წვდომის მენიუ

მაუწყებლობის სფეროში შპს „ჭადრაკი ტვ“-ის ავტორიზაციის შეჩერების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-26-23 / 86

გამოქვეყნების თარიღი მარტი 02, 2026 11:18

მიღების თარიღი თებერვალი 26, 2026

მაუწყებლობის სფეროში შპს „ჭადრაკი ტვ“-ის ავტორიზაციის შეჩერების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ავტორიზებული პირი: შპს „ჭადრაკი ტვ“ (ს/ნ 405327463);

წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის 2026 წლის 13 იანვრის N26-10-42 მოხსენებითი ბარათი;

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 26 თებერვალი;

I.აღწერილობითი    ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში  „კომისია“) აღნიშნავს,  რომ კომისიის ადმინისტრაციის  2026 წლის 13 იანვრის  N26-10-42 და  28 იანვრის (N26-10-200) სამსახურებრივი ბარათებიდან ირკვევა, რომ შპს „ჭადრაკი ტვ“  2024 წლის იანვრიდან  2025 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით კომისიაში  წარმოადგენს  რეგულირების  ყოველწლიური  საფასურის გაანგარიშების ნულოვან ფორმებს.

ასევე მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის  2026 წლის  29 იანვრის (№23-10-216) სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს “ჭადრაკი ტვ” ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში წარმოადგენს ნულოვან ფორმებს, შესაბამისად არ უფიქსირდება საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი. აგრეთვე, დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პერიოდული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ  2024 წლის დეკემბრიდან ავტორიზებული პირი არ მაუწყებლობს.

2. შპს  „ჭადრაკი  ტვ“-ს  მაუწყებლობის  სფეროში  ავტორიზაციის  შეჩერების  თაობაზე  საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხის განხილვის შესახებ შეტყობინება 2026 წლის 19 თებერვალს გაეგზავნა  ელექტრონულ  მისამართზე   (Nგ-26-03/914). შეტყობინება  ელექტრონულ მისამართზე კომპანიას ჩაბარდა 2026 წლის 20 თებერვალს.

3. კომისიის 2026 წლის 26 თებერვლის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ჭადრაკი ტვ“-ის დირექტორი გენადი უჩუმბეგაშვილი.   სხდომაზე   კომისიამ   მიიჩნია,   რომ   მის   მიერ   შესრულებულ   იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ    წარმოებაში    ჩაბმასთან    დაკავშირებით,    შესაბამისად    კომისია უფლებამოსილია საკითხი განიხილოს შპს „ჭადრაკი ტვ“-ის დაუსწრებლად.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

4. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  70-ე  მუხლის  მე-2  პუნქტის  შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების  მიმწოდებლების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და მის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ნ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება, ავტორიზაციის შეჩერება, განახლება და გაუქმება, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი.

5. “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N 95/19 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.

6. ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებლები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით.

7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

III. სამოტივაციო ნაწილი

1.    დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

8. შპს „ჭადრაკი ტვ“ (ს/ნ 405327463) წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელიც  კომისიის  2019  წლის  11  აპრილის  №228/1 გადაწყვეტილების  საფუძველზე  ფლობს ავტორიზაციას (BR-5061, 11.04.2019) შემდეგი  პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (ჭადრაკის თემატიკა) ტელემაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული, ინგლისური;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო); ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ინტერნეტი - უფასო;

ზ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო; თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2019 წლის პირველი მაისი.

2. სამართლებრივი შეფასება

9. ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:

ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;

ბ)  არ  წარუდგენს  კომისიას  რეგულირების  საფასურის  გაანგარიშებებს  ან  წარუდგენს  ნულოვან გაანგარიშებას;

გ) არ იხდის რეგულირების საფასურს;

10. სხდომაზე აღინიშნა, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382  მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კომისიის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. ასევე სხდომაზე აღინიშნა, რომ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-14 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, შესაბამისად კომისია უფლებამოსილია დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მაუწყებლობის სფეროში შპს „ჭადრაკი ტვ“-ის ავტორიზაციის შეჩერების მიზნით.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ნ) ქვეპუნქტის, 382 მუხლის მე-2 პუნქტის, 451 მუხლის მე-14 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 115-ე მუხლების, 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჭადრაკი ტვ“-ის (ს/ნ  405327463) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5061, 11.04.2019) შეჩერების თაობაზე;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2026 წლის 2 აპრილს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ.გასვიანი):

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ჭადრაკი ტვ“-სთვის გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებზე   დაევალოს   კომისიის   აპარატის იურიდიული დეპარტამენტის  ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები