შპს „სფერო ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 23, 2026 12:12
მიღების თარიღი მარტი 19, 2026
შპს „სფერო ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
მაუწყებელი: შპს „სფერო ტვ“ (ს/კ 402210843)
სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევა
წარმოების დაწყების საფუძველი: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N26-10-572, 06.03.2026)
კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 19 მარტი
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში-კომისია) აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N26-10-572, 06.03.2026) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სფერო ტვ“-ის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის გამო.
2. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში (N26-10-572,06.03.2026) აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად, ავტორიზებული/ლიცენზირებული პირი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და არაუგვიანეს პირველი თებერვლისა კომისიას წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების ავტორიზაციის შესახებ; გ) მედიამომსახურების მიმწოდებელ და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელ სუბიექტებში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან 5%-ზე მეტის ფლობის შესახებ. ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას კომისიას წარუდგენს არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა. ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი აგრეთვე ვალდებულია გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია, თუ მისი წილის ან აქციების მფლობელი, დამფუძნებელი, სხვა წევრი, ხელმძღვანელი, შემომწირველი ან მათი ოჯახის წევრი იმავდროულად ფლობს: ა) მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში სხვა ავტორიზებული პირის წილს ან აქციებს; ბ) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილს ან აქციებს; გ) საინფორმაციო სააგენტოში წილს ან აქციებს. ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი შესაბამისობის დეკლარაციას აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე.
3. მოხსენებითი ბარათის თანახმად, მედიამომსახურებაზე ავტორიზებულ/ლიცენზირებულ პირებს კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარმოდგენის მიზნით 2026 წლის 13 იანვარს გაეგზავნათ Nგ-26-03/80 წერილი. ამის მიუხედავად, შპს „სფერო ტვ“-ის ზემოაღნიშნული ინფორმაცია კომისიაში 2026 წლის 6 მარტის მდგომარეობით არ წარმოუდგენია.
4. შპს „სფერო ტვ“-ის მიერ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განსახილველად, კომისიის სხდომა დაინიშნა 2026 წლის 19 მარტს, 15:00 საათზე, რის შესახებაც კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (Nგ-26-03/1449, 13.03.26). ამავე შეტყობინებით კომპანიას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
5. კომისიის 2026 წლის 19 მარტის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „სფერო ტვ“-ის წარმომადგენელი. ავტორიზებულ პირს კომისიაში არ წარმოუდგენია შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე. კომისიის შეტყობინება (Nგ-26-03/1449, 13.03.26) ავტორიზებულ პირს გაეგზავნა და ჩაბარდა 2026 წლის 13 მარტს კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილ და კომისიის უწყებრივ რეესტრში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე (მიღებულია ავტომატური საშუალებით დადასტურება). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით შეასრულა და საკითხი განიხილა ავტორიზებული პირის წარმომადგენლის დასწრების გარეშე.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციაა მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.
8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების ავტორიზაციის შესახებ; გ) მედიამომსახურების მიმწოდებელ და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელ სუბიექტებში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან 5%-ზე მეტის ფლობის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას კომისიას წარუდგენს არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი აგრეთვე ვალდებულია გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია, თუ მისი წილის ან აქციების მფლობელი, დამფუძნებელი, სხვა წევრი, ხელმძღვანელი, შემომწირველი ან მათი ოჯახის წევრი იმავდროულად ფლობს: ა) მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში სხვა ავტორიზებული პირის წილს ან აქციებს; ბ) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილს ან აქციებს; გ) საინფორმაციო სააგენტოში წილს ან აქციებს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი შესაბამისობის დეკლარაციას აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე.
9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.
10. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით“, ხოლო, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
11. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N26-10-572, 06.03.2026).
12. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს შპს „სფერო ტვ“-ის შესახებ მონაცემები.
13. კომისიის წერილი ტელერადიომაუწყებლობაზე ავტორიზებულ/ლიცენზირებულ პირებს (N გ-26-03/80; 13.01.2026).
14. შეტყობინება (Nგ-26-03/1449, 13.03.26) შპს „სფერო ტვ“-ის კომისიის 2026 წლის 19 მარტის სხდომაზე მოწვევის შესახებ და შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
15. შპს „სფერო ტვ“ არის მაუწყებლობის სფეროში ტელემაუწყებლობაზე ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 11.08.2022).
მტკიცებულება: კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები.
16. შპს „სფერო ტვ“-ის, 2026 წლის არაუგვიანეს 1 თებერვლისა და არც გადაწყვეტილების მიღების დღისთვის, კომისიაში არ წარმოუდგენია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N26-10-572, 06.03.2026).
17. შპს „სფერო ტვ“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
მტკიცებულება: მონაცემი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
3. სამართლებრივი შეფასება
18. შპს „სფერო ტვ“, როგორც მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი, ვალდებული იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია კომისიაში წარმოედგინა არაუგვიანეს 2026 წლის 1 თებერვლისა, რაც მის მიერ არ შესრულებულა.
19. შესაბამისად, შპს „სფერო ტვ“-ის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის არაუგვიანეს 2026 წლის 1 თებერვლისა კომისიაში წარმოუდგენლობით მის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
20. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.
21. ვინაიდან, შპს „სფერო ტვ“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იგივე/მსგავსი ხასიათის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, დარღვევის აღმოფხვრისა და ანალოგიური დარღვევების შემდგომი გამეორების პრევენციის მიზნით, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს კომპანიას მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
22. ამავდროულად, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „სფერო ტვ“-ის უნდა დაევალოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 61-ე და 71-ე მუხლების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „სფერო ტვ“-ის (ს/კ 402210843) მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო.
2. შპს „სფერო ტვ“-იმ უზრუნველყოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „სფერო ტვ“- ისთვის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სფერო ტვ“ - ისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (პ. ბერია) შპს „სფერო ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.
7. კონტროლი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).
8. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
