შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ 4051137755) საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 22, 2026 13:24
მიღების თარიღი მაისი 21, 2026
შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ 4051137755) საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
მომჩივანი მხარე: ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემია“ (ს/კ 4051137755)
მოპასუხე: შპს „ტელეიმედი“
დავის საგანი: შპს „ტელეიმედისთვის“ კანონმდებლობის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესწორება
კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 7 და 21 მაისი, 15:00 სთ.
I. საქმის აღწერა
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/4476; 29.04.2026) მიმართა ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიამ“ (ს/კ4051137755) შპს ,,ტელეიმედის“ მიერ სამაუწყებლო ეთერში, ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. კომისიის მიერ აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით დადგინდა ხარვეზი, რომლის საპასუხოდ მომჩივანმა 2026 წლის 4 მაისის წერილით Nშ-26-6/4715 წარმოადგინა დაზუსტებული საჩივარი. შესაბამისად, ფორმალურად გამართული საჩივარი კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2026 წლის 4 მაისს.
2. საჩივარში აღნიშნულია, რომ 2026 წლის 20 აპრილს, შპს ,,ტელეიმედის“ გადაცემაში - “ქრონიკა” 11:01 - 11:01, 14:10 - 14:15, 17:08 - 17:10, და 20:10 - 20:15 პერიოდში გავიდა სიუჟეტები, რომელიც შეეხებოდა ერთ-ერთი ჩეხური ორგანიზაციის წარმომადგენლის, იგორ ბლაჟევიჩის მიერ ტრენინგების ჩატარებას ქართული ორგანიზაციებისთვის. სიუჟეტები განთავსდა ტელეკომპანიის Youtube არხზეც. 11:00, 14:00, 17:00 და 20:00 საათიან “ქრონიკაში” ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ შესახებ მტკიცებით ფორმაში გაჟღერდა შემდეგი სახის ინფორმაცია:
11 საათიანი ქრონიკა:
ა) „ჩეხეთის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის წარმომადგენელმა ტრენინგები ჩაუტარა მოძრაობა წერტილის, მოძრაობა ფარისა და მომავლის აკადემიის წარმომადგენლებს. ქრონიკა დაუკავშირდა მხარეებს ორგანიზაციის წარმომადგენლები სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.” (11:01 – 11:01);
14 საათიანი ქრონიკა:
ბ) “ქრონიკის ინფორმაციით პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის წარმომადგენელმა ტრენინგები ჩაუტარა მოძრაობა წერტილის, მოძრაობა ფარისა და მომავლის აკადემიის წარმომადგენლებს.” (14:10 - 14:15);
გ) „დღეს დილიდან ვცდილობთ დავუკავშირდეთ იმ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებიც იგორ ბლაჟევიჩის ტრენინგების მონაწილეები არიან, თუმცა ისინი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ, ამიტომ გადავწყვიტეთ რომ მივსულიყავით მათ საცხოვრებელ მისამართებზე, თუმცა უშედეგოდ. ტრადიციულად ისინი ქრონიკის კითხვებს გაურბიან და მათ არ სურთ მედიასთან გამოჩენა.” (14:10 - 14:15);
დ) „თუმცა ამ დრომდე არც ოპოზიცია და არც ეს ორგანიზაციები მედიასთან ამ ყველაფერს არ ადასტურებენ. მეტიც, ისინი ცდილობენ რომ ამ კითხვებს თავი აარიდონ და ასე გაექცნენ ქრონიკის მიერ დასმულ კითხვებს.” (14:10 - 14:15);
ე) „ფარი, წერტილი და მომავლის აკადემია, ეს ის ორგანიზაციები არიან, რომლებიც მონაწილეობას იღებენ იგორ ბლაჟევიჩის მიერ ჩატარებულ ტრენინგებში. ტრენინგის მთავარი თემა არის რევოლუციური პროცესების დაგეგმვა.” (14:10 - 14:15);
17 საათიანი ქრონიკა:
ვ) „ქრონიკის ინფორმაციით პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის წარმომადგენელმა ტრენინგები ჩაუტარა მოძრაობა წერტილის, მოძრაობა ფარის და მომავლის აკადემიის წარმომადგენლებს. ქრონიკა მათთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ისინი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.” (17:08 - 17:10);
20 საათიანი ქრონიკა:
ზ) „შეხვედრების შესახებ კითხვებს არცერთი ორგანიზაციის წარმომადგენელი არ პასუხობს” (20:10 - 20:15);
თ) „წერტილი“, „ფარი“ და „მომავლის აკადემია“. ეს კი ის ორგანიზაციებია, რომელთა წევრებიც პრაღელი ინტრუქტორისგან მითითებებს იღებენ. ჩამოთვლილი ორგანიზაციის არცერთი ლიდერი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ამიტომაც მათ საცხოვრებელ მისამართებზე მისვლა გადავწყვიტეთ, თუმცა უშედეგოდ.” (20:10 - 20:15);
ი) „საქართველოში არსებული პოლიტიკური რეალობის შეცვლის მსურველებთან იგორ ბლაჟევიჩი ტრენინგების ჩატარებას განაგრძობს. რევოლუციური პროცესებისთვის ჯგუფების მომზადება და მათთვის ინსტრუქციების გაცემა. ქრონიკის ინფორმაციით, ეს სწორედ ტრენინგების მთავარი ხაზია.” (20:10 - 20:15). მომჩივანმა წარმოადგინა სიუჟეტების ამსახველი ინტერნეტ ბმულები.
3. საჩივრის თანახმად, 2026 წლის 20 აპრილს, შპს „ტელეიმედის“ სოციალური ქსელის გვერდზე (Facebook) გავრცელდა შემდეგი შინაარსის ე.წ. ქარდი: „ქრონიკის“ ინფორმაციით იგორ ბლაჟევიჩი ტრენინგებს განაგრძობს - ტრენინგები ჩაუტარა მოძრაობა „წერტილის“, მოძრაობა „ფარისა“ და „მომავლის აკადემიის“ წარმომადგენლებს.“ (წარმოდგენილია ინტერნეტ ბმული სოციალური ქსელიდან „Facebook“), ხოლო ვებგვერდზე 20 აპრილს და მომდევნო დღეებში გამოქვეყნდა წერილობითი ნიუსები იგივე ინფორმაციით. კერძოდ, ყველა ნიუსის ბოლოს მითითებულია შემდეგი: „ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს. ინსტრუქციებს, ოპოზიციასთან ერთად, რამდენიმე ორგანიზაცია იღებს. მათ შორის არიან: მოძრაობა „ფარი-ერთობა“, ორგანიზაცია „წერტილი“ და „მომავლის აკადემია“ მომჩივანმა წარმოადგინა ინტერნეტ ბმული მაუწყებლის ვებგვერდიდან.
4. შპს „ტელეიმედის“ ოფიციალურ ვებგვერდზე 2026 წლის 20 აპრილს გამოქვეყნდა წერილობითი ნიუსი, რომლის დასაწყისშიც მითითებულია შემდეგი: “ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში „ქრონიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც იგორ ბლაჟევიჩი ტრენინგებს განაგრძობს. ჩეხეთის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის წარმომადგენელმა ტრენინგები ჩაუტარა მოძრაობა „წერტილის“, მოძრაობა „ფარისა“ და „მომავლის აკადემიის“ წარმომადგენლებს.” მომჩივანმა წარმოადგინა ინტერნეტ ბმული მაუწყებლის ვებგვერდიდან.
5. საჩივარში აღნიშნულია, რომ 2026 წლის 20 აპრილს 20:00 საათიან ქრონიკაში გაშვებული სადავო სიუჟეტი გამოქვეყნდა შპს „ტელეიმედის“ ვებგვერდზეც. მომჩივანის განმარტებით, ამ ნაწილში მისთვის სადავოა გამოქვეყნებული სიუჟეტის ის მონაკვეთები, რაზეც მანამდე მიუთითა საჩივარში. კერძოდ:
ა) „შეხვედრების შესახებ კითხვებს არცერთი ორგანიზაციის წარმომადგენელი არ პასუხობს” (20:10 - 20:15);
ბ) „წერტილი’, ‘ფარი’ და ‘მომავლის აკადემია’. ეს კი ის ორგანიზაციებია, რომელთა წევრებიც პრაღელი ინსტრუქტორისგან მითითებებს იღებენ. ჩამოთვლილი ორგანიზაციის არცერთი ლიდერი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ამიტომაც მათ საცხოვრებელ მისამართებზე მისვლა გადავწყვიტეთ, თუმცა უშედეგოდ.” (20:10 - 20:15);
გ) „საქართველოში არსებული პოლიტიკური რეალობის შეცვლის მსურველებთან იგორ ბლაჟევიჩი ტრენინგების ჩატარებას განაგრძობს. რევოლუციური პროცესებისთვის ჯგუფების მომზადება და მათთვის ინსტრუქციების გაცემა. ქრონიკის ინფორმაციით, ეს სწორედ ტრენინგების მთავარი ხაზია.” (20:10 - 20:15)
6. საჩივრის თანახმად, ამავდროულად სადავოა შპს „ტელეიმედის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული შემდეგი ფრაზები: „ქრონიკის“ ინფორმაციით… რამდენიმე ორგანიზაციას ამჯერად, „პრაღის საზოგადოებრივი ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი ამზადებს. შეხვედრების შესახებ კითხვებს არცერთი ორგანიზაციის წარმომადგენელი არ პასუხობს…” მომჩივანმა წარმოადგინა ინტერნეტ ბმული მაუწყებლის ვებგვერდიდან.
7. საჩივარში მომჩივანი უთითებს, რომ 2026 წლის 24 აპრილს მიმართა შპს „ტელეიმედს“ ემოქმედა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად და დაუყოვნებლივ შეესწორებინა გავრცელებული ცრუ ინფორმაცია. კერძოდ “ქრონიკის” 11:00, 14:00, 17:00 და 20:00 გამოშვებებში აღენიშნათ რომ:
ა) „საქართველოს მომავლის აკადემიის არცერთ წარმომადგენელს არასდროს ჩატარებია ტრენინგი იგორ ბლაჟევიჩის ხელმძღვანელობით.” ასევე “საქართველოს მომავლის აკადემიის არცერთ წარმომადგენელს არასდროს მიუღია მითითება იგორ ბლაჟევიჩისგან.”;
ბ) „ტელეკომპანია იმედის ახალი ამბების გადაცემა ქრონიკას 20 აპრილის სიუჟეტების ეთერში გაშვებამდე არ გვქონია კომუნიკაციის მცდელობა საქართველოს მომავლის აკადემიის ხელმძღვანელობასთან და შესაბამისად გავავრცელეთ მცდარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აკადემიის წარმომადგენლები არ პასუხობდნენ სატელეფონო ზარებს და კითხვებს გაურბიან.” ზემოაღნიშნული ვალდებულება შპს „ტელეიმედს“ არ შეუსრულებია.
8. საჩივარში აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია მაუწყებლების შინაარსობრივი რეგულირების სტანდარტები. კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად, ხოლო, მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი “მნიშვნელოვანი ფაქტობრივი შეცდომების შესწორება უნდა მოხდეს ღიად და დაუყოვნებლივ, თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით სათანადო საეთერო დროს, მას შემდეგ, რაც მაუწყებლისთვის ცნობილი გახდება შეცდომის შესახებ.” მომჩივანის განმარტებით, უდავოა, რომ “ქრონიკა” წარმოადგენს ახალი ამბების გადაცემას. შესაბამისად, მის მიმართ ვრცელდება ჯეროვანი სიზუსტის დაცვის ვალდებულება.
9. მომჩივანი უთითებს, რომ კომისიის მიერ შემუშავებული გზამკვლევისა და განვითარებული პრაქტიკის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა “ჯეროვანი” სიზუსტის დასაცავად, ხოლო მიღებული ზომების შესახებ უნდა იქონიოს შესაბამისი მტკიცებულებებიც. საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს „ტელეიმედს“ არც ერთი აღნიშნული სტანდარტი და მოთხოვნა არ დაუცვია. ამავდროულად, ვერ ექნება რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გონივრული ზომების მიღებას, ვინაიდან მიუხედავად განსახილველ სიუჟეტებში მაუწყებლის მტკიცებისა, რომ სხვადასხვა გზით ეცადა საქართველოს მომავლის აკადემიის წარმომადგენლებთან დაკავშირებას, მსგავსი რამ არ მომხდარა.
10. საჩივარში აღნიშნულია, რომ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ არცერთი წარმომადგენელი არ ყოფილა ჩართული სიუჟეტებში ნახსენებ ტრენინგებში და მით უფრო არასდროს მიუღია რაიმე მითითება იგორ ბლაჟევიჩისგან. ამავდროულად, ტელეკომპანია „იმედის° წარმომადგენლებს არ ჰქონიათ რაიმე სახის კომუნიკაციის მცდელობა „საქართველოს მომავლის აკადემიის“ ხელმძღვანელობასთან ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, არც სატელეფონო ზარით და არც წერილობით. ტელეკომპანიის წარმომადგენლები არც „საქართველოს მომავლის აკადემიის“ ოფისში გამოჩენილან. შესაბამისად, განცხადება იმის შესახებ, რომ „საქართველოს მომავლის აკადემია“ „თავს არიდებდა კითხვებს”, ან “არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს” არის ტყუილი.
11. მომჩივანის განმარტებით, ცრუ ბრალდებების გაჟღერების სისტემატურობა, ჟურნალისტების გადაჭრითი ტონი და პირადი უარყოფითი დამოკიდებულებების გამჟღავნება მიუთითებს, რომ შპს „ტელეიმედი” არათუ გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს და არ შეამოწმა გადაცემული ფაქტების სისწორე, არამედ განზრახ დაამახინჯა ისინი. ამდენად, შპს “ტელეიმედმა” დაარღვია “მაუწყებლის შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები. ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ მან მომჩივანისგან შეიტყო დაშვებული “შეცდომის” შესახებ და მაინც არ გამოასწორა იგი, მან დამატებით ასევე დაარღვია კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ვალდებულებაც.
12. კომისიის მიერ უკვე განვითარებული პრაქტიკის მსგავსად, 2026 წლის 20 აპრილს “ქრონიკის” 11:00, 14:00, 17:00 და 20:00 საათიან სიუჟეტებში შპს „ტელეიმედმა” ინფორმაცია იმგვარად წარმოაჩინა, თითქოს „საქართველოს მომავლის აკადემიის“ წარმომადგენლები ჩართული იყვნენ ანტისახელმწიფოებრივ და დანაშაულებრივ ქმედებებში, რომ თითქოს ისინი მართული არიან უცხოეთიდან და თითქოს ცდილობენ ქვეყანაში არეულობის შექმნას. ანუ ერთი მხრივ ტელეკომპანია „იმედი” ტყუის როდესაც ამბობს რომ აკადემიის წარმომადგენლები დაესწრნენ კონკრეტულ ტრენინგს, ამავდროულად კი საზოგადოებას უქმნის შთაბეჭდილებას, რომ თითქოს აკადემიის წარმომადგენლები დანაშაულებრივი ქმედების მონაწილენი არიან. შესაბამისად, მომჩივანს მიაჩნია, რომ შპს “ტელეიმედმა” დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით დადგენილი ვალდებულებები - არაჯეროვანი, ცრუ და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებით.
13. მომჩივანის განმარტებით, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსის დაცვა თითოეულ პროგრამაში ან პროგრამების ციკლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ, პროგრამის ფორმატიდან გამომდინარე, ბალანსის დაცვა დაგეგმილია პროგრამების ციკლის განმავლობაში, ამის შესახებ აუდიტორიას უნდა ეცნობოს პროგრამის დაწყების პირველსავე დღეს.” როგორც კომუნიკაციების კომისია თავად აღნიშნავს, “ბალანსის დაცვის მოთხოვნა 54-ე მუხლით გარანტირებული მიუკერძოებლობის პრინციპის ცენტრალური კომპონენტია."
14. საჩივრის თანახმად, გასაჩივრებულ სიუჟეტებში შპს „ტელეიმედმა” დაარღვია აღნიშნული მოთხოვნებიც, ვინაიდან უპირატესობა მიანიჭა „ქართული ოცნების” წარმომადგენლების პოზიციას, “საქართველოს მომავლის აკადემიის” საწინააღმდეგოდ და საკითხი არ გააშუქა სათანადო ობიექტურობით და ბალანსის დაცვით.
15. მომჩივანი უთითებს, რომ კომისიის გზამკვლევისა და მის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ პრაქტიკაზე დაყრდნობით, მართალია, მიუკერძოებლობის პრინციპი და ბალანსის მოთხოვნა არ უზღუდავს მაუწყებელს შესაძლებლობას, გააშუქოს რომელიმე მოსაზრება, თუმცა იმ პირობით, რომ სიზუსტის დაცვით და ადეკვატურად იქნება ასახული ყველა სხვა ალტერნატიული შეხედულება. აშკარაა, რომ განსახილველ შემთხვევაში შპს „ტელეიმედმა” არსებული თითოეული საგულისხმო მოსაზრება თანასწორად და დაბალანსებულად არ მიაწოდა საზოგადოებას. სიუჟეტები მოიცავდა მხოლოდ ერთი მხარის პოზიციას, კერძოდ, „ქართული ოცნების” წევრების: შალვა პაპუაშვილის, ნინო წილოსანისა და კახა კალაძის განცხადებებს, რომლებიც მიზანმიმართულად ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას ავრცელებდნენ.
16. შპს „ტელეკომპანია პირველისა“ და შპს „ფორმულას“ მიმართ კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე მითითებით, მომჩივანი აღნიშნავს, რომ კომისიამ შპს „ტელეიმედის” მიმართაც უნდა დაადგინოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევა, ვინაიდან არცერთ გასაჩივრებულ სიუჟეტში საზოგადოებისთვის არ გაუზიარებიათ „საქართველოს მომავლის აკადემიის”, ან თუნდაც სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლების ალტერნატიული პოზიცია. მით უფრო, რომ მაუწყებელმა იცრუა, რომ თითქოს სცადა „საქართველოს მომავლის აკადემიასთან“ დაკონტაქტება. შესაბამისად, აშკარაა, რომ მაუწყებელმა მიზანმიმართულად დაარღვია ბალანსის დაცვის ვალდებულება, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.
17. მომჩივანი აღნიშნავს, რომ კომისიის გზამკვლევის თანახმად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ „საქართველოს მომავლის აკადემია“ რაიმე მიზეზით უარს განაცხადებდა სიუჟეტში მონაწილეობაზე, მაუწყებელს მაინც ჰქონდა ვალდებულება, მიეღო ყველა გონივრული ზომა, რათა საპირისპირო განცხადებებთან ერთად (შალვა პაპუაშვილის, ნინო წილოსანის, კახა კალაძის მიერ) დაბალანსებულად გაეშუქებინა ჩვენი მოსაზრებებიც. პროაქტიული ზომების წარუმატებლობის შემთხვევაში კი, მიუკერძოებლობის დასაცავად, უნდა გამოეყენებინა სხვადასხვა სარედაქციო ხერხი. მსგავსი ხერხები მაუწყებელს არ გამოუყენებია. მეტიც, ჟურნალისტები აქტიურად აჟღერებდნენ „ქართული ოცნების” წარმომადგენლების თანმხვედრ პოზიციას და ცრუ ფაქტებს „საქართველოს მომავლის აკადემიის“ წარმომადგენლების კონკრეტულ ტრენინგში ჩართულობისა და იგორ ბლაჟევიჩისგან მითითებების მიღების შესახებ. ამდენად, აშკარაა, რომ შპს „ტელეიმედმა” სრულიად დააიგნორა აღნიშნული ვალდებულებები და დაარღვია ბალანსის დაცვის ვალდებულება.
18. საჩივარში აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 59 პრიმა მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე−542, 552 და 553−563 მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო“. აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესის თანახმად, 52-ე და 54-ე მუხლების მოთხოვნები ისევე ვრცელდება მაუწყებლის სოციალურ მედიაში და ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე. სადავოდ გამხდარი სიუჟეტები და მასში გადმოცემული ინფორმაცია მაუწყებლის ეთერში გასვლასთან ერთად განთავსდა სოციალურ ქსელ Facebook-ზე “TV Imedi”-ს ანგარიშებზე, Youtube-ზე და ვებგვერდზე. ამდენად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 59 პრიმა მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით, მაუწყებელმა სოციალურ ქსელში (Facebook, Youtube) და ვებგვერდზე ახალი ამბების გადაცემისას დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა.
19. ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემია“ ითხოვს, რომ დადგინდეს შპს “ტელეიმედის” მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3, აგრეთვე 54-ე მუხლის მე-4 პუნქტით და 59-ე პრიმა მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა; შპს “ტელეიმედს” დაეკისროს შესაბამისი სანქცია; აგრეთვე დაევალოს გავრცელებული ინფორმაციის შესწორება, კერძოდ “ქრონიკის” 11:00, 14:00, 17:00 და 20:00 გამოშვებებში, Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, Youtube-ზე და ვებგვერდზე (შესაბამის ნიუსებში) აღნიშნოს რომ:
ა) „საქართველოს მომავლის აკადემიის არცერთ წარმომადგენელს არასდროს ჩატარებია ტრენინგი იგორ ბლაჟევიჩის ხელმძღვანელობით.” ასევე “საქართველოს მომავლის აკადემიის არცერთ წარმომადგენელს არასდროს მიუღია მითითება იგორ ბლაჟევიჩისგან.”
ბ) „ტელეკომპანია იმედის ახალი ამბების გადაცემა ქრონიკას 20 აპრილის სიუჟეტების ეთერში გაშვებამდე არ გვქონია კომუნიკაციის მცდელობა საქართველოს მომავლის აკადემიის ხელმძღვანელობასთან და შესაბამისად გავავრცელეთ მცდარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აკადემიის წარმომადგენლები არ პასუხობდნენ სატელეფონო ზარებს და კითხვებს გაურბიან. 20. 2026 წლის 7 მაისს გაიმართა მოსამზადებელი სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიისა“ და შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელები. ამავე დღეს კომისიაში შემოვიდა ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/4903; 07.05.2026) კომისიის თავმჯდომარის აცილების თაობაზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2026 წლის 28 აპრილს ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიამ“ კომისიაში შეიტანა საჩივარი შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ. ამავე დღეს საჩივარზე კვალიფიციური ხელმოწერის დატანის მოთხოვნით კომისიამ მომართა „საქართველოს მომავლის აკადემიას“. ა/წ 29 აპრილს საქართველოს მომავლის აკადემიამ ხელახლა წარადგინა საჩივარი კომისიაში. 2026 წლის 30 აპრილს კომისიამ გაუგზავნა წერილი საჩივარში ხარვეზის დადგენასთან დაკავშირებით და განუსაზღვრა 5 დღე ხარვეზის გამოსასწორებლად. 2026 წლის 4 მაისს მომჩივანმა კომისიაში წარადგინა საჩივრის შესწორებული ვერსია. 2026 წლის 5 მაისს, კომისიამ მომჩივანს გაუგზავნა შეტყობინება და აცნობა საჩივრის განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით სხდომის 7 მაისს გამართვის თაობაზე.
21. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საჩივარი ეხება ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკის“ 2026 წლის 20 აპრილის (11:00, 17:00 და 20:00 საათის) გამოშვებებში, აგრეთვე მის ოფიციალურ Facebook გვერდზე, Youtube არხზე და ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც საჩივრის მიხედვით, შეიცავს ცრუ, შეცდომაში შემყვან და დისკრედიტაციულ მონაცემებს ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ საქმიანობასთან დაკავშირებით. ამდენად, ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3, აგრეთვე 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის და 59-ე პრიმა მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევასთან დაკავშირებით.
22. მომჩივანი განცხადებაში ასევე, უთითებს, რომ გოგა გულორდავა შეუდგა კომისიის წევრის უფლებამოსილების განხორციელებას 2026 წლის 26 იანვრიდან. ამავდროულად, 2026 წლის 29 იანვრიდან დღემდე იგი იკავებს კომისიის თავმჯდომარის პოზიციას. მომჩივანი აღნიშნავს, რომ მისთვის 7 მაისის სხდომისთვის მომზადებისას, კერძოდ, 2026 წლის 6 მაისს ცნობილი გახდა, რომ გოგა გულორდავა 2023 წლიდან 2025 წლის დეკემბრამდე დასაქმებული იყო შპს “ტელეიმედში” და ახორციელებდა კომპანიის ფინანსურ მონიტორინგსა და აუდიტს. 2016-2020 წლებში ის ასევე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სიით.
23. აცილების თაობაზე განცხადებაში მომჩივანი უთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 93-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირის აცილება, თუ არსებობს აცილების საფუძველი. მომჩივანი აღნიშნავს, რომ აცილების საფუძვლების განხილვა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 და 92-ე მუხლების ერთობლივი ანალიზით. მე-8 მუხლი ადგენს ადმინისტრაციული წარმოების ერთ-ერთ ძირითად პრინციპს - საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტას. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი უფლებამოსილება განახორციელოს მიუკერძოებლად. მეორე ნაწილი კი პირდაპირ კრძალავს ადმინისტრაციულ წარმოებაში იმ თანამდებობის პირის მონაწილეობას, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ან არსებობს სხვა გარემოება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს საქმის გადაწყვეტაზე. საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის პრინციპი ეფუძნება ძველ სამართლებრივ წესს - „nemo iudex in causa sua“ (არავინ შეიძლება იყოს მოსამართლე თავის საქმეში)1. ამ პრინციპის გარეშე ადმინისტრაციული წარმოება კარგავს ლეგიტიმურობას, რადგან მხარეს არ ექნება რწმენა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია მიუკერძოებლად. მე-8 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული „სხვა გარემოება“ წარმოადგენს ფართო და მოქნილ კრიტერიუმს, რომელიც მოიცავს ყველა იმ ვითარებას, რომელიც გონივრულ ეჭვს ბადებს თანამდებობის პირის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. ამ კატეგორიაში შედის ისეთი გარემოებები, როდესაც აშკარაა გადაწყვეტილების მიმღები პირის დადებითი ან უარყოფითი დამოკიდებულება რომელიმე დაინტერესებული მხარის მიმართ, რაც ქმნის ტენდენციური (მიკერძოებული) გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლი აკონკრეტებს მე-8 მუხლის ზოგად დებულებას და ჩამოთვლის კონკრეტულ აკრძალვებს. მაგალითად, მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი პირდაპირ უკრძალავს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობას იმ თანამდებობის პირს, რომელიც შრომით ურთიერთობაშია საქმეში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან, რაც გამომდინარეობს იქიდან, რომ შრომითი ურთიერთობის არსი, თავისი ბუნებით, ეფუძნება დასაქმებულის სუბორდინაციულ დამოკიდებულებას დამსაქმებელთან. შრომითი ხელშეკრულება არ არის მხოლოდ მხარეთა ფორმალური შეთანხმება. იგი სამართლებრივად მნიშვნელოვნად ზღუდავს დასაქმებულის ავტონომიას და ავალდებულებს მას, საკუთარი საქმიანობა შეუთანხმოს დამსაქმებლის ეკონომიკურ თუ ორგანიზაციულ ინტერესებს. ამ ურთიერთობაში დამსაქმებელი ფლობს მძლავრ მექანიზმებს, რომელთა მეშვეობითაც ის ახორციელებს კონტროლს და გავლენას დასაქმებულზე, რაც გამოიხატება სხვადასხვა გზით, მაგალითად: დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობა, სამუშაო პროცესის დირექტიული მართვა, შრომის ანაზღაურების უზრუნველყოფა. ამდენად, როდესაც პირი იმყოფება ასეთ მჭიდრო იერარქიულ და ეკონომიკურ დამოკიდებულებაში დასაქმებულის თავისუფლება -იმოქმედოს საკუთარი შეხედულებებისამებრ, მიუკერძოებლად და ნეიტრალურად-მნიშვნელოვნად შეზღუდულია, დამსაქმებლის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედების იმპერატიული ვალდებულებით. შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა თავისთავად ქმნის მიკერძოების მაღალ რისკს და გამორიცხავს პირის დამოუკიდებლობას ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სწორედ ამიტომ გამოჰყოფს კანონმდებელი მას, როგორც დამოუკიდებელ აკრძალვის საფუძველს.
24. მომჩივანი აღნიშნავს, რომ 92-ე და 93-ე მუხლები სპეციალური ნორმებია და 92-ე მუხლი ამომწურავად არ/ვერ ჩამოთვლის ყველა იმ გარემოებას, რომელიც მიუკერძოებლობის ხელისშემშლელი ფაქტორია. ამდენად მე-8 მუხლი, თავის მხრივ, მე-2 პუნქტით მოიცავს დამატებით საფუძვლებსაც, რომელიც შესაძლოა არსებობდეს კონკრეტულ შემთხვევაში. წინამდებარე საქმეში გოგა გულორდავას აცილება სწორედ ამ ორ დებულებას (მე-8 მუხლის მე-2 ნაწილი და 92-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი) ერთობლივად უკავშირდება. კომისიის თავმჯდომარე 2023 წლიდან 2025 წლის ბოლომდე (დაახლოებით 2 წლის და 3 თვის განმავლობაში) დასაქმებული იყო შპს „ტელეიმედში“ და ახორციელებდა მის ფინანსურ მონიტორინგსა და აუდიტს. მომჩივანის განმარტებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამავე პერიოდში ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიასა“ და შპს „ტელეიმედს“ შორის უკვე არსებობდა არაერთი სამართლებრივი დავა, რომელთა ფარგლებშიც დაპირისპირებულ მხარეებს წარმოადგენდნენ, ერთი მხრივ, საქართველოს მომავლის აკადემია, როგორც ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ახალგაზრდების გაძლიერების გზით განვითარებული, თანამედროვე და წარმატებული საქართველოს ჩამოყალიბებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სანქცირებული შპს “ტელეიმედი”. იმის გათვალისწინებით, რომ შპს “ტელეიმედის” მიერ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ შესახებ დეზინფორმაცია სისტემურად და განგრძობითად ვრცელდებოდა, სამართლებრივი დავა ერთჯერადი ხასიათის არ ყოფილა, რაც მხედველობაშია მისაღები, რადგან ეს გარემოება თავის მხრივ ზეგავლენის მომხდენია ამ ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების დამოკიდებულებაზე/პოზიციაზე.
25. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამჟამად განსახილველ ადმინისტრაციულ წარმოებაშიც სწორედ იგივე დაპირისპირებული მხარეებია: მოსარჩელე - ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემია“ და მოპასუხე - შპს „ტელეიმედი“. გოგა გულორდავას ხანგრძლივი შრომითი ურთიერთობა იმავე მაუწყებელთან, რომელთანაც წარსულში არაერთი სამართლებრივი დაპირისპირება გვქონდა, და ის ფაქტი, რომ მან მხოლოდ რამდენიმე თვის წინ დატოვა აღნიშნული თანამდებობა, ნებისმიერი გარე დამკვირვებლის თვალში ბადებს გონივრულ ეჭვს მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. შრომითი ურთიერთობა, რომელიც 92-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით პირდაპირ არის აკრძალული, დასრულების შემდეგაც არ კარგავს თავის მნიშვნელობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ხანგრძლივი ხასიათის იყო და მისი დასრულებიდან მოკლე დროა გასული. საქართველოს შრომის კოდექსი პირდაპირ ადასტურებს, რომ შრომითი ურთიერთობის ფორმალური დასრულება არ ნიშნავს მხარეთა შორის სამართლებრივი ვალდებულებების სრულ და მყისიერ გაწყვეტას. მაგალითად, კოდექსის მე-60 და 72-ე მუხლები ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც დასაქმებულს/მის წარმომადგენელს გარკვეული ვალდებულებები ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგაც აკისრია, კერძოდ: კონკურენციის შეზღუდვის ვალდებულება (მუხლი 60) გულისხმობს, რომ დასაქმებულს სამსახურიდან წასვლის შემდეგაც, 6 თვის განმავლობაში, შეიძლება შეუნარჩუნდეს ვალდებულება, არ გამოიყენოს მიღებული სპეციფიკური ცოდნა და კვალიფიკაცია ყოფილი დამსაქმებლის კონკურენტის სასარგებლოდ. ეს იმას ნიშნავს, რომ დასაქმებული სამართლებრივად კვლავ შებოჭილია ყოფილი დამსაქმებლის ინტერესების დაცვის პირობით. კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება (მუხლი 72) კი კიდევ უფრო მკაცრად არის ჩამოყალიბებული და ადგენს, რომ კონფიდენციალური ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის აკრძალვა შეუზღუდავად მოქმედებს. იგი ძალაში რჩება უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგაც, რაც ხელშემკვრელ მხარეს აკისრებს მუდმივ ვალდებულებას დამსაქმებლის წინაშე, არ დააზიანოს მისი საწარმოო ინტერესები ინფორმაციის გაცემით.
26. მომჩივანის შეფასებით, მხოლოდ აღნიშნული მუხლებიც კი ცხადჰყოფს, რომ შესაძლოა შრომითი ხელშეკრულებით არსებობდეს ისეთი ვალდებულებები, რომლებიც თავისი ბუნებით სცილდება შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადებს და უზრუნველყოფს დამსაქმებლის კანონიერი ინტერესების დაცვას ურთიერთობის ფორმალურად დასრულების შემდეგაც. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს ამ საქმეზე გოგა გულორდავას აცილების საჭიროებას, მით უფრო, რომ მცირე დროა გასული, რაც გოგა გულორდავასა და შპს “ტელეიმედს” შორის ფორმალურად დასრულდა შრომითი ხელშეკრულება. ნებისმიერი გარე დამკვირვებლისთვის და მით უფრო მომჩივანისთვის აშკარაა, რომ მათ საქმეზე ადმინისტრაციული წარმოებისას მიუკერძოებლობა და სამართლიანობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი და გოგა გულორდავას მონაწილეობის შემთხვევაში არსებობს ტენდენციური/მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების რეალური და ობიექტური რისკი.
27. ამდენად, მომჩივანის აზრით, გოგა გულორდავას მონაწილეობა აღნიშნული საჩივრის განხილვაში ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8, 92-ე მუხლების მოთხოვნებს და 93-ე მუხლის საფუძველზე აცილებულ უნდა იქნას საჩივრის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან, ადმინისტრაციული წარმოების მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპის შესანარჩუნებლად. განცხადებას ერთვის საქართველოს პარლამენტის დადგენილება გოგა გულორდავას კომისიის წევრად დანიშვნის თაობაზე და მისი ბიოგრაფია (საქართველოს პარლამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტაცია).
28. კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 93-ე მუხლის მე- 4 ნაწილის თანახმად, კოლეგიური ორგანოს შემადგენლობაში შემავალი თანამდებობის პირის აცილების საკითხს წყვეტს კოლეგიური ორგანო ამ თანამდებობის პირის მონაწილეობის გარეშე. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. კომისიის 2026 წლის 7 მაისის მოსამზადებელ სხდომაზე კომისიის წევრთა კვორუმის არარსებობის გამო მოსამზადებელი სხდომა გადაიდო 2026 წლის 21 მაისისთვის.
29. 2026 წლის 21 მაისის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადნენ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ და შპს ტელეიმედის“ წარმომადგენლები. კომისიამ განიხილა ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ განცხადება კომისიის თავმჯდომარის საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან აცილების თაობაზე და არ დააკმაყოფილა. კომისიამ მიიჩნია, რომ განცხადება დაუსაბუთებელი იყო და მასში მითითებული გარემოებებით არ დგინდებოდა კომისიის თავმჯდომარის აცილების განცხადებაში მითითებული საფუძველი. მომჩივანს კომისიის თავმჯდომარის აცილების საფუძვლად მითითებული აქვს ის გარემოება, რომ ის უახლოეს წარსულში იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში შპს „ტელეიმედთან“, რის გამოც მომჩივანსა და შპს „ტელეიმედს“ შორის არსებულ დავაზე ტენდენციური/მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების რეალური და ობიექტური რისკი არსებობდა. აცილების სამართლებრივ საფუძვლად კი მომჩივანს მითითებული აქვს „სხვა გარემოების არსებობა, რომელიც ზეგავლენას მოახდენს საქმის გადაწყვეტაზე“ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილი) და განსახილველ საქმეში მონაწილე დაინტერესებულ პირთან შრომით ურთიერთობაში მყოფი ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღების აკრძალვა (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი).
30. კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აკრძალვა თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ვრცელდება მხოლოდ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების მომენტისთვის არსებულ შრომით ურთიერთობებზე და მითითებული აკრძალვა არ ვრცელდება დასრულებულ შრომით ურთიერთობებზე. ამასთანავე, შრომითი ურთიერთობების დასრულების შემდგომ კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულების არსებობა ან/და კონკურენციის შეზღუდვა ყოფილი დამსაქმებლის კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით არ არის საქმისადმი მიკერძოებული დამოკიდებულების არსებობის განმსაზღვრელი ფაქტორი. მომჩივანს ასევე, არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ისეთი სხვა გარემოების არსებობას, რომელიც ზეგავლენას მოახდენდა საქმის გადაწყვეტაზე, კერძოდ, განცხადებაში მითითებული რომელიმე დაინტერესებული მხარის მიმართ გადაწყვეტილების მიმღები პირის დადებითი ან უარყოფითი დამოკიდებულების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც ქმნის ტენდენციური (მიკერძოებული) გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. წარსულში შრომით ურთიერთობაში ყოფნა საქმის ერთ-ერთ მონაწილესთან/რეგულირების სფეროს დაქვემდებარებულ პირთან მოქმედი კანონმდებლობით არ წარმოადგენს კომისიის წევრად დანიშვნის დამაბრკოლებელ გარემოებას და თავისთავად ავტომატურად არ განაპირობებს მიკერძოებული დამოკიდებულების არსებობას. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში აცილების თაობაზე განცხადების ავტორის მიერ მტკიცების საგანია. მოცემულ შემთხვევაში კი, განცხადების ავტორს ასეთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ამდენად, კომისიას მიაჩნია, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
31. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ,,მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, აგრეთვე სალიცენზიო პირობებისა და ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს კომისიას“.
32. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ,,საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს“.
33. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა“.
34. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,„მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად“, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, „მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება“. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მნიშვნელოვანი ფაქტობრივი შეცდომების შესწორება უნდა მოხდეს ღიად და დაუყოვნებლივ, თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით სათანადო საეთერო დროს, მას შემდეგ, რაც მაუწყებლისთვის ცნობილი გახდება შეცდომის შესახებ.
35. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსის დაცვა თითოეულ პროგრამაში ან პროგრამების ციკლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ, პროგრამის ფორმატიდან გამომდინარე, ბალანსის დაცვა დაგეგმილია პროგრამების ციკლის განმავლობაში, ამის შესახებ აუდიტორიას უნდა ეცნობოს პროგრამის დაწყების პირველსავე დღეს.
36. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე−542, 552 და 553−564 მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო.
37. კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი/საჩივრის ავტორი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს“.
38. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ,,ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს“.
III. სამოტივაციო ნაწილი
39. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, თუ დავის საგანი უკავშირდება კომისიის მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, კომისია უფლებამოსილია მიიღოს საჩივარი განსახილველად და დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება. შესაბამისად, კომისიამ უნდა შეაფასოს საჩივარში დასმული საკითხები განეკუთვნება თუ არა მის უფლებამოსილებას და საჩივარი წარდგენილია თუ არა უფლებამოსილი სუბიექტის მიერ.
40. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციებს მიეკუთვნება მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი.
41. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლი ადგენს მაუწყებლის ვალდებულებას დაიცვას გადაცემული ფაქტების ჯეროვანი სიზუსტე. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლი ითვალისწინებს ვალდებულებებს და სტანდარტებს, რომელთა დაცვაც მაუწყებელს მოეთხოვება სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის უზრუნველსაყოფად.
42. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ,,მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე - 542, 552 და 553 - 564 მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო“.
43. კომისიის მიერ დგინდება, რომ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემია“ დავობს შპს ,,ტელეიმედის“ მიერ ეთერით გავრცელებულ საინფორმაციო პროგრამაში, ასევე, ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი დომენის საშუალებით (მაუწყებლის ვებგვერდი) და მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე, კერძოდ, სოციალურ ქსელში (“Facebook’’) ინფორმაციის „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევით განთავსების თაობაზე. თავის მხრივ, შპს ,,ტელეიმედი“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია და როგორც მაუწყებელი, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე, 54-ე მუხლის, ასევე, 591 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვალდებულია ეთერით გავრცელებულ პროგრამაში და ინტერნეტში, ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსებისას დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის ცალკეული ნორმების, მათ შორის, 52-ე და 54-ე მუხლების მოთხოვნები. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ საჩივრის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში.
44. გარდა ამისა, კომისიის მიერ უნდა შემოწმდეს, რამდენად არის მომჩივანი საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილი, დაინტერესებული პირი. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი განმარტებულია, როგორც ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა. მომჩივანის მიერ მითითებული, შპს „ტელეიმედის“ ეთერში განთავსებული ინფორმაცია უკავშირდება მას და პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მის კანონიერ ინტერესზე. შესაბამისად, მომჩივანი საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილი პირი არის.
45. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საჩივარი მიღებულ უნდა იქნეს განსახილველად და დავის განხილვის დღედ განისაზღვროს 2026 წლის 4 ივნისი. ამასთანავე, კომისია მიიჩნევს, რომ კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს უნდა დაევალოს საჩივარში მითითებული გარემოებების შესწავლა და დასკვნის წარმოდგენა.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების, 52-ე, 54-ე და 591 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად:
გადაწყვიტა:
1. ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ:405113755) საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/4476; 29.04.2026) შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ განსახილველად იქნეს მიღებული;
2. დავის განხილვა დაინიშნოს 2026 წლის 4 ივნისს, 15:00 საათზე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე) საჩივარში მითითებული გარემოებების შესწავლა და დასკვნის წარმოდგენა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელეიმედისთვის“ და ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიისთვის“ (ს/კ: 405113755) გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
