ოქტომბერი 31, 2019 10:51

კომისიის აპარატის მრჩეველთა საბჭოს წევრი სერგო შავგულიძე ITU-R SG5 თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

კომუნიკაციების კომისიის აპარატის მრჩეველთა საბჭოს წევრი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო შავგულიძე მეორე ოთხწლიანი ვადით ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) რადიოსაკომუნიკაციო სექტორის მე-5 შემსწავლელი ჯგუფის (ITU-R SG5) თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

არჩევნები ეგვიპტეში, ქალაქ შარმ-ელ-შეიხში, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის ორგანიზებული რადიოკომუნიკაციის მსოფლიო ასამბლეის (RA-2019) ფარგლებში გაიმართა. ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას სერგო შავგულიძე ხელმძღვანელობდა.

ITU-R-ის შემსწავლელი ჯგუფები, რომლებიც ასამბლეებს შორის პერიოდში ფუნქციონირებენ, რადიოკომუნიკაციის მსოფლიო ასამბლეებზე ფორმირდება. მათი დანიშნულებაა შეიმუშაონ რეკომენდაციების პროექტები, რომლებიც შემდგომში ITU-ის წევრი ქვეყნების მიერ განიხილება და მტკიცდება. ITU-R SG5 ჯგუფი შეისწავლის ტერესტრიალურ სერვისებს, კერძოდ სისტემებსა და ქსელებს ფიქსირებული, მობილური, რადიოგანსაზღვრის, სამოყვარულო და სამოყვარულო-თანამგზავრული სამსახურებისათვის.

კომუნიკაციების კომისია ულოცავს ბატონ სერგო შავგულიძეს საპატიო პოსტზე არჩევას და უსურვებს წარმატებულ საქმიანობას.

ITU გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) სპეციალიზებული ქვეორგანიზაციაა და ბატონი სერგო შავგულიძე ITU-ში საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელია.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები