წვდომის მენიუ

მარტი 02, 2026 17:57

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე ჩეხეთის, იორდანიის, რუმინეთის, პოლონეთისა და თურქეთის მარეგულირებლების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ და ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ მონაწილეობა მიიღეს ბარსელონაში, გლობალური მობილური საკომუნიკაციო სისტემების ასოციაციის (GSMA) ორგანიზებით გამართულ მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესში (MWC), რომლის ფარგლებშიც ComCom-ის თავმჯდომარე და წევრი რუმინეთის, თურქეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, იორდანიისა და პოლონეთის ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. შეხვედრას კომისიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო გრძელიშვილიც ესწრებოდა.

პირველი შეხვედრა გოგა გულორდავამ და ComCom-ის წარმომადგენლებმა რუმინეთის კომუნიკაციების მართვისა და რეგულირების ეროვნული ორგანოს (ANCOM) პრეზიდენტთან, ვალერიუ სტეფან ზგონეასთან გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ციფრული დაკავშირებადობისა და შავი ზღვის ციფრული კაბელის პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. გოგა გულორდავამ ასევე საქართველოს, როგორც რეგიონის ციფრული ჰაბის, პოტენციალზე ისაუბრა. ამასთან, ComCom-ის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ANCOM-ის ექსპერტული მხარდაჭერა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ბაზრის ანალიზი, ინფრასტრუქტურის ციფრული რუკა და ელექტრონული კომუნიკაციების ევროპული კოდექსის (EECC) ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანა, უაღრესად მნიშვნელოვანია. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, რომ 2025 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ComCom-ისა და ANCOM-ის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

გოგა გულორდავა ასევე თურქეთის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ორგანოს (BTK) თავმჯდომარეს, ომერ აბდულა კარაგოზოღლუს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დადებითად შეაფასეს უწყებებს შორის განმტკიცებული თანამშრომლობა და ონლაინ სამუშაო შეხვედრები ტელეკომ ბაზრის რეგულირებისა და სიხშირეების მართვის მიმართულებით. გარდა ამისა, თავმჯდომარეები შეთანხმდნენ, რომ 2026 წელს თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ. შეხვედრაზე ყურადღება ასევე დაეთმო აჭარის რეგიონში მობილური სიგნალების შეთანხმების კონტექსტში ტრანსსასაზღვრო კოორდინაციის საკითხს.

კონგრესის ფარგლებში გოგა გულორდავა ჩეხეთის რესპუბლიკის სატელეკომუნიკაციო ოფისის საბჭოს (CTU) თავმჯდომარეს, მარეკ ერბერტს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისა და სპექტრის მართვის საკითხებზე გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. ასევე ხაზი გაესვა ComCom-სა და CTU-ს შორის მრავალწლიან თანამშრომლობასა და მჭიდრო პარტნიორობას.

ComCom-ის თავმჯდომარემ შეხვედრა ასევე იორდანიის ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის (TRC) აღმასრულებელ დირექტორთან, ლარა ალ ხატიბთან გამართა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დადებითად შეაფასეს ბოლო წლის განმავლობაში გამყარებული თანამშრომლობა. ამასთან, ისაუბრეს დაგეგმილ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე, რომელიც ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე თანამშრომლობას გულისხმობს, როგორებიცაა სატელეკომუნიკაციო სექტორის რეგულირება, სპექტრის მართვა/მონიტორინგი და ლიცენზირება, მომხმარებელთა უფლებების დაცვა სატელეკომუნიკაციო სფეროში და საერთაშორისო თანამშრომლობა.

კონგრესის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გაიმართა გოგა გულორდავასა და პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის (UKE) პრეზიდენტს, პრჟემისლავ კუნას შორის. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ უწყებას შორის ისტორიულ თანამშრომლობას, ერთობლივი პროექტებისა და პარტნიორობის მნიშვნელობას. ComCom-ის თავმჯდომარემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა UKE-ს წვლილს კომუნიკაციების კომისიის ინსტიტუციური გაძლიერებისა და ევროპული გამოცდილების პრაქტიკაში დანერგვის თვალსაზრისით.

MWC ტელეკომუნიკაციების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და მობილური ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე ტენდენციების განხილვას ისახავს მიზნად. ამასთან, ღონისძიების მიზანია სხვადასხვა სფეროს თანამედროვე ტექნოლოგიების მწარმოებლების გამოფენაზე დასწრება და სიახლეებისა თუ ინოვაციების გაცნობა. ღონისძიების ძირითად თემებს წარმოადგენს: მე-5 და მე-6 თაობის მობილური ტექნოლოგიების (5G, 6G) განვითარება; დაკავშირებადობა; ხელოვნური ინტელექტის გამოწვევები ტელეკომ ინდუსტრიისთვის; მობილური ქსელების განლაგებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და მონეტიზაციის შესაძლებლობები; მმართველობისა და ინდუსტრიის გაციფრულება; ციფრული ჩართულობა; ქსელების ავტონომიის გაძლიერება; მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორები (MVNO); ციფრული ტრანსფორმაცია და სხვა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები