წვდომის მენიუ

შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ საჩივრის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-26-16 / 81

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 24, 2026 11:39

მიღების თარიღი თებერვალი 12, 2026

შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ საჩივრის განხილვის შესახებ

მომჩივანი მხარე:  შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“

მოპასუხე: შპს „ტელეიმედი“

დავის საგანი:  შპს „ტელეიმედისთვის“ კანონმდებლობის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 29 იანვარი, 12 თებერვალი 15:00 სთ.

I. აღწერილობითი ნაწილი

1. მომჩივანის პოზიცია

1. საქართველოს   კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) 2025 წლის 9 დეკემბერს საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/4976 09.12.2025) მიმართა შპს,,სამაუწყებლო  კომპანია ჰერეთმა“ (შემდგომში - მომჩივანი). კომისიის მიერ აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით დადგენილ იქნა ხარვეზი (კომისიის 2025 წლის 12, 17, 23 და 26 დეკემბრის წერილები), რომლის საპასუხოდაც მომჩივანმა კომისიაში წარმოადგინა 2025 წლის 12 დეკემბრის (კომ. რეგ. Nშ-25-6/5015; 15.12.2025), 19 დეკემბრის (კომ. რეგ. Nშ-25-6/5096; 19.12.2025), 23 დეკემბრის (კომ. რეგ. Nშ-25-6/5096; 24.12.2025) და 26 დეკემბრის (კომ.რეგ. Nშ-25-6/5201; 26.12.2025) დაზუსტებული საჩივრები. შესაბამისად, ფორმალურად გამართული საჩივარი კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2025 წლის 26 დეკემბერს. აღნიშნული საჩივარი ეხება შპს ,,ტელეიმედის“ მიერ სამაუწყებლო ეთერში განთავსებულ ინფორმაციას და მომჩივანი ითხოვს შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასა  და  პასუხის  უფლების  შესაძლებლობის მიცემას.

2. საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს „ტელეიმედის“ ეთერში 2025 წლის 23 ნოემბერს, გადაცემაში „იმედის  კვირა“  განთავსდა  სიუჟეტი,  რომელშიც  შპს  „სამაუწყებლო  კომპანია  ჰერეთი“/„რადიო თბილისი“  FM93.5  და  მისი  დამფუძნებელი  რამაზ  სამხარაძე  წარმოჩენილი  იყვნენ როგორც „უცხოური გავლენის აგენტები“ და უცხოური სპეცსამსახურების კონტექსტში მოქმედი სუბიექტები.

3. საჩივრის თანახმად, სიუჟეტში გამოყენებული იყო კომპანიის დამფუძნებლის რამაზ სამხარაძის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და კომპანიის ლოგო. სიუჟეტში მითითებული ბრალდებები წარმოდგენილი იყო ფაქტის სახით და არ ეფუძნებოდა არც სასამართლო გადაწყვეტილებას, არც ოფიციალურ დასკვნას და არც გადამოწმებულ ფაქტობრივ წყაროებს. სადავო გადაცემის ბმულები:

https://imedinews.ge/ge/politika/413278/visze-dades-psoni-utskhourma-spetssamsakhurebma-saqartveloshi-saqartvelos-tsinaagmdeg--rogor-moqmedeben-mediis-nigabs-amoparebuli-onlain-platpormebi-imedis-kviris-morigi-eqskluzivi https://www.facebook.com/reel/746192944434898

4. მომჩივანის მოსაზრებით, მაუწყებლის ქმედება წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევას, რომლის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად. მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება.

5. მომჩივანის განცხადებით, სიუჟეტის მომზადებისას მაუწყებლის მხრიდან არ განხორციელებულა მასთან დაკავშირება, არ ყოფილა კომენტარის ან პოზიციის მოთხოვნა და არ მომხდარა ინფორმაციის გადამოწმება, რაც მომჩივანის მოსაზრებით, კიდევ უფრო ამძაფრებს ზემოაღნიშნული ნორმების დარღვევას.

6. საჩივარში აღნიშნულია, რომ მომჩივანმა სადავო სიუჟეტთან დაკავშირებით, 2025 წლის 23 ნოემბერს, „მაუწყებელობის შესახებ“ საქართველოს კანონის  52-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, წერილობით მიმართა შპს „ტელეიმედს“ და მოითხოვა არასწორი (მცდარი) ფაქტების გასწორება ან უარყოფა, ვინაიდან სიუჟეტით შეილახა შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ რეპუტაცია და კანონიერი ინტერესები.

7. საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად კანონით დადგენილი ვალდებულებისა და იმ ფაქტისა, რომ მოთხოვნა წარდგენილი იყო სიუჟეტის გავრცელებიდან 10-დღიან ვადაში, მაუწყებლის მხრიდან არ განხორციელებულა არასწორი ფაქტების გასწორება, არ გავრცელებულა უარყოფა, მომჩივანს არ მიუღია პასუხი და  2025 წლის 30 ნოემბერს შპს „ტელეიმედმა“ გადაცემაში „იმედის კვირა“ განმეორებით გაავრცელა იგივე შინაარსის ბრალდებები, რაც მომჩივანის შეფასებით, წარმოადგენს პასუხის უფლების ფაქტობრივ უგულებელყოფას და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3, მე-7 და მე-8  პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას.

8. მომჩივანის მოთხოვნაა შპს „ტელეიმედს“ დაევალოს შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ პასუხის უფლების უზრუნველყოფა, ასევე კომისიამ დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეიმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის ის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, შეისწავლოს 2025 წლის 23 და 30 ნოემბერს გავრცელებული სიუჟეტები ფაქტის ჯეროვანი სიზუსტისა და პასუხის უფლების ჭრილში და  ირეაგიროს კანონის შესაბამისად.

9. 2026 წლის 8 იანვარს შპს „ტელეიმედმა“ წარმოადგინა წერილობითი პოზიცია, რომლის თანახმად, შპს „ტელეიმედი“ განმარტავს, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს“ შპს „ტელეიმედისთვის“ არ მიუმართავს პასუხის უფლების მოთხოვნით, რადგან მომჩივანის წერილში არ იყო მითითებული მსგავსი მოთხოვნა და არც შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი. შპს „ტელეიმედის“ წერილობით პოზიციაში აღნიშნულია, რომ მომჩივანის მოთხოვნა მოიცავდა გავრცელებული ინფორმაციის უარყოფასა და ბოდიშის გავრცელებას, რაც შპს „ტელეიმედის“   განმარტებით, სასამართლოს მსჯელობის საგანია.

10. 2026 წლის 14 იანვარს კომისიას წერილობით (Nშ-26-6/256) მიმართა შპს „სამაუწყბლო კომპანია ჰერეთმა“ და დააზუსტა მოთხოვნები, კერძოდ მომჩივანმა მოითხოვა კომისიის მიერ სადავო გადაცემაში გავრცელებული ინფორმაციის შინაარსობრივი შეფასება ჯეროვანი სიზუსტის ნაწილში, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში,    კანონით გათვალისწინებული მექანიზმის (სანქციის)   გამოყენება, ასევე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე მომჩივანისთვის პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემის დავალდებულება შპს „ტელეიმედისთვის“ იმავე ეთერში და თანაზომიერი ფორმით. მომჩივანმა ასევე მიუთითა, რომ  პასუხის უფლებით აღჭურვის საკითხის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კომისიამ მიუთითოს პასუხის გავრცელების ფორმა და დრო ისე, რომ პასუხი იყოს თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით, საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც საწყისი განცხადება გაკეთდა.

2. მომჩივანის პოზიცია

11. კომისიის 2026 წლის 29 იანვრის სხდომაზე შპს „სამაუწყებლო კომპანის ჰერეთის“ წარმომადგენელმა რამაზ სამხარაძემ განაცხადა, რომ შპს „ტელეიმედის“ მიერ 2025 წლის 23 ნოემბერს, გადაცემაში „იმედის კვირა", გავრცელებული სიუჟეტი მაყურებლისთვის წარმოდგენილი იყო ფაქტის სახით და არა როგორც შეფასება და მოსაზრება. მისი განმარტებით, შპს „ტელეიმედის“ წერილშიც აღნიშნულია, რომ ეს იყო ფაქტებზე ორიენტირებული რეპორტაჟი. სიუჟეტის დასაწყისიდანვე წამყვანი ამბობს - „ვისზე დადეს ფსონი უცხოეთის სპეცსამსახურებმა საქართველოში საქართველოს წინააღმდეგ? ჟურნალისტური გამოძიების ახალი თავი, რომელიც სრულად ამხელს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებს და ჩამოყალიბებულ ჩრდილოვან მედია ქსელს...“ რ. სამხარაძის მოსაზრებით, სიტყვები: „ამხელს" და „ჩამოყალიბებული ქსელი", მაყურებელს უქმნის განცდას, რომ საუბარია უკვე დადგენილ რეალობაზე და არა ვარაუდზე, ამასთან, მთელი სიუჟეტის განმავლობაში ეკრანზე იყო ტიტრი „უცხოური სპეცსამსახურების მედია ქსელი". ეს კიდევ უფრო ამყარებს შთაბეჭდილებას, რომ მაყურებელი ხედავს ფაქტობრივ მოცემულობას. სიუჟეტში ნაჩვენებია, ასევე, გრაფიკული სქემა, სადაც სხვა მედია საშუალებებთან ერთად, ჩანს „რადიო თბილისის“ ლოგო და ისმის ფრაზა - „მათ შორის რადიო თბილისი". რ. სამხარაძის განცხადებით, სადავო სიუჟეტში გრაფიკაში მედიამფლობელები და მენეჯერები არიან წარმოდგენილი, მათ შორის არის „რადიო თბილისის“ დირექტორი და მფლობელი - რამაზ სამხარაძე, თუმცა, სიუჟეტში არ არის წარმოდგენილი არცერთი დოკუმენტი, არ არის დასახელებული რაიმე წყარო, ოფიციალური დასკვნა და არ ყოფილა კომუნიკაცია მათთან.

12. რ. სამხარაძის აზრით, სიუჟეტში გამოყენებული ფორმულირებები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ თითქოს ინფორმაცია მოდის სპეცსამსახურების წრიდან, თუმცა მაუწყებელი არსად აზუსტებს წყაროს, რომელი უწყება იყო, არის თუ არა ეს წყარო ანონიმური, არის თუ არა ეს, მაგალითად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური? მან, ასევე, აღნიშნა, რომ თავად შპს „ტელეიმედი“ საკუთარ წერილში აცხადებს, რომ სიუჟეტი ეფუძნება ფაქტებს. მომჩივანის განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საუბარია ფაქტობრივ ინფორმაციაზე და შესაბამისად, მაუწყებელს ეკისრება კანონის 52-ე მუხლით დადგენილი მაღალი სტანდარტების დაცვა. სიუჟეტის შინაარსი და ვიზუალური გადაწყვეტა, ამავე დროს, ქმნის მაყურებლისთვის ნეგატიურ და დამაზიანებელ აღქმას პირადად მისი და მისი კომპანიის - მედიაორგანიზაცია „რადიო თბილისის“ შესახებ, რაც არსებითად აძლიერებს გავრცელებული ინფორმაციის რეპუტაციულ ზიანს.

13. რ. სამხარაძემ ასევე აღნიშნა, რომ ირაკლი ჩიხლაძე, რომელიც არის სადავო გადაცემის წამყვანი, არის არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და „იმედის კვირა", მაუწყებლის ყველა აღიარებულ პლატფორმაზე, არის საინფორმაციო სამსახურის შემადგენელი ნაწილი და მათი კვირის შემაჯამებელი პროექტი. შესაბამისად, არის საინფორმაციო-ანალიტიკური ტელეჟურნალი. ამ კონტექსტში არის საინფორმაციო სამსახურის შემადგენელი ნაწილი. რ. სამხარაძის განმარტებით, მან მიმართა შპს „ტელეიმედს“, რადგან მას არ დაუკავშირდნენ, შესაბამისად, იგი თავადაც არის ერთ-ერთი წყარო, რომელსაც შეეძლო დაედასტურებინა ან უარეყო ინფორმაცია კომენტარის სახით. რ. სამხარაძის განცხადებით, მაუწყებელი ვალდებული იყო დაკავშირებოდნენ მას და პასუხი მიეღოთ რაღაც ფორმით. შეიძლებოდა საერთოდ არ გაეცა პასუხი და ეთქვა, რომ კომენტარს არ გააკეთებდა. თუმცა ესეც კომენტარია. ესეც კი არ იყო ნაჩვენები რეპორტაჟში. ასე არის ყველა დადგენილი საერთაშორისო და ქართული სტანდარტით - მედიაეთიკით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და ასე შემდეგ.

14. რ.სამხარაძის განმარტებით, არ არსებობს მტკიცებულება და დოკუმენტაცია, რომ  შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა“ მიიღო რაიმე საერთაშორისო დაფინანსება. მან ასევე აღნიშნა, რომ  მაუწყებელი  ვალდებულია კომუნიკაციების კომისიის წინაშე, წარადგინოს ანგარიშები  და ფინანსური დოკუმენტაცია და იხადოს რეგულირების საფასური - 0.5%. შესაბამისად, კომისიას აქვს სრული ინფომაცია მაუწყებლების ანგარიშებზე, რომელი ორგანიზაციებიდან, რომელი კომპანიებიდან ფინანსდებიან და ეს ინფორმაცია არის ღია. მან უარყო სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია, რომ არის GIPA-ს სტუდენტი, ან კავკასიის მედია სკოლის სტუდენტი და განაცხადა, რომ დამთავრებული აქვს ტექნიკური  უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით და შემდეგ  სწავლობდა შვედეთში, უნივერსიტეტში.

3. მოპასუხის პოზიცია

15. კომისიის 2026 წლის 29 იანვრის კომისიის სხდომაზე შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელმა ა. ვაზაგაშვილმა განაცხადა, რომ „იმედის კვირა", ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაა, რომელშიც ჯამდება კვირის ან მიმდინარე პერიოდის განმავლობაში აქტუალური, მნიშვნელოვანი საკითხები. მისი განმარტებით, ეს არ არის ახალი ამბების ტიპის გადაცემა, ისეთი, როგორიც არის, მაგალითად,„ქრონიკა", რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას ავრცელებს. ესაა გადაცემა, სადაც თავად გადაცემის წამყვანი ამზადებს გაცილებით უფრო ფართო და დიდი მნიშვნელობის მქონე სიუჟეტებს. მისი განმარტებით, აღნიშნული გადაცემა ქრონომეტრაჟითაც განსხვავდება მაგალითად, „ქრონიკის" ახალი ამბებისგან, რადგან აღნიშნული სიუჟეტი არის საგამოძიებო ხასიათის. ა. ვაზაგაშვილის განმარტებით, ეს არის მნიშვნელოვანი გარემოება, რადგან ამ მხრივ კომუნიკაციების კომისიას უკვე აქვს გარკვეული პრაქტიკა, როდესაც განიხილა სწორედ საგამოძიებო ხასიათის სიუჟეტები. თითოეული სადავო სიუჟეტი არის აგებული სწორედ ონლაინმედიებთან დაკავშირებულ ინფორმაციებზე. შპს „ტელეიმედის“ გაანცხადებით, სიუჟეტში მკაფიოდ არის გამოკვეთილი, რომ საუბარია წყაროსგან მიღებულ ინფორმაციებზე, მათ შორის, სპეცსამსახურებისგან მიღებული ინფორმაციებიც იყო დასახელებული. ა. ვაზაგაშვილის მოსაზრებით, მაუწყებლის ვალდებულება, მაყურებელს მიაწოდოს ინფორმაცია ამბისა და ფაქტის წარმომავლობის შესახებ, დაცული იყო „იმედის კვირის" მიერ.

16. ა.ვაზაგაშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია ის სტანდარტი, რომელიც კომუნიკაციების კომისიას აქვს წინა გადაწყვეტილებებში ნახსენები - თუ რა შეიძლება გახდეს, ზოგადად, მსჯელობის საგანი ასეთი ტიპის საჩივრის ფარგლებში. კერძოდ, უნდა იმსჯელონ, უშუალოდ ფაქტის სტანდარტის ქვეშ რა ინფორმაცია ჰქონდა გაჟღერებული მაუწყებელს. ხოლო მოსაზრებები, თუნდაც რომელიმე პოლიტიკური ფიგურის მიერ გაკეთებული, ვერ გახდება მსჯელობის საგანი და ამ მუხლით დაცული სამართლებრივი სიკეთე. ა. ვაზაგაშვილის განცხადებით, ყველა ინფორმაციას, რომელიც გადაიცა ეთერში, თან ერთვოდა გარკვეული ტიპის დოკუმენტაციები, რომლებიც ადასტურებდა იმას, რომ ფაქტებზე დაყრდნობით მსჯელობდა „იმედის კვირის" ჟურნალისტი და სწორედ მასზე  იყო აგებული მთლიანი სიუჟეტი.  მან, ასევე აღნიშნა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის დანაწესი მაუწყებელს აკისრებს ვალდებულებას, გარკვეული გონივრულობის ფარგლებში, გასწიოს შესაბამისი ძალისხმევა, რათა მაყურებლამდე მიიტანოს მაქსიმალურად გადამოწმებული ინფორმაცია და ეს იყოს აუცილებლად ფაქტებზე დაყრდნობით გაჟღერებული ინფორმაცია. ა. ვაზაგაშვილმა აღნიშნა, რომ ეს მოთხოვნა დაცული იყო მაუწყებლის მხრიდან და ამ მხრივ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

17. ა. ვაზაგაშვილის განმარტებით, თუ დადგინდება, რომ ფაქტების ჯეროვანი სიზუსტე დაირღვა, მხოლოდ შემდგომაა შესაძლებელი იმსჯელოს კომისიამ პასუხის უფლებასთან დაკავშირებით. რადგანაც ადგილი არ აქვს ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის დარღვევას მაუწყებლის მხრიდან, ბუნებრივია, პასუხის უფლებაზე მსჯელობა უკვე არარელევანტური იქნება მისი მხრიდან. მისი განცხადებით, ის საჩივარი/განაცხადი/კორესპონდენცია, რომელიც „ტელეიმედში“ ჰქონდა შეტანილი მხარეს, პასუხის უფლების ვალდებულებას არ წარმოშობდა.

4. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა

18. 2026 წლის 12 თებერვალს, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა წარმოადგინა დასკვნა (N26-10-305;12.02.2026), რომლის თანახმად, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლენილია,  რომ  საჩივარში  აღნიშნული  სიუჟეტები  (გადაცემა  „იმედის  კვირა“,  სიუჟეტი  -„უცხოური სპეცსამსახურების მედია ქსელი“, 23.11.2025 და სიუჟეტი - „უცხოური სპეცსამსახურების მედია ქსელი“, 30.11.2025) მართლაც იყო განთავსებული შპს „ტელეიმედის“ ეთერში. ამასთან, ორივე სიუჟეტში გამოყენებული იყო დამფუძნებლის - რამაზ სამხარაძის პირადი ფოტო, სახელი და გვარი, ასევე „რადიო თბილისის“ FM93.5 ლოგო.

19. დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით. ჯეროვანი სიზუსტე მაუწყებლობის და ზოგადად მედიის საქმიანობის უმთავრესი პრინციპია და პირდაპირ უკავშირდება მედიის დანიშნულებას - საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი, სათანადოდ გადამოწმებული ინფორმაცია. აღნიშნული პრინციპის მიზანია, აუდიტორიას ჰქონდეს ნდობა, რომ მაუწყებელი ახალ ამბებსა და ფაქტობრივ ინფორმაციას გადასცემს სათანადო სიზუსტით. ეს ნდობა მაუწყებლისა და აუდიტორიის ურთიერთობის ქვაკუთხედია.1 დასახელებული საკანონმდებლო დებულება მიუთითებს „ახალ ამბებსა“ და „ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე“. შესაბამისად, ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის მოთხოვნა ვრცელდება ნებისმიერ სამაუწყებლო პროგრამაზე, რომლითაც გადმოიცემა ახალი ამბები მიმდინარე მოვლენების შესახებ ან ფაქტებზე დაფუძნებული ნებისმიერი ინფორმაცია. ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია, ინფორმაციის ფართო სპექტრს მოიცავს და 1კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ.5. შესაძლებელია, გულისხმობდეს არა მხოლოდ მიმდინარე, არამედ - ისტორიული მოვლენების შესახებ მონაცემებს. ამავდროულად, „ახალი ამბები“ და „ფაქტებზე დაფუძნებული“ გულისხმობს ფაქტობრივი მონაცემების, ფაქტების გაშუქებას და არ მოიცავს მოსაზრებებსა და შეფასებებს, რომელთა სიზუსტის უზრუნველყოფა შეუძლებელია.2

20. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია, ზუსტად მიაწოდოს საზოგადოებას ფაქტობრივი ინფორმაცია. ამასთან, ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნა არ გულისხმობს მაუწყებლის ვალდებულებას, რომ მის მიერ გადაცემული ფაქტობრივი ინფორმაცია ყოველთვის აბსოლუტურად ზუსტი იყოს. ამგვარი სტანდარტის პირობებში განსაკუთრებულად გართულდებოდა საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე ან წარსულში მომხდარი მოვლენების შესახებ. ისეთ შემთხვევაში, როდესაც რთულია ამა თუ იმ ფაქტობრივი მონაცემის სიზუსტის უზრუნველყოფა, მაუწყებლის ვალდებულება გულისხმობს არა გადაცემული ინფორმაციის ჭეშმარიტებაში 100%-ით დარწმუნებას, არამედ - ინფორმაციის გადამოწმების მიზნით სათანადო ზომების მიღებას და გონივრული ძალისხმევის გაწევას.3

21. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნაში მითითებულია, რომ საკითხზე მსჯელობისას, პირველ რიგში უნდა დადგინდეს, რა სახის ინფორმაცია იქნა გადმოცემული პროგრამაში, რადგან როგორც ზემოთ აღინიშნა, „ახალი ამბები“ და „ფაქტებზე დაფუძნებული“ გულისხმობს ფაქტობრივი მონაცემების, ფაქტების გაშუქებას და არ მოიცავს მოსაზრებებსა და შეფასებებს, რომელთა სიზუსტის უზრუნველყოფა შეუძლებელია. ამასთან, როგორც კომისიამ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნა ვერ გავრცელდება ბრალდებების მიმართ, რადგან ბრალდებები თავისი არსით არ არის ფაქტი. ფაქტისგან განსხვავებით ბრალდება გადამოწმებადი არ არის და მისი სიზუსტის დადგენაც არ არის შესაძლებელი.  შესაბამისად, მის  მიმართ  ვერ  გავრცელდება  ჯეროვანი  სიზუსტის  მოთხოვნა.4 საქართველოს   უზენაესი  სასამართლოს   განმარტებით,   ფაქტები   ჩვეულებრივ,   მოკლებულია 2 იქვე, გვ.6. 3  იხ. კომისიის 2025 წლის 17 ივლისის Nგ-25-16/392 გადაწყვეტილება „ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წინააღმდეგ მოქალაქე ლევან მამფორიას საჩივრის განხილვის შესახებ“. 4 იხ. კომისიის 2025 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება Nგ-25-16/668 შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“  (ს/კ4051137755) და ალექსანდრე  ზიბზიბაძის საჩივრის განხილვის თაობაზე.

სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია.5 ბრალდება კი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, არის პირის დადანაშაულება ამა თუ იმ კანონსაწინააღმდეგო, არამართლზომიერ, ანტისაზოგადოებრივ ქმედებებში. ამასთან, ბრალდება ფაქტისგან განსხვავებით არ არის უტყუარად დამტკიცებული, დადასტურებული. ამასთან, ბრალდების შემთხვევაში შესაძლებელია იმ ფაქტების/ფაქტობრივი მასალების შემოწმება რომელსაც ეფუძნება იგი, თუმცა თავად ბრალდების სიზუსტის, სისწორის შემოწმება შეუძლებელია, რადგან სიზუსტე ფაქტის შეფასების კრიტერიუმია და არა ბრალდების.

22. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი დასკვნაში უთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით, „სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი“.6

23. დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, განსახილველი სიუჟეტები წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებას. ჟურნალისტები იკვლევენ უცხოური სპეცსამსახურების მიერ ქართული ონლაინმედიის გამოყენებას, უცხოური ფულით ონლაინმედიის დაფინანსების ფინანსურ სქემას და აღნიშნული თანხების გამოყენებას ონლაინმედიების მიერ თავიანთ საქმიანობაში. ამასთან, 23 ნოემბრის სიუჟეტის დასაწყისში თავად „იმედის კვირის“ წამყვანიც აკეთებს მითითებას, რომ სიუჟეტი წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებას. 30 ნოემბრის სიუჟეტის დასაწყისში კი ამბობს, რომ წინა გადაცემაში (23 ნოემბერის სიუჟეტი) მაყურებელს ჟურნალისტური გამოძიება შესთავაზეს.

24. დეპარტამენტის აზრით, სიუჟეტის მიზანია მაყურებელს მიაწოდოს ინფორმაციაა გამოძიების, მოპოვებული მტკიცებულებების და მასზე დაყრდნობით გაკეთებული ბრალდებების და დასკვნების შესახებ. თავად მომჩივანიც საჩივარში აღნიშნავს, რომ მაუწყებლის მიერ სიუჟეტში მის მიმართ გაჟღერებულია ბრალდებები. მომჩივანის განცხადებით, შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“/„რადიო თბილისი“ FM93.5 და მისი დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე წარმოჩენილი იყვნენ როგორც უცხოური გავლენის აგენტები და უცხოური  სპეცსამსახურების  კონტექსტში  მოქმედი სუბიექტები. დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სიუჟეტებში გადმოცემული ინფორმაცია მათი გამოყენების კონტექსტის, ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით წარმოადგენს ბრალდებებს და არა ფაქტების კონსტატაციას. იგი წარმოადგენს ბრალდებებს ონლაინმედიების საქმიანობაზე უცხოური სპეცსამსახურების გავლენისა და ონლაინმედიების უცხოური ფულით დაფინანსების შესახებ. ყოველივე აღნიშნულის  გათვალისწინებით,  ნათელია, რომ    მაუწყებლის    მიერ 5 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება (№ას-797-2022,25.11.2022).6 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება (№ას-1477-1489-2011,03.04.2012); საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება (№ას-797-2022, 25.02.2022). მოწოდებული ინფორმაცია მათი ფორმის, შინაარსისა და კონტექსტის გათვალისწინებით წარმოადგენს ბრალდებებს.

25. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით დადგენილი ჯეროვანი სიზუსტის პრინციპი ვრცელდება „ახალ ამბებზე“ და „ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციზე“. ბრალდებები კი თავისი არსით არ არის ფაქტი. ფაქტისგან განსხვავებით ბრალდება გადამოწმებადი არ არის და მის სიზუსტის დადგენაც არ არის შესაძლებელი. შესაბამისად, მის მიმართ ვერ გავრცელდება ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნა.7

26. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და იქიდან გამომდინარე, რომ სიუჟეტებში გადმოცემული ინფორმაცია წარმოადგენს ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გამოთქმულ ბრალდებებს და არა ფაქტებს, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ მასზე ვერ გავრცელდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები და შპს „ტელეიმედს“ ვერ დაუდგინდება აღნიშნული ნორმების დარღვევა.

27. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების დეპარტამენტის დასკვნაში, ასევე აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, „დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად მაუწყებელს დაავალოს დაინტერესებული პირისთვის პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა“. ამრიგად, თუ კომისიის მიერ დადგინდა, რომ მაუწყებლის მიერ დაირღვა ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნა და დაკმაყოფილებულია პასუხის უფლებით სარგებლობის წინაპირობები - პირის შესახებ გავრცელდა არასწორი ფაქტი, რომელიც ლახავს მის სახელს და რეპუტაციას, ამ პირის მოთხოვნით შესაძლებელია კომისიამ მაუწყებელს დააკისროს ვალდებულება, რომ პირს მისცეს პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა იმის მიუხედავად, რომ პირის მიერ კანონით დადგენილი წესით პასუხის მოთხოვნის უფლება საწყისი განცხადების გაკეთებიდან 10 დღის ვადაში არ ყოფილა წარდგენილი.8

28. შესაბამისად, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მაუწყებლის ქმედება ვერ  შეფასდება „მაუწყებლობის შესახებ“ სააქართველოს კანონის 52-ე მუხლის ფარგლებში, რადგან  მაუწყებლის მხრიდან ადგილი აქვს ბრალდებების გაჟღერებას და არა ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნის დარღვევას. შესაბამისად, მომჩივნის მოთხოვნა - შპს „ტელეიმედს“ დაევალოს მომჩივნისთვის პასუხის  უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის  მიცემა  იმავე  ეთერში  და 7 იხ.  კომისიის 2025 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება N გ-25-16/668 შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ  ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ 4051137755) და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივრის  განხილვის თაობაზე.

8კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ.15. თანაზომიერი ფორმით - არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან  ეს შემთხვევა არ ექცევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მოქმედების ფარგლებში.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

29. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების,  აგრეთვე სალიცენზიო პირობებისა და ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს კომისიას“. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის  შესაბამისად, ,,საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს“.

30. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად,„დაინტერესებული პირი  არის  ფიზიკური  პირი  ან იურიდიული პირი,  რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა“.

31.  „მაუწყებლობის  შესახებ"  საქართველოს  კანონის  მე-5  მუხლის  პირველი  პუნქტის შესაბამისად, „მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში საქმიანობას არეგულირებს კომისია“. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციებს მიეკუთვნება „მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების    დაკისრება“,    ხოლო  „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „მედიამომსახურების ან/და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“.

32. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა“.

33. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი  სიზუსტით და მიუკერძოებლად“,  ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, „მაუწყებელი ვალდებულია  მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის  გავრცელება“. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, „დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საწყისი  განცხადების გაკეთებიდან (მათ შორის, ფაქტის მოყვანიდან) 10 დღის ვადაში შესაბამის მაუწყებელს  მოსთხოვოს, მისცეს მას შესაძლებლობა, თავად უზრუნველყოს საწყის განცხადებაში მოყვანილი  არასწორი (მცდარი) ფაქტის შესწორება ან უარყოფა მაუწყებლის ეთერში თანაზომიერი საშუალებებითა  და ფორმით, საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც საწყისი  განცხადება გაკეთდა, „ხოლო მე-9 პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი უფლებამოსილია პირს უარი  უთხრას პასუხის უფლებაზე, თუ: ა) ფაქტის შესწორების ან უარყოფის მოთხოვნა საწყისი განცხადების  გაკეთებიდან 10 დღის ვადაში არ ყოფილა წარდგენილი; ბ) საწყისი განცხადება პირთა განუსაზღვრელ  წრეს ეხება ან მომჩივანი განცხადებაში ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული არ არის; გ) ფაქტის  შესწორებას ან უარყოფას საწყის განცხადებასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, ან ფაქტის შესწორების ან  უარყოფის ზომა, ფორმა და შინაარსი სცდება საწყის განცხადებაში მოყვანილი ფაქტის თანაზომიერი  საშუალებებითა და ფორმით შესწორებისთვის ან უარყოფისთვის აუცილებელ ფარგლებს, ან ხდება  საწყის განცხადებაში გამოთქმული აზრის და არა მასში მოყვანილი ფაქტის შესწორება ან უარყოფა; დ)  ფაქტის შესწორება ან უარყოფა გამოიწვევს მაუწყებლისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის  დაკისრებას, შეიცავს ცილისწამებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის ნიშნებს  ან უხამსობას; ე) ფაქტის შესწორება ან უარყოფა უსაფუძვლოდ ეხება მესამე პირს; ვ) მომჩივანი თავის  კანონიერ ინტერესს ვერ ასაბუთებს. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით  გათვალისწინებული პასუხის უფლება არსებობს მხოლოდ მაუწყებლის პროგრამაში არასწორი (მცდარი)  ფაქტის მოყვანის (გადაცემის) შემთხვევაში და არ ვრცელდება მოსაზრების/შეხედულების გადაცემაზე.

34. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, პასუხის უფლებაზე მაუწყებლის უარი შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში ან სასამართლოში, ხოლო მე-12 პუნქტის      შესაბამისად, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად მაუწყებელს დაავალოს დაინტერესებული პირისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

35. შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/4976 09.12.2025) აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით კომისიის მიერ დადგენილი ხარვეზის წერილები (კომისიის 2025 წლის 12, 17, 23 და 26 დეკემბრის წერილები), მომჩივანის  2025 წლის 12 დეკემბრის (კომ.რეგ.Nშ-25-6/5015;15.12.2025), 19 დეკემბრის (კომ.რეგ.Nშ-25-6/5096; 19.12.2025), 23 დეკემბრის (კომ.რეგ.Nშ-25-6/5096;24.12.2025) და 26 დეკემბრის (კომ.რეგ.  Nშ-25-6/5201;26.12.2025) დაზუსტებული საჩივრები.

36. შპს „ტელეიმედის“ ეთერში 2025 წლის 23 და 30 ოქტომბერს გადაცემა „იმედის კვირაში“ განთავსებული სიუჟეტების ამსახველი ვიდეოჩანაწერი;

37. კომისიაში  წარმოდგენილი შპს „ტელეიმედის“ წერილობითი პოზიცია (08.01.2026);

38. შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ წერილობითი პოზიცია (08.01.2026 Nშ-26-6/73);

39. შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ წერილი კომისიას (14.01.2026 შ-26-6/256);

40. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების  დეპარტამენტის  მოხსენებითი ბარათი  (N 26-10-370;12.02.2026);

41. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან მონაცემები შპს „ტელეიმედის“ შესახებ;

42. მხარეთა წარმომადგენლების მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

43. შპს „ტელეიმედი“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს.

მტკიცებულება: მონაცემები შპს „ტელეიმედის“ შესახებ კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;

44. შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“  სადავოდ ხდის შპს „ტელეიმედის“ ეთერში 2025 წლის 23 და 30 ოქტომერს ოქტომბერს გადაცემა „იმედის კვირაში“ განთავსებულ სიუჟეტში მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“/„რადიო თბილისი“ FM93.5 და მისი დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე წარმოჩენილი იყვნენ როგორც უცხოური გავლენის აგენტები და უცხოური სპეცსამსახურების კონტექსტში მოქმედი სუბიექტები.

მტკიცებულება: შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/4976 09.12.2025) თანდართული დოკუმენტაციით; რ. სამხარაძის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის სხდომაზე.

45. შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“ უარყოფს სადავო სიუჟეტებში გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი რამაზ სამხარაძე არის GIPA-ს, ან კავკასიის მედია სკოლის კურსდამთავრებული.

მტკიცებულება: შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/4976 09.12.2025) თანდართული დოკუმენტაციით; რ. სამხარაძის ახსნა განმარტება გაკეთებული კომისიის სხდომაზე.

46. მომჩივანმა 2025 წლის 23 ნოემბერს მიმართა შპს „ტელეიმედს“ მოითხოვა მის შესახებ გავრცელებული მცდარი და არაზუსტი ინფორმაციის უარყოფა თანაზომად გადაცემაში და ბოდიშის გავრცელება.  შპს „ტელეიმედს“ აღნიშნულ წერილზე რეაგირება არ განუხორცეილებია.

მტკიცებულება: შპს „ჰერეთის“ საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/4976 09.12.2025 ) თანდართული დოკუმენტაციით; მხარეთა მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები.

47. სადავო სიუჟეტები წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებას. ჟურნალისტები იკვლევენ უცხოური  სპეცსამსახურების მიერ ქართული ონლაინმედიის გამოყენებას, უცხოური ფულით ონლაინმედიის  დაფინანსების ფინანსურ სქემას და აღნიშნული თანხების გამოყენებას ონლაინმედიების მიერ თავიანთ  საქმიანობაში.

მტკიცებულება: 2026 წლის 23 და 30 ნოემბრის სიუჟეტების დასაწყისში „იმედის კვირის“ წამყვანის განცხადებები, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების დეპარტამენტის  დასკვნა (მოხსენებითი ბარათი 12.02.2026 N26-10-370)

3. სამართლებრივი შეფასება

3.1. კანონმდებლობაში შესული ცვლილებები

48. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში 2025 წლის 1 აპრილის კანონით  (დოკუმენტის N394-IIმს-XIმპ) შესული ცვლილებით ახლებურად მოწესრიგდა მაუწყებლობის მიმართ წაყენებული შინაარსობრივი მოთხოვნები და მათი აღსრულების წესი. კერძოდ, კანონში შესული ცვლილებებით ახლებურად მოწესრიგდა ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება, პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანი პირის დაცვის ცალკეული საკითხები და დადგინდა, რომ დასახელებული შინაარსობრივი მოთხოვნების დარღვევის საკითხებზე კომისიას აქვს სამართლებრივი რეაგირების უფლებამოსილება.

49. მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების ახლებურად დაწესების გარდა, 2025 წლის 1 აპრილის კანონით დადგინდა ამ მოთხოვნების აღსრულების ახალი წესი. კერძოდ, 2025 წლის 1 აპრილის კანონის ძალაში შესვლამდე შინაარსობრივი მოთხოვნების დიდი ნაწილი აღსრულდებოდა მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ და მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება არ დაიშვებოდა. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში 2025 წლის 1 აპრილს შესული ცვლილებების გათვალისწინებით ახლებურად ჩამოყალიბდა კანონის მე-14 და 591 მუხლები და დადგინდა, რომ კომისიას აქვს სამართლებრივი რეაგირების უფლებამოსილება ისეთი შინაარსობრივი მოთხოვნების დარღვევის საკითხებზე, როგორებიც არის ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით  ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება, პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანი პირის დაცვის ცალკეული საკითხები. ამრიგად, 2025 წლის 1 აპრილის კანონის ამოქმედებით მაუწყებლებისათვის კარგად ცნობილი, კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა  ქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული შინაარსობრივი მოთხოვნები გადავიდა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში და დაწესდა აღნიშნული მოთხოვნების კომისიის მიერ აღსრულების წესი.

3.2. ჯეროვანი სიზუსტის პრინციპი და მაუწყებლის ვალდებულებები

50. 2025  წლის  1  აპრილის  კანონის  შესაბამისად  „მაუწყებლობის  შესახებ"  საქართველოს კანონით კომისიის მიერ აღსრულებას დაექვემდებარა  ისეთი შინაარსობრივი მოთხოვნა, როგორიც არის ჯეროვანი სიზუსტე. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით. ჯეროვანი სიზუსტე მაუწყებლობის და ზოგადად მედიის საქმიანობის უმთავრესი პრინციპია და პირდაპირ უკავშირდება მედიის დანიშნულებას - საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი, სათანადოდ გადამოწმებული ინფორმაცია. აღნიშნული პრინციპის მიზანია, აუდიტორიას ჰქონდეს ნდობა, რომ მაუწყებელი ახალ ამბებსა და ფაქტობრივ ინფორმაციას გადასცემს სათანადო სიზუსტით. ეს ნდობა მაუწყებლისა და აუდიტორიის ურთიერთობის ქვაკუთხედია.

51. დასახელებული საკანონმდებლო დებულება მიუთითებს „ახალ ამბებსა“ და „ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე“. შესაბამისად, ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის მოთხოვნა ვრცელდება ნებისმიერ სამაუწყებლო პროგრამაზე, რომლითაც გადმოიცემა ახალი ამბები მიმდინარე მოვლენების შესახებ ან ფაქტებზე დაფუძნებული ნებისმიერი ინფორმაცია. ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია ინფორმაციის ფართო სპექტრს მოიცავს და შესაძლებელია, გულისხმობდეს არა მხოლოდ მიმდინარე, არამედ - ისტორიული მოვლენების შესახებ მონაცემებს. ამავდროულად, „ახალი ამბები“ და „ფაქტებზე დაფუძნებული“ გულისხმობს ფაქტობრივი მონაცემების, ფაქტების გაშუქებას და არ მოიცავს მოსაზრებებსა და შეფასებებს, რომელთა სიზუსტის უზრუნველყოფა შეუძლებელია.

52. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-3  მუხლის  პირველი პუნქტის მიხედვით, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი - მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკისა და საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.

53. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით კი - მედიაპლურალიზმის დაცვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აზრის გამოხატვის თავისუფლების რეალიზების, მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა და მეწარმეთა უფლებების დასაცავად შექმნილი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობა გარანტირებულია კანონით.

54. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ ის „ინფორმაცია“ და „იდეები“, რომლებიც სასურველად არის მიღებული ან აღიქმება როგორც უწყინარი და ინდიფერენტული, არამედ - ისეთებიც, რომელიც შეურაცხმყოფელი, შემაწუხებელი და შოკისმომგვრელია სახელმწიფოსთვის ან მოსახლეობის რომელიმე ნაწილისთვის.   ამასთან, სასამართლო პრაქტიკა არ გამორიცხავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, როდესაც ილახება სხვა ადამიანის უფლებები და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესები.

55. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები საზოგადოებისა და ინდივიდების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების, აზრის ფორმირების ერთ-ერთი ცენტრალური, ფართომასშტაბიანი და ეფექტური პლატფორმაა.  სწორედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების  შეუფერხებელი,  ავტონომიური,ჯეროვანი და დამოუკიდებელი საქმიანობა განაპირობებს საზოგადოებისა და თითოეული ინდივიდის მიერ აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკულ და ეფექტურ რეალიზაციას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, ისეთ სენსიტიურ სექტორში, როგორიც არის აუდიოვიზუალური მედია, ჩაურევლობის ნეგატიურ მოვალეობასთან ერთად, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ პლურალიზმს.

56. სტრასბურგის სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მაუწყებლების გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია ლეგიტიმურად შეიზღუდოს, როდესაც ეს აუცილებელია ინფორმაციის პლურალიზმის დასაცავად, აგრეთვე გავლენიან მედია პლატფორმებზე სამართლიანი და თანასწორი დემოკრატიული დისკურსის უზრუნველსაყოფად.   მაუწყებლის მიუკერძოებლობის პრინციპი ემსახურება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დემოკრატიული დებატის სანდოობის დაცვას იმგვარად, რომ არ მოხდეს სამაუწყებლო მედია პლატფორმების მიტაცება ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი ძლიერი ფინანსური ან გავლენიანი ჯგუფების მიერ. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, მიუკერძოებლობის პრინციპიდან გამომდინარე ვალდებულებები ასრულებს უმთავრეს როლს, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მიუკერძოებელ და ზუსტ ინფორმაციაზე წვდომა და მოსაზრებებისა და პერსპექტივების ფართო სპექტრის გაცნობის შესაძლებლობა. ეს ვალდებულებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სათანადოდ ინფორმირებულ დემოკრატიულ დებატებს.

57. ამავდროულად, სამაუწყებლო მედიას დემოკრატიულ საზოგადოებაში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდია მაუწყებლების როლი საზოგადოების ინფორმირებისა და საჯარო მმართველობის პროცესზე მეთვალყურის (“watchdog”) ფუნქციის შესრულებაში. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიას შეეძლოს გამოიკვლიოს და გააშუქოს ნებისმიერი საკამათო საკითხი, ასევე საზოგადოების წევრებს მისცეს შესაძლებლობა, გამოხატონ კრიტიკული მოსაზრებები საზოგადოებისთვის მნიშნელოვან  ამა თუ იმ საკითხზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას მიუკერძოებლობის პრინციპი, ზუსტად და მიუკერძოებლად გადასცეს ყველა ფაქტი და საგულისხმო მოსაზრება.

58. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, კომისია, გაითვალისწინებს მაუწყებლისა და აუდიტორიის გამოხატვის თავისუფლების დაცვის ინტერესს, რომ მაუწყებელს ჰქონდეს ლეგიტიმური შესაძლებლობა, შეასრულოს საზოგადოებრივი მეთვალყურის ფუნქცია და მწვავედ, კრიტიკულად გააშუქოს ნებისმიერი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენა და მოსაზრება. მეორე მხრივ, ასევე მხედველობაში მიიღება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ ინტერესი, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას მიუკერძოებლობა და ხელი შეუწყოს ინფორმირებულ დემოკრატიულ დებატს.

59. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია, ზუსტად მიაწოდოს საზოგადოებას ფაქტობრივი ინფორმაცია. ამასთან, ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნა არ გულისხმობს მაუწყებლის ვალდებულებას, რომ მის მიერ გადაცემული ფაქტობრივი ინფორმაცია ყოველთვის აბსოლუტურად ზუსტი იყოს. ამგვარი სტანდარტის პირობებში განსაკუთრებულად გართულდებოდა საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე ან წარსულში მომხდარი მოვლენების შესახებ. ისეთ შემთხვევაში, როდესაც რთულია ამა თუ იმ ფაქტობრივი მონაცემის სიზუსტის უზრუნველყოფა, მაუწყებლის ვალდებულება გულისხმობს არა გადაცემული ინფორმაციის ჭეშმარიტებაში 100%-ით დარწმუნებას, არამედ - ინფორმაციის გადამოწმების მიზნით სათანადო ზომების მიღებას და გონივრული ძალისხმევის გაწევას.

3.3. სადავო გამონათქვამების შეფასება

60. მომჩივანის განცხადებით,  სადავო  სიუჟეტში  გამოთქმული  ფრაზები  წარმოადგენს არაზუსტ, ცრუ და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას, რომელიც მაუწყებლის მიერ გადმოცემულია ფაქტების სახით და არღვევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52- ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.

61. საკითხზე მსჯელობისას, პირველ რიგში უნდა დადგინდეს, რა სახის ინფორმაცია იქნა გადმოცემული პროგრამაში, რადგან როგორც ზემოთ აღინიშნა, „ახალი ამბები“ და „ფაქტებზე დაფუძნებული“ გულისხმობს ფაქტობრივი მონაცემების, ფაქტების გაშუქებას და არ მოიცავს მოსაზრებებსა და შეფასებებს, რომელთა სიზუსტის უზრუნველყოფა შეუძლებელია. ამასთან, როგორც კომისიამ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნა ვერ გავრცელდება ბრალდებების მიმართ, რადგან ბრალდებები თავისი არსით არ არის ფაქტი. ფაქტისგან განსხვავებით ბრალდება გადამოწმებადი არ არის და მისი სიზუსტის დადგენაც არ არის შესაძლებელი. შესაბამისად, მის მიმართ ვერ გავრცელდება ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნა.9

62. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ფაქტები ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია.10

63.   მაშინ, როდესაც ჟურნალისტის მიერ გაკეთებული გამონათქვამი კონკრეტულ პირს/პირებს ბრალს სდებს ამა თუ იმ კანონსაწინააღმდეგო, არამართლზომიერ, ანტისაზოგადოებრივ ქმედებებში, ის წარმოადგენს ბრალდებას და არა ფაქტს. ამასთან, ბრალდება ფაქტისგან განსხვავებით არ არის უტყუარად დამტკიცებული, დადასტურებული. ბრალდების სიზუსტის, სისწორის შემოწმება შეუძლებელია, რადგან სიზუსტე ფაქტის შეფასების კრიტერიუმია და არა ბრალდების.

9 იხ. კომისიის 2025 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება N გ-25-16/668 შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ 4051137755) და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივრის განხილვის თაობაზე.

10 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №ას-797-2022, 25.11.2022

64. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი.11.

65. ამდენად, ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, ჟურნალისტების მიერ გამოთქმული სადავო გამონათქვამები უნდა შეფასდეს  მთლიანი შინაარსის და კონტექსტის გათვალისწინებით და არა თითოეული სიტყვა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.12

66. გადაცემა „იმედის კვირაში“ 2025 წლის 23 და 30 ოქტომბერს განთავსებულ სიუჟეტებში ჟურნალისტები იკვლევენ უცხოური სპეცსამსახურების მიერ ქართული ონლაინმედიის გამოყენებას, უცხოური ფულით ონლაინმედიის დაფინანსების ფინანსურ სქემას და აღნიშნული თანხების გამოყენებას ონლაინმედიების მიერ თავიანთ საქმიანობაში. ამდენად, გადაცემის მიზანია მაყურებელს გააცნოს ჟურნალისტური გამოძიება, გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული მტკიცებულებები, გამოძიების შედეგები და დასკვნები. ნათელია, რომ მაუწყებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მათი ფორმის, შინაარსისა და კონტექსტის გათვალისწინებით წარმოადგენს ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაკეთებულ ბრალდებებს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ინფორმაციები ვერ შეფასდება ფაქტებად.

67. მომჩივანის მიერ სადავოდ გამხდარ სიუჟეტებში გაჟღერებული ინფორმაცია მათი გამოყენების კონტექსტის, ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით წარმოადგენს ბრალდებებს და არა ფაქტების კონსტატაციას. სადავო სიუჟეტებში  გადმოცემული ინფორმაცია ფორმის, შინაარსისა და კონტექსტის გათვალისწინებით, უდავოა, რომ ერთ შემთხვევაში, წარმოადგენს ბრალდებებს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, ხოლო მეორე შემთხვევაში, ორგანიზაციასა და ორგანიზაციის საქმიანობაზე სხვა პირთა მხრიდან გავლენის არსებობის შესახებ. ამდენად, მაუწყებლის აღნიშნული ქმედების მართლზომიერება ვერ შეფასდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით დადგენილი ჯეროვანი სიზუსტის პრინციპის კონტექსტში.

68. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის შპს „ტელეიმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის დარღვევის დასადგენად აუცილებელი წინაპირობები და ამ ნაწილში მაუწყებლის ქმედება ვერ შეფასდება დასახელებული მუხლის მოთხოვნების დარღვევად.

3.4 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით

დადგენილი პასუხის უფლება

11 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №ას-432-2024, 23.10.2024

12 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება Nას-1503-2023, 22.03.2024

69. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლი დაინტერესებულ პირებს აღჭურავს პასუხის უფლებით. პასუხის უფლება მედიის რეგულირებაში დამკვიდრებული მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც უკავშირდება პირის რეპუტაციის დაცვას. აღნიშნული მექანიზმი გამოიყენება მაშინ, როდესაც პირის რეპუტაცია ილახება მაუწყებლის ეთერში მის შესახებ არასწორი (მცდარი) ფაქტის გავრცელებით. შესაბამისად, პასუხის უფლების მოთხოვნა პირს შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებლის პროგრამაში გავრცელდა არასწორი ფაქტი. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-9 პუნქტი განსაზღვრავს მაუწყებლის მიერ პასუხის უფლებაზე უარის თქმის საფუძვლებს, ხოლო მე-11 პუნქტი ითვალისწინებს დაინტერესებული პირის უფლებას გაასაჩივროს პასუხის უფლებაზე მაუწყებლის უარი კომისიაში ან სასამართლოში.13

70. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით ასევე შემოღებულ იქნა პასუხის უფლებით სარგებლობის განსხვავებული მექანიზმი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჯეროვანი სიზუსტის დარღვევას. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად, მაუწყებელს დაავალოს დაინტერესებული პირისთვის პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა.14  კომისია განმარტავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით განსაზღვრული პასუხის უფლება შემოიფარგლება მხოლოდ არასწორი ფაქტების გავრცელების შემთხვევებით. იგი არ ვრცელდება გადაცემაში გამოთქმულ მოსაზრებებზე, შეხედულებებსა თუ ბრალდებებზე.

71. იმის გათვალსიწინებით, რომ, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში მაუწყებლის პროგრამაში გავრცელებულია ბრალდებები და არა ფაქტები, მომჩივანის მოთხოვნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით სამართლებრივად უსაფუძვლოა. ბრალდება, თავისი ბუნებით, სცილდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მოქმედების სფეროს.

4. პასუხისმგებლობა და  ვალდებულებები

72. ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება შპს ,,ტელეიმედის“ მხრიდან ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნების დარღვევის ფაქტი და შპს „ტელეიმედისთვის“ ამავე კანონის 52-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული 13 კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია ,,გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა,  საგანგებო ვითარების გაშუქება“. http://www.comcom.ge/ge/regulation/mediamomsaxureba/broadcasting/broadcasting-sakonsultacio-dokumentebi-da-sxva-masalebi/gzamkvlevi-mauwyeblobis-shinaarsobrivi-motxovnebis-taobaze.page- გვ.12-14 14 იქვე გვ. 15

პასუხის უფლების შესაძლებლობის მომჩივანისთვის მიცემის ვალდებულების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

73. აქედან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელეიმედის“ მიმართ შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“  საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6, მე-7, 53-ე მუხლების, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-14 მუხლის, 451  და 52-ე მუხლების და კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად:

გადაწყვიტა:

1. შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/4976 09.12.2025) არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთისთვის“ და შპს „ტელეიმედისთვის“  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელეიმედისთვის“, შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე    (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

გოგა  გულორდავა       თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე          წევრი

ეკატერინე  იმედაძე     წევრი

ნათია კუკულაძე          წევრი

ივანე მახარაძე             წევრი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები