წვდომის მენიუ

ივლისი 10, 2026 9:44

ComCom-ი საერთაშორისო თანამშრომლობას აფართოებს

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის (WSIS) 2026 წლის ფორუმისა და “AI for Good” გლობალური სამიტის ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს მოაწერა ხელი.

გოგა გულორდავამ კომუნიკაციების კომისიის სახელით ორმხრივი შეხვედრები გამართა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები იორდანიის ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასა (TRC)  და ბოსნია და ჰერცოგოვინას კომუნიკაციების მარეგულირებელ სააგენტოსთან (RAK) გააფორმა. ComCom-ის თავმჯდომარესთან ერთად მემორანდუმებს ხელი, ერთი მხრივ, TRC-ის თავმჯდომარემ ლარა ელ ხატიბმა, ხოლო, მეორე მხრივ, RAK-ის გენერალურმა დირექტორმა დრასკო მილინოვიჩმა მოაწერეს. მემორანდუმების ფარგლებში მხარეები ტელეკომუნიკაციების სექტორში გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივ აქტივობებზე შეთანხმდნენ. 

ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ ასევე ორმხრივი შეხვედრა გამართა სომხეთის საზოგადოებრივი მომსახურების მარეგულირებელი კომისიის (PSRC) თავმჯდომარე მესროპ მესროპიანთან. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, რომლის დასრულებისას მხარეებმა მჭიდრო თანამშრომლობა დაგეგმეს. გოგა გულორდავა ასევე შეხვდა მონტენეგროს ელექტრონული კომუნიკაციებისა და საფოსტო მომსახურებების სააგენტოს (EKIP) მმართველი საბჭოს პრეზიდენტს მილან ბ. რადულოვიჩს. შეხვედრის დროს განხილული იყო ორმხრივი თანამშრომლობა და დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები. ComCom-ის თავმჯდომარემ შეხვედრის ფარგლებში კომისიის პროექტები წარუდგინა.

შეგახსენებთ, რომ ComCom-ის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU), გაეროს სააგენტოებისა (UNESCO, UNCTAD, UNDP) და შვეიცარიის კონფედერაციის ორგანიზებით ჩატარებულ ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის (WSIS) 2026 წლის ფორუმსა და “AI for Good” გლობალურ სამიტში. WSIS-ის ფორუმი არის ინოვაციების ე.წ. ჰაბი, რომლის დროსაც სხვადასხვა ქვეყნის დელეგატები აფასებენ WSIS+20-ის ფარგლებში მიღებული რეზოლუციით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების პროგრესს, მიმოიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: უნივერსალური დაკავშირებადობა, ხელოვნური ინტელექტი, ციფრული საჯარო ინფრასტრუქტურა, კიბერუსაფრთხოება, ციფრული ინკლუზია, ონლაინ სივრცეში არსებული რისკები, დეზინფორმაცია, ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, მომხმარებლებსა და ადამიანებზე ორიენტირებული ციფრული მომავალი და სხვა. წლევანდელი WSIS-ის ფორუმი ITU-ს 2026 წლის “AI for Good” საერთაშორისო სამიტსა და გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ორგანიზებული ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ საერთაშორისო დიალოგთან ერთად გაიმართა. ამასთან, WSIS-ის 2026 წლის ფორუმის ფარგლებში ჩატარდა მაღალი დონის სესიები, თემატური გამოფენები და ორმხრივი სამუშაო შეხვედრები.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები