წვდომის მენიუ

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შრომის შინაგანაწესის დამტკიცებისა და კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის №754/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 24 დეკემბრის №გ-20-22/951 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: გ-26-21 / 402

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 08, 2026 17:03

მიღების თარიღი სექტემბერი 03, 2026

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შრომის შინაგანაწესის დამტკიცებისა და კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის №754/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 24 დეკემბრის №გ-20-22/951 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში – „კომუნიკაციების კომისია“) 2020 წლის 24 დეკემბრის №გ-20-22/951 გადაწყვეტილებით დამტკიცებულია „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შრომის შინაგანაწესი“(შემდგომში – „შინაგანაწესი“ ).

შინაგანაწესით განისაზღვრება კომუნიკაციების კომისიაში დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის განხორციელებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები, მათ შორის, სამუშაო და დასვენების დრო, შრომის ანაზღაურების გაცემის წესი, შვებულების გამოყენების პირობები, დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები, დასაქმებულთა და დამსაქმებლის ვალდებულებები და შრომითი ურთიერთობის მოწესრიგებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

შინაგანაწესის მოქმედი რედაქცია 2020 წლის დეკემბერში დამტკიცდა და მას შემდეგ ცვლილებები არ შესულა. კანონმდებლობაში განხორციელებულ რამდენიმე ცვლილებასთან ერთად, აგრეთვე, კომუნიკაციების კომისიაში არსებული შრომითი ურთიერთობების პრაქტიკისა და სამუშაო პროცესების  განვითარების   გათვალისწინებით,   დადგა   შინაგანაწესის   მოქმედი   რედაქციის გადახედვისა და ახალი რედაქციით დამტკიცების საჭიროება.

შინაგანაწესის ახალი რედაქციით: 1. დაზუსტდა და გაფართოვდა თავმჯდომარის უფლებამოსილებები რეგულარული სამუშაო რეჟიმის პირობებში განსხვავებული სამუშაო გრაფიკის განსაზღვრასთან დაკავშირებით, 2. კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, დაკორექტირდა ინტერესთა კონფლიქტსა და თანამდებობრივ შეუთავსებლობასთან დაკავშირებული დებულებები, 3. დაზუსტდა შინაგანაწესის მოქმედების სფერო კომუნიკაციების კომისიის წევრების თანაშემწეებისა და მძღოლების მიმართ, მათ შორის, განისაზღვრა მათზე შინაგანაწესის შესაბამისი დებულებების  გავრცელება,  4. შრომითი ურთიერთობების უფრო სრულყოფილად მოწესრიგების მიზნით, დაკორექტირდა რიგი სხვა ტექნიკური და პროცედურული საკითხები.

ამასთან, შინაგანაწესის ახალი რედაქციით დამტკიცება და მასში განხორციელებული ცვლილებები არ იწვევს კომუნიკაციების კომისიაში დასაქმებულთა მოქმედ შრომით ურთიერთობებში არსებითი პირობების ცვლილებას და არ ცვლის დასაქმებულებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებებით განსაზღვრულ შრომით პირობებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შესაბამისი ცვლილება კანონმდებლობით დადგენილი წესით ცალკე შეთანხმებას ან სხვა სამართლებრივ საფუძველს მოითხოვს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.    „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  შინაგანაწესის  დამტკიცებისა  და კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის №754/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 24 დეკემბრის №გ-20-22/951 გადაწყვეტილებაში შევიდეს ცვლილება და გადაწყვეტილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შრომის შინაგანაწესი“ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს ამ გადაწყვეტილებაზე თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე   (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;

4.    გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების სამსახურს (ს.კაციტაძე).

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

ანი ვაზაგაშვილი წევრი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები