წვდომის მენიუ

შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მოქალაქე ბეჟან ბეჟუაშვილის საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: გ-26-16 / 239

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 01, 2026 12:14

მიღების თარიღი მაისი 28, 2026

შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მოქალაქე ბეჟან ბეჟუაშვილის საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

მომჩივანი  მხარე:  ბეჟან ბეჟუაშვილი

მოპასუხე: შპს „ტელეკომპანია პირველი“

დავის საგანი: შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ კანონმდებლობის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 28 მაისი, 15 საათი.

I.          აღწერილობითი ნაწილი

1.  საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნულ   კომისიას   (შემდგომში   -   კომისია) საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის შ-26-9/4713, 04.05.2026) მიმართა მოქალაქე ბეჟან ბეჟუაშვილმა (შემდგომში - მომჩივანი) შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ მიერ ეთერით გავრცელებულ პროგრამაში და ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი დომენის  საშუალებით    (მაუწყებლის    ვებგვერდი) და  სოციალურ ქსელში განთავსებულ, ფარული მეთოდით გადაღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და  მოითხოვა  შპს  „ტელეკომპანია  პირველისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება. საჩივრით ასევე წარმოდგენილია მომჩივანის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური  მონაცემები.

2.  კომისიის   მიერ   (წერილი  Nგ-26-03/3127, 07/05/2026)  აღნიშნულ  საჩივართან დაკავშირებით დადგინდა ხარვეზი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სათანადო სამართლებრივი პროცედურით საკითხის განხილვის მიზნით, განესაზღვრა 5 სამუშაო დღე, რათა დაეზუსტებინა საჩივარში მითითებული მოთხოვნა და წერილობით მიეწოდებინა კომისიისთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია  2026   წლის   27   აპრილს   მაუწყებლის   გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან/და ვალიდური ბმული, ასევე, ეთხოვა, მოთხოვნის დაზუსტება და   შესაბამისი საკანონმდებლო ნორმის მითითება ნ. მელაძის პირად „Facebook“ გვერდზე სადაო პოსტის/აუდიოჩანაწერის გამოქვეყნების ნაწილში. ამასთან, ეთხოვა, საჩივარზე თანდართული მისი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები) დამუშავებაზე წერილობითი თანხმობის წარმოდგენა.

3.  კომისიის აღნიშნული წერილი მომჩივანს ჩაბარდა 2026 წლის 14 მაისს (გზავნილი: AP01010020280, ჩაბარების თარიღი: 14.05.2026). ბ. ბეჟუაშვილმა არ წარმოადგინა მისთვის განსაზღვრულ ვადაში მოთხოვნილი ინფორმაცია, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

4.   ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე,  2026  წლის  28  მაისს  კომისიაში  დაინიშნა სხდომა, შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მოქალაქე ბეჟან ბეჟუაშვილის საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხის განხილვის მიზნით. ზემოაღნიშნულის თაობაზე ბ.ბეჟუაშვილს ეცნობა კომისიის შტყობინებით (N გ-26-03/3308, 22/05/2026).

II.         მარეგულირებელი კანონმდებლობა

5.  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  83-ე  მუხლის  პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან”, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, „თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია”. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა“, ხოლო მე-4 ნაწილის მიხედვით, „თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება“.

6.   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, „თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ“.

7.   კომისიის  2003    წლის 27  ივნისის  №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება  მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი/საჩივრის ავტორი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს“.

III.       სამოტივაციო ნაწილი

8.   კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას გამოითხოვოს განმცხადებლისგან საკითხის განხილვისთვის საჭირო დამატებითი დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია და განუსაზღვროს მას ვადა ამ ინფორმაციის წარმოსადგენად, ასევე, ადგენს განმცხადებლის უფლებას მოითხოვოს დამატებითი ვადა და ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამისილებას განუხილველად დატოვოს განცხადება  მოთხოვნილი  ინფორმაციის  განსაზღვრულ  ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში.

9.  მოქალაქე ბეჟან ბეჟუაშვილი საჩივარში უთითებს,  შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ მიერ ეთერით გავრცელებულ    პროგრამაში    და    ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი დომენის საშუალებით (მაუწყებლის ვებგვერდი),    ფარული მეთოდით გადაღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და მესამე პირის ინფორმაციის  გაზიარების  პლატფორმაზე,  კერძოდ,  სოციალურ  ქსელში (“Facebook’’) ინფორმაციის „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 542 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევით განთავსების თაობაზე.

10. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს   კანონის  542   მუხლი ადგენს მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვებისა ან/და გადაცემის წესს. ამასთან,  „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   591 მუხლის   მე-5   პუნქტის   შესაბამისად, ,,მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე - 542, 552 და 553 - 564 მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო“.

11.  ამასთან,  აღსანიშნავია,  რომ  მომჩივანის  მიერ  წარმოდგენილია  2026  წლის  24 აპრილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, ნოდარ მელაძის პირად „Facebook“ გვერდზე საჯაროდ განთავსებული განცხადების ბმული და შესაბამისი აუდიოჩანაწერი, ასევე აღნიშნული გვერდის ამსახველი დოკუმენტაცია. თუმცა განცხადება არ   შეიცავს   დასაბუთებას  აღნიშნული  „Facebook“    პოსტით (თანდართული აუდიოჩანაწერი) დარღვეული საკანონმდებლო მოთხოვნებისა და დარღვეული უფლებების შესახებ. ამდენად, მოთხოვნა ამ ნაწილში არ არის დაზუსტებული.

12.  ამასთან, განცხადებაში, მოთხოვნის ნაწილში, მითითებულია, რომ მაუწყებელს არ უნდა გამოეყენებინა მომჩივანის თანხმობის გარეშე გაკეთებული ფარული ჩანაწერები 2026 წლის 25 აპრილის რეპორტაჟში, აგრეთვე 2026 წლის 27 აპრილს მაუწყებლის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ამასთან, განცხადებაში მითითებულ ბმულზე გადასვლისას შესაბამისი განცხადება არ იძებნება და იხსნება მხოლოდ „TV პირველის“ ვებგვერდის საძიებო, რაც არ იძლევა წარმოდგენილი გარემოებების გადამოწმების შესაძლებლობას. შესაბამისად, საჩივარი ამ ნაწილში არ არის დაზუსტებული.

13.  ამასთან,  საჩივარს  ერთოდა  მომჩივანის  განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური   მონაცემი (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები), ეთხოვა, ზემოაღნიშნული მონაცემების დამუშავებაზე წერილობითი თანხმობის წარმოდგენა, რაც მომჩივანის მიერ არ იქნა წარმოდგენილი.

14.  ბეჟან ბეჟუაშვილმა კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ დააზუსტა საჩივარი, კერძოდ, არ წარმოუდგენია 2026 წლის 27 აპრილს მაუწყებლის გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან/და ვალიდური ბმული, ასევე, არ დააზუსტა მოთხოვნა და შესაბამისი საკანონმდებლო ნორმა ნ. მელაძის პირად „Facebook“ გვერდზე სადაო პოსტის/აუდიოჩანაწერის გამოქვეყნების ნაწილში.  ასევე,  არ  წარმოუდგენია მისი განსაკუთრებული კატეგორიის   მონაცემების  დამუშავებაზე  წერილობითი თანხმობა.

15.   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, „თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ“.

16. ზემოაღნიშნულიდან   გამომდინარე,   კომისიას   მიაჩნია,   რომ   მოქალაქე   ბეჟან ბეჟუაშვილის საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

IV.       სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლისა და კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   განუხილველად   დარჩეს   მოქალაქე   ბეჟან   ბეჟუაშვილის   საჩივარი   (კომისიაში რეგისტრაციის შ-26-9/4713, 04.05.2026);

2.   გადაწყვეტილება      ძალაში      შედის      კომისიის  ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;

3.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის   საქალაქო   სასამართლოს ადმინისტრაციულ    საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ბეჟან ბეჟუაშვილისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის  ბეჟან ბეჟუაშვილისთის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ანა ვაზაგაშვილი წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები