საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2023 წლის 20 იანვრის გ-23-22/9 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 28, 2026 17:45
მიღების თარიღი მაისი 28, 2026
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2023 წლის 20 იანვრის გ-23-22/9 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში ,,კომისია”) 2023 წლის 20 იანვრის გ-23-22/9 გადაწყვეტილებით დამტკიცებულია კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა.
2. საშტატო ნუსხით განსაზღვრულია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად საჭირო სტრუქტურული ერთეულები და პოზიციების ჩამონათვალი, აგრეთვე თითოეულ პოზიციაზე საშტატო ერთეულების რაოდენობა და შესაბამისი სახელფასო ზღვრები.
3. 2026 წლის 2 აპრილის გ-26-23/139 გადაწყვეტილებით, კომისიამ დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება და 2026 წლის 21 მაისს მიიღო დადგენილება N3 „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2022 წლის 29 დეკემბერს №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ რომლის ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 2026 წლის 1 ივნისი.
4. კომისიის დებულებით შეიცვალა კომისიის აპარატის სტრუქტურა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის ფუნქციათა განაწილება, შესაბამისად, აუცილებელი გახდა ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2023 წლის 20 იანვრის გ-23-22/9 გადაწყვეტილება და წინამდებარე გადაწყვეტილებით დამტკიცდეს ახალი ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა, რომლის ამოქმედების თარიღადაც, აგრეთვე უნდა განისაზღვროს 2026 წლის 1 ივნისი.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
1. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 131 მუხლის 1 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, მხოლოდ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოა უფლებამოსილი დაამტკიცოს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა.
2. კომისიის 2022 წლის 29 დეკემბერს №7 დადგენილების II თავის მე-6 მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად, კომისია მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების განხორციელების უზრუნველსაყოფად ქმნის აპარატს, ამტკიცებს კომისიის აპარატის საშტატო ნუსხას, განსაზღვრავს კომისიის აპარატში დასაქმებულთა სახელფასო სარგოებს.
III. სამოტივაციო ნაწილი კომისიის სტრუქტურა
1. კომისია შედგება კომისიის 5 წევრისგან, კომისიის აპარატისაგან და კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისაგან. კომისიის წევრები, საკუთარი შემადგენლობიდან, ხმათა უმრავლესობით, ირჩევენ კომისიის თავმჯდომარეს.
2. კომისიის აპარატი შედგება აღმასრულებელი დირექტორის, დეპარტამენტებისა და სამსახურებისაგან:
1. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი;
2. სპექტრის და ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
3. იურიდიული დეპარტამენტი;
4. კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი;
5. მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტი;
6. შიდა აუდიტის და ხარისხის მართვის დეპარტამენტი;
7. ადმინისტრაცია;
8. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური;
9. ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური;
10. ადამიანური რესურსების მართვის და ორგანიზაციული განვითარების სამსახური.
დანართი 1 - კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურა
კომისიის საშტატო ნუსხა
1. კომისიის აპარატში საშტატო პოზიციები, აღმასრულებელი დირექტორის პოზიციის გარდა, იყოფა 3 კატეგორიად: მენეჯერული პოზიციები, ექსპერტული პოზიციები, უმცროსი სპეციალისტის/ტექნიკური პოზიციები.
2. კომისიის აპარატის თითოეულ სტრუქტურულ ერთეულში შემავალი პოზიციები და საშტატო ერთეულების რაოდენობა განისაზღვრება კომისიის საშტატო ნუსხის შესაბამისად.
3. კომისიის საშტატო ნუსხის შესაბამისად, აგრეთვე განისაზღვრება კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში თანაშემწეთა საშტატო ერთეულების რაოდენობა.
დანართი 2 - კომისიის საშტატო ნუსხა
კომისიის აპარატის საშტატო ნუსხის რანგირება და კომისიაში სახელფასო ზღვრების განსაზღვრა
1. კომისიაში განსაზღვრულია თითოეული პოზიციის შესაბამისი სახელფასო ზღვრები, პოზიციის მინიმალური და მაქსიმალური სახელფასო განაკვეთი.
2. კომისიიაში მოქმედებს პოზიციათა რანგირების სისტემა.
3. კომისიის, როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიზანია საკომპენსაციო პოლიტიკამ უზრუნველყოს საკუთესო კადრების მოზიდვა, დაქირავება, შენარჩუნება და მოტივირება, შრომის სამართლიანად და თანაბრად შეფასება და ანაზღაურება.
4. კომისიის სახელფასო და რანგირების სისტემა შემუშავდა 2019 წელს და ვითარდებოდა შესაბამისი კვლევის, შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე - შინაგან ანალიზთან ერთად, პერიოდულად ყურადღება ექცეოდა ორგანიზაციაში არსებულ სამუშაოთა ნორმების შედარებას ორგანიზაციის გარეთ არსებულ იგივე სამუშაოთა ნორმებთან. სახელფასო და რანგირების სისტემას საფუძვლად უდევს საფუძვლად უდევს თანამდებობათა ფარდობითი ღირებულებების დადგენა და კლასიფიკაცია, რაც გულისხმობდა ორგანიზაციის მიზნებისა და ფუნქციების ეფექტიან განხორციელებაში თითოეული თანამდებობის მნიშვნელობის შეფასებას.
5. კომისიის აპარატში თითოეული თანამდებობა, პასუხისმგებლობის, მოვალეობათა შესრულების სირთულის, კომპეტენციის, აუცილებელი კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით, ნაწილდება 3 იერარქიულ დონეზე, სადაც პირველი დონე არის ყველაზე მაღალი იერარქიული დონე, ხოლო მესამე - დაბალი იერარქიული დონე.
6. კომისიის აპარატში იერარქიული დონეები და რანგებია: 1-ლი დონე - მენეჯერული პოზიციები (M1 და M2 რანგი); მე-2 დონე - ექსპერტული პოზიციები (E3, E4, E5 რანგი); მე-3 დონე - უმცროსი სპეციალისტის/ტექნიკური პოზიციები (S6, S7 რანგი):
მენეჯერული პოზიციები (M1, M2): გულისხმობს კომისიის რომელიმე მიმართულების ზედამხედველობას და კოორდინაციას შესაბამისი კომპეტენციით, უფლებამოსილებით და პასუხისმგებლობით. მენეჯერულ პოზიციათა რანგში კომისიაში ერთიანდება მაღალი მმართველობითი დონე - სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - დეპარტამენტის უფროსები(M1), რომელსაც აქვს უშუალო დაქვემდებარება და თავად უშუალო დაქვემდებარებაშია კომისიის თავმჯდომარესთან და სამსახურის უფროსები და ადმინისტრაციის უფროსი(M1), რომელსაც აქვს უშუალო დაქვემდებარება და თავად უშუალო დაქვემდებარებაშია აღმასრულებელ დირექტორთან და საშუალო მმართველობითი დონე - M2 (ჯგუფის უფროსი), რომელსაც აქვს უშუალო დაქვემდებარება და თავად უშუალო დაქვემდებარებაშია სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან; ექსპერტული პოზიციები (E3, E4, E5): გულისხმობს მიმართულების (შესაბამისი დარგის) ექსპერტულ დონეზე ცოდნას, კვალიფიკაციას, კონკრეტული მიმართულებისთვის საჭირო პროცესების დამოუკიდებლად მართვას, შესაბამისი ფუნქციების შესრულებას, უფლებამოსილებას, პასუხისმგელობას და კომპეტენციას. ექსპერტულ პოზიციათა რანგში კომისიაში ერთიანდება მთავარი სპეციალისტი (E3), წამყვანი სპეციალისტი (E4) და სპეციალისტი (E5) პოზიციები. აღნიშნული პოზიციები უშუალო დაქვემდებარებაშია სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან ან ჯგუფის უფროსთან; უმცროსი სპეციალისტის/ტექნიკური პოზიციები (S6, S7): გულისხმობს უმცროსი სპეციალისტის დონეს, ფუნქციების შესრულებაში მონაწილეობა, ფუნქციის შესრულებაში დახმარება/მონაწილეობა, შესაბამისი პასუხისმგებლობა, კვალიფიკაცია და უფლებამოსილება; უმცროსი სპეციალისტის/ტექნიკურ პოზიციათა რანგში კომისიაში ერთიანდება ვიწრო პროფესიული, დამხმარე/მხარდამჭერი და ტექნიკური პოზიციები.
7. კომისიაში იერარქიული დონისა და რანგისთვის სახელფასო ზღვრები განისაზღვრება შრომითი მონაწილეობის კოეფიციენტის (შმკ) ზღვრული ოდენობების შესაბამისად და მტკიცდება საშტატო ნუსხით (დანართი N2).
8. თითოეულ პოზიციაზე დასაქმებულის კონკრეტული სახელფასო სარგო განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარის მიერ, აღნიშნული გადაწყვეტილებით მიღებული თითოეული პოზიციისათვის განსაზღვრული სახელფასო ზღვრების ფარგლებში, ფუნქციების, პასუხისმგებლობის, შრომის ბაზარზე არსებული სახელფასო სარგოების და სხვა რელევანტური კრიტერიუმების გათვალისწინებით.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე, 103-ე, 104-ე და 105-ე მუხლების, VI თავის, საქართველოს შრომის კოდექსის მე-20, 47-ე და 48-ე მუხლების, კომისიის 2022 წლის 29 დეკემბრის N7 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დამტკიცდეს სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურა“ თანდართული ფორმით (დანართი 1);
2. დამტკიცდეს სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საშტატო ნუსხა“ თანდართული ფორმით (დანართი2);
3. წინამდებარე გადაწყვეტილებით, კომისია, საქართველოს შრომის კოდექსის მე-20, 47-ე და 48-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, აფრთხილებს კომისიის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დასაქმებულებს ორგანიზაციული ცვლილებების გამო შრომითი ურთერთობების მოსალოდნელი ცვლილებების, მათ შორის მოქმედი შრომითი ხელშეკრულებების შესაძლო შეწყვეტის, შტატების შესაძლო გაუქმების, გადაადგილების და/ან შემცირების თაობაზე, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესაძლო არსებითი ცვლილებებისა და შტატების შესაძლო შემცირების შედეგად კომისიის აპარატში დასაქმებულთა გათავისუფლების შესახებ;
4. დაევალოს: ა)კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების (გარდა იმ ნაწილისა, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს) ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მეშვეობით კომისიის თანამშრომლებისთვის დაგზავნა, გადაწყვეტილების ხელმოწერისთანავე, ასევე გადაწყვეტილების (გარდა იმ ნაწილისა, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს) გამოქვეყნება კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge);
ბ) კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის და ორგანიზაციული განვითარების სამსახურს კომისიის თანამშრომლების შრომით სამართლებრივი ურთიერთობის წინამდებარე გადაწყვეტილებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი დოკუმენტაციის მომზადება/განახლება და თავმჯდომარისთვის ხელმოსაწერად წარდგენა; გ) შიდა აუდიტის და ხარისხის მართვის დეპარტამენტს, მოახდინოს არსებული პროცესების აუდიტი, დებულების შესაბამისად პროცესების შეფასება/ოპტიმიზაცია;
5. წინამდებარე გადაწყვეტილება, გარდა პირველი და მეორე პუნქტებისა ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
6. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი და მეორე პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან;
7. 2026 წლის 1 ივნისიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2023 წლის 20 იანვრის გ-23-22/9 გადაწყვეტილება;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;
9. კონტროლს აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე განახორციელებს კომისიის თავმჯდომარე (გ. გულორდავა).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ნათია კუკულაძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ანა ვაზაგაშვილი წევრი
ივანე მახარაძე წევრი
