ნოემბერი 10, 2023 10:10

მედიაწიგნიერების კონკურსი - „ნამდვილი თუ მოგონილი?!“

კომუნიკაციების კომისია, „მედიააკადემიასთან“ ერთად, ახალგაზრდებში კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარების მიზნით, აცხადებს მედიაწიგნიერების კონკურსს „ნამდვილი თუ მოგონილი?!“.

კონკურსში მონაწილეობის მიღება ბაკალავრიატის საფეხურის ყველა სტუდენტს შეუძლია.

კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ფარგლებში, სტუდენტებმა ინდივიდუალურად უნდა შეასრულონ შემდეგი დავალება:
კონკურსანტებმა უნდა აღმოაჩინონ მედიასივრცეში (მათ შორის, ინტერნეტში, ტელევიზიაში, რადიოსა და ბეჭდურ მედიაში) გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი. შემდგომ კი, შემოქმედებითი გზით წარმოადგინონ ამბის აღმოჩენისა და გადამოწმების მეთოდები, გამოყენებული წყაროები და რეალური ფაქტები.

დავალების წარმოსადგენად, სტუდენტებს შეუძლიათ შეარჩიონ სასურველი ფორმატი - ვიდეო ან მულტიმედია ნამუშევარი, პრეზენტაცია ან სხვა ალტერნატიული კრეატიული ფორმა. აუცილებელია, ნებისმიერი ფორმატის ნაშრომს ახლდეს გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი.

კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური.

პრიზები:
• I ადგილი - MacBook Air 15.3
• II ადგილი - iPhone 15 Pro
• III ადგილი - iPad 10.9

გარდა პრიზებისა, კონკურსის გამარჯვებულებს და სხვა წარმატებულ მონაწილეებს კომუნიკაციების კომისია კარიერულ განვითარებაშიც დაეხმარება და სერტიფიცირებული ტრენინგებით გადაამზადებს. კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ტრენერის სტატუსი მიენიჭებათ და ComCom-ის მედიაწიგნიერების პროექტების ფარგლებში, საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას სხვა სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს გაუზიარებენ.

კონკურსის ვადები:
საკონკურსო ნამუშევრები სტუდენტებმა უნდა გამოგზავნონ 2023 წლის 10 ნოემბრიდან - 10 დეკემბრის ჩათვლით.

საკონკურსო ნაშრომის გამოსაგზავნად, კონკურსის მონაწილემ საჭიროა, რომ:
1. შექმნას Google-ის ელექტრონული ფოსტა (Mail.google.com)
2. გამოგზავნოს საკონკურსო ნაშრომი შემდეგი ბმულის გამოყენებით

კონკურსის წესები:
სტუდენტებს შეუძლიათ თავად შეარჩიონ საკონკურსო დავალების ფორმატი. თუმცა, აუცილებელია ნაშრომის მოცულობის ლიმიტის გათვალისწინება:
• ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს
• საპრეზენტაციო მასალა არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს
• ნებისმიერი ფორმატის ნაშრომს უნდა ახლდეს გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი

შეფასების კრიტერიუმები:
• რამდენად რთული იყო ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება და რამდენად რთულად დასამტკიცებელი იყო ნამდვილი ამბავი
• რამდენად მაღალია გამოყენებული წყაროების ფაქტობრივი სიზუსტე
• რამდენად შემოქმედებითია შესრულებული დავალება
• რამდენად ინფორმაციულია ნაშრომი

! ნაშრომი, რომელიც არ შეესაბამება კონკურსის დავალებასა და პირობებს, ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს
! ნაშრომი, რომელშიც გამოვლინდება პლაგიატი, ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ მედიაწიგნიერების ვებ-გვერდსა და ფეისბუქ გვერდს.
კონკურსთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ: medialiteracy@comcom.ge.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები