შპს „არტ რადიოს“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 18, 2026 15:13
მიღების თარიღი მარტი 12, 2026
შპს „არტ რადიოს“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე
მაუწყებელი: შპს „არტ რადიო“
სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევა
წარმოების დაწყების საფუძველი: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 26-10-572; 06.03.2026)
კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 12 მარტი
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 26-10-572; 06.03.2026) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „არტ რადიოს“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის გამო.
2. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში (N 26-10-572; 06.03.2026) აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად, ავტორიზებული/ლიცენზირებული პირი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და არაუგვიანეს პირველი თებერვლისა კომისიას წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების ავტორიზაციის შესახებ; გ) მედიამომსახურების მიმწოდებელ და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელ სუბიექტებში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან 5%-ზე მეტის ფლობის შესახებ. ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას კომისიას წარუდგენს არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა. ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი აგრეთვე ვალდებულია გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია, თუ მისი წილის ან აქციების მფლობელი, დამფუძნებელი, სხვა წევრი, ხელმძღვანელი, შემომწირველი ან მათი ოჯახის წევრი იმავდროულად ფლობს: ა) მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში სხვა ავტორიზებული პირის წილს ან აქციებს; ბ) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილს ან აქციებს; გ) საინფორმაციო სააგენტოში წილს ან აქციებს. ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი შესაბამისობის დეკლარაციას აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე.
3. მოხსენებითი ბარათის თანახმად, მედიამომსახურებაზე ავტორიზებულ/ლიცენზირებულ პირებს კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარმოდგენის მიზნით 2026 წლის 13 იანვარს გაეგზავნათ Nგ-26-03/80 წერილი. მიუხედავად ამისა რიგ კომპანიებს, მათ შორის, შპს „არტ რადიოს“ ზემოაღნიშნული ინფორმაცია კომისიაში 2026 წლის 6 მარტის მდგომარეობით კვლავ არ წარმოუდგენია.
4. შპს „არტ რადიოს“ მიერ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განსახილველად, კომისიის სხდომა დაინიშნა 2026 წლის 12 მარტს, 15:00 საათზე, რის შესახებაც კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N გ-26-03/1315; 09/03/2026). ამავე შეტყობინებით კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
5. 2026 წლის 11 მარტის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/2419; თარიღი 12.03.2026) კომპანიამ კომისიაში წარმოადგინა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია.
6. კომისიის 2026 წლის 12 მარტის სხდომას ესწრებოდა შპს „არტ რადიოს“ წარმომადგენელი ს. ხუნწარია, რომელმაც აღნიშნა, რომ კომპანიამ დააგვიანა ფორმების კომისიაში წარმოდგენა. მისი განმარტებით მაუწყებელმა გუშინ გამოაგზავნა ფორმები კომისიაში.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;
7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციაა: მედიამომსახურების და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;
9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ)მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების ავტორიზაციის შესახებ; გ)მედიამომსახურების მიმწოდებელ და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელ სუბიექტებში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ)პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე)პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; ვ)საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ)საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ)სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან 5%-ზე მეტის ფლობის შესახებ;
10. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას კომისიას წარუდგენს არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი აგრეთვე ვალდებულია გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია, თუ მისი წილის ან აქციების მფლობელი, დამფუძნებელი, სხვა წევრი, ხელმძღვანელი, შემომწირველი ან მათი ოჯახის წევრი იმავდროულად ფლობს: ა) მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში სხვა ავტორიზებული პირის წილს ან აქციებს; ბ) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილს ან აქციებს; გ) საინფორმაციო სააგენტოში წილს ან აქციებს. ასევე, მე-4 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი შესაბამისობის დეკლარაციას აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე;
11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს;
12. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით“. ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
13. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N26-10-572; 06.03.2026);
14. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „არტ რადიოს“ შესახებ მონაცემები;
15. კომისიის წერილი ტელერადიომაუწყებლობაზე ავტორიზებულ/ლიცენზირებულ პირებს (N გ-26-03/80; 13/01/2026);
16. შეტყობინება (N გ-26-03/1315; 09/03/2026) შპს „არტ რადიოს“ კომისიის 2026 წლის 12 მარტის სხდომაზე მოწვევის შესახებ;
17. შპს „არტ რადიოს“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/2419; თარიღი 12.03.2026) თანდართული დოკუმენტაციით;
18. შპს „არტ რადიოს“ წარმომადგენლის ს.ხუნწარიას ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2026 წლის 12 მარტის სხდომაზე.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
19. შპს „არტ რადიო“ (ს/კ 404492205) ფლობს რადიომაუწყებლობის B52 ლიცენზიას.
მტკიცებულება: კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „არტ რადიოს“ შესახებ.
20. შპს „არტ რადიოს“ კომისიაში არ წარმოუდგენია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია არაუგვიანეს 2026 წლის 1 თებერვლისა. კომპანიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინა გადაწყვეტილების მიღებამდე (კომისიაში რეგისტრაციის N შ-26-6/2419; თარიღი 12.03.2026).
მტკიცებულება: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 26-10-572; 06.03.2026); შპს „არტ რადიოს“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/2419; თარიღი 12.03.2026) თანდართული დოკუმენტაციით; შპს „არტ რადიოს“ წარმომადგენლის ს. ხუნწარიას ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2026 წლის 12 მარტის სხდომაზე.
21. შპს „არტ რადიოს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
მტკიცებულება: მონაცემი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „არტ რადიოს“ შესახებ.
3. სამართლებრივი შეფასება
22. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შპს „არტ რადიო“, როგორც მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი, ვალდებული იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია კომისიაში წარმოედგინა არაუგვიანეს 2026 წლის 1 თებერვლისა. მაუწყებელმა აღნიშნული ვალდებულება არ შეასრულა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში.
23. შესაბამისად, შპს „არტ რადიოს“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის არაუგვიანეს 2026 წლის 1 თებერვლისა კომისიაში წარმოუდგენლობით დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
24. შპს „არტ რადიოს“ მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი, რაც კომპანიისთვის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.
25. ვინაიდან, შპს „არტ რადიომ“ კომისიაში გადაწყვეტილების მიღებამდე წარმოადგინა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია და აღმოფხვრა დარღვევა, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „არტ რადიო“ ცნობილ უნდა იქნეს სამართალდამრღვევად და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 61-ე და 71-ე მუხლების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „არტ რადიო“ ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო.
2. შპს „არტ რადიო“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „არტ რადიოსთვის“ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ.გასვიანი) გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „არტ რადიოსთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (მ.რუხაძე) შპს „არტ რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.
7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
8. კონტროლი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
