შპს „მაგთიკომის“ მიმართ მობილური მომსახურებებისა და ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზარზე „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საქმის მოკვლევის ფარგლებში შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი პირობითი ვალდებულებების მიღებისა და დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 12, 2026 17:00
მიღების თარიღი აგვისტო 06, 2026
შპს „მაგთიკომის“ მიმართ მობილური მომსახურებებისა და ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზარზე „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საქმის მოკვლევის ფარგლებში შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი პირობითი ვალდებულებების მიღებისა და დამტკიცების შესახებ
I. საქმის აღწერა
1. 2025 წლის 1 მაისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში-კომისია) შემოვიდა შპს „მაგთიკომის” წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/1834,01.05.2025), რომლითაც კომპანიამ კომისიას აცნობა ტარიფების დაგეგმილი ცვლილების შესახებ, კერძოდ, 2025 წლის 1-ლი ივნისიდან „ულიმიტო ინტერნეტ- კვირა“ პაკეტის ფასი 9 ლარის ნაცვლად 10 ლარი, ხოლო „ულიმიტო ინტერნეტ-თვე“ 32 ლარის ნაცვლად 35 ლარი იქნებოდა. ამასთან, 2025 წლის 1 ივლისს კომისიაში შემოვიდა შპს „მაგთიკომის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/2733,01.07.2025), რომლითაც კომპანიამ კომისიას შეატყობინა ინტერნეტ მომსახურების ტარიფების ცვლილების შესახებ. წერილში კომპანია მიუთითებდა, რომ 2025 წლის 1 აგვისტოდან იცვლებოდა შპს „მაგთიკომის“ ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ტარიფები, კერძოდ:
„50მბ/წმ - 37 ლარი“ პაკეტით (თბილისი) მოსარგებლე ახალი და არსებული აბონენტებისთვის პაკეტის ღირებულება გახდებოდა 40 ლარი (50მბ/წმ - 40 ლარი);
„50მბ/წმ - 30 ლარი“ სააქციო პაკეტით (რეგიონი) მოსარგებლე ახალი და არსებული აბონენტებისთვის პაკეტის ღირებულება გახდებოდა 33 ლარი (50მბ/წმ - 33 ლარი);
2. „ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზარზე ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ“ კომისიის 2025 წლის 21 აგვისტოს N გ-25-9/438 გადაწყვეტილების თანახმად, კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებზე დაყრდნობით, ტარიფების ცვლილება შეეხო დაახლოებით 456 ათას აბონენტს, რაც ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტების 84%-ს შეადგენდა. აღნიშნული ცვლილება შპს „მაგთიკომის“ თვიური შემოსავლის ზრდას დაახლოებით 1,37 მლნ. ლარით იწვევდა (აღნიშნული გაანგარიშებული იქნა აბონენტების რაოდენობის გამრავლებით 3 ლარზე, ანუ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას არსებული აბონენტები შეუნარჩუნდებოდა). აღნიშნული ცვლილებების შედეგად ფასის ზრდამ ცალკემდგომ ინტერნეტპაკეტებზე 8% და 10% შეადგინა, შესაბამისად, თბილისისა და რეგიონებისთვის, ხოლო სხვადასხვა კომბინირებულ შეთავაზებაში ზრდის პროცენტი მერყეობს 4%-დან 9%-მდე.
3. რაც შეეხება მობილური მომსახურების პაკეტებს, „მობილური მომსახურებების ბაზარზე ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ“ კომისიის 2025 წლის 21 აგვისტოს N გ-25-9/439 გადაწყვეტილების თანახმად, განხორციელებულმა ფასის ცვლილებამ 11% და 9% შეადგინა, ხოლო კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ელექტრონული ფორმების მონაცემებზე დაყრდნობით, პაკეტების - „ულიმიტო ინტერნეტ-კვირა“ და „ულიმიტო ინტერნეტ-თვე“ - აქტივაციების რაოდენობა ყოველთვიურად 499 ათასს და 144 ათასს შეადგენდა. კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებზე დაყრდნობით ბოლო წლების მონაცემებით, აღნიშნული პაკეტებიდან მიღებული შემოსავალი ჯამში მობილური მომსახურებებიდან მიღებული შემოსავლის 20%-ს აღემატებოდა, ხოლო პაკეტური შეთავაზებებიდან მიღებული შემოსავლის 35%-ს. კომპანიის ვებ-გვერდზე აღნიშნული პაკეტები მითითებული იყო, როგორც სააქციო შეთავაზება, აქციის მოქმედების ვადის გასვლისთანავე მისი განახლების პირობით და კომპანიის შეთავაზებების პორტფელში აღნიშნული შეთავაზება უკვე რამდენიმე წელი არსებობდა.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტმა (შემდგომში - დეპარტამენტი) განახორციელა პირველადი შეფასება იმასთან დაკავშირებით, შპს „მაგთიკომის“ აღნიშნული ქმედებები ხომ არ წარმოშობდა გონივრულ ეჭვს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის თაობაზე.
5. „კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, დომინანტური მდგომარეობა არის - „შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ისეთი მდგომარეობა, რომელიც მას/მათ საშუალებას აძლევს, იმოქმედოს/იმოქმედონ კონკურენტი ეკონომიკური აგენტებისგან, მიმწოდებლებისგან, კლიენტებისა და საბოლოო მომხმარებლებისგან დამოუკიდებლად, არსებითი გავლენა მოახდინოს/მოახდინონ შესაბამის ბაზარზე საქონლის მიმოქცევის საერთო პირობებზე და შეზღუდოს/შეზღუდონ კონკურენცია...“. ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „დომინანტური მდგომარეობა განისაზღვრება შესაბამის ბაზარზე ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილის, აგრეთვე მისი კონკურენტების საბაზრო წილების, ბაზარზე შესვლის ბარიერების, წარმოების გაფართოების ბარიერების, მყიდველის საბაზრო ძალაუფლების, ნედლეულის წყაროს ხელმისაწვდომობის, ვერტიკალური ინტეგრაციის ხარისხის, ქსელური ეფექტებისა და საბაზრო ძალაუფლების განმსაზღვრელი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით“. აღნიშნულის გათვალისწინებით, დეპარტამენტმა გააკეთა ისეთი ფაქტორების პირველადი შეფასება, რომლებიც შესაძლოა მიუთითებდეს შპს „მაგთიკომის“ დომინანტურ მდგომარეობაზე, როგორიცაა: საბაზრო წილები, ბაზარზე შესვლის ბარიერების არსებობა, რთულად დუბლირებადი ინფრასტრუქტურა, ვერტიკალური ინტეგრაცია, კაპიტალის ბაზრებზე/ფინანსურ რესურსებზე მარტივი ან პრივილეგირებული წვდომა, მასშტაბისა და მოცულობის ეკონომია, მომხმარებლის მსყიდველობითი ძალაუფლება.
6. კომისიის შეფასებით, შპს „მაგთიკომის“ მიერ მობილური მომსახურების პაკეტებზე განხორციელებული ფასების ცვლილებით შესაძლოა ადგილი ჰქონოდა გაყიდვის არასამართლიანი ფასის დადგენას და „მობილური მომსახურებების ბაზარზე ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ“ კომისიის 2025 წლის 21 აგვისტოს Nგ-25-9/439 გადაწყვეტილებით დაიწყო საქმის მოკვლევა შპს „მაგთიკომის“ მიმართ მობილური მომსახურებების ბაზარზე „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, ხოლო, კომისიის 2026 წლის 5 თებერვლის N გ-26-19/64 გადაწყვეტილებით მობილური მომსახურებების ბაზარზე „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 21 აგვისტოს N გ-25-9/439 გადაწყვეტილების შესაბამისად დაწყებული საქმის მოკვლევის ვადა გაგრძელდა 12 თვემდე.
7. ასევე, კომისიის შეფასებით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურების პაკეტებზე განხორციელებული ფასების ცვლილებით შესაძლოა ადგილი ჰქონოდა გაყიდვის არასამართლიანი ფასის დადგენას და „ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზარზე ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ“ კომისიის 2025 წლის 21 აგვისტოს Nგ-25-9/438 გადაწყვეტილებით დაიწყო საქმის მოკვლევა შპს „მაგთიკომის“ მიმართ ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზარზე „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, ხოლო, კომისიის 2025 წლის 5 თებერვლის Nგ-26-19/65 გადაწყვეტილებით ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზარზე ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 21 აგვისტოს N გ-25-9/438 გადაწყვეტილების შესაბამისად დაწყებული საქმის მოკვლევის ვადა გაგრძელდა 12 თვემდე.
8. კომისიაში, ზემოაღნიშნული საქმეების მოკვლევის პროცესში, 2026 წლის 29 ივნისს, შემოვიდა ეკონომიკური აგენტის - შპს „მაგთიკომის” შეთავაზება პირობითი ვალდებულების აღების თაობაზე (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/6123,29.06.2026). კერძოდ, ეკონომიკური აგენტი იღებს ვალდებულებას:
1. მობილური მომსახურების ფარგლებში, შპს „მაგთიკომი“ განახორციელებს სოციალურ პროექტს, რომლის ფარგლებში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები და მასწავლებლები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები, პროფესიული სტუდენტები და პროფესიული განათლების მასწავლებლები 20 გიგაბაიტიანი მობილური ინტერნეტპაკეტით სარგებლობას შეძლებენ შეღავათიან ფასად - 20 ლარად;
2. კომისიის მიერ წინამდებარე პირობის დამტკიცების შემთხვევაში, შპს „მაგთიკომი“ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში განახორციელებს ზემოაღნიშნულ პროექტს;
3. ასევე მობილური მომსახურების ფარგლებში, კომპანია ვალდებულებას იღებს, რომ 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეინარჩუნებს მოცემულ პაკეტს:
საგანმანათლებლო სექტორისთვის სოციალური პროექტი: 20 გიგაბაიტი - 20 ლარი /30 დღე.
4. ასევე, კომისიის შესაბამისი თანხმობის შემთხვევაში, კომპანია იღებს ვალდებულებას, ფიქსირებული ინტერნეტის მომსახურების ფარგლებში, 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეინარჩუნოს შემოთავაზებული შემდეგი გაზრდილი სიჩქარის მქონე პაკეტები მათი შესაბამისი ფასებით:
თბილისში – 70 მბ/წმ – 40 ლარი / 30 დღე;
რეგიონებში – 70 მბ/წმ – 33 ლარი / 30 დღე.
9. კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ (დანართი №2) (შემდგომში „მარეგულირებელი წესი“) 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიის თავმჯდომარე პირობითი ვალდებულებების განსახილველად მიღებიდან 5 სამუშაო დღეში აცნობებს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (შემდგომში „სააგენტო“) ამის შესახებ და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას მოსაზრებების წარმოდგენისათვის.
10. კომისიის 2026 წლის 3 ივლისის Nგ-26-08/3873 წერილით „მაგთიკომის“ მიერ შემოთავაზებული პირობითი ვალდებულებები გაიგზავნა სააგენტოში და ეთხოვა 2026 წლის 24 ივლისამდე საკუთარი პოზიციის წარმოდგენა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
11. სააგენტოს 2026 წლის 20 ივლისის N 02/4925 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/6584,23.07.2026) წარმოდგენილია სააგენტოს პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, „საკითხი, რამდენად გამართლებულია მოკვლევის შეწყვეტა პირობითი ვალდებულებების საფუძველზე და მიზანშეწონილია მხარის მიერ შეთავაზებული ვალდებულებ(ებ)ის მიღება თუ საქმის მოკვლევის გაგრძელება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის სპეციფიკიდან, სირთულიდან, კონკურენციის სამართლებრივი პრობლემის, შესაბამის ბაზარზე არსებული სიტუაციის, პირობითი ვალდებულებებისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ეფექტების შეფასებიდან გამომდინარე, ასევე მოკვლევის პროცესის მიმდინარეობისა და ვადის გათვალისწინებით, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში წყდება“.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითად ფუნქციებს განეკუთვნება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება, ამ კანონით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით.
13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია.
14. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულების უფლებამოსილების მქონე ორგანო არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას ახორციელებს ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო.
15. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკის რეგულირებადი სფერო არის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სფერო, მუნიციპალური მომსახურების სფერო, რომელშიც თავისუფალი ფასწარმოქმნა და კონკურენცია შეზღუდულია და რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეგულირებად ეკონომიკურ სფეროდ განისაზღვრება და სატარიფო რეგულირებას ექვემდებარება.
16. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო ეკონომიკის რეგულირებად სფეროში ამ კანონით გათვალისწინებული საკითხების შესწავლისას ხელმძღვანელობს ამ კანონის მე-3 და მე-6−მე-9 მუხლებით, მე-11 მუხლის პირველი−მე-8 პუნქტებით, 111 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-6−მე-12 პუნქტებითა და 27-ე, 33-ე და 331 მუხლებით, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტს, მე-5 მუხლს, 111 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებსა და 112, მე-18, 22-ე−25-ე და 32-ე მუხლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებს, თუ ეკონომიკის შესაბამისი რეგულირებადი სფეროს მომწესრიგებელი სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
17. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილების პროექტის მიღებამდე მოპასუხე ეკონომიკური აგენტი უფლებამოსილია სააგენტოს შესთავაზოს კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე პირობითი ვალდებულების მიღება.
18. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ აღებული პირობითი ვალდებულების შესრულების შედეგად აღარ იარსებებს კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი, და მიიღებს მის მიერ აღებულ პირობით ვალდებულებას კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე, სააგენტო საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტის შეფასების გარეშე და მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს აღებული პირობითი ვალდებულების შესასრულებლად ვადას განუსაზღვრავს.
19. კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ (დანართი №2) 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების პროექტის მიღებამდე მოპასუხე ეკონომიკური აგენტი უფლებამოსილია კომისიას შესთავაზოს პირობითი ვალდებულებები.
20. კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ (დანართი №2) 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისიის თავმჯდომარე პირობითი ვალდებულებების მიღებიდან 5 სამუშაო დღეში აცნობებს სააგენტოს, საჭიროების შემთხვევაში, ასევე, შესაბამის ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს ამის შესახებ და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას მოსაზრებების წარმოდგენისათვის.
21. „მარეგულირებელი წესის“ 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია თანხმობა განაცხადოს ან უარი თქვას მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ შემოთავაზებული პირობითი ვალდებულების მიღებაზე. კომისია პირობითი ვალდებულებების მიღების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. გადაწყვეტილების მიღებისას კომისია შებოჭილი არ არის მომჩივნის, სააგენტოს და ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოს პოზიციით, თუმცა გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იქნეს შესაბამისი დასაბუთება.
22. „მარეგულირებელი წესის“ 30-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ კომისია მიიჩნევს, რომ მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ აღებული პირობითი ვალდებულების შესრულების შედეგად აღარ იარსებებს კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი და მიიღებს მის მიერ აღებულ პირობით ვალდებულებას კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე, კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტის შეფასების გარეშე და მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს აღებული პირობითი ვალდებულების შესასრულებლად ვადას განუსაზღვრავს.
23. „მარეგულირებელი წესის“ 30-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, პირობითი ვალდებულებების მიღების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს ეკონომიკურ აგენტს მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენა გარკვეული პერიოდულობით და განსაზღვროს ინფორმაციის წარმოდგენის წესი.
24. „მარეგულირებელი წესის“ 30-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ განსაზღვრულ ვადაში და განსაზღვრული სახით არ იქნება შესრულებული პირობითი ვალდებულებები:
ა) ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე არ უნდა აღემატებოდეს კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის საშუალო დღიური ბრუნვის 5%-ს;
ბ) კომისიის მიერ სავარაუდო დარღვევის ფაქტის შეფასების გარეშე პირობითი ვალდებულებების შესახებ გამოცემული გადაწყვეტილება უქმდება და საქმის მოკვლევა განახლდება საქმის მოკვლევის დარჩენილი ვადით. დარჩენილი ვადა აითვლება კომისიის მიერ პირობითი ვალდებულებების განსახილველად მიღების თარიღიდან.
III. სამოტივაციო ნაწილი
25. საქმის მოკვლევების ფარგლებში წინასწარი შეფასებით გამოიკვეთა, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ მობილურ ინტერნეტ მომსახურებაზე და ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებაზე საცალო ფასების ზრდა, ბაზარზე კომპანიის პოზიციისა და შესაბამისი ბაზრის სტრუქტურის გათვალისწინებით, წარმოშობდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლო დარღვევის შეფასების საჭიროებას, თუმცა კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შპს „მაგთიკომმა“ კომისიას შესთავაზა პირობითი ვალდებულებები.
26. შპს „მაგთიკომის“ მიმართ მობილური მომსახურებებისა და ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზარზე „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საქმის მოკვლევის ფარგლებში ეკონომიკური აგენტი იღებს ვალდებულებას კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
1. შპს „მაგთიკომი“ განახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები და მასწავლებლები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები, პროფესიული სტუდენტები და პროფესიული განათლების მასწავლებლები 20 გიგაბაიტიანი მობილური ინტერნეტპაკეტით სარგებლობას შეძლებენ შეღავათიან ფასად - 20 ლარად;
2. შპს „მაგთიკომი“ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში განახორციელებს ზემოაღნიშნულ პროექტს;
3. მობილური მომსახურების ფარგლებში, კომპანია ვალდებულებას იღებს, რომ 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეინარჩუნებს მოცემული მომსახურების პაკეტს: საგანმანათლებლო სექტორისთვის პროექტი: 20 გიგაბაიტი - 20 ლარი / 30 დღე.
4. ასევე, კომისიის შესაბამისი თანხმობის შემთხვევაში, კომპანია იღებს ვალდებულებას, ფიქსირებული ინტერნეტის მომსახურების ფარგლებში, 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეინარჩუნოს შემოთავაზებული შემდეგი გაზრდილი სიჩქარის მქონე პაკეტები და მათი შესაბამისი ფასები:
თბილისში – 70 მბ/წმ – 40 ლარი / 30 დღე;
რეგიონებში – 70 მბ/წმ – 33 ლარი / 30 დღე.
27. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეების და მასწავლებლების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების, პროფესიული სტუდენტების და პროფესიული განათლების მასწავლებლების რაოდენობა, რომლებიც შეძლებენ ისარგებლონ შპს „მაგთიკომის“ მიერ აღებული ვალდებულების ფარგლებში შეთავაზებული მობილური მომსახურების პაკეტით, დაახლოებით 925 ათასია. ამასთან, კომპანია იღებს ვალდებულებას, აღნიშნული ტარიფი 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეინარჩუნოს. რაც შეეხება ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურების ბაზრის სეგმენტს, შპს „მაგთიკომი“ იღებს პირობით ვალდებულებას 2027 წლის 31 დეკემბრამდე უცვლელად შეინარჩუნოს იმ პაკეტების ტარიფები, რომლებსაც ფასი 2025 წლის 1 აგვისტოდან გაეზარდა. ამ შემთხვევაში უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის მიერ ამ პაკეტის სიჩქარის მატება, საფასურის ზრდის გარეშე, მოხდა მას შემდეგ, რაც კომისიამ დაიწყო აღნიშნულ ბაზარზე საკითხის მოკვლევა და, შესაბამისად, ის მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო კომისიის მიერ მოკვლევის დაწყებას, გარკვეულწილად შეიცვალა (გაიზარდა სიჩქარე, საფასურის ზრდის გარეშე). აღნიშნული ცვლილება 456 ათას აბონენტს შეეხო.
28. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ, შემოთავაზებული ჯგუფებისთვის, რომლებიც მობილური ინტერნეტ მომსახურების ყველაზე აქტიურ სეგმენტს წარმოადგენენ, მაღალი მოცულობის ინტერნეტ პაკეტის შეღავათიანი პირობებით შეთავაზება (20 გბ 20 ლარად, 30 ლარის ნაცვლად) გაზრდის მომხმარებელთა ამ ჯგუფის ხელმისაწვდომობას მობილურ ინტერნეტზე და ამასთან, წაახალისებს მობილური ოპერატორების მხრიდან მსგავსი პროდუქტების განვითარებას. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ნაბიჯი დადებითად აისახება მაღალი მოცულობის მობილური ინტერნეტ პაკეტების ხელმისაწვდომობის ზრდაზე, გააუმჯობესებს კონკურენციას ამ სეგმენტზე და საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს მობილური ინტერნეტის ფასების შემცირებას. ისევე, როგორც გაზრდილი სიჩქარის პაკეტებზე (70 მბ/წმ) არსებული ტარიფების 2027 წლის ბოლომდე შენარჩუნების პირობებში, ინტერნეტ მომსახურების სიჩქარეების ზრდის ხელშეწყობა შექმნის დამატებით სარგებელს საბოლოო მომხმარებლებისთვის და ხელს შეუწყობს სატელეკომუნიკაციო სერვისებზე მათი მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
29. კომისიამ შეისწავლა შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი პირობითი ვალდებულებები, საქმის მასალები და მიიჩნია, რომ შემოთავაზებული ღონისძიებები მიმართულია საქმის მოკვლევის ფარგლებში იდენტიფიცირებული რისკების აღმოფხვრისაკენ, კერძოდ:
a. კომისიის შეფასებით, მობილური მომსახურების ბაზრის სეგმენტზე შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი პირობითი ვალდებულებები წარმოადგენს იმგვარ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც მიმართულია საცალო ბაზრის იმ სეგმენტზე, სადაც მობილური ინტერნეტის მოხმარება ყველაზე ინტენსიურია. კერძოდ, 20 გიგაბაიტიანი მობილური ინტერნეტ პაკეტის 20 ლარად შეთავაზება ქმნის ხელსაყრელ ალტერნატივას და ზრდის მაღალი მოცულობის მობილური ინტერნეტის ხელმისაწვდომობას მომხმარებელთა ფართო ჯგუფისთვის (განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც 5G ტექნოლოგიების განვითარება წლიდან წლამდე გაზრდის საშუალო მოხმარების მაჩვენებელს მობილური ინტერნეტის სერვისისათვის, რის შედეგადაც, წარმოდგენილი მაღალი მოცულობის პაკეტზე მოთხოვნა იქნება კიდევ უფრო მეტი მომხმარებლის მხრიდან).
b. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, რომ აღნიშნული შეღავათიანი პირობები ვრცელდება მომხმარებელთა ფართო ჯგუფზე, რომელიც მობილური ინტერნეტის აქტიური მოხმარებით გამოირჩევა. აღნიშნული გარემოება განაპირობებს იმას, რომ წარმოდგენილ პირობით ვალდებულებებს აქვს არა მხოლოდ ინდივიდუალური სოციალური ეფექტი, არამედ ბაზარზე კონკურენტული დინამიკის გაძლიერების პოტენციალიც, ვინაიდან მნიშვნელოვნად ფართოვდება მომხმარებელთა წვდომა მაღალი მოცულობის მობილურ ინტერნეტზე უფრო ხელსაყრელი პირობებით.
c. კომისიის შეფასებით, ასეთი კომერციული შეთავაზების შემოღება ქმნის დამატებით კონკურენტულ წნეხს შესაბამის საცალო ბაზარზე და ზრდის ეკონომიკურ სტიმულს, რომ კონკურენტმა ეკონომიკურმა აგენტებმაც მომხმარებელთა შენარჩუნებისა და მოზიდვის მიზნით განიხილონ ანალოგიური ან მსგავსი კონკურენტული პირობების მქონე პროდუქტების შეთავაზება. შესაბამისად, წარმოდგენილი ვალდებულებები მიმართულია იმ კონკურენტული რისკების შემცირებისაკენ, რომლებიც საფუძვლად დაედო საქმის მოკვლევის დაწყებას.
d. რაც შეეხება ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურების ბაზრის სეგმენტს, შპს
„მაგთიკომმა“ აბონენტებს, რომლებიც მოიხმარდნენ 50 მბ/წმ სიჩქარის პაკეტებს (რომელთაც შეეხო ფასის ზრდა 2025 წლის 1 აგვისტოდან და რომელთა რაოდენობა შეადგენდა 456 ათას აბონენტს), კომისიის მიერ საქმის მოკვლევის დაწყების შემდეგ, 2025 წლის 8 სექტემბრიდან ინტერნეტის სიჩქარე გაუზარდა 70 მბ/წმ-მდე, საფასურის დამატებითი ზრდის გარეშე.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ქმედებით კომპანიამ გაიზიარა ის აუცილებლობა, რაც დგას ქვეყანაში მაღალი სიჩქარის ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ამ კუთხით კვლავ არსებობს გამოწვევები - მომხმარებელთა უმრავლესობისთვის შეთავაზებული სიჩქარეები ჯერ კიდევ დაბალია ევროპის ქვეყნებში არსებულ საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით. კერძოდ, კომისიის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ოჯახების დაახლოებით 2%-ს აქვს მსგავსი მაღალი სიჩქარის(100 მბ/წმ და მეტი) წვდომა — მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიის პენეტრაცია 87%-ია. შედარებისთვის, ევროკავშირში ოჯახების საშუალოდ 72% სარგებლობს 100 მბ/წმ ან უფრო მაღალი სიჩქარის ინტერნეტით, მაშინ როცა ევროკავშირში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიის მაჩვენებელი დაახლოებით 55%-ს შეადგენს. აღნიშნული მოცემულობა ცხადყოფს, რომ ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურების ბაზარზე კვლავინდებურად არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები მაღალი სიჩქარის ინტერნეტთან წვდომის მიმართულებით.
შესაბამისად, ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურების ბაზრის სეგმენტზე არსებობს ქსელურ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელების საჭიროება (მათ შორის, დამატებითი ინვესტიციები არსებული FTTB (Fiber to the Building) ქსელის FTTH (Fiber to the Home) ტექნოლოგიით ჩასანაცვლებლად). გაზრდილი სიჩქარის 70 მბ/წმ-იან პაკეტებზე არსებული ტარიფების 2027 წლის ბოლომდე შენარჩუნების პირობებში, მოსალოდნელია, რომ კომპანიის მხრიდან ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები გააუმჯობესებს მაღალსიჩქარიანი და მაღალი ხარისხის ინტერნეტ მომსახურების ხელმისაწვდომობას საქართველოს შინამეურნეობების უმრავლესობისთვის, ევროპის ქვეყნებში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკის შესაბამისად. ინტერნეტ მომსახურების სიჩქარეების ზრდის ხელშეწყობა შექმნის დამატებით სარგებელს საბოლოო მომხმარებლებისთვის და ხელს შეუწყობს სატელეკომუნიკაციო სერვისებზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
30. შესაბამისად, კომისია მიიჩნევს, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ შემოთავაზებული პირობების მიღებამ ხელი უნდა შეუწყოს იმ გარემოებების შეცვლას, რომლებიც დაედო საფუძვლად კომისიის მხრიდან 2025 წლის 21 აგვისტოს Nგ-25-9/438 გადაწყვეტილებითა და 2025 წლის 21 აგვისტოს Nგ-25-9/439 გადაწყვეტილებით დაწყებულ მოკვლევებს.
31. კომისიის შეფასებით, ეკონომიკური აგენტის მიერ აღებული ვალდებულებები არის კონკრეტული, შესრულებადი და მათი განხორციელება მიმართულია აღმოფხვრას ის გარემოებები, რომლებიც შესაძლოა ქმნიდეს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების რისკს.
32. კომუნიკაციების კომისია უფლებამოსილია განახორციელოს ეკონომიკური აგენტის მიერ პირობით აღებული ვალდებულების შესრულების მონიტორინგი;
33. ეკონომიკური აგენტი ვალდებულია კომუნიკაციების კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია პირობით აღებული ვალდებულებების საფუძველზე განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე;
34. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი პირობითი ვალდებულებების მიღებას კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტის შეფასების გარეშე და ეკონომიკურ აგენტს განუსაზღვრავს აღებული პირობითი ვალდებულების შესასრულებლად ვადას:
ა) შპს „მაგთიკომმა“ პირობითი ვალდებულების ფარგლებში გათვალისწინებული მობილური ინტერნეტთან დაკავშირებული პროექტი განახორციელოს წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში;
ბ) 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ვადაში შეინარჩუნოს პირობითი ვალდებულების ფარგლებში გათვალისწინებული მობილურ ინტერნეტის შეთავაზება 20 გიგაბაიტი - 20 ლარი/30 დღე;
გ) ფიქსირებული ინტერნეტის ფარგლებში 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეინარჩუნოს ინტერნეტ პაკეტები შესაბამისი ფასებით: (თბილისში 70 მბ/წმ - 40 ლარი/30 დღე, რეგიონში 70 მბ/წმ - 33 ლარი/30 დღე).
35. კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე მისი გამოცხადებისთანავე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ეკონომიკური აგენტის მიერ აღებული პირობითი ვალდებულებების დაუყოვნებლივ შესრულების დაწყება.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის, 25-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ (დანართი №2) 30-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-5, მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დამტკიცდეს შპს „მაგთიკომის“ მიერ 2026 წლის 29 ივნისს (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/6123, 29.06.2026) აღებული პირობითი ვალდებულება შემდეგი სახით:
ა) შპს „მაგთიკომი“ განახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები და მასწავლებლები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები, პროფესიული სტუდენტები და პროფესიული განათლების მასწავლებლები 20 გიგაბაიტიანი მობილური ინტერნეტპაკეტით სარგებლობას შეძლებენ შეღავათიან ფასად - 20 ლარად;
ბ) შპს „მაგთიკომი“ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში განახორციელებს ზემოაღნიშნულ პროექტს;
გ) კომპანია ვალდებულებას იღებს, 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეინარჩუნოს წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პაკეტი (20 გიგაბაიტი - 20 ლარი / 30 დღე);
დ) ფიქსირებული ინტერნეტის ფარგლებში, შპს „მაგთიკომი“ ვალდებულებას იღებს, 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეინარჩუნოს ქვემოთ მოცემული პაკეტები შესაბამისი ფასებით:
დ.ა) თბილისში 70 მბ/წმ - 40 ლარი / 30 დღე. დ.ბ) რეგიონში 70 მბ/წმ - 33 ლარი / 30 დღე.
2. „მობილური მომსახურებების ბაზარზე ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ“ კომისიის 2025 წლის 21 აგვისტოს Nგ-25-9/439 გადაწყვეტილებითა და „ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზარზე ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ“ კომისიის 2025 წლის 21 აგვისტოს N გ-25-9/438 გადაწყვეტილებით დაწყებული საქმის მოკვლევები შეწყდეს, შპს „მაგთიკომის“ მიერ ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად აღებული პირობითი ვალდებულების გათვალისწინებით;
3. ეკონომიკურ აგენტს - შპს „მაგთიკომს“ დაევალოს აღებული პირობითი ვალდებულების შესრულება და კომისიის ინფორმირება წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შესახებ;
4. ეკონომიკურ აგენტს განემარტოს, რომ პირობითი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მას დაეკისრება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ჯარიმა, გაუქმდება პირობითი ვალდებულების მიღების შესახებ გადაწყვეტილება და საქმის მოკვლევა განახლდება;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „მაგთიკომისთვის“ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
ივანე მახარაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ანი ვაზაგაშვილი წევრი
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
