მაისი 01, 2024 17:10

მედიაწიგნიერების კონკურსი - „ნამდვილი თუ მოგონილი?!“

კომუნიკაციების კომისია, „მედიააკადემიასთან“ ერთად, ახალგაზრდებში კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარების მიზნით, აცხადებს მედიაწიგნიერების კონკურსს „ნამდვილი თუ მოგონილი?!“.

კონკურსში მონაწილეობის მიღება IX, X და XI კლასის ყველა მოსწავლეს შეუძლია.

კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ფარგლებში, მოსწავლეებმა ინდივიდუალურად უნდა შეასრულონ შემდეგი დავალება:
კონკურსანტებმა უნდა აღმოაჩინონ მედიასივრცეში (მათ შორის, ინტერნეტში, ტელევიზიაში, რადიოსა და ბეჭდურ მედიაში) გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი. შემდგომ კი, შემოქმედებითი გზით წარმოადგინონ ამბის აღმოჩენისა და გადამოწმების მეთოდები, გამოყენებული წყაროები და რეალური ფაქტები.

დავალების წარმოსადგენად, მოსწავლეებს შეუძლიათ შეარჩიონ სასურველი ფორმატი - ვიდეო ან მულტიმედია ნამუშევარი, პრეზენტაცია ან სხვა ალტერნატიული კრეატიული ფორმა. აუცილებელია, ნებისმიერი ფორმატის ნაშრომს ახლდეს გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი.

კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური.

პრიზები:
• I ადგილი - MacBook Air 15.3
• II ადგილი - iPhone 15 Pro
• III ადგილი - iPad 10.9

კონკურსის ვადები:

საკონკურსო ნამუშევრები მოსწავლეებმა უნდა გამოგზავნონ 2024 წლის 1 მაისიდან - 15 ივნისის ჩათვლით.

საკონკურსო ნაშრომის გამოსაგზავნად, კონკურსის მონაწილემ საჭიროა, რომ:
1. შექმნას Google-ის ელექტრონული ფოსტა (Mail.google.com)
2. გამოგზავნოს საკონკურსო ნაშრომი შემდეგი ბმულის გამოყენებით

კონკურსის წესები:
მოსწავლეებს შეუძლიათ თავად შეარჩიონ საკონკურსო დავალების ფორმატი. თუმცა, აუცილებელია ნაშრომის მოცულობის ლიმიტის გათვალისწინება:
• ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს
• საპრეზენტაციო მასალა არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს
• ნებისმიერი ფორმატის ნაშრომს უნდა ახლდეს გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი

შეფასების კრიტერიუმები:
• რამდენად რთული იყო ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება და რამდენად რთულად დასამტკიცებელი იყო ნამდვილი ამბავი
• რამდენად მაღალია გამოყენებული წყაროების ფაქტობრივი სიზუსტე
• რამდენად შემოქმედებითია შესრულებული დავალება
• რამდენად ინფორმაციულია ნაშრომი

! ნაშრომი, რომელიც არ შეესაბამება კონკურსის დავალებასა და პირობებს, ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს
! ნაშრომი, რომელშიც გამოვლინდება პლაგიატი, ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ მედიაწიგნიერების ვებ-გვერდსა და ფეისბუქ გვერდს.
კონკურსთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ: medialiteracy@comcom.ge.

ხშირად დასმული კითხვები:
1. რა ფორმატით არის რეკომენდებული საკონკურსო ნამუშევრის გამოგზავნა?
საკონკურსო ნამუშევრის გამოგზავნა შეგიძლიათ ნებისმიერი შემოქმედებითი ფორმით. თუმცა, წინა კონკურსების გამარჯვებული ნაშრომების უმეტესობა წარმოადგენდა ვიდეოს.
2. რას ნიშნავს ყალბი ინფორმაცია, რომელიც ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი?
კონკურსი გულისხმობს ისეთი ყალბი ამბის მოძიებას, რომელის სიყალბეც აქამდე არ დაუდასტურებია არც პირველწყაროს და არც ფაქტების შემმოწმებელ ორგანიზაციას.
3. შესაძლებელია თუ არა, რომ ერთმა მონაწილემ რამდენიმე საკონკურსო ნამუშევარი გამოგზავნოს?
დიახ, ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე საკონკურსო ნაშრომის წარმოდგენა.
4. შესაძლებელია თუ არა, რომ წინა კონკურსების მონაწილემ/გამარჯვებულმა მიიღოს მონაწილეობა მიმდინარე კონკურსში?
დიახ, ამ მხრივ, კონკურსს შეზღუდვა არ აქვს.
5. სად შემიძლია წინა კონკურსების გამარჯვებული ნამუშევრების ნახვა?
წინა კონკურსებში გამარჯვებული ნაშრომების ნახვა შეგიძლიათ კომუნიკაციების კომისიის YouTube გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები