შპს „ტელერადიოკომპანია რიონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 04, 2026 16:59
მიღების თარიღი მაისი 28, 2026
შპს „ტელერადიოკომპანია რიონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
ავტორიზებული პირი: შპს „ტელერადიოკომპანია რიონი“
სამართალდარღვევა: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები
წარმოების დაწყების საფუძველი: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 26-10-1043; 05.05.2026)
კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 28 მაისი
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 26-10-1043; 05.05.2026) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის გამო.
2. იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 26-10-1043; 05.05.2026) თანახმად, 2026 წლის 29 აპრილს შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება, კერძოდ, კომპანიის დამფუძნებელმა თამარ ღვინიანიძემ (პ/ნ 60002014345) თავისი კუთვნილი 100%-იანი წილიდან 30% გაასხვისა შპს „პანორამა ჯგუფი საქართველოს“ (ს/კ 405371832) სასარგებლოდ.
3. მოხსენებითი ბარათის თანახმად, აღნიშნული ტრანზაქციის განსახორციელებლად შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ კომისიისგან წინასწარი თანხმობა არ აქვს მიღებული. განხორციელებული ცვლილების თაობაზე კომპანიამ ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინა 2026 წლის 4 მაისს.
4. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 26-10-1112; 13.05.2026) პასუხად, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (N 26-10-1169; 20.05.2026) ირკვევა, რომ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ დამფუძნებლის ცვლილება, ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე ახალ გარემოებას არ ქმნის, შესაბამისად შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, არ დგინდება ის აუცილებელი გარემოებები, რომლის თანახმადაც, საჭირო იქნება “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
5. საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა დაინიშნა 2026 წლის 28 მაისს, რის შესახებაც შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N გ-26-03/3317; 22/05/2026). კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
6. კომისიის 2026 წლის 28 მაისის სხდომას ესწრებოდა შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ წარმომადგენელი თ. ღვინიანიძე. წარმომადგენლის განმარტებით ზემოთ აღნიშნული დარღვევა კომპანიის შეცდომაა, მასაც და ახალ თანამფლობელსაც გამორჩათ წინასწარ ეცნობებინათ კომისიისთვის, რომ განზრახული ჰქონდათ წილის გასხვისება.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო პირობების, აგრეთვე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
10. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია: შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.
12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის რეგულირების ერთ-ერთი მიზანია რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება.
13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული კონცენტრაციის გარდა, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლებით დადგენილი წესით შეისწავლის იმ ოპერაციას, რომლითაც ხდება: ა) ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა; ბ) ორი ან ორზე მეტი პირის, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია, შერწყმის შედეგად გაერთიანება; გ) ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა, რის შედეგადაც შემძენი პირის მფლობელობაში ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან 5 პროცენტზე მეტი აღმოჩნდება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის შემთხვევაში, თუ შემძენი პირის ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მიერ ერთობლივად ხდება ავტორიზებული პირის 5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა.
14. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
15. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.
16. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღების შემდეგ განახორციელოს ამ კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები.
17. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. ადმინისტრაციული წარმოების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
18. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.
19. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია თავისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. იგი აგრეთვე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე.
20. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ერთ-ერთი საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
III. სამოტივაციო წერილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
21. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 26-10-1043; 05.05.2026);
22. შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ 2026 წლის 4 მაისის #08-26 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N შ-26-6/4717; 04.05.2026);
23. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 26-10-1112; 13.05.2026);
24. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 26-10-1169; 20.05.2026);
25. შპს „ტელერადიოკომპანია რიონისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება კომისიის 2026 წლის 28 მაისის სხდომაზე მოწვევის შესახებ (N გ-26-03/3317; 22/05/2026);
26. შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
27. შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ წარმომადგენლის თ. ღვინიანიძის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2026 წლის 28 მაისის სხდომაზე.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
28. შპს „ტელერადიოკომპანია რიონი“ (ს/კ 212678093 ) არის ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი. ასევე, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირებული პირი.
მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ შესახებ.
29. 2026 წლის 29 აპრილს შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება, კერძოდ, კომპანიის დამფუძნებელმა თამარ ღვინიანიძემ (პ/ნ 60002014345) თავისი კუთვნილი 100%-იანი წილიდან 30% გაასხვისა შპს „პანორამა ჯგუფი საქართველოს“ (ს/კ 405371832) სასარგებლოდ.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 26-10-1043; 05.05.2026); მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ შესახებ.
30. გადაწყვეტილების 29-ე პარაგრაფში მითითებულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ კომისიისგან წინასწარი თანხმობა არ აქვს მიღებული. განხორციელებული ცვლილების თაობაზე კომპანიამ ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინა 2026 წლის 4 მაისს - კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 26-10-1043; 05.05.2026); შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ 2026 წლის 4 მაისის #08-26 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N შ-26-6/4717; 04.05.2026); შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ წარმომადგენლის თ. ღვინიანიძის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2026 წლის 28 მაისის სხდომაზე.
31. შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ დამფუძნებლის ცვლილება, ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე ახალ გარემოებას არ ქმნის, შესაბამისად შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. ასევე, არ სახეზე არ არის, ის აუცილებელი გარემოებები, რომლის თანახმადაც, საჭირო იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 26-10-1169; 20.05.2026).
32. შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ შესახებ.
3. სამართლებრივი შეფასება
33. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში 2020 წლის 16 სექტემბერს განხორციელებული ცვლილებებით (გამოქვეყნების თარიღი 21.09.2020; დოკუმენტის ნომერი - 7126-Iს; სარეგისტრაციო კოდი 240140000.05.001.020181) ახლებურად განისაზღვრა აღნიშნული კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, ერთმანეთისაგან გაიმიჯნა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა (შემდგომში - სააგენტო) და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების კომპეტენციები. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, კომისია 2026 წლის პირველ იანვრამდე შეისწავლიდა იმ ოპერაციას, რომლითაც ხდებოდა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის წილის ან აქციის ან/და აქტივების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეძენა ან იმ პირთა შერწყმა, რომელთაგან ერთი მაინც იყო ამ პუნქტით განსაზღვრული პირი, ხოლო მეორე არ იყო ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტი.
34. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედი რედაქციის თანახმად, სააგენტო კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინებას შეისწავლის, მათ შორის, მაშინ, როდესაც კანონის სავარაუდო დამრღვევი და კონცენტრაციის მონაწილე მხარეები ეკონომიკის სხვადასხვა რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტები არიან. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონცენტრაცია არის: ა) ორი ან ორზე მეტი დამოუკიდებელი ეკონომიკური აგენტის შერწყმა, რის შედეგადაც ერთი ეკონომიკური აგენტი წარმოიქმნება; ბ) ფასიანი ქაღალდების ან წილის შეძენით, ხელშეკრულებებით ან სხვა საშუალებებით ერთ ან რამდენიმე ეკონომიკურ აგენტზე პირდაპირი ან ირიბი, სრული ან ნაწილობრივი კონტროლის მოპოვება სხვა ერთი ან რამდენიმე ეკონომიკური აგენტის მიერ ან სხვა ისეთი ერთი ან რამდენიმე პირის მიერ, რომელიც/რომლებიც ამ კანონის მიზნებისთვის არ არის/არ არიან მიჩნეული ეკონომიკურ აგენტად/ეკონომიკურ აგენტებად და რომელიც/რომლებიც უკვე აკონტროლებს/აკონტროლებენ სულ მცირე ერთ ეკონომიკურ აგენტს; გ) ერთობლივი საწარმოს შექმნა, თუ იგი ხანგრძლივად ასრულებს დამოუკიდებელი ეკონომიკური აგენტის ყველა ფუნქციას. ამასთანავე, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლისა და სააგენტოს 2020 წლის 26 ოქტომბრის N39 ბრძანებით დამტკიცებული „კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის“ (შემდგომში - წესი) მე-3 მუხლის მიხედვით სააგენტოსთან შეტყობინებას ექვემდებარება მხოლოდ ისეთი კონცენტრაცია რომლის „მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება 20 მილიონ ლარს და, ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი წლიური შემოსავალი აღემატება 5 მილიონ ლარს.“
35. წინამდებარე შემთხვევაში კომისიის მიერ ავტორიზებული პირის - შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ წილის შეძენა მოხდა იმ პირის მიერ, რომელიც არ არის კომისიის მიერ ავტორიზებული ან ლიცენზირებული პირი (შპს „პანორამა ჯგუფი საქართველო“), თუმცა ტრანზაქციის მონაწილე პირთა წლიური შემოსავლების გათვალისწინებით, ვინაიდან არ კმაყოფილდება კანონმდებლობის ზემოთ აღნიშნული მოთხოვნები, ტრანზაქცია ექცევა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის რეგულირების სფეროში და შესაბამისად, შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ ტრანზაქციის განხორციელების თაობაზე წინასწარი შეტყობინება უნდა წარედგინა კომისიისთვის და მიეღო მისგან თანხმობა წილის გასხვისებასთან დაკავშირებით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
36. კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება, ხოლო კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღების შემდეგ განახორციელოს ამ კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები. კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
37. შესაბამისად, კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ კომისიის მიერ კანონით განსაზღვრული ამოცანები და ფუნქციები სათანადოდ შესრულდეს, შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, მისი წილის გასხვისების განზრახვის თაობაზე წინასწარ უნდა ეცნობებინა კომისიისთვის, რათა კომისიას, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე აღნიშნული ტრანზაქციის შესაძლო გავლენა დაედგინა და შესაბამისად, მიეღო გადაწყვეტილება წილის შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიეღო გადაწყვეტილება, შეძენის გამოკვლევის თაობაზე, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
38. როგორც კომისიის მიერ დადგინდა, შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ ტრანზაქციის განხორციელებამდე კანონით განსაზღვრული წესით არ მოუმართავს კომისიისთვის და არ მიუღია კომისიის წინასწარი თანხმობა წილის გასხვისებაზე.
39. შესაბამისად, შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, ავტორიზებული პირის წილის გასხვისებით დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
40. ზემოაღნიშნული დარღვევა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.
41. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, მას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45- ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
42. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისიის წინასწარი თანხმობა სავალდებულოა, როდესაც ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა. ავტორიზებული პირის წილის ან აქციების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გაყიდვის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებები, მათ შორის, მოსთხოვოს წილის გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. კომისიის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ ფაქტობრივ და სამართლებრივ წინაპირობებს. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი არის ის ფაქტი - იცვლება თუ არა წილის ან აქციების გასხვისების შედეგად საბოლოო ბენეფიციარის წილობრივი მონაწილეობა ან/და გავლენა ავტორიზებულ პირში ან/და ასევე წილის ან აქციების გასხვისებით შესაძლებელია თუ არა ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის კონკურენტუნარიანობას მიადგეს საფრთხე. ამასთან, არ არის აუცილებელი დადგენილი იყოს კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების უტყუარობა, არამედ კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობაც კი საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ კომისიამ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებები (მათ შორის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებული წილის ან აქციების გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა). იმას თუ რამდენად რეალურია საფრთხე და საერთოდ არსებობს თუ არა საფრთხე ავტორიზებული პირის წილის ან აქციების კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გასხვისებით დაზიანდეს ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო, სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობებს წილის ან აქციების გასხვისებაში მონაწილე ავტორიზებული პირ(ებ)ის საქმიანობის არეალი, საბაზრო წილი, აბონენტების რაოდენობა.
43. როგორც კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (N 26-10-1169; 20.05.2026) დგინდება - განხორციელებული ტრანზაქცია ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე ახალ გარემოებას არ ქმნის, შესაბამისად, შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
44. ამასთან, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, არ დგება ის აუცილებელი გარემოებები, რომელთა თანახმადაც, საჭირო იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. ამრიგად, არ იკვეთება შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ რაიმე სპეციალური ღონისძიების/ვალდებულების დაკისრების აუცილებლობა.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 36- ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის და მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის, 26-ე მუხლის, 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლებისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 26- ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო;
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ტელერადიოკომპანია რიონისთვის“ ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ბ.გასვიანი) აღნიშნული გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელერადიოკომპანია რიონისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს შპს „ტელერადიოკომპანია რიონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ანი ვაზაგაშვილი წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
