შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 28, 2026 17:41
მიღების თარიღი ივლისი 23, 2026
შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
ავტორიზებული პირი: შპს „ტელეკომპანია დია“
სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევა.
წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N26-10-1536; 06.07.2026).
კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 17 და 23 ივლისი, 15:00 საათი.
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N26-10-1536; 06.07.2026) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია დიას“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის გამო.
2. მოხსენებითი ბარათის თანახმად, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი ზედამხედველობას უწევს მაუწყებლების მიერ ყოველწლიური ანგარიშების წარმოდგენის პროცესს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმად, ავტორიზებული პირები/ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიაში წარმოადგინონ და საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსონ გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.
3. 2026 წლის 6 აპრილის Nგ-26-04/2269 წერილით კომისიამ ყველა ავტორიზებულ პირს შეახსენა აღნიშნული ვალდებულების თაობაზე. რადგანაც, შპს „ტელეკომპანია დიამ“ (ს/კ. 243861111) აღნიშნული ანგარიშით გათვალისწინებული არცერთი ინფორმაცია/დოკუმენტაცია კანონით დადგენილ ვადაში კომისიაში არ წარმოადგინა, მაუწყებელს 2026 წლის 23 ივნისის №გ-26-04/3749 წერილით ეთხოვა 3 სამუშაო დღის ვადაში ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა.
4. კომისიის 2026 წლის 23 ივნისის №გ-26-04/3749 წერილის მიღებიდან 3 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ შპს „ტელეკომპანია დიას“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია კომისიაში არ წარმოუდგენია. შესაბამისად, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ კომპანიის მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობას.
5. შპს „ტელეკომპანია დიას“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის თაობაზე საკითხის განხილვის მიზნით სხდომა დაინიშნა 2026 წლის 17 ივლისს, რის შესახებაც მაუწყებელს ეცნობა კომისიის 2026 წლის 13 ივლისის Nგ-26-03/3979 შეტყობინებით.
6. ავტორიზებულ პირს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
7. კომისიის 2026 წლის 17 ივლისის სხდომას ესწრებოდა შპს „ტელეკომპანია დიას“ დირექტორი მ. ტატულაშვილი, რომელმაც კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ითხოვა საკითხის განხილვის ერთი კვირით გადადება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხის განხილვის მიზნით სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2026 წლის 23 ივლისს. აღნიშნულის თაობაზე შპს „ტელეკომპანია დიას“ დირექტორი მ. ტატულაშვილი კომისიის სხდომაზევე გაფრთხილდა. კომისიის 2026 წლის 23 ივლისის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ტელეკომპანია დიას“ დირექტორი. ვინაიდან, სხდომის გამართვის თაობაზე შპს „ტელეკომპანია დია“ გაფრთხილდა, კომისიის მიერ შესრულდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის განხილვა შპს „ტელეკომპანია დიას“ წარმომადგენლის დასწრების გარეშე.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,„მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები“;
9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, „მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება“;
10. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა“;
11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა“;
12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,„მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ავტორიზაციის შესაჩერებლად“;
13. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით.“ ხოლო, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
14. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N26-10-1536; 06.07.2026);
15. კომისიის წერილი 2026 წლის 6 აპრილის Nგ-26-04/2269 მაუწყებლებს და აღნიშნული წერილის შპს "ტელეკომპანია დიასთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
16. კომისიის 2026 წლის 23 ივნისის №გ-26-04/3749 წერილი შპს „ტელეკომპანია დიას“ და აღნიშნული წერილის ადრესატისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
17. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N 26-10-1652; 16.07.2026);
18. მონაცემები შპს „ტელეკომპანია დიას“ შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
19. შპს „ტელეკომპანია დია“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია.
მტკიცებულება: მონაცემები შპს „ტელეკომპანია დიას“ შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.
20. შპს „ტელეკომპანია დიას“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ შეუსრულებია. კერძოდ, გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ, ასევე, აუდიტის დასკვნა კომპანიას უნდა წარმოედგინა 2026 წლის პირველ მაისამდე. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია შპს „ტელეკომპანია დიას“ არც წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისათვის არ წარმოუდგენია.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N26-10-1536; 06.07.2026);
21. შპს „ტელეკომპანია დიას“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ერთგვაროვანი დარღვევისათვის დაკისრებული აქვს ჯარიმა, კერძოდ, კომისიის 2025 წლის 24 ივლისის Nგ-25-18/405 გადაწყვეტილებით შპს „ტელეკომპანია დიას“ დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო (მაუწყებელს არ ჰქონდა წარმოდგენილი 2024 წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ, ასევე აუდიტის დასკვნა). ამასთანავე, კომისიის 2024 წლის 28 ნოემბრის Nგ-24-18/555 გადაწყვეტილებით შპს „ტელეკომპანია დიას“ მსგავსი/იდენტური დარღვევის ჩადენისთვის დაეკისრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით, ხოლო კომისიის 2024 წლის 25 ივლისის Nგ-24-18/327 გადაწყვეტილებით მიეცა წერილობითი გაფრთხილება.
მტკიცებულება: მონაცემები შპს „ტელეკომპანია დიას“ შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.
22. შპს „ტელეკომპანია დიას“ წლიური შემოსავლის 1% არ აღემატება 5000 ლარს.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N26-10-1652; 16.07.2026).
3. სამართლებრივი შეფასება
23. შპს „ტელეკომპანია დია“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით ყოველი წლის 1 მაისამდე ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა.
24. მაუწყებელს ზემოაღნიშნული ვალდებულება დაკისრებული აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე კანონით გათვალისწინებულია ვალდებულის შესრულების ვადა - არაუგვიანეს პირველი მაისისა. ამასთან, კომისიის მიერ მოხდა მაუწყებლისთვის წერილობითი მიმართვის გაგზავნა, როგორც ვალდებულების შესრულების ვადის დადგომამდე, ასევე, პირველი მაისის შემდგომაც.
25. შპს „ტელეკომპანია დიას“ არ აქვს შესრულებული კანონისმიერი ვალდებულებები, არ აქვს კომისიაში წარმოდგენილი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია. შესაბამისად, სახეზეა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევა.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
26. შპს „ტელეკომპანია დიას“ მსგავსი/ერთგვაროვანი დარღვევისათვის, კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ 2023 წლის ანგარიშისა და ასევე აუდიტის დასკვნის წარმოუდგენლობისთვის 2024 წლის 25 ივლისის Nგ-24-18/327 გადაწყვეტილებით მიეცა წერილობითი გაფრთხილება, რის შემდეგ მსგავსი დარღვევისთვის კომისიის 2024 წლის 28 ნოემბრის Nგ-24-18/555 გადაწყვეტილებით დაეკისრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით, ხოლო კომისიის 2024 წლის ანგარიშისა და აუდიტის დასკვნის წარმოუდგენლობისთვის კომისიის 2025 წლის 24 ივლისის Nგ-25-18/405 გადაწყვეტილებით შპს „ტელეკომპანია დიას“ დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
27. შპს „ტელეკომპანია დიას“ პირველი დაჯარიმებიდან (კომისიის 2024 წლის 28 ნოემბრის Nგ-24-18/555 გადაწყვეტილება) 2025 წლის ანგარიშისა და აუდიტის დასკვნის წარმოდგენის ვალდებულების დარღვევამდე გასულია 1 წელზე მეტი, თუმცა, მსგავსი/ერთგვაროვანი დარღვევა ჩადენილია მეორედ დაჯარიმებიდან ერთი წლის განმავლობაში. შესაბამისად, სახეზეა მაუწყებლის მიმართ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამოყენების წინაპირობა, ვინაიდან, დაჯარიმებიდან (2025 წლის 24 ივლისის Nგ-25-18/405 გადაწყვეტილება) 1 წლის განმავლობაში მაუწყებლის მიერ ჩადენილია მსგავსი/ერთგვაროვანი დარღვევა.
28. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5 000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ავტორიზაციის შესაჩერებლად.
29. ვინაიდან შპს „ტელეკომპანია დიას“ წლიური შემოსავლის 1% ნაკლებია 5000 ლარზე, შესაბამისად, მაუწყებელს უნდა დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
30. ამასთან, დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „ტელეკომპანია დიას“ უნდა დაევალოს კომისიაში წარმოადგინოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს „ტელეკომპანია დიას“ დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო;
2. შპს „ტელეკომპანია დიას“ დაევალოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიას წარუდგინოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ, ასევე აუდიტის დასკვნა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
3. შპს „ტელეკომპანია დიამ“ უზრუნველყოს:
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900; ბანკი- სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 302003251;
ბ) ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
8. კონტროლი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი);
9. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ანი ვაზაგაშვილი წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
