წვდომის მენიუ

შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივრის განსახილველად მიღების და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: გ-26-16 / 7

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 14, 2026 17:47

მიღების თარიღი იანვარი 08, 2026

შპს „ტელეიმედის“  წინააღმდეგ  ა(ა)იპ ,,საქართველოს  მომავლის  აკადემიის“  და ალექსანდრე ზიბზიბაძის   საჩივრის   განსახილველად   მიღებისა   და   დავის   განხილვის   დღის დანიშვნის შესახებ

მომჩივანი მხარე:  ა(ა)იპ  ,,საქართველოს  მომავლის  აკადემია“  და  ალექსანდრე ზიბზიბაძე

მოპასუხე: შპს „ტელეიმედი“

დავის საგანი:   შპს  „ტელეიმედისთვის“  კანონმდებლობის  დარღვევისთვის  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 8 იანვარი, 15:00 სთ.

I. აღწერილობითი ნაწილი

1. მომჩივანის პოზიცია

1.საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/ 5078; 18.12.2025) მიმართა ა(ა)იპ  „საქართველოს მომავლის აკადემიამ“ და ალექსანდრე   ზიბზიბაძემ   (შემდგომში   -   მომჩივანები) შპს  ,,ტელეიმედის“  მიერ  სამაუწყებლო ეთერში და სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და მოითხოვა შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრება  და  პასუხის  უფლების შესაძლებლობის მიცემა. კომისიის მიერ აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით დადგენილ იქნა ხარვეზი (Nგ-25-03/3007 22.12.2025), რომლის საპასუხოდაც მომჩივანებმა კომისიაში წარმოადგინეს წერილი  (Nშ-25-6/5213 29.12.2025) და   აღმოფხვრეს   დადგენილი   ხარვეზი.  შესაბამისად, ფორმალურად გამართული საჩივარი კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2025 წლის 29 დეკემბერს.

2. საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს „ტელეიმედის“ ეთერში 2025 წლის 22 ოქტომბერს გადაცემა “ქრონიკაში” 14:29:14 სათზე და 17:27:06 საათზე გავიდა სიუჟეტები, რომლებიც შეეხებოდა ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიისა“ და მისი დამფუძნებლის, ალექსანდრე ზიბზიბაძის საქმიანობას. გადაცემის წამყვანის მიერ გადაიცა შემდეგი არაზუსტი, შეცდომაში შემყვანი და ცრუ ინფორმაცია: „გაშიფრული სქემებით ევროკომისიიდან თანხა ფარულად ენჯეობისა და ადვოკატების გარდა ირიცხება ფრანკლინის კლუბის მემკვიდრე მომავლის აკადემიაში. აკადემიის დამფუძნებელი ალექსანდრე ზიბზიბაძე რეალური მფლობელი კი ტომ პალმერია”.

3. საჩივრის თანახმად, მომჩივანებმა 2025 წლის 1 ნოემბერს მიმართეს შპს  „ტელეიმედს“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლებით სარგებლობის მოთხოვნით. 2025 წლის 08 დეკემბერს მომჩივანებს წერილობით უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

სადავო სიუჟეტების ბმულები:

https://drive.google.com/file/d/16WiAEHao8uCfMaea7KHx7wvX2nLfrs7a/view

https://drive.google.com/file/d/1VjH4imQTkgXIh8c-MHV9zwu-06ibEC1_/view

4. საჩივრის თანახმად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღრულია მაუწყებლების შინაარსობრივი რეგულირების სტანდარტები. აღნიშნული კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად, ხოლო, მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება; ამავე მუხლის  მე-7 პუნქტის თანახმად კი, დაინტერესებულ პირს, რომლის კანონიერი ინტერესები, კერძოდ, რეპუტაცია და სახელი, შეილახა მაუწყებლის პროგრამაში არასწორი (მცდარი) ფაქტის მოყვანით (გადაცემით), აქვს პასუხის უფლება ამ მუხლით დადგენილი წესით.

5. საჩივრის თანახმად, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანებმა მიმართეს მაუწყებელს პასუხის უფლებით სარგებლობის მოთხოვნით, რაზედაც უარი ეთქვათ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე მომართეს კომისიას.

6. საჩივრის თანახმად, შპს „ტელეიმედის“ ეთერში გასული სიუჟეტები არღვევს მოქმედ კანონმდებლობას, ვინაიდან განცხადებების შინაარსი არის არაჯეროვანი, ცრუ და შეცდომაში შემყვანი. საჩივარში მითითებულია, რომ სიუჟეტებში მომჩივანების   შესახებ გავიდა შემდეგი არაზუსტი, ცრუ და შეცდომაში შემყვანი განცხადება: “გაშიფრული სქემებით ევროკომისიიდან თანხა ფარულად ენჯეობისა და ადვოკატების გარდა ირიცხება ფრანკლინის კლუბის მემკვიდრე მომავლის აკადემიაში. აკადემიის დამფუძნებელი ალექსანდრე ზიბზიბაძე რეალური მფლობელი კი ტომ პალმერია”. მომჩივანთა განმარტებით, მითითებულ განცხადებაში მცდარია, რომ ა(ა)იპ “საქართველოს მომავლის აკადემია” ფრანკლინის კლუბის მემკვიდრეა, ასევე მცდარია, რომ ა(ა)იპ “საქართველოს მომავლის აკადემიის” მფლობელი ტომ პალმერია. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება მარტივადაა შესაძლებელი მეწარმეთა რეესტრში, სადაც არ ფიქსირდება რომ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემია“ რომელიმე ორგანიზაციის, მათ შორის „ფრანკლინის კლუბის“ სამართალმემკვიდრედ და არც ის, რომ ორგანიზაციის მეწილე/მესაკუთრე ტომ პალმერია.

7. მომჩივანები ასევე სადავოდ ხდიან შპს „ტელეიმედის“ პასუხს, რომელშიც აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-9 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის მიხედვით, მომჩივნებმა ვერ დაასაბუთეს მათი კანონიერი ინტერესი, ასევე   შპს „ტელეიმედმა“ მომჩივანებს განუმარტა, რომ მათი მოთხოვნები იყო ბუნდოვანი და არ შეიცავდა მტკიცებულებებს, რომელიც დაადასტურებდა მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიმცდარეს.

8. საჩივრის თანახმად, შპს „ტელეიმედისთვის“ გაგზავნილ განცხადება/საჩივარში დეტალურადაა მითითებული არაზუსტ განცხადებებზე და დასაბუთებულია აღნიშნული განცხადებების მცდარობა. ასევე, ხაზგასმულია რომ მცდარი განცხადებების ეთერში გადაცემით შეილახა მომჩივნების საქმიანი რეპუტაცია.

9. მომჩივანებს მაიჩნიათ, რომ სიუჟეტები მათ ორგანიზაციას წარმოაჩენს, როგორც  დაფინანსების ფარული გზებით მიმღებ ორგანიზაციად და ახდენს მის აფილირებას ასევე „ტელეიმედის“ მიერ განზრახ იმიჯშელახულ ორგანიზაციასთან -ფრანკლინის კლუბთან. დამატებით, ორგანიზაციის ფარული, საეჭვო საქმიანობის წარმოსაჩენად „ტელეიმედი“ მიუთითებს, რომ მისი დამფუძნებელი არა ალექსანდრე ზიბზიბაძე, არამედ ტომ პალმერია, რითაც „ტელეიმედის“ მიზანია საზოგადოებას აჩვენოს, რომ მათი ორგანიზაცია უცხო პირების მიერ იმართება, ხოლო აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მითითებული არ ყოფილა.

10. მომჩივანებს მიაჩნიათ, რომ მაუწყებლის განზრახვა იყო მათი ორგანიზაციის და მისი დამფუძნებლის რეპუტაციის შელახვა და მათი საქმიანობის შესახებ ნეგატიური საზოგადოებრივი აზრის ფორმირება.

11. საჩივარში აღნიშნულია, რომ როგორც  ადამიანის  უფლებათა  ევროპული  სასამართლოს პრაქტიკით, ისე ეროვნული კანონმდებლობით ჟურნალისტებს/მედია საშუალებებს აკისრიათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ნებისმიერი ინფორმაციის გაშუქებისას და აქვთ ამ ინფორმაციის   გადამოწმების ვალდებულება. რაც ერთი მხრივ გამომდინარეობს ჟურნალისტთა ეთიკური ვალდებულებებისგან,  ხოლო  მეორე  მხრივ  იმ  პრინციპიდან  რომ მედიას დიდი გავლენა აქვს საზოგადოებრივ აზრზე, შესაბამისად მან თუ არ უზრუნველყო მტკიცებულებების გადამოწმება ამით მარტივად შეიძლება შეილახოს კონკრეტული პირების პირადი ცხოვრებით დაცული სფერო და საქმიანი რეპუტაცია, რის საპასუხოდაც აღნიშნულ პირებს არ გააჩნიათ სათანადო საშუალებები.

12. მომჩივანების განმარტებით, შპს „ტელეიმედმა“ სრულიად უგულებელყო აღნიშნული ვალდებულებები  და  ინფორმაციის  გადმოცემამდე  არ  უცდია  მისი  გადამოწმება  (მაგალითად ენახა   საჯარო   რეესტრის   ამონაწერები,  რომელიც   ყოველგვარი   დაბრკოლების   გარეშე ყველასთვის საჯაროდ ხელმისაწვდომია). მეტიც, ცრუ ბრალდებების გაჟღერების სისტემატურობა, ჟურნალისტების გადაჭრითი  ტონი  და პირადი უარყოფითი დამოკიდებულებების  გამჟღავნება  მიუთითებს, რომ  შპს  „ტელეიმედი” არათუ  გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს და არ შეამოწმა გადაცემული ფაქტების სისწორე, არამედ განზრახ დაამახინჯა ისინი.

13. მომჩივანები აღნიშნავენ, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-7 პუნქტი დაინტერესებულ პირს ანიჭებს პასუხის უფლებას, ხოლო კანონის სხვა პუნქტები (8-12) განსაზღვრავს პასუხის უფლების განხორციელების პროცედურულ საკითხებს და მოთხოვნის მოცულობას. შპს „ტელეიმედის“ მიმართ განცხადებაში მომჩივანები ითხოვდნენ აღნიშნული კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლების ფარგლებში ტელეკომპანიის ეთერით სათანადო და თანაზომიერი საშუალებით უზრუნველყოფილიყო მათ შესახებ გაკეთებული მცდარი და არაზუსტი ინფორმაციის შესწორება, რაც გამომდინარეობს 52-ე მუხლის მე-8  პუნქტის ჩანაწერიდან.  ამდენად, ტელეკომპანიის  პასუხი, რომ     მომჩივანების მოთხოვნა  სცდება  განცხადების შინაარსს,  არ  არის  დასაბუთებული, ვინაიდან  მომჩივანების შეფასებით, მათი მოთხოვნა გამომდინარეობდა განცხადებაში მითითებული დასაბუთებიდან და ეფუძნებოდა კანონმდებლობის შესაბამისი მუხლებს.

14. მომჩივანები ითხოვენ შპს  „ტელეიმედისთვის“  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის დაკისრებას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო. ასევე, ითხოვენ, ამავე მუხლის მე-8 და მე-12 პუნქტების საფუძველზე შპს „ტელეიმედს“ დაევალოს მათთვის პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა, კერძოდ, შპს „ტელეიმედმა“ დაუთმოს მათ პირდაპირი ეთერი, სიუჟეტის გასვლის თანაზომიერ დროს, გაჟღერებულ ბრალდებებზე პასუხის გასაცემად.

15. კომისიის 2026 წლის 8 იანვრის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ აღმასრულებელი დირექტორი მ. კაპანაძე, რომელიც მინდობილობის საფუძველზე წარმომადგენლობას უწევდა მომჩივან ა. ზიბზიბაძეს. მ. კაპანაძემ მხარი დაუჭირა საჩივარს და აღნიშნა, რომ საჩივრის განხილვა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განეკუთვნება კომისიის უფლებამოსილებას, ხოლო მომჩივანები წარმოადგენენ საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილ პირებს, ვინაიდან სიუჟეტი  და გამოთქმული ფრაზები შეეხებოდა ორგანიზაციის და მისი დამფუძნებლის ალექსანდრე ზიბზიბაძის საქმიანობას.

16. კომისიის 2026 წლის 8 იანვრის სხდომას ესწრებოდა შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელი ა. ვაზაგაშვილი,  რომელმაც  ასევე,  განაცხადა,  რომ    საჩივრის  განხილვა  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განეკუთვნება კომისიის უფლებამოსილებას, ხოლო მომჩივანები წარმოადგენენ საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილ პირებს.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

17.     „მაუწყებლობის     შესახებ“     საქართველოს     კანონის     მე-14      მუხლის     მე-5     პუნქტის თანახმად, ,,მაუწყებლის     მიერ     საქართველოს     კანონმდებლობის     მოთხოვნების,     აგრეთვე სალიცენზიო პირობებისა და ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს კომისიას“.

18.   „მაუწყებლობის  შესახებ“   საქართველოს   კანონის  მე-14   მუხლის მე-7 პუნქტის   შესაბამისად, ,,საჩივრის  მიღებიდან  7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს“.

19.    „მაუწყებლობის     შესახებ“     საქართველოს     კანონის     მე-2     მუხლის     „ე“     ქვეპუნქტის თანახმად, ,,დაინტერესებული  პირი   არის   ფიზიკური   პირი   ან   იურიდიული   პირი,   რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა“.

20.    „მაუწყებლობის    შესახებ“    საქართველოს    კანონის    52-ე    მუხლის    პირველი    პუნქტის თანახმად, „მაუწყებელი  ვალდებულია  ახალი  ამბები  და  ფაქტებზე  დაფუძნებული  ინფორმაცია გადასცეს   ჯეროვანი   სიზუსტით   და   მიუკერძოებლად“,   ხოლო   მე-2   პუნქტის  შესაბამისად, „მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება“. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, „დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საწყისი განცხადების გაკეთებიდან (მათ შორის, ფაქტის მოყვანიდან) 10 დღის ვადაში შესაბამის მაუწყებელს მოსთხოვოს, მისცეს მას შესაძლებლობა, თავად უზრუნველყოს საწყის განცხადებაში მოყვანილი არასწორი (მცდარი) ფაქტის შესწორება ან უარყოფა მაუწყებლის ეთერში თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით, საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც საწყისი განცხადება გაკეთდა,“ ხოლო მე-9 პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი უფლებამოსილია პირს უარი უთხრას პასუხის უფლებაზე, თუ: ა) ფაქტის შესწორების ან უარყოფის მოთხოვნა საწყისი განცხადების გაკეთებიდან 10 დღის ვადაში არ ყოფილა წარდგენილი; ბ) საწყისი განცხადება პირთა განუსაზღვრელ წრეს ეხება ან მომჩივანი განცხადებაში ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული არ არის; გ) ფაქტის შესწორებას ან უარყოფას საწყის განცხადებასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, ან ფაქტის შესწორების ან უარყოფის ზომა, ფორმა და შინაარსი სცდება საწყის განცხადებაში მოყვანილი ფაქტის თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით შესწორებისთვის ან უარყოფისთვის აუცილებელ ფარგლებს, ან ხდება საწყის განცხადებაში გამოთქმული აზრის და არა მასში მოყვანილი ფაქტის შესწორება ან უარყოფა; დ) ფაქტის  შესწორება  ან  უარყოფა  გამოიწვევს მაუწყებლისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრებას, შეიცავს ცილისწამებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის ნიშნებს ან უხამსობას; ე) ფაქტის შესწორება ან უარყოფა უსაფუძვლოდ ეხება მესამე პირს; ვ) მომჩივანი თავის კანონიერ ინტერესს ვერ ასაბუთებს. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლება არსებობს მხოლოდ მაუწყებლის პროგრამაში არასწორი (მცდარი) ფაქტის მოყვანის (გადაცემის) შემთხვევაში და არ ვრცელდება მოსაზრების/შეხედულების გადაცემაზე.

21. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, პასუხის უფლებაზე მაუწყებლის უარი შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში ან სასამართლოში, ხოლო მე-12 პუნქტის  შესაბამისად,  დაინტერესებული  პირის მოთხოვნის  შემთხვევაში  კომისია უფლებამოსილია ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად მაუწყებელს დაავალოს დაინტერესებული პირისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა.

22. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 764   მუხლის თანახმად, მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე, 541, 542, 553, 56-ე და 564  მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს შეუფარდოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია, რომელიც აღსასრულებლად არ მიექცევა. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე - 542, 553, 56-ე და 564 მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს და მაუწყებელს შესაბამის სანქციას შეუფარდებს კანონით დადგენილი წესით.

23. კომისიის   2003  წლის   27  ივნისის   №1  დადგენილებით   დამტკიცებული   ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი/საჩივრის ავტორი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს“.

24.  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  177-ე  მუხლის  მე-4  ნაწილის შესაბამისად, ,,ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს“.

III. სამოტივაციო ნაწილი

25. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით თუ  დავის  საგანი უკავშირდება  კომისიის მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, კომისია უფლებამოსილია  მიიღოს საჩივარი განსახილველად და დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება. შესაბამისად, კომისიამ უნდა შეაფასოს საჩივარში დასმული საკითხები განეკუთვნება თუ არა მის უფლებამოსილებას და საჩივარი წარდგენილია თუ არა უფლებამოსილი სუბიექტის მიერ.

26. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციებს მიეკუთვნება მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის     მომსახურების  სფეროებში  მოქმედი   საქართველოს   კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი.

27. „მაუწყებლობის    შესახებ"    საქართველოს    კანონის    52-ე    მუხლი    ადგენს    მაუწყებლის ვალდებულებას დაიცვას გადაცემული ფაქტების ჯეროვანი სიზუსტე და უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის პასუხის უფლება კანონით დადგენილი წესით.

28. კომისიის  მიერ  დგინდება,  რომ  ა(ა)იპ  „საქართველოს  მომავლის  აკადემია“  და  ალექსანდრე ზიბზიბაძე  დავობენ  შპს  ,,ტელეიმედის“ მიერ  ეთერით  გავრცელებულ  საინფორმაციო პროგრამაში      ინფორმაციის    „მაუწყებლობის   შესახებ"   საქართველოს   კანონის  52- ე მუხლის პირველი  და  მე-2  პუნქტებით  დარღვევით  განთავსებისა  და  პასუხის უფლებაზე მაუწყებლის   უარის   თაობაზე.  თავის  მხრივ,   შპს  „ტელეიმედი“ მაუწყებლობის   სფეროში  ავტორიზებული  პირია  და  როგორც  მაუწყებელი,  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  52-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულია ეთერით გავრცელებულ პროგრამაში ინფორმაციის განთავსებისას დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის ცალკეული  ნორმების,  მათ  შორის,  52-ე  მუხლის  მოთხოვნები.  შესაბამისად,  კომისიას  მიაჩნია, რომ  ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიისა“ და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივრის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში.

29. გარდა  ამისა,  კომისიის  მიერ  უნდა  შემოწმდეს,  რამდენად  არიან  მომჩივანები  საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილი, დაინტერესებული პირები. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი განმარტებულია, როგორც ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ  და  უშუალო გავლენას ახდენს  მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის    საქმიანობა.    მომჩივანების    მიერ    მითითებული,    შპს „ტელეიმედის“    ეთერში განთავსებული ინფორმაცია უკავშირდება მათ და აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებით, ასევე, მათთვის პასუხის უფლებაზე უარით, მომჩივანების განცხადებით, დაირღვა მათი კანონიერი ინტერესი. შესაბამისად, მომჩივანები საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილი პირები არიან.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საჩივარი მიღებულ უნდა იქნეს  განსახილველად  და  დავის  განხილვის  დღედ  განისაზღვროს  2026  წლის  22 იანვარი. ამასთანავე, კომისია მიიჩნევს, რომ კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს უნდა დაევალოს საჩივარში მითითებული გარემოებების შესწავლა და დასკვნის წარმოდგენა.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების, 52-ე და 764  მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად:

გაწყვიტა:

1. ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/5078; 18.12.2025) შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ განსახილველად იქნეს მიღებული;

2. დავის განხილვა დაინიშნოს 2026 წლის 22 იანვარს, 15:00 საათზე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე) საჩივარში მითითებული გარემოებების შესწავლა და დასკვნის წარმოდგენა;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების ან  მისი  დამოწმებული ასლის შპს „ტელეიმედისთვის“,   ა(ა)იპ „საქართველოს   მომავლის აკადემიისთვის“ და ალექსანდრე ზიბზიბაძისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და 6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები