წვდომის მენიუ

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-26-19 / 317

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 15, 2026 17:24

მიღების თარიღი ივლისი 09, 2026

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და  სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილება და დამტკიცდა ელექტრონული კომუნიკაციების, მედიამომსახურებებისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდებაზე, ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირების მიერ კომისიაში წარმოსადგენი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ ან/და ავტორიზებულ პირებს დაევალათ ამავე გადაწყვეტილების დანართი 1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, გადაწყვეტილებაში მითითებული პერიოდულობით.

კომისია აღნიშნავს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოდგენის პროცესში გამოიკვეთა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების განმარტების ნაწილის სრულყოფის აუცილებლობა. კერძოდ: პაკეტის დასახელების ველში, ყოველი პაკეტი - მათ შორის ნებისმიერი კომბინირებული ან დამატებითი პაკეტი - წარმოდგენილი უნდა იყოს ცალკე სტრიქონში, მისი ზუსტი დასახელებით (მაგ.: „[საბაზო პაკეტი]+სპორტი", „[საბაზო პაკეტი]+კინო+სპორტი" და ა.შ.). თითოეული სტრიქონის გასწვრივ მითითებული უნდა იყოს მხოლოდ იმ აბონენტთა რაოდენობა, რომლებიც სწორედ ამ პაკეტით ან კომბინაციით სარგებლობენ. ყველა სტრიქონის გასწვრივ მითითებული აბონენტთა ჯამი უნდა ემთხვეოდეს საერთო აბონენტთა რაოდენობას.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და  სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების  დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2016 წლის 11 თებერვლის   N95/19   გადაწყვეტილებაში   განხორციელებული   ცვლილების   მიზანს წარმოადგენს ავტორიზებული პირების მიერ წარმოსადგენი ინფორმაციის სიზუსტე, იმდენად, რამდენადაც, აღნიშნული გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 4.3-ში „მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება“ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში წარმოდგენილ ინფორმაციაზე  დაყრდნობით  ,კომისია  ამზადებს,  მაუწყებლობის  ტრანზიტზე ავტორიზებული პირების   მიერ გაწეული მომსახურების ფარგლებში, ბაზრის მდგომარეობის შესახებ ანალიტიკურ ანგარიშებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის  საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად:

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში და მის დანართი-1-ში არსებული ფორმა 4.3 „მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ერთი თვის ვადაში;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ბ.გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების კომისიის ვებ- გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

ნათია კუკულაძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ივანე მახარაძე წევრი

ანი ვაზაგაშვილი წევრი

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები