მაუწყებლობის სფეროში შპს „ჭადრაკი ტვ“-ს ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 03, 2026 14:54
მიღების თარიღი აპრილი 02, 2026
მაუწყებლობის სფეროში შპს „ჭადრაკი ტვ“-ს ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე
ავტორიზებული პირი: შპს „ჭადრაკი ტვ“ (ს/ნ 405327463);
წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის 2026 წლის 13 იანვრის N26-10-42 მოხსენებითი ბარათი;
კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 2 აპრილი;
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის ადმინისტრაციის 2026 წლის 13 იანვრის N26-10-42 და 28 იანვრის (N26-10-200) სამსახურებრივი ბარათებიდან ირკვევა, რომ შპს „ჭადრაკი ტვ“ 2024 წლის იანვრიდან 2025 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით კომისიაში წარმოადგენს რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების ნულოვან ფორმებს. ასევე მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2026 წლის 29 იანვრის (№23-10-216) სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს “ჭადრაკი ტვ” ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში წარმოადგენს ნულოვან ფორმებს, შესაბამისად არ უფიქსირდება საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი. აგრეთვე, დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პერიოდული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ 2024 წლის დეკემბრიდან ავტორიზებული პირი არ მაუწყებლობს.
2. კომისიის 2026 წლის 26 თებერვლის №გ-26-23/86 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მაუწყებლობის სფეროში შპს „ჭადრაკი ტვ“-ის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2026 წლის 2 აპრილის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღე. შპს„ჭადრაკი ტვ“-ს კომისიის 2026 წლის 26 თებერვლის №გ-26-23/86 გადაწყვეტილება 2026 წლის 2 მარტს გაეგზავნა ელექტრონულ მისამართზე. კომპანიამ გადაწყვეტილების მიღება დაადასტურა 2026 წლის 5 მარტს. ასევე, 2026 წლის 4 მარტს ინტერნეტში, კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საჯარო გაცნობისათვის გამოქვეყნდა ცნობა N26-09 საჯარო წარმოების დაწყების თაობაზე ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღის მითითებით და შპს „ჭადრაკი ტვ“-სთვის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების პროექტი.
3. კომისიის 2026 წლის 2 აპრილის ზეპირი მოსმენის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ჭადრაკი ტვ“-ის წარმომადგენელი. სხდომაზე აღინიშნა რომ ადმინისტრაციული წარმოების პერიოდში დაინტერესებული მხარეების მიერ წერილობითი მოსაზრებები კომისიაში წარმოდგენილი არ არის. სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ მის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, შესაბამისად კომისია უფლებამოსილია საკითხი განიხილოს შპს „ჭადრაკი ტვ“-ს დაუსწრებლად.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და მის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ნ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება, ავტორიზაციის შეჩერება, განახლება და გაუქმება, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი.
5. “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N 95/19 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.
6. ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებლები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით.
7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
8. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კომისიის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
9. შპს „ჭადრაკი ტვ“ (ს/ნ 405327463) წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელიც კომისიის 2019 წლის 11 აპრილის №228/1 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ავტორიზაციას (BR-5061, 11.04.2019) შემდეგი პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (ჭადრაკის თემატიკა) ტელემაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული, ინგლისური;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);
ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);
ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
ზ.ა) ინტერნეტი - უფასო;
ზ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო;
თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2019 წლის პირველი მაისი.
2. სამართლებრივი შეფასება
10. ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:
ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;
ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;
გ) არ იხდის რეგულირების საფასურს;
11. კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე აღინიშნა, რომ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-14 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, კერძოდ კომპანია ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას, წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის ნულოვან გაანგარიშებებს, არ იხდის რეგულირების საფასურს. კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიამ ზეპირი მოსმენა დასრულებულად ჩათვალა და საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მიზანშეწონილად მიიჩნია იმავე დღეს ძირითად სხდომაზე.
12. კომისიის 2026 წლის 2 აპრილის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ჭადრაკი ტვ“-ის წარმომადგენელი. კომისიის 2026 წლის 2 აპრილის სხდომაზე აღინიშნა, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოვლენილა შპს „ჭადრაკი ტვ“-ის ავტორიზაციის შეჩერების დამაბრკოლებელი გარემოებები. შესაბამისად კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მაუწყებლობის სფეროში შპს „ჭადრაკი ტვ“-ის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ნ) ქვეპუნქტის, 382 მუხლის მე-2 პუნქტის, 451 მუხლის მე-14 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 115-ე მუხლების, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა
1. შეუჩერდეს შპს „ჭადრაკი ტვ“-ის (ს/ნ 405327463) ავტორიზაცია (BR-5061, 11.04.2019) მაუწყებლობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
2. განემარტოს შპს „ჭადრაკი ტვ“-ს, რომ ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ მაუწყებლობის განახლება ხდება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების შემდეგ კომისიისათვის საქმიანობის განახლების შესახებ შეტყობინების გაგზავნისა და კომისიის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შემდეგ;
3. განემარტოს შპს „ჭადრაკი ტვ“-ს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ჭადრაკი ტვ“-სთვის გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (ნ.ლორთქიფანიძე) ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნების დღიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ჭადრაკი ტვ“- სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
