წვდომის მენიუ

შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: გ-26-16 / 35

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 26, 2026 18:12

მიღების თარიღი იანვარი 15, 2026

შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის   განხილვის დღის დანიშვნის შესახებ 

მომჩივანი მხარე:  შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“

მოპასუხე: შპს „ტელეიმედი“

დავის საგანი: შპს „ტელეიმედისთვის“ კანონმდებლობის დარღვევისთვის ადმინისტრაციულიპასუხისმგებლობის დაკისრება.

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 8 იანვარი, 15:00 სთ.

I. აღწერილობითი ნაწილი

1. მომჩივანის პოზიცია

1.საქართველოს   კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) 2025 წლის 9 დეკემბერს საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/4976 09.12.2025) მიმართა შპს,,სამაუწყებლო  კომპანია ჰერეთმა“ (შემდგომში - მომჩივანი). კომისიის მიერ აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით დადგენილ იქნა ხარვეზი (კომისიის 2025 წლის 12, 17, 23 და 26 დეკემბრის წერილები), რომლის საპასუხოდაც მომჩივანმა კომისიაში წარმოადგინა 2025 წლის 12 დეკემბრის (კომ. რეგ. Nშ-25-6/5015; 15.12.2025), 19 დეკემბრის (კომ. რეგ. Nშ-25-6/5096;19.12.2025), 23 დეკემბრის (კომ. რეგ.Nშ-25-6/5096; 24.12.2025) და 26 დეკემბრის (კომ. რეგ. Nშ-25-6/5201;26.12.2025) დაზუსტებული საჩივრები. შესაბამისად, ფორმალურად გამართული საჩივარი კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2025 წლის 26 დეკემბერს. საჩივარი ეხება შპს ,,ტელეიმედის“ მიერ სამაუწყებლო ეთერში, ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში  განთავსებულ  ინფორმაციას და მომჩივანი ითხოვს შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასა და პასუხის უფლების შესაძლებლობის მიცემას.

2. საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს „ტელეიმედის“ ეთერში 2025 წლის 23 ნოემბერს, გადაცემაში „იმედის კვირა“ განთავსდა სიუჟეტი, რომელშიც შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“/„რადიო თბილისი“  FM93.5  და  მისი  დამფუძნებელი  რამაზ  სამხარაძე წარმოჩენილი იყვნენ როგორც „უცხოური გავლენის აგენტები“ და უცხოური სპეცსამსახურების კონტექსტში მოქმედი სუბიექტები.

3. საჩივრის თანახმად, სიუჟეტში გამოყენებული იყო კომპანიის დამფუძნებლის რამაზ სამხარაძის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და კომპანიის ლოგო. სიუჟეტში მითითებული ბრალდებები წარმოდგენილი იყო ფაქტის სახით და არ ეფუძნებოდა არც სასამართლო გადაწყვეტილებას, არც ოფიციალურ დასკვნას და არც გადამოწმებულ ფაქტობრივ წყაროებს. სადავო გადაცემის ბმულები: https://imedinews.ge/ge/politika/413278/visze-dades-psoni-utskhourma-spetssamsakhurebma-saqartveloshi-saqartvelos-tsinaagmdeg--rogor-moqmedeben-mediis-nigabs-amoparebuli-onlain-platpormebi-imedis-kviris-morigi eqskluzivi https://www.facebook.com/reel/746192944434898

4. მომჩივანის მოსაზრებით, მაუწყებლის ქმედება წარმოადგენს „მაუწყბელობის შესახებ“ საქართველოს კანონის  52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევას, რომლის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად. მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება.

5. მომჩივანის განცხადებით, სიუჟეტის მომზადებისას მაუწყებლის მხრიდან არ განხორციელებულა მასთან დაკავშირება, არ ყოფილა კომენტარის ან პოზიციის მოთხოვნა და არ მომხდარა ინფორმაციის გადამოწმება, რაც მომჩივანის მოსაზრებით, კიდევ უფრო ამძაფრებს ზემოაღნიშნული ნორმების დარღვევას.

6. საჩივარში აღნიშნულია, რომ მომჩივანმა სადავო სიუჟეტთან დაკავშირებით, 2025 წლის 23 ნოემბერს, „მაუწყებელობის შესახებ“ საქართველოს კანონის  52-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, წერილობით მიმართა შპს „ტელეიმედს“ და მოითხოვა არასწორი (მცდარი) ფაქტების გასწორება ან უარყოფა, ვინაიდან სიუჟეტით შეილახა შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ რეპუტაცია და კანონიერი ინტერესები.

7. საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად კანონით დადგენილი ვალდებულებისა და იმ ფაქტისა, რომ მოთხოვნა წარდგენილი იყო სიუჟეტის გავრცელებიდან 10-დღიან ვადაში, მაუწყებლის მხრიდან  არ განხორციელებულა არასწორი ფაქტების გასწორება, არ გავრცელებულა უარყოფა, მომჩივანს არ მიუღია პასუხი და  2025 წლის 30 ნოემბერს შპს „ტელეიმედმა“ გადაცემაში „იმედის კვირა“ განმეორებით გაავრცელა იგივე შინაარსის ბრალდებები, რაც მომჩივანის შეფასებით, წარმოადგენს პასუხის უფლების ფაქტობრივ უგულებელყოფას და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3, მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას.

8. მომჩივანის მოთხოვნაა შპს „ტელეიმედს“ დაევალოს შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ პასუხის უფლების უზრუნველყოფა, ასევე კომისიამ დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეიმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის ის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, შეისწავლოს 2025 წლის 23 და 30 ნოემბერს გავრცელებული სიუჟეტები ფაქტის ჯეროვანი სიზუსტისა და პასუხის უფლების ჭრილში და  ირეაგიროს კანონის შესაბამისად.

9. 2026 წლის 8 იანვარს შპს „ტელეიმედმა“ წარმოადგინა წერილობითი პოზიცია, რომლის თანახმად, შპს „ტელეიმედი“ განმარტავს, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს“ შპს „ტელეიმედისთვის“ არ მიუმართავს პასუხის უფლების მოთხოვნით, რადგან მომჩივანის წერილში არ იყო მითითებული მსგავსი მოთხოვნა და არც შესაბამისი სამაართლებრივი საფუძველი. შპს „ტელეიმედის“ წერილობით პოზიციააში აღნიშნულია, რომ მომჩივანის მოთხოვნა მოიცავდა გავრცელებული ინფორმაციის უარყოფასა და ბოდიშის გავრცელებას, რაც შპს „ტელეიმედის“ განმარტებით, სასამართლოს მსჯელობის საგანია.

10. კომისიის 2026 წლის 8 იანვრის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდნენ შპს,,სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ წარმომადგენელი რამაზ სამხარაძე და შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელი ანა ვაზაგაშვილი. კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა შესვენება და საკითხის განხილვა გადაიდო 2026 წლის 15 იანვრისთვის, მომჩივანის მიერ პასუხის უფლებაზე უარის კომისიაში გასაჩივრების საფუძვლების დამატებით შეფასების მიზნით.

11. 2026 წლის 14 იანვარს კომისიას წერილობით (Nშ-26-6/256) მიმართა შპს „სამაუწყბლო კომპანია ჰერეთმა“ და დააზუსტა მოთხოვნები, კერძოდ მომჩივანმა მოითხოვა კომისიის მიერ სადავო გადაცემაში გავრცელებული ინფორმაციის შინაარსობრივი შეფასება ჯეროვანი სიზუსტის ნაწილში, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული მექანიზმის გამოყენება, ასევე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე მომჩივანისთვის პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემის დავალდებულება შპს „ტელეიმედისთვის“ იმავე ეთერში და თანაზომიერი ფორმით. მომჩივანმა ასევე მიუთითა, რომ   პასუხის უფლებით აღჭურვის საკითხის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კომისიამ მიუთითოს პასუხის გავრცელების ფორმა და დრო ისე, რომ პასუხი იყოს თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით, საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც საწყისი განცხადება გაკეთდა.

12. 2026 წლის 14 იანვრის სხდომაზე შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ წარმომადგენელმა რ. სამხარაძემ მხარი დაუჭირა კომისიაში წარმოდგენილ საჩივარს და განაცხადა, შპს „ტელეიმედი“ პასუხის უფლებაზე უარის გასაჩივრების ნაწილში არ ცვლის მოთხოვნას და მისი სურვილია კომისიამ თავად მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე.

13. შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელმა ა. ვაზაგაშვილმა მხარი დაუჭირა შპს „ტელეიმედის“ მიერ 2026 წლის 8 იანვარს კომისიაში წარმოდგენილ წერილობით პოზიციას, ამასთან განაცხადა, რომ საჩივრის განხილვა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განეკუთვნება კომისიის უფლებამოსილებას, ხოლო მომჩივანი წარმოადგენს საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილ პირს,

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

14.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ,,მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის  მოთხოვნების,  აგრეთვე სალიცენზიო პირობებისა და ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს კომისიას“.

15. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ,,საჩივრის  მიღებიდან  7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს“.

16. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა“.

17. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს  ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად“, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად,„მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება“. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, „დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საწყისი განცხადების გაკეთებიდან (მათ შორის, ფაქტის მოყვანიდან) 10 დღის ვადაში შესაბამის მაუწყებელს მოსთხოვოს, მისცეს მას შესაძლებლობა, თავად უზრუნველყოს საწყის განცხადებაში მოყვანილი არასწორი (მცდარი) ფაქტის შესწორება ან უარყოფა მაუწყებლის ეთერში თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით, საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც საწყისი განცხადება გაკეთდა,“ ხოლო მე-9 პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი უფლებამოსილია პირს უარი უთხრას პასუხის უფლებაზე, თუ: ა) ფაქტის შესწორების ან უარყოფის მოთხოვნა საწყისი განცხადების გაკეთებიდან 10 დღის ვადაში არ ყოფილა წარდგენილი; ბ) საწყისი განცხადება პირთა განუსაზღვრელ წრეს ეხება ან მომჩივანი განცხადებაში ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული არ არის; გ) ფაქტის შესწორებას ან უარყოფას საწყის განცხადებასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, ან ფაქტის შესწორების ან უარყოფის ზომა, ფორმა და შინაარსი სცდება საწყის განცხადებაში მოყვანილი ფაქტის თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით შესწორებისთვის ან უარყოფისთვის აუცილებელ ფარგლებს, ან ხდება საწყის განცხადებაში გამოთქმული აზრის და არა მასში მოყვანილი ფაქტის შესწორება ან უარყოფა; დ) ფაქტის შესწორება ან უარყოფა გამოიწვევს მაუწყებლისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრებას, შეიცავს ცილისწამებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის ნიშნებს ან უხამსობას; ე) ფაქტის შესწორება ან უარყოფა უსაფუძვლოდ ეხება მესამე პირს; ვ) მომჩივანი თავის კანონიერ ინტერესს ვერ ასაბუთებს. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლება არსებობს მხოლოდ მაუწყებლის პროგრამაში არასწორი (მცდარი) ფაქტის მოყვანის (გადაცემის) შემთხვევაში და არ ვრცელდება მოსაზრების/შეხედულების გადაცემაზე.

18. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, პასუხის უფლებაზე მაუწყებლის უარი შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში ან სასამართლოში, ხოლო მე-12 პუნქტის  შესაბამისად,  დაინტერესებული  პირის მოთხოვნის  შემთხვევაში  კომისია უფლებამოსილია ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად მაუწყებელს დაავალოს დაინტერესებული პირისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა.

19. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 764   მუხლის თანახმად, მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე, 541, 542, 553, 56-ე და 564   მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს შეუფარდოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია, რომელიც აღსასრულებლად არ მიექცევა. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე, 542, 553, 56-ე და 564 მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს და მაუწყებელს შესაბამის სანქციას შეუფარდებს კანონით დადგენილი წესით.

20. კომისიის   2003  წლის   27  ივნისის   №1  დადგენილებით   დამტკიცებული   ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან  განცხადების/საჩივრის  განუხილველად   დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი/საჩივრის ავტორი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს“.

21. საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის 177-ე მუხლის მე-4  ნაწილის შესაბამისად, ,,ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს“.

III. სამოტივაციო ნაწილი

22. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით თუ  დავის  საგანი უკავშირდება  კომისიის მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, კომისია უფლებამოსილია  მიიღოს საჩივარი განსახილველად და დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება. შესაბამისად, კომისიამ უნდა შეაფასოს საჩივარში დასმული საკითხები განეკუთვნება თუ არა მის უფლებამოსილებას და საჩივარი წარდგენილია თუ არა უფლებამოსილი სუბიექტის მიერ.

23. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციებს მიეკუთვნება მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის  მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი.

24. უპირველეს ყოვლისა, კომისიის მიერ უნდა შემოწმდეს, რამდენად არის მომჩივანი საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილი, დაინტერესებული პირი. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი განმარტებულია, როგორც ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა. მომჩივანის მიერ მითითებული, შპს „ტელეიმედის“ ეთერში განთავსებული ინფორმაცია უკავშირდება მას და აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებით, ასევე, მისთვის პასუხის უფლების შეზღუდვით, მომჩივანის განცხადებით, დაირღვა მისი კანონიერი ინტერესი. შესაბამისად, მომჩივანი საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილი პირია.

25. კომისიამ დაადგინა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ მიერ შპს „ტელეიმედისთვის“ 2025 წლის 24 ოქტომბერს გაგზავნილი წერილი არ წარმოადგენს პასუხის უფლებით სარგებლობის მოთხოვნას, რადგან პასუხის უფლება გულისხმობს დაინტერესებული პირის უფლებას მოსთხოვოს მაუწყებელს, მისცეს მას შესაძლებლობა, თავად უზრუნველყოს საწყის განცხადებაში მოყვანილი არასწორი (მცდარი) ფაქტის შესწორება ან უარყოფა მაუწყებლის ეთერში თანაზომად დროს, ხოლო ამ შემთხვევაში შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა“ მაუწყებელს მიმართა და მოსთხოვა გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და ბოდიშის გამოქვეყნება მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე.

26. „აღსანიშნავია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით ასევე შემოღებულ იქნა პასუხის უფლებით სარგებლობის განსხვავებული მექანიზმი, რომელიც უკავშირდება ჯეროვანი სიზუსტის დარღვევას. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად მაუწყებელს დაავალოს დაინტერესებული პირისთვის   პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა. ამრიგად, თუ კომისიის მიერ დადგინდა, რომ მაუწყებლის მიერ დაირღვა ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნა და დაკმაყოფილებულია პასუხის უფლებით სარგებლობის წინაპირობები - პირის შესახებ გავრცელდა არასწორი ფაქტი, რომელიც ლახავს მის სახელს და რეპუტაციას, ამ პირის მოთხოვნით შესაძლებელია კომისიამ მაუწყებელს დააკისროს ვალდებულება, რომ პირს მისცეს პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა იმის მიუხედავად, რომ პირის მიერ კანონით დადგენილი წესით პასუხის მოთხოვნის უფლება საწყისი განცხადების გაკეთებიდან 10 დღის ვადაში არ ყოფილა წარდგენილი.“1

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ განსახილველი საჩივარი ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის ჯეროვანი სიზუსტით და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-12 პუნქტის ფარგლებში პასუხის უფლების სარგებლობის ვალდებულების მაუწყებლისთვის დაკისრების ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს განსახილველად. დავის განხილვის დღედ მიზანშეწონილია განისაზღვროს 2026 წლის 29 იანვარი. გარდა ამისა, კომისია მიიჩნევს, რომ კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს უნდა დაევალოს საჩივარში მითითებული გარემოებების შესწავლა და დასკვნის წარმოდგენა.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების, 52-ე და 764  მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად:

გადაწყვიტა:

1. შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის  Nშ-25-6/5140  24.12.2025)  განსახილველად  იქნას  მიღებული  სადავო სიუჟეტებში 1 კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია ,,გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება“, 4.4. მნიშვნელოვანი ფაქტობრივი შეცდომების გასწორება მითითებული ფაქტების ჯეროვანი სიზუსტისა და  პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემის ნაწილში  .

2. დავის განხილვა დაინიშნოს 2026 წლის 29 იანვარს, 15:00 საათზე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე) საჩივარში მითითებული გარემოებების შესწავლა და დასკვნის წარმოდგენა;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების ან  მისი   დამოწმებული  ასლის შპს „ტელეიმედისთვის“ და    შპს„სამაუწყებლო კომპანია ჰერეთისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე   (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და 6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

კახი ბექაური         თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე     წევრი

ნათია კუკულაძე     წევრი

ივანე მახარაძე         წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები