მაისი 15, 2019 19:54

მედიაწიგნიერების კონკურსი - „ნამდვილი თუ მოგონილი?!“

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და „მედიააკადემია“, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მოზარდებში მედიაწიგნიერების - კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარების მიზნით აცხადებს კონკურსს „ნამდვილი თუ მოგონილი?!“.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მე-10 და მე-11 კლასების ყველა მოსწავლეს.

კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ფარგლებში მოსწავლეებმა ინდივიდუალურად უნდა შეასრულონ შემდეგი დავალება:

აღმოაჩინონ ქართულ მედიასივრცეში (ინტერნეტი, ტელევიზია, ბეჭდური მედია და სხვა) გავრცელებული ყალბი ინფორმაცია - “fake news”, რომელიც ეხება საქართველოში მომხდარ ამბავს და ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია, წარმოადგინონ აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები, ამბავი.

დავალების წარმოსადგენად მოსწავლეებს შეუძლიათ თავად შეარჩიონ ფორმატი - ვიდეო ან მულტიმედია ნამუშევარი, პრეზენტაცია ან სხვა ალტერნატიული კრეატიული ფორმა. აუცილებელია ნებისმიერი ფორმატის ნაშრომს ახლდეს გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი.

კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომლის წევრებიც იქნებიან საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის, „მედიააკადემიის“, განათლების სამინისტროსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

პრიზები:

  • I ადგილი - MacBook Pro
  • II ადგილი - iPhone XS
  • III ადგილი - iPad Pro + Apple Pencil

კონკურსის ვადები:

საკონკურსო ნამუშევრები მოსწავლეებმა უნდა გამოგზავნონ 2019 წლის 16 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით.

საკონკურსო ნაშრომის გამოსაგზავნად:

  1. კონკურსის მონაწილემ უნდა შექმნას Google-ის ელექტრონული ფოსტა (mail.google.com)
  2. Google-ის ელექტრონული ფოსტის შექმნის შემდეგ საკონკურსო ნაშრომი გამოგზავნოს შემდეგი ბმულის გამოყენებით: www.tiny.cc/oggb6y

კონკურსის წესები:

მოსწავლეებს თავად შეუძლიათ შეარჩიონ საკონკურსო დავალების წარმოდგენის ფორმატი, თუმცა უნდა გაითვალისწინონ ნაშრომის მოცულობის ლიმიტი:

  • ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს
  • საპრეზენტაციო მასალა არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს
  • ნებისმიერი ფორმატის ნაშრომს უნდა ახლდეს გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი

შეფასების კრიტერიუმები:

  • რამდენად რთული იყო ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება და რამდენად რთულად დასამტკიცებელი იყო ნამდვილი ამბავი
  • რამდენად მაღალია გამოყენებული წყაროების ფაქტობრივი სიზუსტე
  • რამდენად შემოქმედებითია შესრულებული დავალება
  • რამდენად ინფორმაციული და პრეზენტაბელურია ნაშრომი

! ნაშრომი, რომელიც არ შეესაბამება კონკურსის დავალებასა და პირობებს, ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს
! ნაშრომი, რომელშიც გამოვლინდება პლაგიატი, ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს

დავალების შესრულებისთვის სასარგებლო ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ კონკურსის გვერდს ფეისბუქზე: ნამდვილი თუ მოგონილი - fb/namdvilitumogonili და კომისიის ვებ-გვერდს www.gncc.ge კონკურსთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: medialiteracy@gncc.ge


თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები