შპს „TV3“-ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F75, F81, F93 და F95 ლიცენზიების გაუქმებისა და კომისიის 2009 წლის 5 ნოემბრის №571/1, 2010 წლის 17 დეკემბრის №582/1, 2013 წლის 15 მაისის №332/1 და 2014 წლის 6 იანვრის №02/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 06, 2018 10:16
მიღების თარიღი ნოემბერი 01, 2018
შპს „TV3“-ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F75, F81, F93 და F95 ლიცენზიების გაუქმებისა და კომისიის 2009 წლის 5 ნოემბრის №571/1, 2010 წლის 17 დეკემბრის №582/1, 2013 წლის 15 მაისის №332/1 და 2014 წლის 6 იანვრის №02/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „TV3“ (ს/კ 211349913) წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელ პირს. შპს „TV3“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის შემდეგ ლიცენზიებს:
ა) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF75 ლიცენზიას კომისიის 2009 წლის 5 ნოემბრის N571/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა.ა) რადიოსიხშირული სპექტრი:
4014 მჰც ± 14 მჰც (მონაკვეთზე, ქ.თბილისი გორგასლის მე-3 შესახვევი N15 - მთაწმინდის სატელევიზიო ანძა);
1056 მჰც ± 14მჰც (მონაკვეთზე მთაწმინდის ანძა - შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ სათაო სადგური - ტაბახმელა);
ა.ბ) სიმძლავრე - 5 ვატი;
ა.გ) სადგურების რაოდენობა - 2 სადგური;
ა.დ) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;
ა.ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;
ბ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF81 ლიცენზიას კომისიის 2010 წლის 17 დეკემბრის N582/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ბ.ა) რადიოსიხშირული სპექტრი:
10422 მჰც ± 14 მჰც; (მიმართულება: მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან - სტუდიამდე (გორგასლის მე-3 შესახვევი №15); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გადამცემის სიმძლავრე - 5 ვატამდე;
10530 მჰც ± 14 მჰც; (მიმართულება: მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან - შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ სათაო სადგურამდე (ტაბახმელა); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გადამცემის სიმძლავრე - 5 ვატამდე;
ბ.ბ) გადამცემი სადგურების რაოდენობა - 2 სადგური;
ბ.გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა - 2020 წლის 17 დეკემბრამდე;
ბ.დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება: 2011 წლის 17 დეკემბრამდე;
ბ.ე) შპს „რეალტივი საქართველო“ ვალდებულია ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს მხოლოდ ფიქსირებული რადიოსარელეო კავშირის უზრუნველსაყოფად;
გ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF95 ლიცენზიას კომისიის 2013 წლის 15 მაისის N332/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
გ.ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 3620 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: ქ. თბილისის ტერიტორიიდან – მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე; დანიშნულება: მობილური ჩართვებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე - 5 ვატი;
გ.ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 15 მაისამდე;
გ.გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
გ.გ.ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა;
გ.გ.ბ) რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;
დ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის N93 ლიცენზიას კომისიის 2014 წლის 6 იანვრის N02/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
დ.ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 14460±14 მჰც; მიმართულება: თბილისის ტერიტორიიდან - მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე; დანიშნულება: მობილური ჩართვებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე - 2 ვატი;
დ.ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2024 წლის 6 იანვრამდე;
დ.გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
დ.გ.ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა;
დ.გ.ბ) რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად;
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „TV3“ ფლობდა ავტორიზაციას როგორც მაუწყებლობის ასევე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში. კომპანიას მაუწყებლობის ავტორიზაცია შეუჩერდა კომისიის 2018 წლის 21 ივნისის კომისიის N357/3 გადაწყვეტილებით, ვინაიდან შპს „TV3“ ტელემაუწყებლობას არ ახორციელებდა ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. კომპანია 2016 წლის მარტის თვის შემდეგ კომისიაში არ წარმოადგენდა რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების ფორმებს და 2016 წლის ოქტომბრის თვიდან არ ავსებდა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს.
ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომპანიას ავტორიზაცია შეუჩერდა კომისიის 2018 წლის 28 ივნისის N378/3 გადაწყვეტილებით, ვინაიდან შპს „TV3“ არ ახორციელებდა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ საქმიანობას ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ასევე 2016 წლის მარტის თვის შემდეგ კომისიაში არ წარმოადგენდა რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების ფორმებს და 2016 წლის ოქტომბრის თვიდან არ ავსებდა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს. სხვა ავტორიზებული პირები კომპანიას სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში არ მოიხსენიებდნენ კონტრაჰენტ ოპერატორად.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათების (Nშ-10/5596-18, 25.10.18 და Nშ-10/3045-18, 26.06.18) შესაბამისად განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ კომპანია აღნიშნული ლიცენზიებით არ ახორციელებს პრაქტიკულ საქმიანობას. რადიოსარელეო მიმღებ-გადამცემი აპარატურა, რომელიც აუცილებელია ზემოაღნიშნული ლიცენზიებით საქმიანობისას მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან დემონტირებულია 2015 წლის 12 ივნისიდან.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული რესურსით სარგებლობისა და ამ რესურსის გამოყენებით პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების შეწყვეტა ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან 6 თვით ერთი წლის განმავლობაში.
კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის პირველი ნოემბრის სხდომას არ ესწრებოდა შპს „TV3“-ს წარმომადგენელი. შეტყობინება ლიცენზიების გაუქმების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ გაეგზავნა შპს „TV3“-ს და აღსრულების ეროვნულ ბიუროს, როგორც შპს „TV3“-ს მეურვეს. შპს „TV3“-ს და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეტყობინებები ჩაბარდათ 2018 წლის 26 ოქტომბერს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ლიცენზიებთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიის გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ უნდა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №№F75, F81, F93 და F95 ლიცენზიების გაუქმებისა და კომისიის 2009 წლის 5 ნოემბრის №571/1, 2010 წლის 17 დეკემბრის №582/1, 2013 წლის 15 მაისის №332/1 და 2014 წლის 6 იანვრის №02/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით, ვინაიდან სახეზეა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ლიცენზიის გაუქმების საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „TV3“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №№F75, F81, F93 და F95 ლიცენზიების გაუქმებისა და კომისიის 2009 წლის 5 ნოემბრის №571/1, 2010 წლის 17 დეკემბრის №582/1, 2013 წლის 15 მაისის №332/1 და 2014 წლის 6 იანვრის №02/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით;
2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2018 წლის 6 დეკემბერს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. შოვნაძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „TV3“-ისთვის და აღსრულების ეროვნულ ბიუროსთვის გაგზავნა (დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით) (ნ. ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
