ივნისი 17, 2024 10:46

ComCom-ის წარმომადგენლებმა EPRA-ს 59-ე შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

კომუნიკაციების კომისიის წევრებმა, ივანე მახარაძემ და ნათია კუკულაძემ, ასევე, ComCom-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინო გრძელიშვილმა, ნიდერლანდების მედიის მარეგულირებლის (CvdM) მასპინძლობით გამართულ მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) 59-ე შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ორი თემატური სესია: „მედიაწიგნიერება და არჩევნები“ და „ხელოვნური ინტელექტი და მედია რეგულირება“. პირველ სესიაზე ყურადღება გამახვილდა მედიაწიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის საკითხებზე, ასევე, საარჩევნო პერიოდში მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე. კერძოდ, დისკუსიისას განიხილებოდა დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების დესტრუქციული მიზნით გამოყენების ტენდენციის, ასევე ევროპარლამენტის არჩევნების ფონზე, ინფორმაციული ქაოსის რისკები. აღნიშნული რისკების აღმოფხვრისას კი, მედიაწიგნიერების, როგორც მედიის დემოკრატიული ღირებულებების გააზრებისა და ინფორმაციის პლურალიზმის ხელშემწყობის როლი. შეხვედრის ფარგლებში მომხსენებლებმა აუდიტორიას თავიანთი გამოცდილება, ასევე საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები გაუზიარეს და სამოქალაქო ჩართულობის წახალისების პროცესში, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების როლსა და მედია მომსახურების მიმწოდებლებთან მათი თანამშრომლობის ფორმებზე იმსჯელეს. გარდა ამისა, სესიაზე მრავალმხრივი ჩართულობისა და თანამშრომლობის აუცილებლობას ხაზი გაესვა. 

მეორე თემატურ სესიაზე, რომელიც ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ თემებს მიეძღვნა, ევროკომისიის წარმომადგენელმა მონაწილეებს 2024 წელს მიღებული ხელოვნური ინტელექტის აქტის შესახებ ინფორმაცია გააცნო. დისკუსიის ფარგლებში კი, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სარგებელი და თანმდევი საფრთხეები, მისი დანერგვის შემაფერხებელი ფაქტორები და მარეგულირებელი ორგანოების მიერ, მისი დანერგვისა თუ პრაქტიკული გამოყენების საკითხები განიხილებოდა. 

ამასთან ერთად, შეხვედრის ფარგლებში EPRA-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრის ვაკანტურ პოზიციაზე არჩევნები ჩატარდა. აღსანიშნავია რომ აღმასრულებელი საბჭოს  ახალ წევრად ალბანეთის მედიის მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარე იქნა არჩეული. 

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის, სექტორის წარმომადგენელ ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან გამოცდილებისა თუ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები