წვდომის მენიუ

შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 411

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 29, 2020 20:49

მიღების თარიღი აპრილი 23, 2020

შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - „კომისია“) აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის  მონიტორინგის ჯგუფის სამსახურებრივი ბარათების (N20-10-886, 13/04/2020 და N20-10-918, 21/04/2020) მიხედვით, რადიომონიტორინგის სისტემის, დასავლეთ საქართველოში განთავსებული (ურთა) სტაციონალური სადგურით ჩატარებული მონიტორინგის შედეგების ანალიზით დგინდება, რომ შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს" FM 106,4 (B 79 ქ. ბათუმი, ქ. სენაკი) რადიოსადგურის ფუნქციონირება არ ფიქსირდება 3 თვეზე მეტი დროით.

შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 23 აპრილს, რის შესახებაც ორგანიზაციას ეცნობა შესაბამისი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მაუწყებელს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

კომისიის სხდომაში მონაწილეობა მიიღო შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ წარმომადგენელმა, მათე კირვალიძემ. კომპანიის წარმომადგენელმა დაადასტურა კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის სამსახურებრივი ბარათებში მითითებული ფაქტობრივი გარემოება - შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ რადიოსადგურის არფუნქციონირება.

II.  კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები

1.   მონაცემები შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“  შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან;

2. კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის სამსახურებრივი ბარათების (N20-10-886, 13/04/2020 და N20-10-918, 21/04/2020) და თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები;

3.   შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“   წარმომადგენლის ახსნა-განმარტება.

4.  „შპს ”რადიო კომპანია პირველი რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B79 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე“ კომისიის 2015 წლის 23 თებერვლის №28/6 გადაწყვეტილება.

III.      კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.    შპს  „რადიო  კომპანია  პირველი  რადიო“      ფლობს  რადიომაუწყებლობის ლიცენზიებს №45, №46 და №79. შესაბამისად, იგი ვალდებულია, შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები;

2.  „შპს ”რადიო კომპანია პირველი რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B79 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე“ კომისიის 2015 წლის 23 თებერვლის №28/6 გადაწყვეტილებით შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ კომისიის 2005 წლის 21 იანვრის №39/1 და 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მაუწყებლობის №B79 ლიცენზიას გაუგრძელდა ვადა 2015 წლის 21 იანვრიდან 2025 წლის 21 იანვრამდე. ამავე გადაწყვეტილებით კერძო მაუწყებლობის   №B79   ლიცენზია მოდიფიცირდა და განისაზღვრა შემდეგი სალიცენზიო პირობები: ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა; ბ) ლიცენზიის სახეობა:    საერთო    რადიომაუწყებლობა; გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

 

შენიშვნა: გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ); დ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურების ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის ან/და სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით. დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად განისაზღვრა 12 საათი.

3.  რადიო სისტემის  დასავლეთ საქართველოში   განთავსებული  (ურთა) სტაციონალური  სადგურით  ჩატარებული  მონიტორინგის  შედეგების  მიხედვით,  შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს" FM 106,4 (B 79 ქ. ბათუმი, ქ. სენაკი) რადიოსადგურის ფუნქციონირება არ ფიქსირდება 3 თვეზე მეტი დროით.

4.  ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიმართ არ ყოფილა გამოყენებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.

IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიის ფუნქცია და ვალდებულებაა მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა, კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება; აგრეთვე, სალიცენზიო პირობების დადგენა; ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება; ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება; ლიცენზიების გაუქმება; სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მიხედვით, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე საავტორიზაციო ან/და სალიცენზიო განცხადებაში ნაკისრი ვალდებულებებით.

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია, მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა  ან პრევენცია.  ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა;

როგორც აღინიშნა, „შპს ”რადიო კომპანია პირველი რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B79 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე“ კომისიის 2015 წლის 23 თებერვლის №28/6 გადაწყვეტილებით შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ კომისიის 2005 წლის 21 იანვრის №39/1 და 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მაუწყებლობის №B79 ლიცენზიას გაუგრძელდა ვადა 2015 წლის 21 იანვრიდან 2025 წლის 21 იანვრამდე. კომისიის 2015 წლის 23 თებერვლის №28/6 გადაწყვეტილებით განისაზღვრა, რომ კერძო მაუწყებლობის №79 ლიცენზიის მფლობელმა უნდა განახორციელოს მაუწყებლობა დღე-ღამის განმავლობაში არანაკლებ 12 საათისა. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა   აღნიშნული   ლიცენზიის   ტექნიკური   პირობები,   რომლის მიხედვითაც, რადიომაუწყებლობა ხორციელდება ბათუმის №1, ქუთაისის №2, სენაკის №3, ახალციხის №4, გორის №5 და მარნეულის №6 ანძების მეშვეობით (სიხშირე 106.4 მჰც, მოდულაცია FM, პოლარიზაცია V, გასხივება - წრიული).რადიოსისტემის, დასავლეთ საქართველოში განთავსებული (ურთა) სტაციონალური სადგურით ჩატარებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს" FM 106,4 (B 79 ქ. ბათუმი, ქ. სენაკი) რადიოსადგური არ ფუნქციონირებდა 3 თვეზე მეტი დროით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“  3 თვეზე მეტი დროის განმავლობაში დღე-ღამეში არანაკლებ 12 საათის ხანგრძლივობით არ განუხორციელებია მაუწყებლობა ბათუმის №1 და სენაკის №3 ანძებით კომისიის 2015 წლის 23 თებერვლის №28/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობებით.             შესაბამისად,     მაუწყებლის     მიერ     დაირღვა     კომისიის     ხსენებული გადაწყვეტილება და კერძო მაუწყებლობის №B79 ლიცენზიის პირობები. ამავდროულად, შპს „რადიო კომპანია პირველ  რადიოს" ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობა   არ დაკისრებია. შესაბამისად, შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს" უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება და დაევალოს უზრუნველყოს მაუწყებლობა ბათუმის №1 და სენაკის №3 ანძების (სიხშირე 106.4 მჰც) გამოყენებით კომისიის 2015 წლის 23 თებერვლის№28/6 გადაწყვეტილებით და კერძო მაუწყებლობის №B79 ლიცენზიით დადგენილი პირობებით.

ამავდროულად, წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიად გამოცხადების, მისი მასობრივი გავრცელებისა და ქვეყნის წინაშე არსებული მზარდი გამოწვევის გათვალისწინებით „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 და 2020 წლის 21 აპრილის №2 ბრძანებებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და მოქმედებს შეზღუდვები, მათ შორის, დაწესებულია ფიზიკური გადაადგილებისა და ცალკეული საქმიანობის განხორციელების შეზღუდვა. ამ პირობებში, შესაძლებელია, შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ ბათუმის №1 და სენაკის №3 ანძების (სიხშირე 106.4 მჰც) გამოყენებით მაუწყებლობის აღდგენის უზრუნველყოფისას შეექმნას გარკვეული დაბრკოლებები და საგანგებო მდგომარეობამ რამდენადმე გაართულოს მის მიერ დარღვევის აღმოფხვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია  მიიჩნევს,  რომ ქვეყანაში  შექმნილი  მდგომარეობის  გათვალისწინებით,  შპს „რადიო    კომპანია    პირველ  რადიოს" უნდა დაევალოს დარღვევის აღმოფხვრა „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 და 2020 წლის 21 აპრილის №2 ბრძანებებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დასრულებიდან  3 თვის ვადაში.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის  პირველი  პუნქტის,  მე-5  მუხლის  მე-3  პუნქტის  „ვ“  და  „გ“ ქვეპუნქტების, 48-ე მუხლის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „შპს ”რადიო კომპანია პირველი რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B79 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე“ კომისიის 2015 წლის 23 თებერვლის №28/6 გადაწყვეტილების და კერძო მაუწყებლობის №B79 ლიცენზიის პირობების დარღვევის გამო.

2.  შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს" დაევალოს „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 და 2020 წლის 21 აპრილის №2 ბრძანებებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დასრულებიდან  3 თვის ვადაში უზრუნველყოს მაუწყებლობა ბათუმის №1 და სენაკის №3 ანძების (სიხშირე 106.4 მჰც) გამოყენებით კომისიის 2015 წლის 23 თებერვლის №28/6 გადაწყვეტილებით და კერძო მაუწყებლობის №B79 ლიცენზიით დადგენილი პირობებით.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ( www.gncc.ge) გამოქვეყნება.

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი:ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) ორგანიზაციისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსთვის“ ჩაბარების დღიდან;

6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ  დეპარტამენტს  (ლ.  მაისურაძე) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

7. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ლ. ლაშქარავა).

კახი ბექაური       თავმჯდომარე

ელისო ასანიძე     წევრი

მერაბ ქათამაძე     წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები