„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 03, 2026 14:46
მიღების თარიღი აპრილი 02, 2026
„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 2 აპრილი, 15:00 სთ
I. აღწერილობითი ნაწილი
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) დადგენილებით განსაზღვრავს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობას.
2. კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ (შემდგომში - დებულება) 71 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის (გარდა რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დროებით − 1 წლის ვადით, რისთვისაც პირი წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 1000 ლარს.“
3.დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებადი სიხშირის საფასური - 1000 ლარი განისაზღვრა დადგენილებაში 2018 წლის 22 თებერვალს შესული ცვლილების შედეგად და მას შემდეგ საფასურის ოდენობა არ შეცვლილა.
4. დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირული რესურსის ძირითადი გამომყენებლები არიან ბიზნეს სუბიექტები, რომელთაც ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში დამხმარედესაჭიროებათ აღნიშნული რესურსი.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად „კომისიის დადგენილება არის ნორმატიული სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება ამ კანონის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“
6. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტია ეროვნული კომისიის დადგენილება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ნორმატიულ აქტებს იღებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
7. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად „ნორმატიულ აქტში ცვლილების (ცვლილების (ცვლილებების) ან/და დამატების (დამატებების)) შეტანა ხდება მხოლოდ იმავე სახის ნორმატიული აქტით.“
8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად „თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები.“
9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1061 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი „ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების უფლების მქონე კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება ამავე ორგანოს გადაწყვეტილებით.“
10. ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად „ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.”
11. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის” მე-4 მუხლის „გ” ქვეპუნქტის თანახმად „კომისია ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მიღებამდე (გამოცემამდე) წინამდებარე წესის შესაბამისად საჯარო კონსულტაციებს გამართავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღებისას.”
12. „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის” მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტზე კომენტარების წარსადგენად კომისიის მიერ განსაზღვრული ვადა უნდა იყოს სულ ცოტა 30 კალენდარული დღე, რომელიც აითვლება წინამდებარე წესის მე-5 მუხლში მითითებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოქვეყნების დღიდან. ამ პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ 20 სამუშაო დღის ვადაზე ნაკლები.”
13. „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის” მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად „დაინტერესებული მხარის მიერ წარდგენილი კომენტარები კომისიაში რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში სრულად (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კომენტარი ან მისი ნაწილი ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიიჩნევა კონფიდენციალურად) ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე, ერთიან საინფორმაციო სივრცეში, სადაც თავმოყრილია საჯარო კონსულტაციებთან დაკავშირებული დოკუმენტები.”
III. სამოტივაციო ნაწილი
14. მას შემდეგ რაც კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულებაში“ შევიდა ცვლილება და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებადი სიხშირული რესურსის საფასური განისაზღვა 1000 ლარით, უკვე გავიდა 8 (რვა) წელი და საფასური არ შეცვლილა. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული საფასური არის ფიქსირებული და წარმოადგენს ერთ სიხშირეზე ერთი წლის საფასურს.
15. ამ სიხშირული რესურის გამომყენებლები ძირითადად არიან ბიზნეს სუბიექტები, რომლებიც ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას და აღნიშნული სიხშირული რესურსი ესაჭიროებათ თავიანთ ძირითად ეკონომიკურ საქმიანობაში დამხმარედ და ამ სიხშირული რესურსის საფასური მათი მთლიანი ეკონომიკური აქტივობის ხარჯებში მეტწილად არის სიმბოლური ხასიათის და მას არ შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს მათ ეკონომიკურ აქტოვობაზე და მის ღირებულებაზე.
16. 2018 წლიდან 2026 წლამდე ქვეყანაში წლიური ინლაციის საშუალო დონემ შეადგინა 5,2%, ასევე გაიზარდა რეგულაციური ხარჯები, თუმცა აღნიშნული არ ასახულა სიხშირის საფასურში.
17. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ კომისიაში დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დამხამარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებადი სიხშირული რესურსის სარგებლობის საფასურის გაზრდის მიზნით, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შესატანად.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე, 1061 და 1065 მუხლების, ამავე კოდექსის VII და IX თავების და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის” მე-4 მუხლის „გ” ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;
2. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გაიმართოს საჯარო კონსულტაციები;
3. საჯარო კონსულტაციების გამართვის მიზნით, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების პროექტთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარეების მიერ კომენტარების წარდგენის ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 2026 წლის 8 მაისისა. კომენტარების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე post@comcom.ge.
4. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2026 წლის 21 მაისს, 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოაქვეყნოს:
ა) ცნობა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, წინამდებარე გადაწყვეტილება, მომზადებული დადგენილების პროექტი და განმარტებითი ბარათი;
ბ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაინტერესებული მხარის მიერ კომისიაში წარდგენილი კომენტარები (გარდა საიდუმლო/კონფიდენციალური ინფორმაციისა), კომისიაში რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
7. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
8. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-5 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარატამენტს (ი. ბუთბაია).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
