წვდომის მენიუ

შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

ნომერი: გ-26-18 / 45

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 05, 2026 16:28

მიღების თარიღი იანვარი 29, 2026

შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

ავტორიზებული პირი: შპს „ფორმულა“

სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველო კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა

წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი (N26-10-143; 21.01.2026) და სამსახურებრივი ბარათი (N26-10-169;26.01.2026).

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 29 იანვარი, 15:00 საათი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის (შემდგომში„კომისია“) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათისა (N26-10-143;21.01.2026)  და სამსახურებრივი ბარათის (N26-10-169;26.01.2026) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, მის მიერ   „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტის დარღევის გამო.

2. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის   მოხსენებით ბარათისა და დაზუსტებული სამსახურებრივი ბარათიდან (27.01.2026;N26-10-188) ირკვევა, რომ 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაციის მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ შპს „ფორმულას“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ფორმა 1.7-ის (მაუწყებლების შემოსავლების წყაროები) მიხედვით, 2025 წლის მე-3 კვარტალში 453,000 (ოთხას ორმოცდაცამეტი ათასი) ლარის  რაოდენობის შემოსავალი ფიქსირდებოდა (მომსახურების სახე - ტექნიკური მომსახურება) შემდეგი  იურიდიული  პირისგან: შპს „ფორმულა მულტიმედია“ (405620207) - საქართველო. აღნიშნული იურიდიული პირი წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელიც ასევე ყოველკვარტალურად კომისიაში წარმოადგენს ინფორმაციას დამფინანსებლების შესახებ.

3. მოხსენებითი ბარათში კომისიის აპარატის მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტი უთითებს „შპს ფორმულა მულტიმედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის გადაწყვეტილებაზე (Nგ-26-18/21;15.01.2026), რომლითაც შპს „ფორმულა მულტიმედიას“ (405620207) სანქციის სახით მიეცა წერილობითი გაფრთხილება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისაგან“ (200078888) დაფინანსების მიღებისათვის. გამომდინარე იქიდან, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისაგან“ მაუწყებლის მიერ მიღებული დაფინანსება შეადგენდა   540,000 (ხუთას ორმოცი ათასი) ლარს, ხოლო მაუწყებელს იმავე პერიოდში სხვა დაფინანსების წყარო არ ჰქონია, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ფორმულას“    მიერ მიღებული თანხა წარმოადგენს პოლიტიკური  პარტიისგან მიღებულ თანხას.

4. კომისიის  აპარატის  მედიამომსახურებების  რეგულირების  დეპარტამენტის 2026  წლის  26 იანვრის N26-10-169 სამსახურებრივ ბარათზე თანდართული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ შპს „ფორმულა მულტიმედიამ“ 2025 წლის 26 დეკემბერის N21 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/5222, 29.12.2025) კომისიაში წარმოადგინა წერილობითი ახსნა-განმარტება პოლიტიკური გაერთიანებისთვის გაწეული მომსახურების თაობაზე და პოლიტიკურ გაერთიანება „ერთიან ნაციონალურ  მოძრაობასთან“      გაფორმებული ქველიცენზიის ხელშეკრულება.

5. შპს „ფორმულა მულტიმედიას“ მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულებით შპს „ფორმულა მულტიმედიამ“, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ,   მოქალაქეთა   პოლიტიკურ   გაერთიანება   „ერთიან   ნაციონალურ   მოძრაობას“ გადასცა არაექსკლუზიური ნებართვა საარქივო მასალის გამოყენებაზე.

6. შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა დაინიშნა 2026 წლის 29 იანვარს, რის შესახებაც,  კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (Nგ-26-03/319, 26/01/2026). ავტორიზებულ პირს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

7. კომისიის 2026 წლის 29 იანვრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ფორმულას“ წარმომადგენელი. ამასთანავე, შპს „ფორმულას“ არ წარმოუდგენია შუამდგომლობა კომისიის სხდომის გადადების თაობაზე. შპს „ფორმულას“ შეტყობინება (Nგ-26-03/319, 26/01/2026) გაეგზავნა კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ელექტრონული ფოსტის მისამართზე და აღნიშნული შეტყობინების ადრესატისთვის ჩაბარების ფაქტი დადასტურებულია ავტომატური საშუალებით, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით. ამდენად, კომისიის მიერ შესრულდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაკისრებული ვალდებულება - დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

9.  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-2  მუხლის  „ტ” ქვეპუნქტის  თანახმად, მაუწყებელი არის    საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;

10. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;

11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

12.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „კომისია ადგენს მედიამომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმასა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმას. მედიამომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმაში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მედიამომსახურების მიმწოდებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ამ ანგარიშგების ფორმაში გათვალისწინებული უნდა იქნეს აგრეთვე ინფორმაცია მედიამომსახურების მიმწოდებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მისი მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმაში ასახული უნდა იყოს ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების, მიღებული შემოსავლების, მის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მონაცემები და კომისიის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია. მედიამომსახურების მიმწოდებელი, ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების  მიმწოდებელი  ვალდებულია ყოველი კვარტლის  დასრულების  შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს  კომისიას შესაბამისი ანგარიშგების ელექტრონული ფორმა“

13. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3−მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე მაუწყებლის საგანმანათლებლო, კულტურული, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვასთან დაკავშირებული პროგრამების ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაფინანსების ან თანადაფინანსების შემთხვევებისა.

14. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 და მე-3-მე-5 პუნქტების თანახმად, „2. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება სოციალური რეკლამის განთავსებისთვის ამ კანონის 65-ე მუხლით განსაზღვრული დროის ხანგრძლივობის მინიმალური ზღვრის მიღმა სოციალური რეკლამის განთავსების ან/და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია მისი ბიუჯეტის ცალკე მუხლით. ასეთ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო  არის შემსყიდველი ორგანიზაცია „სახელმწიფო  შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო  შესყიდვების  შესახებ“ საქართველოსკანონით დადგენილი წესით.”; “3.  საარჩევნო  ადმინისტრაცია  უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის მოსამზადებლად ან/და ეთერში გადასაცემად.”; “4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული საუნივერსიტეტო მაუწყებლობა ფინანსდება საკუთარი სახსრებით, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებით.”; “5. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დააფინანსოს მაუწყებლის მიერ სატელევიზიო გასართობი/შემეცნებითი გადაცემის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტაციისთვის გაწეული დამატებითი ხარჯები ამ გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ. ამ შემთხვევაში მაუწყებელმა ადმინისტრაციულ ორგანოსა და კომისიას უნდა წარუდგინოს გადაცემის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტაციასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების შესახებ ანგარიში, რომელსაც უნდა დაურთოს შესაბამისი პირველადი ფინანსური დოკუმენტები (ინვოისი, მიღება-ჩაბარების აქტი, ხელშეკრულება და ა. შ.). კომისიამ უნდა განახორციელოს მონიტორინგი და დაადასტუროს, რომ ეთერში გასული სატელევიზიო გასართობი/შემეცნებითი გადაცემა შეესაბამებოდა კომისიის მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ჟესტური ენით, სუბტიტრებითა და აუდიოდესკრიფციით გადაცემების მომზადებისა და განთავსების სახელმძღვანელო წესებს.”.

15.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს  დარღვევის  აღმოსაფხვრელად  ან  მისი  პრევენციისთვის    ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.

16. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით.“ ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც.“

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

17. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N26-10-143; 21.01.2026);

18. შპს „ფორმულას“ მიერ შევსებული 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-იდან ამონარიდი;

19. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N26-10-169; 26.01.2026);

20. შპს „ფორმულა მულტიმედიას“ მიერ შევსებული 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7- იდან ამონარიდი;

21. შპს  „ფორმულა მულტიმედიას“ 2025 წლის 26 დეკემბერის N21 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/5222, 29.12.2025), რომელსაც ერთვის ქველიცენზიის ხელშეკრულება;

22. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N26-10-188; 27.01.2026);

23. კომისიის შეტყობინება (Nგ-26-03/319, 26/01/2026) სხდომაზე მოწვევის თაობაზე და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

24. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ფორმულასა“ და შპს „ფორმულა მულტიმედიას“ შესახებ მონაცემები.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

25. შპს „ფორმულა“ არის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 29/08/2019;

მაუწყებლობის სახე:  ტელემაუწყებლობა; 

მაუწყებლობის  სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა).

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ფორმულას“ შესახებ.

26. შპს „ფორმულა მულტიმედია“ არის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული  პირი (ავტორიზაციის თარიღი: 15/06/2023;

მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა).

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ფორმულა მულტიმედიას“ შესახებ.

27.  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა -  ნაციონალური მოძრაობა“/შემოკლებული დასახელება: „ერთიანობა - ენმ“ (ძველი სახელწოდება: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) (საიდენტიფიკაციო ნომრით 200078888) წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას.

მტკიცებულება: მონაცემები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან (https://pareg.napr.gov.ge/v2/).

28. „შპს „ფორმულა მულტიმედიისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2026 წლის 15 იანვრის Nგ-26-18/21 გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ შპს „ფორმულა  მულტიმედიამ“ 2025 წლის აგვისტოს თვეში პოლიტიკური გაერთიანება -„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისგან“ მიიღო დაფინანსება 540,000 (ხუთას ორმოცი ათასი) ლარის ოდენობით, გაწეული მომსახურების (არქივის მასალების გადაცემა) სანაცვლოდ. ამდენად, დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური გაერთიანება - „ერთიანობა - ნაციონალური  მოძრაობის“  მიერ  მაუწყებლობის  სფეროში ავტორიზებული  პირის  -  შპს „ფორმულა მულტიმედიას“ მომსახურების შესყიდვას/დაფინანსებას, რისთვისაც მაუწყებელს მიეცა წერილობითი გაფრთხილება.

მტკიცებულება: კომისიის 2026 წლის 15 იანვრის Nგ-26-18/21 გადაწყვეტილება; შპს „ფორმულა მულტიმედიას“ მიერ შევსებული 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-იდან ამონარიდი; შპს „ფორმულა მულტიმედიას“ 2025 წლის 26 დეკემბერის N21 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/5222, 29.12.2025), რომელსაც ერთვის არქივის მასალების გადაცემის თაობაზე ქველიცენზიის ხელშეკრულება.

29. 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში მაუწყებლების მიერ შევსებული ინფორმაციის მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ 2025 წლის მე-3 კვარტალში (ივლისი, აგვისტო სექტემბერი) შპს „ფორმულა“ მიღებული დაფინანსების ოდენობად უთითებს 453,000 (ოთხას ორმოცდაცამეტ ათას) ლარს. აქედან ამავე წლის აგვისტოს თვეში შპს „ფორმულა“ მიღებული დაფინანსების ოდენობად უთითებს 451,000 (ოთხას ორმოცდათერთმეტ ათას) ლარს, გაწეული მომსახურების სახედ ტექნიკური მომსახურებას, ხოლო დაფინანსების წყაროდ, ფიზიკური/იურიდიული პირის ველში - მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს - შპს „ფორმულა მულტიმედიას“ (405620207) - საქართველო. შპს „ფორმულა მულტიმედიას“ 2025 წლის მე-3 კვარტალში პოლიტიკური გაერთიანება - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, სხვა დაფინანსების   წყარო   არ   ჰქონია.   ამდენად,   ადგილი   აქვს  პოლიტიკური გაერთიანება - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შპს „ფორმულას“ არაპირდაპირ დაფინანსებას.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N26-10-143;21.01.2026); კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N26-10-188; 27.01.2026); 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში   შპს „ფორმულას“ მიერ შევსებული ინფორმაცია; შპს „ფორმულა მულტიმედიას“ მიერ შევსებული 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-იდან ამონარიდი.

30. შპს „ფორმულას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ფორმულას“ შესახებ.

3. სამართლებრივი დასაბუთება

31. შპს „ფორმულა“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით აკრძალულია პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

32. „შპს „ფორმულა მულტიმედიისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2026 წლის 15 იანვრის Nგ-26-18/21 გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 2025 წლის აგვისტოში შპს „ფორმულა მულტიმედიამ“ პოლიტიკური გაერთიანება - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისგან“ დაფინანსების სახით მიიღო 540,000 (ხუთას ორმოცი ათასი) ლარი, რაც დადასტურებულია შპს „ფორმულა მულტიმედიას“ მიერ  2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ში  შევსებული  ინფორმაციით და შპს „ფორმულა მულტიმედიას“ 2025 წლის 26 დეკემბერის    N21  წერილითა (კომისიაში რეგისტრაციის   Nშ-25-6/5222,29.12.2025) და თანდართული ქველიცენზიის ხელშეკრულებით მომსახურების გაწევის თაობაზე. კომისიის 2026 წლის 15 იანვრის Nგ-26-18/21 გადაწყვეტილებით, პოლიტიკური პარტიისგან დაფინანსების მიღებისთვის შპს „ფორმულა მულტიმედიას“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით მიეცა წერილობითი გაფრთხილება.

33. კომისიის მიერ დადგინდა, რომ 2025 წლის აგვისტოში შპს „ფორმულამ“ შპს „ფორმულა მულტიმედიისგან“ მიიღო დაფინანსება 451,000 (ოთხას ორმოცდათერთმეტი ათასი) ლარის ოდენობით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა1.7- ში შევსებული ინფორმაციის მიხედვით,   შპს „ფორმულა მულტიმედიას“, 2025 წლის მე-3 კვარტალში პოლიტიკური გაერთიანება - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, სხვა დაფინანსების წყარო არ ჰქონია, ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დადგენილია, რომ შპს „ფორმულამ“ 2025 წლის აგვისტოში მიიღო არაპირდაპირი დაფინანსება 451,000 (ოთხას ორმოცდაცამეტი) ლარის ოდენობით პოლიტიკური გაერთიანება - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისგან“. შესაბამისად, მაუწყებლის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტი. ამავდროულად, არ იკვეთება 661 მუხლის მე-2 და მე-3−მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული არცერთი საგამონაკლისო შემთხვევის არსებობა.

34. ამდენად, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ (ძველი  სახელწოდება: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) (საიდენტიფიკაციო ნომრით 200078888) მიერ შპს „ფორმულას“ არაპირდაპირი დაფინანსებით შპს „ფორმულას“ მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

35. აღსანიშნავია, რომ შპს „ფორმულას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის  თანახმად,  ამავე კანონის 661 მუხლის  პირველი პუნქტის დარღვევისათვის  შპს „ფორმულას“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

36. ამასთან, შპს  „ფორმულას“ უნდა დაევალოს მოქალაქეთა პოლიტიკური  გაერთიანება „ერთიანობა   - ნაციონალური მოძრაობისაგან“ (საიდენტიფიკაციო ნომრით 200078888) დაფინანსების მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  53-ე,  95-ე,  96-ე,  97-ე,  98-ე  და  99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 661 მუხლის პირველი  პუნქტის,  70-ე  მუხლის  მე-6  პუნქტის,  71-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. შპს „ფორმულას“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;

2.  შპს  „ფორმულას“  დაევალოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისგან“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 200078888) დაფინანსების მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;

4. გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ფორმულასთვის“ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  (ბ.  გასვიანი)  გადაწყვეტილების  ან  მისი დამოწმებული ასლის შპს „ფორმულასთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს ,,ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

7. კონტროლი  გადაწყვეტილების  მე-3 და მე-5 პუნქტების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი);

8. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

გოგა  გულორდავა         თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე            წევრი

ეკატერინე  იმედაძე       წევრი

ნათია კუკულაძე           წევრი

ივანე მახარაძე                წევრი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები