შპს,,აგრომედიას“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 12, 2022 16:48
მიღების თარიღი დეკემბერი 01, 2022
შპს,,აგრომედიას“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (22-10-2014 17.11.2022) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „აგრომედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (22-10-2014 17.11.2022) ირკვევა, რომ აუდიო- ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 22 ოქტომბერს განხორციელდა შპს „აგრომედიას“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი სპონსორობის წესების, პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების და ტელეშოპინგის განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით; აღნიშნული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ 2022 წლის 22 ოქტომბერს 08:55 სთ. გადაცემაში „აგრო რჩევები“ წამყვანმა მიაწოდა მაყურებელს ინფორმაცია კომპანია „ბორნ სოფქიმია“-ს ქ. გორში ახალი სერვის ცენტრის გახსნის თაობაზე და აღნიშნა: „ახლა უკვე შიდა ქართლის ფერმერებს შეუძლიათ ისარგებლონ აღნიშნული ფილიალით, მობრძანდნენ სადაც დახვდებათ პროფესიონალთა გუნდი, მაღალი ხარისხის პროდუქცია და მათთვის მისაღები ფასები“. სიუჟეტის ხანგრძლივობაა 15 წუთი და ამ დროის განმავლობაშიც სხვადასხვა პირები აკეთებენ დადებითი ხასიათის კომენტარს კომპანიის საქმიანობის შესახებ, კომპანიის აგრონომი აღნიშნავს, რომ კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი და პრემიუმ ხარისხის პროდუქციას, დეტალურად ხდება ყველა პროდუქციის და მათი თვისებების აღწერა, რაც იძლევა გარანტიას, რომ მოსავალი იქნება მაღალხარისხიანი და ბაზრისთვის მისაღები, კომპანიის წარმომადგენლები საუბრობენ კომპანიის დაარსების, დღევანდელი საქმიანობის, პროდუქციის მრავალფეროვნების, მომსახურების მაღალი ხარისხისა და სხვა საკითხების შესახებ. კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ „ადგილზე გამოცდილი აგრონომები გაგიწევენ კონსულტაციას და ასევე დაგეხმარებიან სასურველი პროდუქციის შეძენაში, იქვე როგორც, ჩვენს ყველა ფილიალში ადგილზე მოქმედებს „კრედოსა“ და „კრისტალის“ აგროგანვადება, რაც უფრო კომფორტულს და ხელმისაწვდომს გახდის მომხმარებლებისთვის ჩვენი პორუდქციის შეძენას“. სიუჟეტის დასასრულს შპს„აგრომედიას“ დამფუძნებელი აცხადებს: „ახალ ფილიალში შეგიძლიათ მობრძანდეთ და მიიღოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება“.
ზემოაღნიშნული მოინიტორინგის საფუძველზე კომისიამ წერილობით მიმართა შპს„აგრომედიას“ გამოითხოვა ინფორმაცია აღნიშნული სიუჟეტის განთავსების სტატუსთან დაკავშირებით (სიუჟეტი წარმოადგენდა კომერციულ რეკლამას, პროდუქტის განთავსებას თუ ტელეშოპინგს), ასევე მოითხოვა იმ ხელშეკრულების წარმოდგენა, რომლის საფუძველზეც მოხდა ზემოაღნიშნული კომერციული კომუნიკაციის განთავსება ეთერში. შპს „აგრომედიას საპასუხო წერილის თანახმად (02/11/2022 Nშ-22-6/4000) აღნიშნული სიუჟეტი მაუწყებლის ეთერში განთავსდა შპს „აგრომედიასა“ და კომპანია „ბორნ სოფქიმიას“ შორის სარეკლამო მომსახურების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
შპს „აგრომედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2022 წლის 24 ნოემბერს, რის თაობაზეც შეტყობინებით ეცნობა შპს „აგრომედიას“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
კომისიის 2022 წლის 24 ნოემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „აგრომედიას“ დირექტორი რ.ბაბალაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ შპს „აგრომედიას“ შპს „ბორნ სოფქიმიასთან“ გაფორმებული აქვს სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულება. მისი განმარტებით, არ არის კომპეტენტური ამ საკითხში, თუმცა მაუწყებელს სურვილი სასარგებლო საქმე გაეკეთებინა რეგიონის სოფლის მეურნეობისთვის და აწვდიდნენ იმ ინფორმაციას, რაც საინტერესოა ფერმერებისთვის.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (22-10-2014 17.11.2022);
2. შპს „აგრომედიას“ წერილი (02/11/2022 Nშ-22-6/4000) და თანდართული ხელშეკრულება;
3. შპს ,,აგრომედიას“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან;
4. შპს „აგრომედიას“ დირექტორის რ.ბაბალაშვილის მიერ 2022 წლის 24 ნოემბრის კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „აგრომედია“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა, მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა, მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა);
2. შპს „აგრომედიას“ სამაუწყებლო ეთერში 2022 წლის 22 ოქტომბერს 08:55 სთ. გადაცემაში „აგრო რჩევები“ წამყვანმა მიაწოდა მაყურებელს ინფორმაცია კომპანია „ბორნ სოფქიმიას“ ქ. გორში ახალი სერვის ცენტრის გახსნის თაობაზე და აღნიშნა: „ახლა უკვე შიდა ქართლის ფერმერებს შეუძლიათ ისარგებლონ აღნიშნული ფილიალით, მობრძანდნენ სადაც დახვდებათ პროფესიონალთა გუნდი, მაღალი ხარისხის პროდუქცია და მათთვის მისაღები ფასები“. სიუჟეტის ხანგრძლივობაა 15 წუთი და მთელი ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა პირები აკეთებენ დადებითი ხასიათის კომენტარს კომპანიის საქმიანობის შესახებ, კომპანიის აგრონომი აღნიშნავს, რომ კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი და პრემიუმ ხარისხის პროდუქციას, დეტალურად ხდება ყველა პროდუქციის და მათი თვისებების აღწერა, რაც იძლევა გარანტიას, რომ მოსავალი იქნება მაღალხარისხიანი და ბაზრისთვის მისაღები, კომპანიის წარმომადგენლები საუბრობენ კომპანიის დაარსების, დღევანდელი საქმიანობის, პროდუქციის მრავალფეროვნების, მომსახურების მაღალი ხარისხისა და სხვა საკითხების შესახებ. კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ „ადგილზე გამოცდილი აგრონომები გაგიწევენ კონსულტაციას და ასევე დაგეხმარებიან სასურველი პროდუქციის შეძენაში, იქვე როგორც, ჩვენს ყველა ფილიალში ადგილზე მოქმედებს „კრედოსა“ და „კრისტალის“ აგროგანვადება, რაც უფრო კომფორტულს და ხელმისაწვდომს გახდის მომხმარებლებისთვის ჩვენი პორუდუქციის შეძენას“. სიუჟეტის დასასრულს შპს „აგრომედიას“ დამფუძნებელი აცხადებს: „ახალ ფილიალში შეგიძლიათ მობრძანდეთ და მიიღოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება“;
3. შპს „აგრომედიასა“ და შპს „ბორნ სოფქიმიას“ შორის 2022 წლის პირველ თებერვალს გაფორმებულია ხელშეკრულება სარეკლამო მომსახურების თაობაზე.
4. შპს „აგრომედიას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის გამოყენებული არ ყოფილა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ17) ქვეპუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement) არის საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით გავრცელება, რაც გამოიხატება პროგრამაში ამ პროდუქტის ინტეგრირებით, პროდუქტზე მითითებით ან/და მომსახურებასა და სასაქონლო ნიშანზე მითითებით;
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ: ა) მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე, მათ შორის, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე; ბ) ის არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას; გ) მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს.
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების მარეგულირებელი კანონმდებლობა და მათგან გამომდინარე კომისიის გადაწყვეტილებები განპირობებულია ორი ძირითადი ფაქტორით: 1. მომხმარებლის ინტერესების დაცვა, რაც გულისხმობს მაუწყებლის მიერ ისეთი პროგრამის განთავსებას, რომელშიც არ იქნება აღრეული სარეკლამო პროდუქცია და მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის ფარგლებში შექმნილი პროდუქტი; 2. სამაუწყებლო ბაზარზე სტაბილური მდგომარეობისა და ჯანსაღი კონკურენციის შენარჩუნება.
კომისიას მიაჩნია, რომ შპს „აგრომედიას“ სამაუწყებლო ბადეში 2022 წლის 22 ოქტომბერს განთავსებულ სიუჟეტში პროდუქციის დადებით მახასიათებლებზე განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება, გამოყენებული გამონათქვამების შინაარსი, კონკრეტული საშუალებების თვისებების დემონსტრირება, სერვისებსა და სიახლეებზე აქცენტირება და ის ფაქტი, რომ პროგრამას არ აქვს სხვა დანიშნულება, გარდა პროდუქტის გარეკლამებისა, ასევე სიუჟეტისთვის დათმობილი დროის ხანგრძლივობა მიუთითებს პროდუქტის განთავსების წესების დარღვევაზე, რადგან, შპს „აგრომედიას“ პროგრამაში პროდუქტის განთავსება გავლენას ახდენს პროგრამის შინაარსსა და მაუწყებლის დამოუკიდებლობაზე, განთავსებულ პროდუქტს ენიჭება გადაჭარბებული მნიშვნელობა, სიუჟეტი შეიცავს ამ პროდუქტის შეძენისაკენ მოწოდებებს, რითაც შპს „აგრომედიას“ მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, 691 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და გ) ქვეპუნქტები და 70-ე მუხლის პირველი პუნქტი.
იმის გათვალისწინებით, რომ შპს „აგრომედია“ ახლადშექმნილი მაუწყებელია და მის მიერ მსგავსი/ანალოგიური სამართალდარღვევის პირველი შემთხვევაა, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ შპს„აგრომედია“ სცნოს სამართალდამრღვევად და გაათავისუფლოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ17) ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 691 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და გ) ქვეპუნქტების, 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „აგრომედია“ ცნობილი იქნას სამართალდამრღვევად ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 691 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და გ) ქვეპუნქტების და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;
2. შპს ,,აგრომედია“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი:ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების შპს „აგრომედიასთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „აგრომედიასთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
