წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 196 ერთი მხრივ მოქალაქე გიორგი ყიფიანს, ი. ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედ მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივ დამცველსა და მეორე მხრივ სამაუწყებლო კომპანიებს (,,რუსთავი 2“, „მზე“, „202“, „იმედი-ტვ“, „იბერია-ტვ“, „პირველი სტერეო“) შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 196 / 16

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 23, 2004

მიღების თარიღი აპრილი 23, 2004

ერთი მხრივ მოქალაქე გიორგი ყიფიანს,  ი. ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედ მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივ დამცველსა და მეორე მხრივ სამაუწყებლო კომპანიებს (,,რუსთავი 2„,  „მზე„, „202„, „იმედი-ტვ„, „იბერია-ტვ„, „პირველი სტერეო„) შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ 2004 წლის 6 თებერვალს კომისიაში შემოვიდა  საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის, ივერიელთა ერთობის კავშირის, ქეთევან წამებულის საზოგადოებისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირის ერთობლივი მომართვა (#6/02-04/05.01.2004) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სოციალური ფსიქოლოგიის კათედრის გამგის გ. ყიფიანის  წერილი (#05/20 – 13.02.2004) სამაუწყებლო კომპანიათა (სსიპ „საქტელერადიომაუწყებლობის„ პირველი არხი, „მზე„, „რუსთავი-2„, „იმედი„, „იბერია-ტვ„, „პირველი სტერეო„) მიერ „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონის დარღვევის შესახებ. 

კომისია აღნიშნავს, რომ „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მომხდენად შეიძლება ჩაითვალოს ფილმი, თუ ის შეიცავს სექსუალური ურთიერთობის, ძალადობის, ნარკოტიკების დამზადებისა და უკანონო მოხმარების ამსახველ სცენებს„, რაც უნდა განისაზღვროს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 28 დეკემბრის #39 ბრძანებით დამტკიცებული „არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის განმსაზღვრელი კრიტერიუმების„ საფუძველზე. ამასთან, „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ„ ევროპულ კონვენციასთან შეერთებულ ქვეყანაში გადაღებულ ფილმზე ვრცელდება ამ სახელმწიფოს მიერ მინიჭებული კატეგორია, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოში დადგენილ ფილმების კატეგორიებსა და კრიტერიუმებს„.

მოქმედი კანონმდებლობისა და საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 28 დეკემბრის #40 ბრძანებით დამტკიცებული „არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის რეესტრის წარმოების„ დებულების თანახმად, ფილმებისათვის კატეგორიების მინიჭებას, სამაუწყებლო კომპანიის მიერ შესაბამისი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, ახორციელებს  სახელმწიფო დეპარტამენტთან არსებული ახალგაზრდული პრობლემების კვლევითი ცენტრი („არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის რეესტრის წარმოების„ დებულების მე-4 მუხლი), რის შემდეგაც  მონაცემები შეაქვს არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის რეესტრში (მუხლი 1).

   ამავე დებულების  მე-8 მუხლის თანახმად, სამაუწყებლო კომპანიას უფლება აქვს თავად მიანიჭოს ფილმს შესაბამისი კატეგორია, საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 28 დეკემბრის #39 ბრძანებით დამტკიცებული „არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის განმსაზღვრელი კრიტერიუმების„ საფუძველზე.

 ფილმებისათვის კატეგორიათა მინიჭების შემდეგ, სამაუწყებლო კომპანია ვალდებულია ფილმების ტელედემონსტრირებისათვის განსაზღვროს „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით დადგენილი შესაბამისი დრო, ხოლო ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-3 ქვეპუნქტის თანახმად,  ტელევიზიით დემონსტრირებისას ფილმის კატეგორიის აღმნიშვნელი ნიშანი (რომლის დიამეტრიც არ უნდა იყოს ეკრანის დიაგონალის 8%-ზე ნაკლები) მოათავსოს ეკრანის კუთხეში ფილმის დემონსტრირების დაწყებიდან, აგრეთვე, რეკლამით შეწყვეტილი ფილმის ჩვენების განახლებიდან 5 წუთის განმავლობაში.

 „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 4510-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ტელერადიომაუწყებელი ვალდებულია მაუწყებლობის პროცესში, სხვა საკანონმდებლო აქტებთან ერთად, დაიცვას „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რაც, იმავდროეულად, სამაუწყებლო კომპანიაზე კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის ერთ-ერთი პირობაცაა. „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს კომისია.

2004 წლის 24 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის, მშობელთა გაერთიანების, ი. ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა სამაუწყებლო კომპანიების მიერ „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე, რომელსაც დაინტერესებულ პირებთან ერთად ესწრებოდნენ  საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს ახალგაზრდობის კვლევის ცენტრის წარმომადგენლები.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ:

1. ერთი თვის ვადაში განახორციელებდნენ ეთერში გასაშვები ფილმებისათვის კატეგორიათა მინიჭებას საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 28 დეკემბრის #39 ბრძანებით დამტკიცებული „არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის განმსაზღვრელი კრიტერიუმების„ საფუძველზე, რის შემდეგაც „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 ქვეპუნქტის თანახმად,  ტელევიზიით დემონსტრირებისას ფილმის კატეგორიის აღმნიშვნელ ნიშანს მოათავსებდნენ ეკრანის კუთხეში ფილმის დემონსტრირების დაწყებიდან, აგრეთვე, რეკლამით შეწყვეტილი ფილმის ჩვენების განახლებიდან 5 წუთის განმავლობაში.

2. იმ შემთხვევაში, თუ სადაო გახდებოდა ფილმისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების საკითხი, სამაუწყებლო კომპანიები მიმართავდნენ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს ახალგაზრდობის პრობლემების კვლევის ცენტრს, რომელიც დადგენილი წესით მიანიჭებდა ფილმს სათანადო კატეგორიას და შეიტანდა „არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის„ რეესტრში.

3. სამაუწყებლო კომპანიები ფილმების კატეგორიების გათვალისწინებით განათავსებდნენ მათ მომდევნო კვირის სამაუწყებლო ბადეში „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით დადგენილ დროსა და კატეგორიის აღნიშვნით.

 აღნიშნული შეთანხმების გათვალისწინებით 2004 წლის 5 მარტს სამაუწყებლო კომპანიებს: „რუსთავი 2„, „იბერია ტვ„, „იმედი„, „მზე„, სსიპ „საქტელერადიომაუწყებლობა„ დაეგზავნათ კომისიის წერილი, რომლითაც სამაუწყებლო კომპანიები გაფრთხილდნენ, რომ აღნიშნული შეთანხმების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამრღვევი სამაუწყებლო კომპანიების მიმართ გამოყენებული იქნებოდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა (მუხლი 1411) და ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონით (39-ე მუხლის მე-2 პუნქტი) გათვალისწინებული ზომები.

2004 წლის 19 მარტს მოქალაქე გ.ყიფიანმა და ილია ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირის სახელით - დ.ხაჩიძემ კომისიას განმეორებით მიმართეს სამაუწყებლო კომპანიების „რუსთავი 2„, „მზე„ და „202„ მიერ  „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევის შესახებ.

ამავე დროს, კომისიას მომართა მომხმარებელთა უფლებების დამცველმა ლ. მუხაშავრიამ მოქალაქე გ. ყიფიანისა და ი. ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირის ერთობლივი განცხადების საფუძველზე სამაუწყებლო კომპანიათა მიერ „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის გამო დავის დაწყებისა და მასში მხარედ ჩართვის ინიციატივით და მოითხოვა  სამაუწყებლო კომპანიათა მიერ „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„, აგრეთვე „საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონების მოთხოვნათა დაცვის პირობების დარღვევის, კომისიისათვის ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიუწოდებლობის გამო სამაუწყებლო კომპანიების: „მზე„, „რუსთავი-2„, „202„, „იმედი„, „იბერია-ტვ„, „პირველი სტერეო„, სსიპ „საქ ტელერადიომაუწყებლობის„ ხელმძღვანელების საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის შესაბამისად 5000 ლარით, ხოლო 1448-ე მუხლის შესაბამისად – 1000 ლარით  დაჯარიმება და  და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა” და „დ” ქვეპუნქტების შესაბამისად, აღნიშნული კომპანიების ლიცენზიების მოქმედების შეჩერება.

2004 წლის 23 აპრილს შედგა მოსამზადებელი სხდომა დავის განხილვის დღის დანიშვნის მიზნით, რომელსაც ესწრებოდნენ: მოქალაქე გ.ყიფიანი, დ. ხაჩიძე - „ილია ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირის„ თავმჯდომარე; ნ კახიანი - არასამთავრობო ორგანიზაცია „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის კოალიციის„ წევრი; მ. კაჭარავა - არასამთავრობო ორგანიზაცია „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის კოალიციის„ წევრი;  პროტოპროსვიტერი გიორგი - საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარე; დ. ზიმფილმიანი - შპს ტელეკომპანია „პირველი სტრეოს„ დირექტორი; ვ. ჭკუასელი - შპს ტელეკომპანია „პირველი სტრეოს„ იურისტი; ლ. რამიშვილი - შპს ტელეკომპანია „პირველი სტრეოს„ პროგრამის დირექტორი; თ. კელაპტრიშვილი - სსიპ „საქტელერადიომაუწყებლობის„ იურისტი; მ. ივანელაშვილი - სსიპ „საქტელერადიომაუწყებლობის„ იურისტი; ხ. ფულერიანი - შპს ტელეკომპანია „იბერია-ტვ„-ს იურისტი; ი. შარაბიძე - შპს ტელეკომპანია „იმედი„-ს იურისტი; გ. ჩხეიძე - შპს ტელეკომპანია „მზე„-ს იურისტი.

 მოქალაქე გ. ყიფიანმა და დ. ხაჩიძემ - „ილია ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირის„ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა დააზუსტეს თავისი მოთხოვნა და დავის მოპასუხე მხარედ განსაზღვრეს: სამაუწყებლო კომპანიები:  „რუსთავი-2„, „202„ და „მზე„.

მომხმარებელთა უფლებების დამცველმა აღნიშნა, რომ „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონს პრაქტიკულად ყველა სამაუწყებლო კომპანია არღვევს, რის გამოც მოითხოვა, დავის განხილვა დაინიშნოს ყველა საეთერო სამაუწყებლო კომპანიების მიმართ. მან აუცილებლად მიიჩნია სამაუწყებლო კომპანიების მიერ ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესრულებაზე კომისიის მხრიდან კონტროლის გაძლიერება. დარღვევათა შესახებ უტყუარი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, მომხმარებელთა უფლებების დამცველმა  დამატებით მოითხოვა სამაუწყებლო კომპანიებმა  წარმოადგინონ სამაუწყებლო ბადე, ინფორმაცია ფილმის დასახელების, სიუჟეტის,  პროდუსერის, რეჟისორის, მთავარი როლის შემსრულებლისა და კატეგორიის თაობაზე, აგრეთვე საავტორო ან მომიჯნავე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „თ„ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 4510-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტების, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ„ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 44-ე და 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაინიშნოს ერთი მხრივ მოქალაქე გიორგი ყიფიანს,  ი. ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედ მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივ დამცველსა და მეორე მხრივ სამაუწყებლო კომპანიებს (,,რუსთავი 2„,  „მზე„, „202„, „იმედი-ტვ„, „იბერია-ტვ„, „პირველი სტერეო„) შორის დავის განხილვა  2004 წლის 7 მაისს 1600 საათზე;

2. ეცნობოთ მოდავე მხარეებს დავის განხილვის თარიღი და დრო ;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე:                                                                  ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები