წვდომის მენიუ

შპს „ფორმულა მულტიმედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-26-18 / 21

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 21, 2026 17:29

მიღების თარიღი იანვარი 15, 2026

შპს „ფორმულა მულტიმედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ავტორიზებული პირი: შპს „ფორმულა მულტიმედია“

სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“   საქართველოს   კანონის     661 მუხლის   პირველი პუნქტის დარღვევა

წარმოების დაწყების   საფუძველი:   კომისიის   აპარატის   მედიამომსახურებების   რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 25-10-2934, 31.12.2025).

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 15 იანვარი, 15:00 საათი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N25-10-2934, 31.12.2025) საფუძველზე,   კომისიაში   დაიწყო მარტივი   ადმინისტრაციული   წარმოება  შპს „ფორმულა მულტიმედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, მის მიერ    „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის   661 მუხლის  პირველი  პუნქტის დარღევის გამო.

2.მოხსენებით  ბარათიდან ირკვევა, რომ    2016 წლის  11 თებერვლის  N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაციის    მონიტორინგისას    გამოვლინდა,    რომ    შპს    „ფორმულა მულტიმედიას“ მიერ  კომისიაში   2025 წლის  მე-3  კვარტალში  წარმოდგენილი  ფორმა  1.7-ის (მაუწყებლების შემოსავლების  წყაროები)  მიხედვით,  ამ  პერიოდში   540,000 (ხუთას  ორმოცი ათასი) ლარის  რაოდენობის  შემოსავალი  ფიქსირდებოდა  (მომსახურების  სახე   - ტექნიკური მომსახურება) შემდეგი იურიდიული პირისგან: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (200078888) - საქართველო.

3.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს   მოქალაქეთა   პოლიტიკური   გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის თანახმად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (200078888) წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას.

4.    2025  წლის  22  დეკემბერს  კომისიამ  წერილობით     (რეგისტრაციის  ნომერი  Nგ-25-04/3002) მიმართა შპს „ფორმულა მულტიმედიას“ და მოითხოვა მაუწყებლისგან ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სახის მომსახურება გაეწია პოლიტიკურ გაერთიანებას მაუწყებლის მიერ. ასევე, მაუწყებელს ეთხოვა შესაბამისი მომსახურების  დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულება, ინვოისი და სხვა ფინანსური დოკუმენტი) კომისიისათვის წარმოდგენა.

5.    შპს   „ფორმულა   მულტიმედიამ“   2025   წლის   26   დეკემბერის   N21   წერილით   (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/5222, 29.12.2025) კომისიაში წარმოადგინა წერილობითი ახსნა- განმარტება  და  პოლიტიკურ  გაერთიანება  „ერთიან  ნაციონალურ  მოძრაობასთან“ გაფორმებული ქველიცენზიის ხელშეკრულება.

6. წარმოდგენილი ახსნა-განმარტების თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულებით შპს „ფორმულა მულტიმედიამ“, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ გადასცა არაექსკლუზიური ნებართვა საარქივო მასალის გამოყენებაზე. მაუწყებლის პოზიციით, გამომდინარე იქედან, რომ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს საარქივო მასალების გამოყენებაზე ნებართვის გაცემა, ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული ანაზღაურება გავლენას ვერ მოახდენდა მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე და შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტით დაცული ინტერესიც არ დარღვეულა.

7. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების  დეპარტამენტმა შეისწავლა მაუწყებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და თანდართული დოკუმენტები, რის საფუძველზეც დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ფორმულა მულტიმედია“-ს მიერ მიღებული თანხა წარმოადგენს პოლიტიკური პარტიისგან მიღებულ დაფინანსებას.

8.  შპს  „ფორმულა  მულტიმედიასთვის“  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა დაინიშნა 2026 წლის 15 იანვარს, რის შესახებაც, კომპანიას გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (Nგ-26-03/53, 12/01/2026). ავტორიზებულ პირს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე. კომისიის შეტყობინება კომპანიას ჩაბარდა 2026 წლის 13 იანვარს.

9. კომისიის 2026 წლის 15 იანვრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ფორმულა მულტიმედიას“ წარმომადგენელი და არც შუამდგომლობა წარმოუდგენია სხდომის სხვა დროისთვის გადადების თაობაზე. ვინაიდან, შპს „ფორმულა მულტიმედიას“ შეტყობინება გაეგზავნა კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილ მისამართზე და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, კომისიის მიერ შესრულდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით     ადმინისტრაციული     ორგანოსთვის     დაკისრებული     ვალდებულება     - დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

10.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე   უფლებების   შესახებ“   საქართველოს   კანონები   და   სხვა   საკანონმდებლო   და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

11.  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-2  მუხლის  „ტ” ქვეპუნქტის  თანახმად, მაუწყებელი არის    საზოგადოებრივი მაუწყებელი,    საზოგადოებრივი    მაუწყებლის    აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;

12.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;

13.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

14.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „კომისია ადგენს მედიამომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმასა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმას. მედიამომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმაში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მედიამომსახურების მიმწოდებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ამ ანგარიშგების ფორმაში გათვალისწინებული უნდა იქნეს აგრეთვე ინფორმაცია მედიამომსახურების მიმწოდებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მისი მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმაში ასახული უნდა იყოს ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების, მიღებული შემოსავლების, მის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მონაცემები და კომისიის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია. მედიამომსახურების მიმწოდებელი, ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი კვარტლის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას შესაბამისი ანგარიშგების ელექტრონული ფორმა“

15. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება,  გარდა ამ მუხლის  მე-2  და  მე-3−მე-5  პუნქტებით  გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე მაუწყებლის საგანმანათლებლო, კულტურული, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვასთან დაკავშირებული პროგრამების ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაფინანსების ან თანადაფინანსების შემთხვევებისა.

16. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 და მე-3-მე-5 პუნქტების თანახმად, „2. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება სოციალური რეკლამის განთავსებისთვის ამ კანონის 65-ე მუხლით განსაზღვრული დროის ხანგრძლივობის მინიმალური ზღვრის მიღმა სოციალური რეკლამის განთავსების ან/და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია მისი ბიუჯეტის ცალკე მუხლით. ასეთ შემთხვევაში, თუ  ადმინისტრაციული  ორგანო  არის  შემსყიდველი ორგანიზაცია „სახელმწიფო   შესყიდვების   შესახებ“   საქართველოს   კანონის შესაბამისად, შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო        შესყიდვების        შესახებ“  საქართველოს კანონით დადგენილი  წესით.”;  “3.  საარჩევნო  ადმინისტრაცია  უფლებამოსილია  შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის მოსამზადებლად ან/და ეთერში გადასაცემად.”; “4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული საუნივერსიტეტო მაუწყებლობა ფინანსდება საკუთარი სახსრებით, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებით.”; “5. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დააფინანსოს მაუწყებლის მიერ სატელევიზიო გასართობი/შემეცნებითი გადაცემის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტაციისთვის გაწეული დამატებითი ხარჯები ამ გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ. ამ შემთხვევაში მაუწყებელმა ადმინისტრაციულ ორგანოსა და კომისიას უნდა წარუდგინოს გადაცემის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტაციასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების შესახებ ანგარიში, რომელსაც უნდა დაურთოს შესაბამისი პირველადი ფინანსური დოკუმენტები (ინვოისი, მიღება-ჩაბარების აქტი, ხელშეკრულება და ა. შ.). კომისიამ უნდა განახორციელოს მონიტორინგი და დაადასტუროს, რომ ეთერში გასული სატელევიზიო გასართობი/შემეცნებითი გადაცემა შეესაბამებოდა კომისიის მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ჟესტური ენით, სუბტიტრებითა და აუდიოდესკრიფციით გადაცემების მომზადებისა და განთავსების სახელმძღვანელო წესებს.”;

17.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს         დარღვევის    აღმოსაფხვრელად    ან    მისი    პრევენციისთვის    ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.

18.  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის  მეშვეობით.  მატერიალური  საფოსტო  გზავნილი  იგზავნება  დამტარებლის  ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით.“ ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

19.  კომისიის   აპარატის   მედიამომსახურებების   რეგულირების   დეპარტამენტის   მოხსენებითი ბარათი (N 25-10-2934, 31.12.2025);

20.  კომისიის 2025 წლის 22 დეკემბრის წერილი (რეგისტრაციის ნომერი Nგ-25-04/3002);

21. შპს  „ფორმულა  მულტიმედიას“  2025  წლის  26  დეკემბერის  N21  წერილი  (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/5222, 29.12.2025) თანდართული დოკუმენტაციით (2025 წლის 2 სექტემბრის ქველიცენზიის ხელშეკრულება);

22. 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაცია;

23.  კომისიის შეტყობინება (Nგ-26-03/53, 12/01/2026) სხდომაზე მოწვევის თაობაზე  და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

24. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ფორმულა მულტიმედიას“ შესახებ მონაცემები;

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

25.  შპს „ფორმულა მულტიმედია“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის თარიღი: 15/06/2023).

მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან  შპს „ფორმულა მულტიმედიას“ შესახებ.

26.  მოქალაქეთა     პოლიტიკური     გაერთიანება     „ერთიანობა     -     ნაციონალური     მოძრაობა“ /შემოკლებული დასახელება: „ერთიანობა - ენმ“ (ძველი სახელწოდება: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) (საიდენტიფიკაციო ნომრით 200078888) წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას.

მტკიცებულება: მონაცემები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან (https://pareg.napr.gov.ge/v2/).

27. 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაციის მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ 2025 წლის მე-3 კვარტალში (ივლისი, აგვისტო სექტემბერი), კერძოდ, აგვისტოს თვის მონაცემებში, მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი - შპს „ფორმულა მულტიმედია“ მაუწყებლის ერთ-ერთ დაფინანსების წყაროდ, ფიზიკური/იურიდიული პირის ველში უთითებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებას - „ერთიანობა  -  ნაციონალური  მოძრაობა“  /შემოკლებული  დასახელება:  „ერთიანობა  -  ენმ“-ს (ძველი სახელწოდება: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”), ხოლო მომსახურების სახედ მონიშნულია  კატეგორია  -  „ტექნიკური  მომსახურება“;  გაწეული  დაფინანსების  ოდენობა  - 540,000 (ხუთას ორმოცი ათასი) ლარი.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 25-10-2934, 31.12.2025); 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7- ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაცია; მონაცემები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან (https://pareg.napr.gov.ge/v2/).

28. შპს  „ფორმულა  მულტიმედიამ“  2025  წლის  2  სექტემბერს  გააფორმა  ქველიცენზიის ხელშეკრულება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობასთან“. მხარებს შორის გაფორმებული 2025 წლის 2 სექტემბერს ხელშეკრულებით და ანგარიშგების ფორმა 1.7-ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაციის თანახმად, გაწეული მომსახურების სანაცვლოდ პოლიტიკური გაერთიანება - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისგან“ მიღებულმა დაფინანსებამ 2025 წლის აგვისტოს თვეში შეადგინა 540,000 (ხუთას ორმოცი ათასი) ლარი. ამდენად, ადგილი აქვს პოლიტიკური გაერთიანება - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შპს „ფორმულა მულტიმედიას“ მომსახურების შესყიდვას/დაფინანსებას.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 25-10-2934, 31.12.2025); 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7- ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაცია; შპს „ფორმულა მულტიმედიას“ 2025 წლის 26 დეკემბერის N21 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/5222, 29.12.2025) თანდართული დოკუმენტაციით (2025 წლის 2 სექტემბრის ქველიცენზიის ხელშეკრულება);

29.  შპს „ფორმულა მულტიმედიას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ფორმულა მულტიმედიას“ შესახებ.

3. სამართლებრივი შეფასება

30. შპს    „ფორმულა    მულტიმედია“,    როგორც    მაუწყებელი,    ვალდებულია    შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით აკრძალულია პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

31.  კომისიის მიერ დადგინდა, რომ შპს „ფორმულა მულტიმედიამ“  პოლიტიკური გაერთიანება -„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობას“ გაუწია ქველიცენზიის ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურება (უზრუნველყო არქივის მასალების გადაცემა), რის დასტურადაც წარმოდგენილია შპს „ფორმულა მულტიმედიასა“ და პოლიტიკური გაერთიანება - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობას“ შორის 2025 წლის 2 სექტემბერს გაფორმებული ქველიცენზიის ხელშეკრულება. ასევე, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში მაუწყებლების მიერ შევსებული  ინფორმაციის  თანახმად,  2025  წლის მე-3  კვარტალში  მაუწყებლობის  სფეროში ავტორიზებული პირი - შპს „ფორმულა მულტიმედია“ მაუწყებლის ერთ-ერთ დაფინანსების წყაროდ, ფიზიკური/იურიდიული პირის ველში უთითებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობას“ (ძველი სახელწოდება: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) (საიდენტიფიკაციო ნომრით 200078888), ხოლო მომსახურების სახედ მონიშნულია კატეგორია - „ტექნიკური მომსახურება“.   შესაბამისად, სახეზეა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 661  მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევა. ამავდროულად, არ იკვეთება 661 მუხლის მე-2 და მე-3−მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული არცერთი საგამონაკლისო შემთხვევის არსებობა.

32.  ამდენად, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ (ძველი სახელწოდება: „ერთიანი   ნაციონალური   მოძრაობა”)   (საიდენტიფიკაციო   ნომრით 200078888) მიერ შპს „ფორმულა მულტიმედიას“ მომსახურების შესყიდვით/დაფინანსებით შპს „ფორმულა მულტიმედიას“   მიერ   დარღვეულია ,,მაუწყებლობის   შესახებ“ საქართველოს კანონის 661    მუხლის პირველი პუნქტი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

33.  აღსანიშნავია, რომ შპს „ფორმულა მულტიმედიას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამავე კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 661  მუხლის პირველი  პუნქტის  დარღვევისათვის შპს „ფორმულა მულტიმედიას“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

34. ამასთან, შპს „ფორმულა მულტიმედიას“  უნდა დაევალოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება   „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისაგან“ (საიდენტიფიკაციო ნომრით 200078888) დაფინანსების მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 661 მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების”  (დანართი  N1)  მე-16  მუხლის  მე-5  და  მე-9  პუნქტების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.    შპს „ფორმულა მულტიმედიას“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;

2.    შპს „ფორმულა მულტიმედიას“ დაევალოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისგან“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 200078888) დაფინანსების მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

3.  გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე   (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;

4.    გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს   თბილისის  საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ფორმულა მულტიმედიასთვის“ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5.    დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  (ბ.  გასვიანი)  გადაწყვეტილების  ან  მისი დამოწმებული ასლის შპს „ფორმულა მულტიმედიასთან“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

6.    დაევალოს   კომისიის   აპარატის   იურიდიულ   დეპარტამენტს   (თ.გოშუა)   შპს   ,,ფორმულა მულტიმედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

7.    კონტროლი  გადაწყვეტილების  მე-3  და  მე-5  პუნქტების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი);

8.    კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები