წვდომის მენიუ

შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-26-18 / 293

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 03, 2026 11:22

მიღების თარიღი ივნისი 25, 2026

შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ავტორიზებული პირი: შპს „ტელეკომპანია პირველი“

სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევა

წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის   აპარატის   მედიამომსახურებების   რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N26-10-1266 02.06.2026)

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 18 ივნისი, 25 ივნისი, 15:00 საათი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1.   საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   (შემდგომში   „კომისია“)   აპარატის მედიამომსახურებების   რეგულირების   დეპარტამენტის   მოხსენებითი   ბარათის   (N26-10-1266 02.06.2026)   საფუძველზე,   კომისიაში   დაიწყო   მარტივი   ადმინისტრაციული   წარმოება   შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიერ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის გამო.

2.  მოხსენებითი ბარათიდან (N26-10-1266 02.06.2026) ირკვევა, რომ კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის პერიოდული მონიტორინგის ფარგლებში განხორციელდა შპს „ტელეკომპანია პირველის“ მონიტორინგი. მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა აღნიშნული მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების შესრულებაზე დაკვირვება. მონიტორინგს დაექვემდებარა მიმდინარე წლის 1 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით პერიოდში ეთერში გასული ახალი ამბების პროგრამები, შერჩევითად. მოხსენებითი ბარათის თანახმად, ზემოაღნიშნული მონიტორინგის  შედეგად  დგინდება,  რომ  მაუწყებლის  მხრიდან  ადგილი  აქვს  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევას. კერძოდ:

3. „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევა - მიუკერძოებლობის პრინციპის შესაბამისად,  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს კანონი ზღუდავს მაუწყებლის შესაძლებლობას, ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროგრამებში გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ან/და მიმდინარე მოვლენები გააშუქოს მიკერძოებულად, საკუთარი შეხედულების მიხედვით.1 კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. ამგვარი განმარტება ასევე გამომდინარეობს კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდანაც, რომლის მიხედვით, „იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის გამოხატვა“.2

4. კომისიის  მიერ  ყველა  კონკრეტულ  შემთხვევაში  მაუწყებლის  პოზიციის  გამოხატვა  ფასდება ინდივიდუალური გარემოებების ანალიზის გზით. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმის დადგენა, პოზიციას გამოხატავს თუ არა მაუწყებლის წარმომადგენელი და არის თუ არა გამოხატული რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიცია.3    კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით ასევე იკრძალება მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. შესაბამისად, შეზღუდულია არა მხოლოდ მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა, არამედ - მაუწყებლის პოზიციის შესაბამისად, პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების და საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება. მაუწყებელმა აღნიშნული საკითხების გაშუქებისას უნდა დაიცვას თვალსაზრისობრივი ნეიტრალიტეტი და რომელიმე მხარისთვის უპირატესობის მინიჭების გარეშე, მიუკერძოებლად და ნეიტრალურად გადმოსცეს მოვლენები.4

5. მოხსენებითი ბარათის (N26-10-1266 02.06.2026)  თანახმად,  განსახილველ  შემთხვევაში სადავო ფრაზები გამოთქმულია მაუწყებლის წარმომადგენლების, ახალი  ამბების პროგრამის წამყვანების/ჟურნალისტების მხრიდან. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას ის გარემოება, რომ ფრაზები მაუწყებელს შეერაცხება. ამავდროულად, კანონი უთითებს, რომ მაუწყებელმა ახალი ამბები მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე არ  უნდა  გააშუქოს.  მოცემულ  შემთხვევაში  მაუწყებლის  წამყვანების/ჟურნალისტების  მიერ.

1 კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ.16

2    განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N 07-3/29/11, გვ.2

3 იხ. კომისიის 2025 წლის 3 ივლისის N გ-25-16/355 გადაწყვეტილება „შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“, კომისიის 2025 წლის 3 ივლისის N გ-25-16/354 გადაწყვეტილება „შპს „მთავარი არხის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“, კომისიის 2025 წლის 3 ივლისის N გ-25-16/353 გადაწყვეტილება „შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“.

4 კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ.17-18.

წარმოთქმული ხსენებული ფრაზები მათი კონტექსტის, გავრცელების ფორმის, შინაარსისა და ინტენსივობის გათვალისწინებით წარმოადგენს სწორედ მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე ახალი ამბების გაშუქებას. გასათვალისწინებელია, რომ მაუწყებლის წამყვანების/ჟურნალისტების მიერ წარმოთქმული სადავო ფრაზები გამოხატულია როგორც მათი საკუთარი მოსაზრებები და არა მესამე პირთა შეფასებები. ქვემოთ მოყვანილია აღნიშნული დარღვევის მაგალითები:

6.  11 მაისი, 11:00 სთ. „პირველები“ 11:41 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „ამ წუთებში სინდისის პატიმრები გლდანის ციხიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაჰყავთ. დღეს რვა ადამიანის პროცესია. ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაჭერილებიდან ნაწილი დღეს მოსამართლეს სიტყვით მიმართავს. ცრუ მოწმე პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე გასამართლებულები წელიწადი და ხუთი თვეა სასჯელს იხდიან. არცერთი ოცნების გამოძიების წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებს”.

7. 12 მაისი, 20:00 სთ. „პირველები“ 20:00 სთ. ახალი ამბების ანონსში ჟურნალისტი ამბობს - “ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საფრანგეთის პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო. ეს დოკუმენტი ყველაზე მძიმე ივანიშვილისთვისაა. ოლიგარქი და მისი ოჯახი ქონებას პარიზში ფლობს. პირველებში რვაზე მოგიყვებით რას მოითხოვს დოკუმენტი რომელიც ივანიშვილზე პუტინის რეჟიმის გავლენებზე ღიად საუბრობს“.

8. 12 მაისი, 20:00 სთ. „პირველები“ 20:00 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „ახალი პატრიარქი და ახალი მოლოდინი. მოხდება თუ არა სინდისისა და პოლიტპატიმრების შეწყალება შიო მესამის შუამავლობით. ამ დრომდე ღიად გაკეთებული განცხადებები ტოვებს განცდას, რომ კონსულტაციები ქართულ ოცნებასთან არის დაწყებული. შეწყალება მღვდელმთავრებისთვის ქრისტიანულად, ადამიანურად და სახელმწიფოებრივადაც ერთადერთი გამართლებული ნაბიჯია”. სიუჟეტის მსვლელობისას სიუჟეტის ავტორი ამბობს - „წავა თუ არა იგივე წრეზე ბიძინა ივანიშვილი? ამ კითხვას პასუხი უახლოეს პერიოდში გაეცემა. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან. ქართული ოცნების წევრები დღეს სინდისის პატიმრებს უთვლიდნენ, რომ უნდა აღიარონ დანაშაული, არარსებული დანაშაული, მოინანიონ და ითხოვონ შეწყალება. პრინციპში რას ამბობენ ქართული ოცნების რიგითი წევრები ბევრს არაფერს არ ნიშნავს, რადგან პრაქტიკა აჩვენებს, რომ მაინც ყველაფერი ისე მოხდება, რასაც ბიძინა ივანიშვილი იტყვის. შესაბამისად, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება ბიძინა ივანიშვილის, რომ ციხის კარი გაუხსნა სინდისის პატიმრებს თუ პოლიტიკურ ტყვეებს, ამას ის გააკეთებს. კულუარებში საუბრობენ, რომ ქართული ოცნების მთავარი საჩუქარი უწმინდესი და უნეტარესისთვის იქნება ფართომასშტაბიანი ამნისტია. პატიმრების გათავისუფლების სამართლებრივი ორი გზა არსებობს. პირველი - მიხეილ ყაველაშვილმა შეწყალების აქტი უნდა გამოცეს, მეორე კი ფართომასშტაბიანი ამინისტია არის. მღვდელმსახურები, მაღალი იერარქები, ის ადამიანები, რომლებიც დღეს კამერებთან გაჩერდნენ, ერთმანეთის მიყოლებით ამბობდნენ, რომ საჭიროა ქვეყანაში კონსოლიდაცია, ერთობა და მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანი არის სინდისის პატიმრებმა თუ პოლიტიკურმა პატიმრებმა ციხეები დატოვონ“. შემდეგ მეუფე ანანია ამბობს - „პატიმართა შეწყალება წერია, ერთ-ერთი სათნოება არის, ეს აუცილებელი არის, სათნოებაა ღვთისა“ შემდეგ ისევ ჟურნალისტი - „ამ სიტყვებით სცადა წმინდა სინოდის ყველაზე უხუცესმა წევრმა პატრიარქის აღსაყდრების შემდეგ აეხსნა გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, რომ შეწყალება სათნოებაა და ციხის კარის გაღება სინდისის პატიმრებისა და პოლიტიკური ტყვეებისთვის იქნება გამართლებული ნაბიჯი ქრისტიანულად ადამიანურად და სახელმწიფოებრივად”. შემდეგ მეუფე ანანია ამბობს - „დაწერილია ეს, ჩვენი მოგონილი არ არის. ეს დაწერილია წიგნს გადაშლი და იქ წერია, წიგნი უნდა წავიკითხოთ იქ წერია რაც წერია ეს უნდა შევასრულოთ გავარკვიოთ ეს, უნდა გავიგოთ, ყველა პატიმარს უნდა მივხედოთ, ასეა დაწერილი”. შემდეგ ჟურნალისტი ამბობს - „იქნება თუ არა უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამის პირველი ნაბიჯი სინდისის პატიმრების გათავისუფლების ინიციატივა ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა რაც ჯერ კიდევ 9 აპრილს მამა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ საკითხს პატრიარქის არჩევის შემდეგ დაუბრუნდებოდნენ. მამა ანდრიამ დღეს სვეტიცხოვლის ტაძარში დაადასტურა, რომ სიახლეებს უნდა ველოდოთ“ იმავე სიუჟეტში ჟურნალისტი ამბობს: „მღვდელმთავრების აბსოლუტური უმრავლესობის განცხადებებიდან ჩნდებოდა დღეს განცდა, რომ სინდისის პატიმრების თემაზე შიო მესამეს კონსულტაციები ქართულ ოცნებასთან უკვე დაწყებული აქვს. სასულიერო პირები დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა დღეს ყველა აცხადებდა, რომ შეწყალება აუცილებელია, პროცესში კი პატრიარქის როლი გადამწყვეტი იქნება“ ასევე, ჟურნალისტი ამბობს - „წავა თუ არა იგივე წრეზე ივანიშვილი ამ კითხვას პასუხი სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში გაეცემა. ქართული ოცნება კი სინდისის პატიმრებისგან ისევ არარსებული დანაშაულის აღიარებას, მონანიებას და შეწყალების თხოვნას ელოდება. მსგავსი შინაარსის განცხადებები სვეტიცხოველში ჯერ მამუკა მდინარაძემ, შემდეგ კი შალვა პაპუაშვილმა გააკეთეს“. სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტი ამბობს -„შიო მესამეს პირველი ქადაგების დროს სინდისის პატიმრებზე არაფერი უთქვამს მაგრამ კულუარებში ამბობენ, რომ ოცნების მთავარი საჩუქარი უწმინდესისთვის ფართომასშტაბიანი შეწყალება იქნება“. 9.   12 მაისი, 20:00 სთ. „პირველები“ 20:31 სთ. - სიუჟეტის ავტორი ამბობს - „დიახ, რამდენიმე კვირის წინ თბილისში ვაიმარის ქვეყნების დელეგაციის ვიზიტი გახდა პრაქტიკულად მაპროვოცირებელი იმისა, რომ დღეს საფრანგეთში სენატში დამტკიცებულიყო უმწვავესი რეზოლუცია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, თუ პრეზიდენტ მაკრონის მთავრობა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ყველაზე მტკივნეული სანქციები იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის, რადგან ივანიშვილი ამ დრომდე არის საფრანგეთის მოქალაქე. ის ფლობს უძრავ ქონებას პარიზში და მას აქვს საკმაოდ დიდი მდიდრული ვილა პრინცესების ქუჩაზე. თუმცა, ივანიშვილი არ არის ერთადერთი ვისთვისაც, ბუნებრივია, ფრანგული სანქციები იქნება მტკივნეული ქართულ ოცნებაში. მაგალითად, კახა კალაძეს, ანტონ ობოლაშვილს, არაერთ დეპუტატს აქვს, ბუნებრივია, როგორც ფინანსური აქტივები, ასევე ქონება საფრანგეთში. შესაბამისად, პრეზიდენტ მაკრონის გადაწყვეტილება იქნება ყველაზე მტკივნეული ქართული ოცნებისთვის. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია რა გადაწყვეტილებას მიიღებს საფრანგეთის პრეზიდენტი. იქიდან გამომდინარე, რომ საფრანგეთი არის ევროკავშირის ლიდერი და გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანა. საფრანგეთი არის ვაიმარის სამკუთხედის ქვეყანა და ეს ნიშნავს იმას,  რომ, თუ საფრანგეთი ოფიციალურ სანქციებს და ტარგეტირებულ სანქციებს დაუწესებს ბიძინა ივანიშვილს და მის უახლოეს გარემოცვას, ეს გადაწყვეტილება შეიძლება ავტომატურად გავრცელდეს გერმანიისა და პოლონეთის ლიდერების გადაწყვეტილებებზე და თუ რა თქმა უნდა ევროკავშირის სამი ლიდერი სახელმწიფო სანქციებს დააწესებს, ბუნებრივია ეს იქნება უმძიმესი ფინანსური დარტყმა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის“.

10.  12 მაისი, 20:00 სთ. „პირველები“ 20:40 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „დღეს მზია ამაღლობელის დაბადების დღეა. ის უკვე მეორედ, საკუთარ იუბილეს გისოსებს მიღმა ხვდება. პატიმარ ჟურნალისტს მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა და კოლეგებმა 51-ე დაბადების დღე მიულოცეს. იბრძოლეთ სანამ გვიანი არ არის - ამ შინაარსის   ბანერი იყო რუსთავის ციხესთან შემაღლებულ ადგილზე გაშლილი. მოქალაქეები ცდილობდნენ შეძახილებით მიეწვდინათ ხმა ჟურნალისტისთვის, რომელიც ოცნებამ სამაგალითოდ დასაჯა პოლიციელ დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო“.

11.  13 მაისი, 15:00 სთ. „პირველები“ 15:11 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „დასანქცირდება თუ არა ივანიშვილი? კითხვას ქართული ოცნების დეპუტატები წყობიდან გამოჰყავს. ოლიგარქის პარტიამ ლიდერის დაცვა დღეს სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმით გადაწყვიტა. მეხუთე პრეზიდენტის სამიზნე იმის გამო გახდა, რომ ის საფრანგეთის ასამბლეაში, სადაც ივანიშვილის სანქცირების რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, დარბაზში იმყოფებოდა. ოცნების დეპუტატებმა დღეს მეხუთე პრეზიდენტი მოღალატედ გამოაცხადეს და მარია ზახაროვასაც კი შეადარეს. ქართული ოცნება ირწმუნება, რომ ამ დოკუმენტს არანაირი ფასი არ აქვს, მაგრამ მათი რეაქციები სულ სხვა განცდას ტოვებს. რა რეაქცია მოჰყვა საფრანგეთის პარლამენტის მოთხოვნას ქართულ ოცნებაში რუსუდან დუმბაძე მოგვიყვება“.

12.  13 მაისი, 15:00 სთ. „პირველები“ 15:26 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „აქტივისტების ტერორი გრძელდება დილიდან საქალაქო სასამართლოში. ადმინისტრაციული პროცესები ერთმანეთის მიყოლებით ჩანიშნეს ნაწილს გზის გადაკეტვის ნაწილს კი ტროტუარზე დგომის გამო ასამართლებენ ზოგიერთი იზოლატორშიც გაუშვეს ნაწილი კი ახლაც სასამართლოს დარბაზშია და ვერდიქტს ელოდება რა ეტაპზეა საქმეების განხილვა ხატია სამხარაძეა პირდაპირ ეთერში”.

13. მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნული მაგალითები წარმოადგენს მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში საკითხის გაშუქებას მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების  ან   მოსაზრების   საფუძველზე,   კერძოდ  შემდეგი  ფრაზები/წინადადებები:

„სინდისის პატიმრები“, „ცრუ მოწმე პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე გასამართლებულები“, „ოცნების გამოძიების“, „ოლიგარქი“, „სინდისისა და პოლიტპატიმრების“, „სინდისის პატიმრებს“, „არარსებული დანაშაული“, „რას ამბობენ ქართული ოცნების რიგითი წევრები ბევრს არაფერს არ ნიშნავს, რადგან პრაქტიკა აჩვენებს, რომ მაინც ყველაფერი ისე მოხდება, რასაც ბიძინა ივანიშვილი იტყვის. შესაბამისად, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება ბიძინა ივანიშვილის, რომ ციხის კარი გაუხსნა სინდისის პატიმრებს თუ პოლიტიკურ ტყვეებს, ამას ის გააკეთებს“, „ციხის კარის გაღება სინდისის პატიმრებისა და პოლიტიკური ტყვეებისთვის იქნება გამართლებული ნაბიჯი ქრისტიანულად ადამიანურად და სახელმწიფოებრივად”, „ქართული ოცნება კი სინდისის პატიმრებისგან ისევ არარსებული დანაშაულის აღიარებას ელოდება“, „ეს იქნება უმძიმესი ფინანსური დარტყმა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის“, „რომელიც ოცნებამ სამაგალითოდ დასაჯა“, „ქართული ოცნების დეპუტატები წყობიდან გამოჰყავს. ოლიგარქის პარტიამ ლიდერის დაცვა დღეს სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმით გადაწყვიტა“, „აქტივისტების ტერორი გრძელდება“ - არის მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება, რითაც ადგილი აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევას.

14. შპს  „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა დაინიშნა 2026 წლის 18 ივნისს, რის შესახებაც, კომპანიას გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება. ავტორიზებულ პირს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

15. შპს „ტელეკომპანია პირველმა“ კომისიაში წარმოადგინა წერილობითი პოზიცია (ახსნა- განმარტება) (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/5932 18.06.2016). მაუწყებლის წერილობითი პოზიციის თანახმად, სადავო ფრაზები არ არის მედიის შეფასება, არამედ, საზოგადოებაში კარგად დამკვიდრებული ტერმინები. მაგ. ტერმინი „სინდისის პატიმარი“ (Prisoner of Conscience) არის საერთაშორისოდ აღიარებული სამართლებრივი და უფლებადამცველობითი ტერმინი (მაგ: Amnesty International-ის მიერ დამკვიდრებული). მედია იყენებს ამ ტერმინს იმ საზოგადოებრივი და უფლებადამცველობითი კონტექსტის გადმოსაცემად, რომელიც ამ კონკრეტულ საქმეებს ახლავს. რაც შეეხება „ცრუ მოწმე პოლიციელებს“ – ეს ასახავს დაცვის მხარის, ბრალდებულებისა და უფლებადამცველების პოზიციას, რისი გაჟღერების უფლებაც მედიას აქვს, როგორც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თემებზე. რაც შეეხება ტერმინს „ოლიგარქი“ - სიუჟეტი ეყრდნობა კონკრეტულ ფაქტობრივ საფუძველს – საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ დოკუმენტს/რეზოლუციას. ვინაიდან საერთაშორისო დოკუმენტებში, ევროკავშირის რეკომენდაციებსა თუ დასავლურ მედიაში ბიძინა ივანიშვილი ხშირად მოიხსენიება დეოლიგარქიზაციის კონტექსტში, ჟურნალისტის მიერ ამ ტერმინის გამოყენება არის საერთაშორისო და ადგილობრივი პოლიტიკური დისკურსის ნაწილი. მაუწყებლის განმარტებით, ჟურნალისტის მიერ გამოყენებული ფრაზა „არარსებული დანაშაული“ პირდაპირ კავშირშია სიუჟეტში მოყვანილ სინოდის წევრების (მაგ. მეუფე ანანიას) განცხადებებთან, რომლებიც პატიმართა შეწყალებასა და ციხის კარების გაღებაზე საუბრობენ. ფრაზა „არარსებული დანაშაული“ გამოხატავს თავად პატიმრებისა და მათი ადვოკატების მუდმივ სამართლებრივ პოზიციას (რომ ისინი ბრალს არ აღიარებენ). შპს „ტელეკომპანია პირველის“ წერილობითი პოზიციის თანახმად, მედია ვალდებულია აჩვენოს საზოგადოებას პროცესის მიმართ არსებული კრიტიკული დამოკიდებულება, მაგ: „მოქალაქეები ცდილობდნენ შეძახილებით მიეწვდინათ ხმა ჟურნალისტისთვის, რომელიც ოცნებამ სამაგალითოდ დასაჯა პოლიციელ დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო“. მაუწყებლის განცხადებით აღნიშნული ტექსტი ეხება კონკრეტულ, რეალურ შემთხვევას — ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაკავებასა და მის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს. ფაქტი, რომ მოქალაქეები აქციით გამოხატავდნენ სოლიდარობას, სიმართლეს შეესაბამება. მაუწყებლის განმარტებით, ჟურნალისტი არ გამოხატავს პირად მოსაზრებას სასამართლო სისტემაზე. ფრაზა ასახავს იმ ობიექტურ საზოგადოებრივ აღქმას და კრიტიკას, რომელიც ამ საქმის ირგვლივ საზოგადოებრივ ჯგუფებში, უფლებადამცველებსა და მედიამკვლევარებში უკვე არსებობს. მოცემული ფრაზა არის არა მაუწყებლის პირადი პოზიცია, არამედ იმ სოციალური რეალობის კონსტატაცია, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ პროცესს აღიქვამს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს. შპს „ტელეკომპანია პირველის“ პოზიციით, მედია ვალდებულია საზოგადოებას აჩვენოს მოვლენის სწორედ ის აღქმა, რომელიც რეალურად არსებობს და გავლენას ახდენს საზოგადოებრივ განწყობებზე. წერილობით პოზიციაში ასევე მითითებულია, რომ   ფრაზა „აქტივისტების ტერორი გრძელდება“- არ არის ჟურნალისტის მიერ გამოგონილი შეფასება, თავად დაკავებული აქტივისტები, მათი ადვოკატები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური სპექტრი მიმდინარე მასობრივ დაკავებებსა და სასამართლო პროცესებს სწორედ ამ ტერმინით - „ტერორით“ და „დევნით“ ნათლავენ. მაუწყებელს მიაჩნია, რომ გამონათქვამები: „ოლიგარქის პარტია“, „ოლიგარქი“ და „ოლიგარქიული მმართველობა“ არ არის ტელევიზიის სარედაქციო კოლეგიის მიერ გამოგონილი სუბიექტური ეპითეტები, არამედ არის საერთაშორისო და ადგილობრივ პოლიტიკურ დღის წესრიგში უკვე დამკვიდრებული ტერმინოლოგია, რომელიც ფიგურირებს ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში, რეზოლუციებსა და პოლიტიკურ დებატებში. შპს „ტელეკომპანია პირველის“  წერილობით პოზიციაში ასევე აღნიშნულია, რომ მმართველ პარტიას „ოლიგარქის პარტიად“ მოიხსენიებს არა თავად მაუწყებელი საკუთარი სიმპათია-ანტიპათიის გამო, არამედ ეს არის საჯარო პოლიტიკურ სივრცეში არსებული რეალური სტატუსი და მოცემულობა, რომლითაც ამ ძალას საერთაშორისო პარტნიორები და შიდა პოლიტიკური აქტორები ახასიათებენ. მაუწყებელი განმარტავს, რომ მედია უბრალოდ იყენებს იმ პოლიტიკურ ენას, რომლითაც ეს მოვლენა საზოგადოებაშია აღწერილი; რაც შეეხება ფრაზას - „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის“ - მაუწყებლის მოსაზრებით, არსებული მმართველობის მოდელის „რეჟიმად“ მოხსენიება არის პოლიტოლოგიური და საზოგადოებრივი კვალიფიკაცია, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული საზოგადოებრივ აზრში. მაუწყებლის წერილობით პოზიციაში ასევე აღნიშულია, რომ ჟურნალისტი არ ქმნის ახალ შეფასებას, ის იმოწმებს უკვე არსებულ პოლიტიკურ რეალობას. „ტერმინი „რეჟიმი“ მოცემულ კონტექსტში ასახავს იმ პოლიტიკურ კრიტიკასა და ანალიზს, რომელიც საფრანგეთის პარლამენტის რეზოლუციის მიღებას მოჰყვა. ვინაიდან, თავად საერთაშორისო დოკუმენტები და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯგუფები საუბრობენ ძალაუფლების ვერტიკალზე, მედია ვალდებულია მოვლენები აღწეროს იმ ტერმინებით, რომლებითაც ოფიციალური თუ საზოგადოებრივი მხარეები ოპერირებენ. მაუწყებლის წერილობით მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტი მაუწყებელს უკრძალავს პირადი დამოკიდებულების გამოხატვას, თუმცა, კანონი ვერ აიძულებს მედიას, იყოს ბრმა და ყრუ იმ რეალობის მიმართ, სადაც საზოგადოება, საერთაშორისო თანამეგობრობა და პოლიტიკური სპექტრი მოვლენებს კონკრეტულ სახელებს  არქმევს,  ჟურნალისტი  არ  გამოხატავს საკუთარ  აზრს;  ის  აშუქებს  იმ  ფაქტს,  რომ საზოგადოებაში ეს მოვლენები სწორედ ამგვარად არის აღქმული, შეფასებული და იდენტიფიცირებული. მოვლენების ამგვარი გაჟღერება არის არა კანონდარღვევა, არამედ საზოგადოების ინფორმირების ობიექტური ვალდებულება. შპს „ტელეკომპანია პირველის“ წერილობით პოზიციაში მითითებულია ის დოკუმენტები, რომლებშიც გამოყენებულია ზემოაღნიშნული ფრაზები. წერილობით პოზიციას მტკიცებულებების სახით დართული აქვს ამონარიდები სოციალური ქსელებიდან (ე.წ. „სქრინები“), სადაც ჩანს სადავო ფრაზები გამოყენებული სხვადასხვა გვერდების/პირების მიერ.

16. კომისიის 2026 წლის 18 ივნისის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენლების თ. მიგინეიშვილი და ნ. მელაძე.

17.  შპს  „ტელეკომპანია  პირველის“  წარმომადგენელმა  თ.  მიგინეიშვილმა  მხარი  დაუჭირა  შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიერ კომისიაში 2026 წლის 18 ივნისს წარმოდგენილ წერილობით პოზიციას. თ. მიგინეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ  კომისიამ, მსგავსი საკითხების განხილვისა და სავარაუდო დარღვევის დადგენის დროს, უნდა გაითვალისწინოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და სიუჟეტის კონტექსტი.

18. შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ  წარმოდგენილი აქვს არაერთი მტკიცებულება განცხადებებზე, როგორიც არის: „სინდისის პატიმრები", „ცრუ მოწმეები", ტერმინი „ოლიგარქი", „არარსებული დანაშაული" და წარმოდგენილი აქვს პოზიცია, რომ ეს არ არის მაუწყებლის შეფასება. მისი განმარტებით, ეს ფრაზები/განცხადებები ჟღერდება სოციალურ ქსელებში,   ექსპერტების მიერ, საერთაშორისო დოკუმენტებში, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ დასკვნებში, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ დასკვნებში, კომენტარებში და ადვოკატების პოზიციებში.

II.  მარეგულირებელი კანონმდებლობა

19. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს    კანონმდებლობას    შეადგენს    საქართველოს    კონსტიტუცია,    საქართველოს 5 კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ.15. საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

20.  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის   მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;

21. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციაა მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;

22. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ავტორიზებული  პირი ვალდებულია: დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის  დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

23. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა;

24. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული/გავრცელებული პროგრამის, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, რომლებიც მას საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს მის მიერ გავრცელებული პროგრამის, მომხმარებლის გენერირებული ვიდეორგოლისა და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა;

25. „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   70-ე   მუხლის   მე-2   პუნქტის   თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და მის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;

26. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი კომისია ვალდებულია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებს დააკისროს ჯარიმა, თუ მათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრეს გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულეს კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მათ აღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინეს ახალი დარღვევა;

27. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა;

28. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების”  (დანართი  N1)  მე-16  მუხლის  მე-5  პუნქტის  თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით.“ ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.

III.   სამოტივაციო ნაწილი

1.    შესწავლილი მტკიცებულებები

29.  კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N26-10-1266 02.06.2026);

30.  შპს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტების ამსახველი ვიდეოჩანაწერები;

31. შპს „ტელეკომპანია პირველის“ წერილობითი პოზიცია (Nშ-26-6/5932 18.06.2026) თანდართული მტკიცებულებებით;

32. შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენლების თ. მიგინეიშვილის და ნ. მელაძის ახსნა- განმარტება კომისიის 2026 წლის 18 ივნისის კომისიის სხდომაზე.

33.  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელეკომპანია პირველის“ შესახებ მონაცემები;

2.    დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

34.  შპს „ტელეკომპანია პირველი“  მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია.

მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელეკომპანია პირველის“ შესახებ.

35. შპს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში, სხვადასხვა დროს, კერძოდ, 2026 წლის 11 მაისიდან - 13 მაისის  პერიოდში გავრცელდა შემდეგი ინფორმაცია:

ა) 11 მაისი, 11:00 სთ. „პირველები“ 11:41 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „ამ წუთებში სინდისის პატიმრები გლდანის ციხიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაჰყავთ. დღეს რვა ადამიანის პროცესია. ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაჭერილებიდან ნაწილი დღეს მოსამართლეს სიტყვით მიმართავს. ცრუ მოწმე პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე გასამართლებულები წელიწადი და ხუთი თვეა სასჯელს იხდიან. არცერთი ოცნების გამოძიების წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებს“.

ბ) 12 მაისი, 20:00 სთ. „პირველები“ 20:00 სთ. ახალი ამბების ანონსში ჟურნალისტი ამბობს - „ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საფრანგეთის პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო. ეს დოკუმენტი ყველაზე მძიმე ივანიშვილისთვისაა. ოლიგარქი და მისი ოჯახი ქონებას პარიზში ფლობს. პირველებში რვაზე მოგიყვებით, რას მოითხოვს დოკუმენტი, რომელიც ივანიშვილზე პუტინის რეჟიმის გავლენებზე ღიად საუბრობს“.

გ) 12 მაისი, 20:00 სთ. „პირველები“ 20:00 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „ახალი პატრიარქი და ახალი მოლოდინი. მოხდება თუ არა სინდისისა და პოლიტპატიმრების შეწყალება შიო მესამე შუამავლობით. ამ დრომდე ღიად გაკეთებული განცხადებები ტოვებს განცდას, რომ კონსულტაციები ქართულ ოცნებასთან არის დაწყებული. შეწყალება მღვდელმთავრებისთვის ქრისტიანულად, ადამიანურად და სახელმწიფოებრივადაც ერთადერთი გამართლებული ნაბიჯია“. სიუჟეტის მსვლელობისას სიუჟეტის ავტორი ამბობს - „წავა თუ არა იგივე წრეზე ბიძინა ივანიშვილი? ამ კითხვას პასუხი უახლოეს პერიოდში გაეცემა. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან. ქართული ოცნების წევრები დღეს სინდისის პატიმრებს უთვლიდნენ, რომ უნდა აღიარონ დანაშაული, არარსებული დანაშაული, მოინანიონ და ითხოვონ შეწყალება. პრინციპში რას ამბობენ ქართული ოცნების რიგითი წევრები ბევრს არაფერს არ ნიშნავს, რადგან პრაქტიკა აჩვენებს, რომ მაინც ყველაფერი ისე მოხდება, რასაც ბიძინა ივანიშვილი იტყვის. შესაბამისად, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება ბიძინა ივანიშვილის, რომ ციხის კარი გაუხსნა სინდისის პატიმრებს თუ პოლიტიკურ ტყვეებს, ამას ის გააკეთებს. კულუარებში საუბრობენ, რომ ქართული ოცნების მთავარი საჩუქარი უწმინდესი და უნეტარესისთვის იქნება ფართომასშტაბიანი ამნისტია. პატიმრების გათავისუფლების სამართლებრივი ორი გზა არსებობს. პირველი მიხეილ ყაველაშვილმა შეწყალების აქტი უნდა გამოცეს, მეორე კი ფართომასშტაბიანი ამინისტია არის მღვდელმსახურები, მაღალი იერარქები, ის ადამიანები, რომლებიც დღეს კამერებთან გაჩერდნენ, ერთმანეთის მიყოლებით ამბობდნენ, რომ საჭიროა ქვეყანაში კონსოლიდაცია, ერთობა და მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანი არის სინდისის პატიმრებმა თუ პოლიტიკურმა პატიმრებმა ციხეები დატოვონ“. შემდეგ მეუფე ანანია ამბობს - „პატიმართა შეწყალება წერია, ერთ-ერთი სათნოება არის, ეს აუცილებელი არის, სათნოებაა ღვთისა“ შემდეგ ისევ ჟურნალისტი - „ამ სიტყვებით სცადა წმინდა სინოდის ყველაზე უხუცესმა წევრმა პატრიარქის აღსაყდრების შემდეგ აეხსნა გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, რომ შეწყალება სათნოებაა და ციხის კარის გაღება სინდისის პატიმრებისა და პოლიტიკური ტყვეებისთვის იქნება გამართლებული ნაბიჯი ქრისტიანულად ადამიანურად და სახელმწიფოებრივად”. შემდეგ მეუფე ანანია ამბობს - „დაწერილია ეს ჩვენი მოგონილი არ არის ეს დაწერილია წიგნს გადაშლი და იქ წერია წიგნი უნდა წავიკითხოთ იქ წერია რაც წერია ეს უნდა შევასრულოთ გავარკვიოთ ეს, უნდა გავიგოთ ყველა პატიმარს უნდა მივხედოთ, ასეა დაწერილი”. შემდეგ ჟურნალისტი ამბობს - „იქნება თუ არა უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამის პირველი ნაბიჯი სინდისის პატიმრების გათავისუფლების ინიციატივა ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა რაც ჯერ კიდევ 9 აპრილს მამა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ საკითხს პატრიარქის არჩევის შემდეგ დაუბრუნდებოდნენ მამა ანდრიამ დღეს სვეტიცხოვლის ტაძარში დაადასტურა, რომ სიახლეებს უნდა ველოდოთ” იმავე სიუჟეტში ჟურნალისტი ამბობს - „მღვდელმთავრების აბსოლუტური უმრავლესობის განცხადებებიდან ჩნდებოდა დღეს განცდა, რომ სინდისის პატიმრების თემაზე შიო მესამეს კონსულტაციები ქართულ ოცნებასთან უკვე დაწყებული აქვს სასულიერო პირები დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა დღეს ყველა აცხადებდა, რომ შეწყალება აუცილებელია, პროცესში კი პატრიარქის როლი გადამწყვეტი იქნება“ ასევე, ჟურნალისტი ამბობს - „წავა თუ არა იგივე წრეზე ივანიშვილი ამ კითხვას პასუხი სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში გაეცემა. ქართული ოცნება კი სინდისის პატიმრებისგან ისევ არარსებული დანაშაულის აღიარებას, მონანიებას და შეწყალების თხოვნას ელოდება. მსგავსი შინაარსის განცხადებები სვეტიცხოველში ჯერ მამუკა მდინარაძემ, შემდეგ კი შალვა პაპუაშვილმა გააკეთეს“. სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტი ამბობს -„შიო მესამეს პირველი ქადაგების დროს სინდისის პატიმრებზე არაფერი უთქვამს მაგრამ კულუარებში ამბობენ, რომ ოცნების მთავარი საჩუქარი უწმინდესისთვის ფართომასშტაბიანი შეწყალება იქნება“.

დ) 12 მაისი, 20:00 სთ. „პირველები“ 20:31 სთ. - სიუჟეტის ავტორი ამბობს - „დიახ, რამდენიმე კვირის წინ თბილისში ვაიმარის ქვეყნების დელეგაციის ვიზიტი გახდა პრაქტიკულად მაპროვოცირებელი იმისა, რომ დღეს საფრანგეთში სენატში დამტკიცებულიყო უმწვავესი რეზოლუცია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, თუ პრეზიდენტ მაკრონის მთავრობა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ყველაზე მტკივნეული სანქციები იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის, რადგან ივანიშვილი ამ დრომდე არის საფრანგეთის მოქალაქე. ის ფლობს უძრავ ქონებას პარიზში და მას აქვს საკმაოდ დიდი მდიდრული ვილა პრინცესების ქუჩაზე. თუმცა ივანიშვილი არ არის ერთადერთი ვინც ვისთვისაც ბუნებრივია ფრანგული სანქციები იქნება მტკივნეული ქართულ ოცნებაში. მაგალითად, კახა კალაძეს, ანტონ ობოლაშვილს, არაერთ დეპუტატს აქვს, ბუნებრივია, როგორც ფინანსური აქტივები, ასევე ქონება საფრანგეთში. შესაბამისად, პრეზიდენტ მაკრონის გადაწყვეტილება იქნება ყველაზე მტკივნეული ქართული ოცნებისთვის. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია რა გადაწყვეტილებას მიიღებს საფრანგეთის პრეზიდენტი. იქიდან გამომდინარე, რომ საფრანგეთი არის ევროკავშირის ლიდერი და გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანა. საფრანგეთი არის ვაიმარის სამკუთხედის ქვეყანა და ეს ნიშნავს იმას თუ რომ თუ საფრანგეთი ოფიციალურ სანქციებს და ტარგეტირებულ სანქციებს დაუწესებს ბიძინა ივანიშვილს და მის უახლოეს გარემოცვას, ეს გადაწყვეტილება შეიძლება ავტომატურად გავრცელდეს გერმანიისა და პოლონეთის ლიდერების გადაწყვეტილებებზე და თუ რა თქმა უნდა ევროკავშირის სამი ლიდერი სახელმწიფო სანქციებს დააწესებს, ბუნებრივია ეს იქნება უმძიმესი ფინანსური დარტყმა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის“.

ე)   12 მაისი, 20:00 სთ. „პირველები“ 20:40 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „დღეს მზია ამაღლობელის დაბადების დღეა. ის უკვე მეორედ საკუთარ იუბილეს გისოსებს მიღმა ხვდება. პატიმარ ჟურნალისტს მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა და კოლეგებმა 51-ე დაბადების დღე მიულოცეს. იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის ამ შინაარსის, ბანერი იყო რუსთავის ციხესთან შემაღლებულ ადგილზე გაშლილი. მოქალაქეები ცდილობდნენ შეძახილებით მიეწვდინათ ხმა ჟურნალისტისთვის, რომელიც ოცნებამ სამაგალითოდ დასაჯა პოლიციელ დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო“.

ვ) 13 მაისი, 15:00 სთ. „პირველები“ 15:11 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „დასანქცირდება თუ არა ივანიშვილი? კითხვას ქართული ოცნების დეპუტატები წყობიდან გამოჰყავს. ოლიგარქის პარტიამ ლიდერის დაცვა დღეს სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმით გადაწყვიტა. მეხუთე პრეზიდენტის სამიზნე იმის გამო გახდა, რომ ის საფრანგეთის ასამბლეაში, სადაც ივანიშვილის სანქცირების რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, დარბაზში იმყოფებოდა. ოცნების დეპუტატებმა დღეს მეხუთე პრეზიდენტი მოღალატედ გამოაცხადეს და მარია ზახაროვასაც კი შეადარეს. ქართული ოცნება ირწმუნება, რომ ამ დოკუმენტს არანაირი ფასი არ აქვს, მაგრამ მათი რეაქციები სულ სხვა განცდას ტოვებს. რა რეაქცია მოჰყვა საფრანგეთის პარლამენტის მოთხოვნას ქართულ ოცნებაში რუსუდან დუმბაძე მოგვიყვება“.

ზ)   13 მაისი, 15:00 სთ. „პირველები“ 15:26 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „აქტივისტების ტერორი გრძელდება დილიდან საქალაქო სასამართლოში. ადმინისტრაციული პროცესები ერთმანეთის მიყოლებით ჩანიშნეს ნაწილს გზის გადაკეტვის ნაწილს კი ტროტუარზე დგომის გამო ასამართლებენ ზოგიერთი იზოლატორშიც გაუშვეს ნაწილი კი ახლაც სასამართლოს დარბაზშია და ვერდიქტს ელოდება რა ეტაპზეა საქმეების განხილვა ხატია სამხარაძეა პირდაპირ ეთერში”. მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 26-10-993; 29.04.2026); დარღვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

36. შპს „ტელეკომპანია პირველს“ კომისიის 2026 წლის 8 აპრილის N გ-26-18/166 გადაწყვეტილებით მიეცა წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 54-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების დარღვევის გამო.

მტკიცებულება: კომისიის 2026 წლის 8 აპრილის N გ-26-18/166 გადაწყვეტილება.

3.  სამართლებრივი შეფასება

3.1. მაუწყებლობის მიუკერძოებლობის რეგულირება

37. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში 2025 წლის 1 აპრილის კანონით (დოკუმენტის N394-IIმს-XIმპ) შესული ცვლილებით კომისიის მიერ აღსრულებას დაექვემდებარა შინაარსობრივი მოთხოვნა, როგორიც არის მაუწყებლის მიუკერძოებლობა. მიუკერძოებლობა მაუწყებლობის და ზოგადად მედიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია. მიუკერძოებლობის პრინციპი მოითხოვს, რომ მაუწყებელმა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები გააშუქოს სათანადო ობიექტურობით და უზრუნველყოს, რომ საჯარო დისკუსიის არცერთ მხარეს არ მიენიჭოს უპირატესობა. მიუკერძოებლობის პრინციპი ასევე მოითხოვს, რომ მაუწყებელმა გამოავლინოს მიუკერძოებლობა ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში და არ გამოხატოს საკუთარი პოზიცია. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განმარტებითი ბარათში მითითებულია, რომ „იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის გამოხატვა.“5

38. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. კანონი უშვებს ამ პრინციპიდან გადახვევას და მაუწყებლის პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობას საავტორო პროგრამებში.

39. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-3  მუხლის  პირველი პუნქტის მიხედვით, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი - მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკისა და საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.

40. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით კი - მედიაპლურალიზმის დაცვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აზრის გამოხატვის თავისუფლების რეალიზების, მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა და მეწარმეთა უფლებების დასაცავად შექმნილი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობა გარანტირებულია კანონით.

5  განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N 07-3/29/11, 2

41. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ ის „ინფორმაცია“ და „იდეები“, რომლებიც სასურველად არის მიღებული ან აღიქმება როგორც უწყინარი და ინდიფერენტული, არამედ - ისეთებიც, რომელიც შეურაცხმყოფელი, შემაწუხებელი და შოკისმომგვრელია სახელმწიფოსთვის ან მოსახლეობის რომელიმე ნაწილისთვის.6 ამასთან, სასამართლო პრაქტიკა არ გამორიცხავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, როდესაც ილახება სხვა ადამიანის უფლებები და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესები.

42. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები საზოგადოებისა და ინდივიდების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების, აზრის ფორმირების ერთ-ერთი ცენტრალური, ფართომასშტაბიანი და ეფექტური პლატფორმაა. სწორედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეუფერხებელი, ავტონომიური, ჯეროვანი და დამოუკიდებელი საქმიანობა განაპირობებს საზოგადოებისა და თითოეული ინდივიდის მიერ აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკულ და ეფექტურ რეალიზაციას.7 სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, ისეთ სენსიტიურ სექტორში, როგორიც არის აუდიოვიზუალური მედია, ჩაურევლობის ნეგატიურ მოვალეობასთან ერთად, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ პლურალიზმს.8

43. სტრასბურგის სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მაუწყებლების გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია ლეგიტიმურად შეიზღუდოს, როდესაც ეს აუცილებელია ინფორმაციის პლურალიზმის დასაცავად, აგრეთვე გავლენიან მედია პლატფორმებზე სამართლიანი და თანასწორი დემოკრატიული დისკურსის უზრუნველსაყოფად.9 მაუწყებლის მიუკერძოებლობის პრინციპი ემსახურება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დემოკრატიული დებატის სანდოობის დაცვას იმგვარად, რომ არ მოხდეს სამაუწყებლო მედია პლატფორმების მიტაცება ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი ძლიერი ფინანსური ან გავლენიანი ჯგუფების მიერ. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, მიუკერძოებლობის პრინციპიდან გამომდინარე ვალდებულებები ასრულებს უმთავრეს როლს, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მიუკერძოებელ და ზუსტ ინფორმაციაზე წვდომა და მოსაზრებებისა და პერსპექტივების ფართო სპექტრის გაცნობის შესაძლებლობა. ეს ვალდებულებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სათანადოდ ინფორმირებულ დემოკრატიულ დებატებს.10

44. ამავდროულად, სამაუწყებლო მედიას დემოკრატიულ საზოგადოებაში უაღრესად დიდი მნიშვნელობა  აქვს.  დიდია  მაუწყებლების  როლი  საზოგადოების  ინფორმირებისა  და  საჯარო

6  ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, საჩივარი No. 5493/72, § 49

7 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე ,,შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-71,72, ასევე იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №2/6/1311 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-58

8 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ცენტრო ევროპა 7 ს.რ.ლ. და დი შტეფანო იტალიის წინააღმდეგ” [GC] - საჩივარი No. 38433/09, § 134.

9  ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ANIMAL DEFENDERS INTERNATIONAL გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ [GC] - საჩივარი No 48876/08, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სიგმა რადიო ტელევიზია კვიპროსის წინააღმდეგ“, საჩივრები No. 32181/04 და 35122/05

10       Communications        White        Paper        –        A        New        Future        for        Communications,      December2000,https://webarchive.nationalarchives.gov.uk/20100407160140/http://www.culture.gov.uk/images/publications/communicationswhitepa per_fullreport.pdf, section 6.6.1, Issue 369 of Ofcom’s Broadcast and On Demand Bulletin 20 December 2018, 21

მმართველობის პროცესზე მეთვალყურის (“watchdog”) ფუნქციის შესრულებაში.11  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიას შეეძლოს გამოიკვლიოს და გააშუქოს ნებისმიერი საკამათო საკითხი, ასევე საზოგადოების წევრებს მისცეს შესაძლებლობა, გამოხატონ კრიტიკული მოსაზრებები საზოგადოებისთვის მნიშნელოვან  ამა თუ იმ საკითხზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას მიუკერძოებლობის პრინციპი, ზუსტად და მიუკერძოებლად გადასცეს ყველა ფაქტი და საგულისხმო მოსაზრება.

45. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, კომისია, გაითვალისწინებს მაუწყებლისა და აუდიტორიის გამოხატვის თავისუფლების დაცვის ინტერესს, რომ მაუწყებელს ჰქონდეს ლეგიტიმური შესაძლებლობა, შეასრულოს საზოგადოებრივი მეთვალყურის ფუნქცია და მწვავედ, კრიტიკულად გააშუქოს ნებისმიერი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენა და მოსაზრება. მეორე მხრივ, ასევე მხედველობაში მიიღება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ ინტერესი, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას მიუკერძოებლობა და ხელი შეუწყოს ინფორმირებულ დემოკრატიულ დებატს.

3.2. ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებლის მოსაზრების გამოხატვის შეზღუდვა

46. როგორც აღინიშნა, მიუკერძოებლობის პრინციპის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონი ზღუდავს მაუწყებლის შესაძლებლობას, ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ან/და მიმდინარე მოვლენები    გააშუქოს    მიკერძოებულად,    საკუთარი    შეხედულების    მიხედვით.    კერძოდ,

„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. ამგვარი განმარტება ასევე გამომდინარეობს კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდანაც, რომლის მიხედვითაც, „იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის გამოხატვა“.12

47. ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების გამოხატვის შეზღუდვა ემსახურება მაუწყებლისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკურსის დაცვას, რათა აღიკვეთოს ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი ძლიერი ფინანსური ან გავლენიანი ჯგუფების მიერ მაუწყებლის მეშვეობით საზოგადოებრივ აზრზე არასათანადო ზემოქმედება. ამასთან, აღნიშნული დებულების მიზანია, არ დაუშვას მაუწყებლის მესაკუთრის მიერ მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა და მაუწყებლის გამოყენება მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე კონკრეტული ინტერესთა ჯგუფისთვის ხელსაყრელი მოსაზრებების გავრცელებისათვის, რაც საბოლოო ჯამში არასათანადო გავლენას ახდენს პოლიტიკურ დისკურსსა და დემოკრატიულ დებატზე.13

11   ევროპის  ადამიანის  უფლებათა  სასამართლოს  დიდი  პალატის  1994  წლის  23  სექტემბრის  გადაწყვეტილება  საქმეზე „იერსილდი დანიის წინააღმდეგ“, საჩივარი No. 1589/89,

12  განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N 07-3/29/11, 2

48. განსახილველ შემთხვევაში სადავო ფრაზები გამოთქმულია მაუწყებლის წარმომადგენლების, ახალი ამბების პროგრამის წამყვანების/ჟურნალისტების მხრიდან. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას ის გარემოება, რომ ფრაზები მაუწყებელს შეერაცხება.14 ამავდროულად,   კანონი  უთითებს რომ მაუწყებელმა ახალი ამბები მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე არ უნდა გააშუქოს.

49.   მოცემულ   შემთხვევაში   მაუწყებლის   წამყვანების/ჟურნალისტების   მიერ   წარმოთქმული ფრაზები: „სინდისის პატიმრები“, „ცრუ მოწმე პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე გასამართლებულები“, „ოცნების გამოძიების“, „ოლიგარქი“, „სინდისისა და პოლიტპატიმრების“, „სინდისის პატიმრებს“, „არარსებული დანაშაული“, „რას ამბობენ ქართული ოცნების რიგითი წევრები ბევრს არაფერს არ ნიშნავს, რადგან პრაქტიკა აჩვენებს, რომ მაინც ყველაფერი ისე მოხდება, რასაც ბიძინა ივანიშვილი იტყვის. შესაბამისად, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება ბიძინა ივანიშვილის, რომ ციხის კარი გაუხსნა სინდისის პატიმრებს თუ პოლიტიკურ ტყვეებს, ამას ის გააკეთებს“, „ციხის კარის გაღება სინდისის პატიმრებისა და პოლიტიკური ტყვეებისთვის იქნება გამართლებული ნაბიჯი ქრისტიანულად ადამიანურად და სახელმწიფოებრივად”, „ქართული ოცნება კი სინდისის პატიმრებისგან ისევ არარსებული დანაშაულის აღიარებას ელოდება“, „ეს იქნება უმძიმესი ფინანსური დარტყმა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის“, „რომელიც ოცნებამ სამაგალითოდ დასაჯა“, „ქართული ოცნების დეპუტატები წყობიდან გამოჰყავს. ოლიგარქის პარტიამ ლიდერის დაცვა დღეს სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმით გადაწყვიტა“, „აქტივისტების ტერორი გრძელდება“, მათი კონტექსტის, გავრცელების ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით წარმოადგენს მაუწყებლის პირადი დამოკიდებულებისა და მოსაზრების საფუძველზე ახალი ამბების გაშუქებას.

50. კომისია ვერ გაიზიარებს შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან სადავო ფრაზები შესაძლოა ცალკეულ შემთხვევებში გამოყენებული იყოს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, საერთაშორისო ორგნიზაციების ცალკეულ დასკვნებში და ადვოკატების კომენტარებში, აღნიშნული ამ ფრაზებს აქცევს ფაქტებად და შესაბამისად გამართლებულია მაუწყებლის მიერ მათი იმგვარად გაშუქება, როგორც სადავო სიუჟეტების შემთხვევაში მოხდა. კომისია აღნიშნავს, რომ ცხადია, მაუწყებელს შეუძლია მოახდინოს ამა თუ იმ საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნის ციტირება, თუ მისი სიუჟეტი ეხება ამ საერთაშორისო დასკვნას. მაუწყებელს ასევე შეუძლია გააშუქოს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების, ადვოკატების და სხვა პირების პოზიციები და კომენტარები, მაგრამ ამ შემთხვევაში დაცული უნდა იყოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები. როდესაც მაუწყებელი აშუქებს ამა თუ იმ პირის/ორგანიზაციის პოზიციას, ეს უნდა გააკეთოს სათანადო წესით (მაგალითად, ეს უნდა იყოს საკითხის რელევანტური და უნდა გაკეთდეს შესაბამისი მითითება წყაროზე) და არ უნდა მოახდინოს მისი ფაქტის სახით გაშუქება პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე, რომელიმე მხარის/პოზიციის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ (mutatis mutandis იხ. საქართველოს კომუნიკაციების კომისიის 08/04/2026წ-ის №გ-26-18/166 გადაწყვეტილება).

51. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მაუწყებლის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა.

4.  პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

52. შპს „ტელეკომპანია პირველს“ კომისიის 2026 წლის 8 აპრილის N გ-26-18/166 გადაწყვეტილებით მიეცა წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის და 54-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების დარღვევის გამო. კომპანიამ აღნიშნული წერილობითი გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის ვადაში ჩაიდინა ახალი მსგავსი/ანალოგიური    დარღვევა,    მის    ამ    დარღვევას    შეესატყვისება  - ჯარიმა.  კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებს დააკისროს ჯარიმა, თუ მათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრეს გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულეს კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მათ აღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინეს ახალი დარღვევა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2 500 ლარისა.

53. ვინაიდან, კომისიას გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება სამართალდამრღვევისთვის დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, მოცემულ შემთხვევაში კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს შპს „ტელეკომპანია პირველს“ დაეკისროს ჯარიმის მინიმალური ოდენობა 2500 ლარის ოდენობით.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 451   მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 72-ე მუხლის პირველი პუნქტის  საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „ტელეკომპანია პირველს“ დაეკისროს ჯარიმა 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო.

2.  შპს „ტელეკომპანია პირველმა“ უზრუნველყოს:

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900; ბანკი სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 302003251;

ბ) ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

3.   გადაწყვეტილება   ძალაში   შედის   კომისიის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა   კოლეგიაში   (მისამართი:   ქ.   თბილისი,   დავით   აღმაშენებლის   ხეივანი   №64)    შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების  დამოწმებული ასლის  შპს  „ტელეკომპანია პირველისთვის“   დაუყოვნებლივ გაგზავნა   და კომისიის   ოფიციალურ  ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

6. დაევალოს კომისიის  აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.

7. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).

8. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ნათია კუკულაძე წევრი

ანი ვაზაგაშვილი წევრი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები