცავს დაშვების წესებით განსაზღვრულ მონაცემებს, ინფრასტრუქტურის ოპერატორი უფლებამოსილია წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მოსთხოვოს ავტორიზებულ პირს განცხადების (დაშვების მოთხოვნის შესახებ) დაშვების წესებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და ამისთვის განუსაზღვროს დამატებითი ვადა, რომელიც არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები, ხოლო ავტორიზებული პირის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ინფრასტრუქტურის ოპერატორი უფლებამოსილია დაშვების მოთხოვნა განუხილველად დატოვოს. ასევე, დაშვების წესების მე-5 მუხლი ითვალისწინებს ინფრასტრუქტურის ოპერატორის ვალდებულებას, ავტორიზებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას დაშვების წესებით განსაზღვრული ინფორმაცია მის საკუთრებაში არსებული ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესახებ ისევე, როგორც მის უფლებას დასაბუთებული უარი განაცხადოს აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებაზე.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
„სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის, კომისიის 2024 წლის 27 ივნისის N4 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირის ელექტრონულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესებისა და პირობების“ მე-4 და მე-7 მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წინააღმდეგ შპს „ვიჯიეს ლაინის“ საჩივარი (კომისიაში რეგ. Nშ-26-6/1272;09.02.2026) არ იქნას მიღებული განსახილველად;
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ვიჯიეს ლაინისა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ვიჯიეს ლაინისა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ნათია კუკულაძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
