წვდომის მენიუ

შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: 258 / 20

გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2016 16:52

მიღების თარიღი აპრილი 21, 2016

შპსკავკასუს ონლაინისმიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“)  აღნიშნავს, რომ  ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულაციის დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2015 წლის 31 დეკემბრის №825/19 გადაწყვეტილების თანახმად დაიწყო შემომავალი საერთაშორისო ზარების მონიტორინგი და კონტროლი. აღნიშნულიდან გამომდინარე შპს "კავკასუს ონლაინისაგან" გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია და დოკუმენტაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 23 თებერვლის წერილის მოთხოვნის თანახმად, შპს „კავკასუს ონლაინმა“ კომისიაში 2016 წლის 4 მარტის №01-02/8398 (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი შ-6/2145-16, 04.03.2016 წ.) წერილით წარმოადგინა  ინფორმაცია კომპანიის პარტნიორი საერთაშორისო ოპერატორებისაგან გამავალი და შემომავალი ტრაფიკის ჯამური მოცულობისა და ჯამური ღირებულების შესახებ. ასევე ინფორმაცია ცალკეულ პარტნიორ საერთაშორისო ოპერატორთან შეთანხმებული 1 წუთის ღირებულების შესახებ ზარების დასრულებისათვის. შპს „კავკასუს ონლაინი“ ითხოვს მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის  და დოკუმენტების კომერციულ საიდუმლოებად ცნობას. 

შპს  „კავკასუს ონლაინი" წერილში ასევე აღნიშნავს, რომ მათი  მოთხოვნა განპირობებულია იმით, რომ კომპანიის მიერ პარტნიორ საერთაშორისო ოპერატორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები შეიცავს კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ პირობებს, რომლის მიხედვითაც მხარეებს არ აქვთ უფლება, ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, ხელშეკრულების პირობები, ანგარიშსწორება, გაწეული მომსახურების მოცულობა და ღირებულება  გაუმჟღავნონ სხვა პირებს მეორე მხარის თანხმობის გარეშე.

კომისიამ, 2016 წლის 15 მარტის =08/873-16 წერილით მიმართა შპს 2კავკასუს ონლაინს” და მოითხოვა ცალკეული დოკუმენტების მიხედვით  დაეკონკრეტებინა თუ რომელი მონაცემების კომერციულ საიდუმლოებად ცნობას  ითხოვდა კომპანია, რათა კომისიას ჰქონოდა შესაძლებლობა  აღნიშნული საკითხი განეხილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე   მუხლის შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 15 მარტის წერილის მოთხოვნის თანახმად, შპს „კავკასუს ონლაინმა“ კომისიას წარმოუდგინა 2016 წლის 30 მარტის №01-02/8483 (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი შ-6/3018-16, 30.03.2016 წ.) წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ  მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია მოიცავს 4 კატეგორიის დოკუმენტაციას:

1.ფოლდერი სახელწოდებით "ინვოისები";

2. ფოლდერი სახელწოდებით "გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები";

3.ფოლდერი სახელწოდებით "შედარების ოქმები";

4.ფოლდერი სახელწოდებით "ცხრილები, ფორმა". ამ უკანასკნელში მოცემულია დეტალური ინფორმაცია კონკრეტული პარტნიორი საერთაშორისო ოპერატორის მიხედვით და  შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ "ადგილობრივი ოპერატორის" ქსელში დასრულებული ზარების მოცულობისა და ტარიფების შესახებ.

კომპანია წერილში ასევე აღნიშნავს, რომ დოკუმენტაცია და ინფორმაცია, რომლის კომერციულ საიდუმლოებად ცნობასაც ითხოვს,  შეიცავს ინფორმაციას  შპს „კავკასუს ონლაინის“  2პარტნიორი საერთაშორისო ოპერატორების" დასახელების, მხარეთა მიერ დასრულებული ზარების რაოდენობისა (გაწეული მომსახურების მოცულობა) და მომსახურების ტარიფების შესახებ.

შპს „კავკასუს ონლაინს“ მიაჩნია, რომ აღნიშნული  მონაცემებისა და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, შპს „კავკასუს ონლაინის“  კონკურენტ ოპერატორებს, შეეძლებათ კონკურენციის გაწევის მიზნით განსაზღვრონ, რომელ "პარტნიორ საერთაშორისო ოპერატორთან", რა კონკრეტული პირობებით ურთიერთობა იქნება კომერციულად უფრო მიმზიდევლი და მომგებიანი მათთვის. შესაბამისად, საერთაშორისო ზარების ტერმინაციის სეგმენტზე მოქმედმა შპს „კავკასუს ონლაინის“  კონკურენტმა ოპერატორებმა  შესაძლოა, იმგვარად შეცვალონ თავიანთი სტრატეგიული პოლიტიკა, რომ ზიანი მიაყენონ  შპს „კავკასუს ონლაინის“ კონკურენტუნარიანობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე შპს „კავკასუს ონლაინი“ ითხოვს, რომ  კომისიამ უნდა უზრუნველყოს ზემოაღნიშნული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა და არ გაუმჟღავნოს იგი სხვა პირებს, მათ შორის, კომისიის 2015 წლის 31 დეკემბრის №825/19 გადაწყვეტილების შესაბამისად შექმნილ მონიტორინგის ჯგუფს, იმ შემთხვევაში თუ ამ ჯგუფში შევლენ სხვა ავტორიზებული პირების წარმომადგენლები.

კომპანია ასევე  ზემოაღნიშნული წერილით აზუსტებს, რომ არ ითხოვს ფოლდერი სახელწოდებით "შედარების ოქმები"-თ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას, რადგან იგი შეიცავს ინფორმაციას ადგილობრივ ოპერატორებთან ჯამურად დასრულებული წუთების შესახებ და არ აკონკრეტებს აღნიშნულ მონაცემებს ცალკეული "პარტნიორი საერთაშორისო ოპერატორის"  მიხედვით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას;

კომისიამ განიხილა შპს „კავკასუს ონლაინის“  2016 წლის 4 მარტის №01-02/8398 და 2016 წლის 30 მარტის №01-02/8483 წერილები, კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის  კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე 2016 წლის 21 აპრილს გამართულ სხდომაზე. სხდომას ესწრებოდა შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელი,  ვოის მენეჯერი  - ირინა ჭანტურია. კომისიის სხდომაზე შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა. კერძოდ, მან ითხოვა კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი ის დოკუმენტები, საიდანაც ირკვევა კონკრეტული მომსახურების მიმწოდებელის ტარიფი. ასეთს წარმოადგენს ფოლდერი სახელწოდებით "ინვოისები" და ფოლდერი სახელწოდებით "ცხრილები, ფორმა".

კომისია აღნიშნავს,  რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „კავკასუს ონლაინის“ მოთხოვნა და კომერციულ საიდუმლოებად უნდა იქნას ცნობილი 2016 წლის 4 მარტის №01-02/8398 წერილის თანდართული CD დისკით წარმოდგენილი შემდეგი სახის ინფორმაცია, კერძოდ: "ინვოისები"-ს ფოლდერში ჩაწერილი ელექტრონული დოკუმენტები (გაგზავნილი და მიღებული ინვოისები) და "ცხრილები, ფორმა" ფოლდერში  ჩაწერილი ელექტრონული დოკუმენტები (ექსელის ფაილები სახელწოდებით - "ურთიერთჩართვის ინვოისები 10.2015", "ურთიერთჩართვის ინვოისები 11.2015" და ურთიერთჩართვის ინვოისები 12.2015"). შპს „კავკასუს ონლაინსა“ და მისი პარტნიორი საერთაშორისო ოპერატორების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები (შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ 2016 წლის 6 აპრილის  №01-02/8531 წერილით კომისიაში წარმოდეგნილი ხელშეკრულებების ასლები) ასევე შეიცავს კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ პირობებს. აქედან გამომდინარე,  კომისიის აზრით, აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს კომერციულ საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან ამ მონაცემების ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია გამოყენებული იქნეს კონკურენტი კომპანიების მიერ.

რაც შეეხება "შედარების ოქმების" ფოლდერს, მასში ჩაწერილი შედარების აქტები, რომელიც გაფორმებულია ადგილობრივ ოპერატორებთან და მოიცავს 2015 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების პერიოდს,  უნდა დარჩეს ღიად. 

 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „კავკასუს ონლაინის“ 2016 წლის 4 მარტის №01-02/8398 და 2016 წლის 30 მარტის №01-02/8483 წერილებით წარმოდგენილი მოთხოვნა და ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად უნდა იქნას ცნობილი 2016 წლის 4 მარტის №01-02/8398 წერილის  დანართებით წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 1. შპს „კავკასუს ონლაინის“ 2016 წლის 4 მარტის №01-02/8398 (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი შ-6/2145-16, 04.03.2016 წ.) და 2016 წლის 30 მარტის №01-02/8483 (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი შ-6/3018-16, 30.03.2016 წ.) წერილებით წარმოდგენილი მოთხოვნა შპს „კავკასუს ონლაინის“ 2016 წლის 4 მარტის №01-02/8398  წერილის თანდართული CD დისკით წარმოდგენილი ინფორმაციისა და  დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს  ნაწილობრივ და კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი შემდეგი დოკუმენტები:

1.1. "ინვოისები"-ს ფოლდერში ჩაწერილი ელექტრონული დოკუმენტები (გაგზავნილი და მიღებული ინვოისები);

1.2. "ცხრილები, ფორმა" ფოლდერში  ჩაწერილი ელექტრონული დოკუმენტები (ექსელის ფაილები სახელწოდებით - "ურთიერთჩართვის ინვოისები 10.2015", "ურთიერთჩართვის ინვოისები 11.2015" და ურთიერთჩართვის ინვოისები 12.2015");

2. ინფორმაცია შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს  შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვიდან  იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის   მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „კავკასუს ონლაინისთვის“  ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის კონკურენციის ხელეწყობის  დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                        მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი                                                                 ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                 გიორგი ფრუიძე 

 

               

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები