შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიმართ შპს ,,სერვისბოქსის“ საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 06, 2022 17:50
მიღების თარიღი ივნისი 30, 2022
შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიმართ შპს ,,სერვისბოქსის“ საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვის თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) შპს ,,სერვისბოქსმა“ შპს ,,ვიონი საქართველოს“ წინააღმდეგ საჩივრით მიმართა (N შ-22-6/2393; 21.06.2022). საჩივარში აღნიშნულია, რომ 2022 წლის 6 მაისს ,,სერვისბოქსმა“ წერილით მიმართა ,,ვიონი საქართველოს“ (იხ. საჩივარზე დანართი 2) და ითხოვა ე.წ. P2P ტექსტური შეტყობინებების ტერმინაციისთვის ,,ვიონი საქართველოს“ მიერ დადგენილი არადისკრიმინაციული პირობების მიწოდება წერილის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. ამავე წერილით ,,სერვისბოქსმა“ ,,ვიონი საქართელოს“ განუმარტა, რომ მათ შორის დადებული 2022 წლის 21 მარტის N82/22 ხელშეკრულების (იხ. საჩივარზე დანართი 1– შპს „სერვისბოქსისა“ და შპს „ვიონი საქართველოს“ 2022 წლის 21 მარტის N 82/22 მომსახურების ხელშეკრულება) ფარგლებში ,,ვიონი საქართველო“ უკვე უზრუნველყოფს ,,სერვისბოქსს“ ე.წ. A2P ტექსტური შეტყობინების ტერმინაციით და შესაბამისად, მოცემული წერილის საფუძველზე ,,სერვისბოქსი“ ითხოვდა არა კვლავ A2P, არამედ P2P ტექსტური შეტყობინების ტერმინაციას. ,,სერვისბოქსის“ 2022 წლის 6 მაისი წერილის პასუხად, ,,ვიონი საქართველომ“ 2022 წლის 16 მაისის წერილით მხარეს შეატყობინა, რომ მათ შორის დადებული ხელშეკრულება უკვე ითვალისწინებს P2P ტრაფიკსაც და მისი ღირებულება არის 0 ლარი (იხ. საჩივარზე დანართი 3 - შპს „ვიონი საქართველოს“ 2022 წლის 16 მაისის წერილი). „ვიონი საქართველოს“ 2022 წლის 16 მაისის წერილის პასუხად „სერვისბოქსმა“ მხარეს სთხოვა დაეზუსტებინა P2P ტექსტური შეტყობინებების ტერმინაციის ნულოვანი ტარიფი ვრცელდებოდა თუ არა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტრანზიტისთვის (იხ. საჩივარზე დანართი 4 - შპს „სერვისბოქსის“ 2022 წლის 16 მაისის წერილი), რასთან დაკავშირებითაც „ვიონი საქართველომ“ თავისი 2022 წლის 17 მაისის წერილში მხარეს განუმარტა, რომ P2P ტექსტური შეტყობინებების ტერმინაციის ნულოვანი ტარიფი ეხებოდა მხოლოდ ლოკალურ ტრაფიკს, ხოლო საერთაშორისო P2P ტრაფიკის ნაწილში „ვიონი საქართველოს“ ყავს ტენდერის ფარგლებში შერჩეული ერთი პარტნიორი, რომელმაც თვითონ შესთავაზა „ვიონი საქართველოს“ ტარიფები და ინტერესის შემთხვევაში მიაწოდებდა „სერვისბოქსს“ ამ კომპანიის საკონტაქტო ინფორმაციას (იხ. საჩივარზე დანართი 5 - შპს „ვიონი საქართველოს“ 2022 წლის 17 მაისის წერილი). შესაბამისად, „ვიონი საქართველომ“ მოცემული წერილით „სერვისბოქსს“ განუმარტა, რომ მას P2P ტექსტური შეტყობინებების ტერმინაციის საერთაშორისო ტრანზიტისთვის თავად არ აქვს დადგენილი შესაბამისი ტარიფები და ინტერესის შემთხვევაში „სერვისბოქსს“ სწორედ ამ კომპანიისთვის უნდა მიემართა, რომ შემდეგ სწორედ აღნიშნული კომპანიის მიერ „ვიონი საქართველოსთვის“ შეთავაზებული ტარიფებით ესარგებლა „ვიონი საქართველოს“ P2P ტექსტური შეტყობინებების ტერმინაციის საერთაშორისო ტრანზიტზე.
საჩივრის ავტორის განცხადებით, „სერვისბოქსმა“ 2022 წლის 20 მაისის წერილით კვლავ მიმართა „ვიონი საქართველოს“ და აცნობა, რომ კომისიის 2022 წლის 05 მაისის Nგ-22-15/203 გადაწყვეტილებით მიენიჭა ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდი შემდეგი ფორმატით: 029-00 (1856), ურთიერთჩართვის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის მომსახურებაზე ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე და ითხოვა, რომ „ვიონი საქართველოს“ უზრუნველეყო „სერვისბოქსის“ ურთიერთჩართვა ე.წ. SS7 სიგნალიზაციით SIGTRAN ოქმის და კომისიის მიერ მონიჭებული სასიგნალო კოდის გამოყენებით (იხ. საჩივარზე დანართი 6 - შპს „სერვისბოქსის“ 2022 წლის 20 მაისის წერილი). „სერვისბოქსის“ 2022 წლის 20 მაისის პასუხად „ვიონი საქართველოს“ ერთ-ერთი საკონტაქტო პირმა 2022 წლის 23 მაისის წერილით განმარტა, რომ „სერვისბოქსსა“ და „ვიონი საქართველოს“ შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე უკვე არსებობს ე.წ. SMPP ტიპის ურთიერთჩართვა, ხოლო მხარე ითხოვს SS7 ტიპის ურთიერთჩართვას და ამავე „ხელშეკრულების“ 4.1.1. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს SS7 ან/და SMPP ტიპის შეერთებებს ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის SMS დასრულების მომსახურებისთვის (იხ. საჩივარზე დანართი 7 - შპს „ვიონი საქართველოს“ 2022 წლის 23 მაისის წერილი და დანართი 1 – შპს „სერვისბოქსისა“ და შპს „ვიონი საქართველოს“ 2022 წლის 21 მარტის N 82/22 მომსახურების ხელშეკრულება).
,,სერვისბოქსი“ საჩივარში აღნიშნავს, რომ მან 2022 წლის 30 მაისის წერილით კვლავ მიმართა „ვიონი საქართველოს“ და შეახსენა, რომ SS7 ტიპის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებულ „სერვისბოქსის“ მოთხოვნაზე პასუხი არ ჰქონდა დაბრუნებული (იხ. საჩივარზე დანართი N8 - შპს „სერვისბოქსის“ 2022 წლის 30 მაისის წერილი), რასთან დაკავშირებით „ვიონი საქართველოს“ იურიდიული სამსახურის უფროსმა ი. ესართიამ 2022 წლის 01 ივნისის წერილით „სერვისბოქსს“ განუმარტა, რომ მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში „სერვისბოქსი“ უკვე სარგებლობს ე.წ. SMPP ტიპის ურთიერთჩართვით (იხ. საჩივარზე დანართი 9 - შპს „ვიონი საქართველოს“ 2022 წლის 01 ივნისის წერილი). შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ „სერვისბოქსი“ მხარეთა შორის არსებული და წინამდებარე საჩივრის დანართებით წარმოდგენილი წერილობითი თუ ელექტრონული კორესპონდენციის საფუძველზე „ვიონი საქართველოს“ მიმართავდა თხოვნით, რომ მას „სერვისბოქსისთვის“ უზრუნველეყო A2P და P2P ტექსტური შეტყობინებების ტერმინაციის ურთიერთჩართვა ე.წ. SS7 პროტოკოლის SIGTRAN ინტერფეისით, „ვიონი საქართველო“ კვლავ მიუთითებდა და მიუთითებს ე.წ. SMPP ტიპის ურთიერთჩართვაზე, რომელიც მისი განმარტებით „სერვისბოქსს“ უკვე მიეწოდება, თუმცა არ ითვალისწინებს, რომ SS7 ტიპის ურთიერთჩართვა, რომელსაც „სერვისბოქსი“ ითხოვს და SMPP ტიპის ურთიერთჩართვა, რომელიც „სერვისბოქსს“ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში უკვე მიეწოდება, წარმოადგენს ურთიერთჩართვის უზრუნველყოფას ორი სხვადასხვა და ერთმანეთისგან ტექნიკურად განსხვავებული პროტოკოლით.
საჩივარში აღნიშნულია, რომ ,,ვიონი საქართველოს“ 2022 წლის 01 ივნისის წერილის პასუხად „სერვისბოქსმა“ 2022 წლის 03 ივნისის წერილით კვლავ მიმართა „ვიონი საქართველოს“ და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი უფლებებისა და ვალდებულებების ფარგლებში კვლავ მოითხოვა მოცემული წერილის მიღებიდან „სერვისბოქსის“ დაუყონებლივ დაშვება „ვიონი საქართველოს“ ქსელის შესაბამის ელემენტებთან და მათ ფუნქციონალურ რესურსებთან ე.წ. SS7 პროტოკოლით SIGTRAN ინტერფეისის გამოყენებით, რათა სერვისბოქსს უზრუნველეყო შესაბამისი ტექსტური შეტყობინებების მომსახურების მიწოდება. ამავე წერილით „სერვისბოქსმა“ „ვიონი საქართველოს“ განუმარტა, რომ თუ იგი არ უზრუნველყოფდა „სერვისბოქსისთვის“ ამავე წერილით მოთხოვნილი ურთიერთჩართვის მიწოდებას, იგი მიმართავდა კომისიას მოცემული პრობლემის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით (საჩივარზე დანართი 10 - შპს „სერვისბოქსის“ 2022 წლის 03 ივნისის წერილი). „სერვისბოქსის“ მიერ „ვიონი საქართველოსთვის“ წინამდებარე საჩივრით გათვალისწინებული ურთიერთჩართვის უზრუნველყოფის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, „ვიონი საქართველო“ დღემდე არ უზრუნველყოფს „სერვისბოქსისთვის“ აღნიშნული ურთიერთჩართვის მიწოდებას (იხ. საჩივარზე დანართი 11 - შპს „სერვისბოქსის“ 2022 წლის 09 ივნისის წერილი).
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს ავტორიზებული პირის უფლებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორს მოსთხოვოს მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიწოდება. „სერვისბოქსმა“ მოცემული მუხლის შესაბამისი ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში „ვიონი საქართველოს“ არაერთხელ მიმართა ურთიერთჩართვის მოთხოვნით. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, „სერვისბოქსმა“ ამ დრომდე ვერ შესძლო მისთვის მოცემული მუხლის შესაბამისი პუნქტით მინიჭებული უფლებით სარგებლობა. კერძოდ, „სერვისბოქსი“ „ვიონი საქართველოს“ მიერ მისთვის კანონით დადგენილ ვალდებულებათა დარღვევის შედეგად, დღემდე ვერ ახდენს „ვიონი საქართველოს“ შესაბამის ელემენტებთან SS7 პროტოკოლით SIGTRAN ინტერფეისით ურთიერთჩართვით სარგებლობას P2P და A2P ტექსტური შეტყობინებების ტერმინაციის მიზნით. იმის გათვალისწინებით, რომ „სერვისბოქსი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, ხოლო „ვიონი საქართველო“ წარმოადგენს ქსელის მფლობელ ავტორიზებიულ პირს, მას მოცემული მუხლის მიხედვით აქვს სრული უფლება „ვიონი საქართველოს“ მოსთხოვოს მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიწოდება და მისგან ასეთი მომსახურება მიიღოს შეუფერხებლად.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება.“ საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ცხადყოფს, რომ ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზებული პირის უფლება ურთიერთჩართვის მოთხოვნასთან დაკავშირებით არ არის დაუცველი და მოცემული პუნქტი, სწორედ მისი დაცვის სამართლებრივი ბერკეტია. იგი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორს ავალდებულებს, რომ ავტორიზებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში მოახდინოს მისი დაშვება საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავად და არადისკრიმინაციულად, ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდებით. „ვიონი საქართველოს“ მიერ მოთხოვნილი SS7 პროტოკოლით SIGTRAN ინტერფესით „სერვისბოქსისთვის“ ურთიერთჩართვის მიუწოდებლობა წარმოადგენს მოცემული მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევას, რაც აფერხებს ,,სერვისბოქსს“, რომ მოახდინოს შესაბამისი P2P და A2P ტექსტური შეტყობინებების ტერმინაცია „ვიონი საქართველოს“ კუთვნილ ქსელში. ხოლო, A2P ტიპის ტექსტური შეტყობინებების ტერმინაციის ნაწილში, „ვიონი საქართველოს“ მიერ SS7 პროტოკოლით SIGTRAN ინტერფეისის გამოყენებით „სერვისბოქსისთვის“ ურთიერთჩართვის მიუწოდებლობა, აგრეთვე არღვევს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.1.1. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას, რომელიც მხარეებს ავალდებულებს, რომ მოცემული ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების მიღების/გაწევის ურთიერთჩართვის წერტილში ერთმანეთთან იქონიონ ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის SMS დასრულების მომსახურებისთვის SS7 ან/და SMPP ტიპის შეერთებები. მიუხედავად იმისა, რომ A2P ტექსტური შეტყობინებების ტერმინაციის მიზნით „ვიონი საქართველო“ ხელშეკრულების ფარგლებში უკვე უზრუნველყოფს „სერვისბოქსს“ SMPP პროტოკოლის ურთიერთჩართვით, მოცემული მუხლის ამგვარი ჩანაწერით დგინდება, რომ აღნიშნული ხელშეკრულების მიზნებისთვის SMPP და SS7 პროტოკოლის ურთიერთჩართვა არ წარმოადგენს ერთმანეთის ალტერნატივას და მხარის მოთხოვნის შემთხვევაში მეორე მხარე ვალდებულია არა მხოლოდ SMPP პროტოკოლით, არამედ SS7 პროტოკოლის გამოყენებითაც უზრუნველყოს მისთვის ურთიერთჩართვის მიწოდება.
საჩივარში აღნიშნულია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საგანთან დაკავშირებით აგრეთვე საყურადღებოა, რომ კომისიის 2020 წლის 30 მარტის N გ-20-9/385 გადაწყვეტილების საფუძველზე მობილური ქსელით არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საქმიანობის განმახორციელებელ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ერთ-ერთ ავტორიზებულ პირად განსაზღვრულია „ვიონი საქართველო“, რაც გარდა კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტითა და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.1.1. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისა, აგრეთვე ავალდებულებს მას, რომ უზრუნველყოს მსურველი ავტორიზებული პირისთვის ზემოაღნიშნულ სეგმენტთან დაკავშირებული ურთიერთჩართვის მიწოდება მოთხოვნილი მახასიათებლებითა და პროტოკოლით. გათვალისწინებით იმისა, რომ „ვიონი საქართველომ“, მიუხედავად „სერვისბოქსის“ არაერთი მოთხოვნისა, არ მოახდინა მისთვის წინამდებარე საჩივრით გათვალისწინებული ურთიერთჩართვის მიწოდება, საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ „ვიონი საქართველომ“ დაარღვია როგორც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით მისთვის დაკისრებული ვალდებულება, აგრეთვე ხელშეკრულების 4.1.1. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტითა და კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული ვალდებულებები. აღნიშნული კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ავალდებულებს ავტორიზებულ პირებს, რომ მათ მსურველი ავტორიზებული პირებისთვის მოთხოვნილი ურთიერთჩართვა უზრუნველყონ არადისკრიმინაციულად. გათვალისწინებით იმისა, რომ „ვიონი საქართველო“ თავის 2022 წლის 17 მაისის წერილით „სერვისბოქსს“ განუმარტავს, რომ იგი უკვე აწოდებს სხვა კომპანიას ურთიერთჩართვას საერთაშორისო P2P ტრაფიკის ნაწილში (იხ. საჩივარზე დანართი 5 - შპს „ვიონი საქართველოს“ 2022 წლის 17 მაისის წერილი), შესაბამისად დგინდება „ვიონი საქართველოს“ მიერ „სერვისბოქსის“ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა, ვინაიდან „სერვისბოქსი“, მიუხედავად „ვიონი საქართველოსთვის“ დაყენებული არაერთი მოთხოვნისა, დღემდე ვერ სარგებლობს ე.წ. SS7 პროტოკოლის გამოყენებით SIGTRAN ინტერფეისით „ვიონი საქართველოსთან“ ურთიერთჩართვის უფლებით, მათ შორის საერთაშორისო P2P ტექსტური შეტყობინებების ტერმინაციის მიზნით.
საჩივარში მითითებულია, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება, ხოლო, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონკურენციის რეგულირების მიზნებისთვის კომისიის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს ავტორიზებული პირების დისკრიმინაციის დაუშვებლობა და მათი თანასწორუფლებიანობა; მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან არადისკრიმინაციული დაშვება ან/და ურთიერთჩართვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სერვისბოქსი“ ითხოვს:
1. დაეკისროს შპს „ვიონი საქართველოს“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შპს „სერვისბოქსისთვის“ ურთიერთჩართვის უზრუნველყოფის ვალდებულების დარღვევისთვის, რაც გათვალისწინებულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით.
2. დაევალოს შპს „ვიონი საქართველოს“ შპს „სერვისბოქსისთვის“ ე.წ. SS7 პროტოკოლით SIGTRAN ინტერფეისით ურთიერთჩართვის უზრუნველყოფა P2P და A2P ტექსტური შეტყობინებების ტერმინაციის მიზნით, დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციულად.
შპს ,,სერვისბოქსის“ საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვის მიზნით კომისიის მოსამზადებელი სხდომა გაიმართა 2022 წლის 30 ივნისს, რის შესახებ შეტყობინებით ეცნობათ მხარეებს და ეთხოვათ დავასთან დაკავშირებით მოსაზრებებისა და მტკიცებულებების მოსამზადებელ სხდომამდე წარმოდგენა. მხარეებს ასევე განემარტათ მათი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით.
კომისიის 2022 წლის 30 ივნისის მოსამზადებლ სხდომაზე შპს ,,სერვისბოქსის“ წარმომადგენლებმა დ. ჯიქიამ და გ. სანებლიძემ მხარი დაუჭირეს საჩივარს და აღნიშნეს, რომ, ვინაიდან მოდავე მხარეები წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს და სახეზეა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევის ფაქტი, საჩივარი განსახილველად უნდა იქნეს მიღებული.
კომისიის 2022 წლის 30 ივნისის მოსამზადებელ სხდომაზე შპს ,,ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელმა ი. ესართიამ აღნიშნა, რომ შპს ,,სერვისბოქსის“ საჩივარი არ უნდა იქნეს დასაშვებად ცნობილი, ვინაიდან დავის საგანი არ არსებობს. შპს ,,სერვისბოქსს“ შპს ,,ვიონი საქართველოსთან“ აქვს ურთიერთჩართვა და მისთვის ცნობილია, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინების დასრულებისთვის მათ შორის არსებობს ე.წ. ,,SMPP“ ტიპის შეერთება. შპს ,,სერვისბოქსს“ წერილობით ცალსახად განემარტა, რომ ამ არხით შეუძლიათ ,,P2P“ ტექსტური შეტყობინებები დაასრულონ ისევე, როგორც ახლა ასრულებენ ,,A2P“ ტექსტურ შეტყობინებებს. შპს ,,ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ შპს ,,სერვისბოქსი“ ითხოვს ,,SS7“ პროტოკოლით ურთიერთჩართვას, მაშინ, როდესაც ურთიერთჩართვის ფაქტი სახეზეა და მხარე დღესაც აგზავნის ,,A2P“ ტექსტურ შეტყობინებებს და შეუძლია გააგზავნოს ,,P2P“ ტექსტური შეტყობინებები.
II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითად ფუნქციებს მიეკუთვნება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება.
2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ამოცანებია ავტორიზებული პირების დისკრიმინაციის დაუშვებლობა და მათი თანასწორუფლებიანობა; მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან არადისკრიმინაციული დაშვება ან/და ურთიერთჩართვა.
3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანპონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვი პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირებს შორის დავის თაობაზე წარდგენილი განცხადება მიიღება, თუ მისი მოთხოვნა არ სცილდება კომისიის უფლებამოსილებების ფარგლებს, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, თუ განცხადებაში პირის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა არსებითად დაკავშირებულია იმგვარ მოთხოვნასთან ან გარემოებასთან, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას მიღებული აქვს კონკურენციის უზრუნველმყოფი და წინასწარ რეგულირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, განცხადების საფუძველზე მხარეთა შორის დავა არ განიხილება. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე, ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად.
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45- ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს.
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტი შესაბამისად, მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.
7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს:
1. კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მისი უფლებამოსილების ფარგლებში ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილი დავების განხილვა და გადაწყვეტა. ვინაიდან, შპს ,,სერვისბოქსი“ და შპს ,,ვიონი საქართველო“ წარმოადგენენ ავტორიზებულ პირებს და მათ შორის არსებობს დავა ურთიერთჩართვასთან დაკავშირებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,სერვისბოქსისა“ და შპს ,,ვიონი საქართველოს“ შორის დავის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში. შესაბამისად, შპს ,,სერვისბოქსის“ საჩივარი შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიმართ განსახილველად უნდა იქნეს მიღებული იმ ნაწილში, რომელიც ეხება შპს ,,სერვისბოქსის“ მოთხოვნას შპს ,,ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას შპს „სერვისბოქსისთვის“ ურთიერთჩართვის უზრუნველყოფის ვალდებულების დარღვევისთვის, რაც გათვალისწინებულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით და შპს „ვიონი საქართველოს“ დავალდებულებას შპს „სერვისბოქსისთვის“ ,,SS7“ პროტოკოლით SIGTRAN ინტერფეისით ურთიერთჩართვის უზრუნველყოფას ,,P2P“ ტექსტური შეტყობინებების ტერმინაციის მიზნით. დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციულად.
2. შპს ,,სერვისბოქსი“ საჩივარში აღნიშნავს, რომ მიუხედავად მოთხოვნისა, შპს „ვიონი საქართველომ“ არ უზრუნველყო შპს ,,სერვისბოქსისთვის“ ე.წ. SS7 პროტოკოლით SIGTRAN ინტერფეისით ურთიერთჩართვით სარგებლობა A2P ტექსტური შეტყობინებების ტერმინაციის მიზნით, რითაც შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიერ დარღვეულია კომისიის 2020 წლის 30 მარტის Nგ-20-9/385 გადაწყვეტილება და მოითხოვს შპს ,,ვიონი საქართველოს“ დაევალოს შპს „სერვისბოქსისთვის“ ე.წ. SS7 პროტოკოლით SIGTRAN ინტერფეისით ურთიერთჩართვის უზრუნველყოფა A2P ტექსტური შეტყობინებების ტერმინაციის მიზნით, დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავად და არადისკრიმინაციულად.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2020 წლის 30 მარტის Nგ-20-9/385 გადაწყვეტილებით, კონკურენციის უზრუნველყოფისა და წინასწარ რეგულირების მიზნით, შპს ,,ვიონი საქართველო“ განისაზღვრა მობილური ქსელით არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საქმიანობის განმახორციელებელ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად და დაეკისრა დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება. შესაბამისად, შპს ,,სერვისბოქსის“ ზემოაღნიშნული მოთხოვნა არსებითად დაკავშირებულია შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიერ, კონკურენციის უზრუნველმყოფი და წინასწარ რეგულირებასთან დაკავშირებით კომისიის მიერ 2020 წლის 30 მარტს მიღებული Nგ-20-9/385 გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულების შეუსრულებლობასთან.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ განცხადებაში პირის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა არსებითად დაკავშირებულია იმგვარ მოთხოვნასთან ან გარემოებასთან, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას მიღებული აქვს კონკურენციის უზრუნველმყოფი და წინასწარ რეგულირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, განცხადების საფუძველზე მხარეთა შორის დავა არ განიხილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია შპს ,,სერვისბოქსის“ საჩივრის საფუძველზე დავის ფარგლებში ვერ განიხილავს შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიერ, კონკურენციის უზრუნველყოფისა და წინასწარ რეგულირების მიზნით მიღებულ, კომისიის 2020 წლის 30 მარტის Nგ-20-9/385 გადაწყვეტილების დარღვევის საკითხს და შპს „ვიონი საქართველოს“ დავალდებულებას შპს „სერვისბოქსისთვის“ ,,SS7“ პროტოკოლით SIGTRAN ინტერფეისით ურთიერთჩართვის უზრუნველყოფას ,,A2P“ ტექსტური შეტყობინებების ტერმინაციის მიზნით, დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციულად. შესაბამისად, შპს ,,სერვისბოქსის“ საჩივარი ამ ნაწილში დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
ამავე დროს, კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს ადგილი აქვს თუ არა შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიერ, კონკურენციის უზრუნველყოფისა და წინასწარ რეგულირების მიზნით მიღებული, კომისიის 2020 წლის 30 მარტის Nგ-20-9/385 გადაწყვეტილების დარღვევას.
3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება.
შპს ,,სერვისბოქსი“ საჩივარში აღნიშნავს, რომ ადგილი აქვს შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიერ სს ,,სერვისბოქსის“ მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას, ვინაიდან მოთხოვნის მიუხედავად, ,,სერვისბოქსი“ დღემდე ვერ სარგებლობს ,,SS7“ პროტოკოლის გამოყენებით ,,SIGTRAN“ ინტერფეისით „ვიონი საქართველოსთან“ ურთიერთჩართვის უფლებით ტექსტური შეტყობინებების ტერმინაციის მიზნით. აღნიშნული გარემოების გამოკვლევის მიზნით, შპს ,,ვიონი საქართველოსგან“ გამოთხოვნილ უნდა იქნეს იმ ავტორიზებულ პირებთან დადებული მომსახურების ხელშეკრულებები, რომლებთანაც ,,P2P“ ტექსტური შეტყობინებების დასრულების მიზნით ურთიერთჩართვას უზრუნველყოფს ,,SS7“ ტიპის ,,SIGTRAN“ ინტერფეისით.
III. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, 38-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავისა და 177- ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,სერვისბოქსის“ საჩივარი შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიმართ განსახილველად იქნეს მიღებული იმ ნაწილში, რომელიც ეხება შპს „სერვისბოქსის“ მოთხოვნას:
ა) შპს ,,ვიონი საქართველოს“ დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ურთიერთჩართვის უზრუნველყოფის ვალდებულების დარღვევისთვის.
ბ) დაევალოს შპს ,,ვიონი საქართველოს“ შპს „სერვისბოქსისთვის“ ე.წ. ,,SS7“ პროტოკოლით ,,SIGTRAN“ ინტერფეისით ურთიერთჩართვის უზრუნველყოფა ,,P2P“ ტექსტური შეტყობინებების ტერმინაციის მიზნით, დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავად და არადისკრიმინაციულად.
2. შპს ,,სერვისბოქსსა“ და შპს ,,ვიონი საქართველოს“ შორის დავის განხილვა დაინიშნოს 2022 წლის 14 ივლისს, 15:00 საათზე.
3. შპს ,,სერვისბოქსის“ საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი იმ ნაწილში, რომელიც ეხება შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიერ, კონკურენციის უზრუნველყოფისა და წინასწარ რეგულირების მიზნით მიღებულ, კომისიის 2020 წლის 30 მარტის Nგ-20-
9/385 გადაწყვეტილების დარღვევის საკითხს და შპს „ვიონი საქართველოს“ დავალდებულებას შპს „სერვისბოქსისთვის“ ,,SS7“ პროტოკოლით ,,SIGTRAN“ ინტერფეისით ურთიერთჩართვის უზრუნველყოფას ,,A2P“ არასტანდარტული ტექსტური შეტყობინებების ტერმინაციის მიზნით, დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციულად.
4. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა) შეისწავლოს აქვს თუ არა ადგილი შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიერ, კონკურენციის უზრუნველყოფისა და წინასწარ რეგულირების მიზნით მიღებული, კომისიის 2020 წლის 30 მარტის Nგ-20-9/385 გადაწყვეტილების დარღვევას.
5. დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ს. ქარუმიძე) წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნა: უზრუნველყოფს თუ არა ამ დროისთვის ,,SMPP“ ტიპის შეერთება შპს ,,სერვისბოქსის“ შპს ,,ვიონი საქართველოსთან“ შეზღუდვის გარეშე ურთიერთჩართვას ,,P2P“ ტექსტური შეტყობინებების დასრულებისათვის; შპს ,,ვიონი საქართველოს“ მიერ, შპს
,,სერვისბოქსისთვის“ ,,SS7“ ტიპის შეერთებით ურთიერთჩართვის უზრუნველყოფა ,,P2P“ ტექსტური შეტყობინებების დასრულების მიზნით საჭიროებს თუ არა დამატებით დანახარჯებს.
6. დაევალოს შპს ,,ვიონი საქართველოს“ 3 სამუშაო დღის ვადაში კომისიაში წარმოადგინოს იმ ავტორიზებულ პირებთან დადებული მომსახურების ხელშეკრულებები, რომლებსაც ,,P2P“ შეტყობინებების დასრულების მიზნით ურთიერთჩართვას უზრუნველყოფს ,,SS7“ ტიპის ,,SIGTRAN“ ინტერფეისით.
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „სერვისბოქსისთვის“ და შპს ,,ვიონი საქართველოსთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო.ვოტ).
8. გადაწყვეტილება ძალაში შედის (მე-3 პუნქტის გარდა) კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.
9. გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სერვისბოქსისთვის“ და შპს ,,ვიონი საქართველოსთვის“ ჩაბარების დღიდან.
10. გადაწყვეტილება (მე-3 პუნქტის გარდა) ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
11. გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „სერვისბოქსისთვის“ და შპს ,,ვიონი საქართველოსთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
12. კონტროლი გადაწყვეტილების (მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია)
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
