შპს „რადიო გურიას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B206 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2025 წლის 25 სექტემბრის №გ-25-1/475 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 11, 2026 3:11
მიღების თარიღი მაისი 07, 2026
შპს „რადიო გურიას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B206 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2025 წლის 25 სექტემბრის №გ-25-1/475 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
განმცხადებელი: შპს „რადიო გურია“ (ს/ნ 405787224);
კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 7 მაისი;
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას წერილობით მიმართა შპს „რადიო გურიამ“ (ს/ნ 405787224) (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-26-6/3962, 20.04.2026) კერძო რადიომაუწყებლობის №B206 ლიცენზიის მოდიფიცირების თხოვნით. კერძოდ, შპს „რადიო გურია“ ითხოვს ბახმაროში გადამცემის განთავსების კოორდინატის ცვლილებას და ბახმაროში განთავსებული გადამცემით მაუწყებლობის დაწყების ვადად 15 ივლისის განსაზღვრას. როგორც წერილშია აღნიშნული ინფრასტრუქტურული კვლევისა და არსებული მდგომარეობის დეტალური ანალიზის საფუძველზე, ბახმაროში გადამცემის განთავსების ლოკაცია, რომელიც განსაზღვრულია კერძო რადიომაუწყებლობის №B206 ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრებით, ტექნიკური მომსახურებისა და ექსპლუატაციისთვის მიუწვდომელია. ბახმაროში არსებული რთული კლიმატური პირობებისა და დიდი თოვლის საფარის გამო, საპროექტო წერტილამდე მისვლა და სამონტაჟო სამუშაოების განხორციელება ამ ეტაპზე ფიზიკურად შეუძლებელია. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მომავალშიც მსგავსი შეფერხების თავიდან ასაცილებლად, კომპანია ითხოვს თანხმობას გადამცემი სადგურის ხელმისაწვდომ ადგილას, კერძოდ სასტუმრო „ტერასა ბახმაროს“ ტერიტორიაზე განთავსებაზე (ინფრასტრუქტურის მოწყობაზე სასტუმროს მფლობელთან მიღწეულია წინასწარი შეთანხმება) და აღნიშნული გადამცემით მაუწყებლობის დაწყების ვადის მიმდინარე წლის 15 ივლისამდე გადაწევას. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „რადიო გურია“ აქტიურად ასრულებს სამონტაჟო სამუშაოებს ოზურგეთსა და ჩოხატაურში სადაც სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და მიმდინარე წლის 4-11 მაისის პერიოდში აღნიშნული წერტილებიდან დაიწყება საცდელი მაუწყებლობა, ხოლო სრული პროგრამით ეთერში გასვლა დაგეგმილია 2026 წლის 1 ივნისს.
2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რადიო გურია“ კომისიის 2025 წლის 25 სექტემბრის №გ-25-1/475 ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B206 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის ქვესახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა: ქართული;
ე) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2035 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით;
ვ) გავრცელების გეოგრაფიული ზონა: საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №13;
ზ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში - 18 საათი;
თ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:
შენიშვნა 1: გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება ±5მ). ასევე ქსელის ფორმირებისას გადამცემის სიმძლავრის და ანტენის ტექნიკური პარამეტრების მნიშვნელობების ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს.
შენიშვნა 2: ზონალური დაფარვის მიზნით გაცემული ლიცენზიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მაუწყებლობის ზონის თითოეული გადამცემი სადგურიდან უნდა გავრცელდეს ერთი და იგივე კონტენტი დროში უცვლელად.
შენიშვნა 3: კომისიის თანხმობის შემთხვევაში ქსელის ფორმირებისას შესაძლებელია ტექნიკური პარამეტრების ცვლილება, ქსელის გამართული ფუნქციონირების მისაღწევად, მათ შორის სადგურების მდებარეობის.
ი) სალიცენზიო გადასახდელი: უზრუნველყოს შპს ”რადიო გურიამ” სალიცენზიო გადასახდელის დარჩენილი 70%-ის ანუ 4 649.40 (ოთხი ათას ექვსას ორმოცდაცხრა და 40 თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900
ბანკი - სახელმწიფო ხაზინა მიმღების ბანკის კოდი - TRESGE22 სახაზინო კოდი - 300773062
388.00 ლარი – 2025 წლის 25 ოქტომბრამდე;
388.00 ლარი – 2025 წლის 25 ნოემბრამდე;
388.00 ლარი – 2025 წლის 25 დეკემბრამდე;
388.00 ლარი – 2026 წლის 25 იანვრამდე;
388.00 ლარი – 2026 წლის 25 თებერვლამდე;
388.00 ლარი – 2026 წლის 25 მარტამდე;
388.00 ლარი – 2026 წლის 25 აპრილამდე;
388.00 ლარი – 2026 წლის 25 მაისამდე;
388.00 ლარი – 2026 წლის 25 ივნისამდე;
388.00 ლარი – 2026 წლის 25 ივლისამდე;
388.00 ლარი – 2026 წლის 25 აგვისტომდე;
381.40 ლარი – 2026 წლის 25 სექტემბრამდე;
კომისიის 2025 წლის 25 სექტემბრის №გ-25-1/475 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად შპს “რადიო გურია” ვალდებულია ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს 2026 წლის პირველ ივნისამდე (საქმიანობის დაწყებად ითვლება 2026 წლის პირველ ივნისამდე ლიცენზიის ტექნიკურ პარამეტრებში მითითებულ ყველა პუნქტში შესაბამისი ტექნიკური პარამეტრებით მაუწყებლობა და სამაუწყებლო სიგნალით საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №13-ის დაფარვა ).
II. სამოტივაციო ნაწილი
3. კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, აკრძალულია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რომელიც გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.
4. კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათების (№26-10-955, 23.04.2026 და №26-10-1023, 04.05.2026 ) თანახმად რადიომაუწყებლობის B206 ლიცენზიით ბახმაროში განსაზღვრული გადამცემის განთავსების გეოგრაფიული კოორდინატების (ბახმარო: 41°50′35.17″N 42°19′40.42″E) ახალი კოორდინატებით (41°50'54.97"N 42°20'26.28"E) შეცვლასთან დაკავშირებით, პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით განხორციელდა თეორიული შედარებითი ანალიზი და მოდელირება, რაც მოიცავდა სამაუწყებლო დაფარვის არეალის პროგნოზირებას და შეფასებას ლიცენზიით განსაზღვრული და მოთხოვნილი წერტილიდან გასხივებული რადიოსიგნალის მიხედვით. მოდელირების შედეგებით დადგინდა, რომ გადამცემის განთავსებით შემოთავაზებული გეოგრაფიული ადგილიდან, შესაძლებელია ზონის დაფარვასთან დაკავშირებული ვალდებულების შესრულება. ახალი ლოკაციის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროა ანტენის დაკიდების სიმაღლის კორექტირება და ნაცვლად არსებული 30 მეტრისა, მისი 15 მეტრით განსაზღვრა.
5. კომისია შპს „რადიო გურიას“ მიერ ბახმაროში განთავსებული გადამცემიდან მაუწყებლობის ვადის 2026 წლის 15 ივლისამდე გადაწევასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ კერძო რადიომაუწყებლობის №B206 ლიცენზია გაიცა 2025 წლის 5 ივნისის №გ-25-10/285 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსის საფუძველზე. კონკურსის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენდა პრაქტიკული საქმიანობის დაწყება ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის ვადაში. შპს „რადიო გურიამ“ საკონკურსო განაცხადში პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადად მიუთითა 2026 წლის პირველი ივნისი, ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის ნაცვლად, შესაბამისად პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადად განესაზღვრა მის მიერ მითითებული ვადა.
ასევე აღსანიშნავია, რომ კომისიის 2025 წლის 25 სექტემბრის №გ-25-1/475 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად საქმიანობის დაწყებად ითვლება 2026 წლის პირველ ივნისამდე ლიცენზიის ტექნიკურ პარამეტრებში მითითებულ ყველა პუნქტში შესაბამისი ტექნიკური პარამეტრებით მაუწყებლობა და სამაუწყებლო სიგნალით საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №13-ის დაფარვა. შესაბამისად ბახმაროში განთავსებული გადამცემით მაუწყებლობის დაწყების განსხვავებული ვადა ვერ დადგინდება. თუმცა ვინაიდან კომპანიის მოთხოვნა ბახმაროში განთავსებული გადამცემიდან მაუწყებლობის ვადის 15 ივლისამდე გადაწევასთან დაკავშირებით დასაბუთებულია და გამოწვეულია ობიექტური მიზეზების გამო, მიზანშეწონილია ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობის დაიწყების ვადის ცვლილება და ნაცვლად 2026 წლის პირველი ივნისისა 2026 წლის 15 ივლისის განსაზღვრა, რაც არ იქნება წინააღმდეგობაში 2025 წლის 5 ივნისის №გ-25-10/285 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსის პირობებთან.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, შპს „რადიო გურიას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B206 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.
7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიო გურიას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B206 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2025 წლის 25 სექტემბრის №გ-25-1/475 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2026 წლის 11 ივნისს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი):
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე; ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „რადიო გურიასთვის“ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
