პოლიტიკური რეკლამის არაწინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებით „ფორმულამ“, „ტვ პირველმა“ და „მთავარმა არხმა“ კანონმდებლობა დაარღვიეს
კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხის”, „ტელეკომპანია პირველის“ და „ფორმულას“ მიერ ეთერში პოლიტიკური შინაარსის რეკლამის კანონდარღვევით განთავსება დაადგინა. მიმდინარე წლის ივნისში, აღნიშნულ ტელევიზიებში გავიდა რეკლამა, სადაც პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საუბრობს საკუთარ წიგნზე, თუმცა, ამავდროულად, ხაზს უსვამს თუ რა აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის, იძლევა წინასაარჩევნო დაპირებებს და როგორც თავად აცხადებს, წიგნში ევროკავშირში გაერთიანების, პენსიების ზრდის, ასევე, წარმატებული ევროპული სახელმწიფოსა და მეტი სამუშაო ადგილის შექმნის გეგმას მიმოიხილავს.
მონიტორინგის შედეგად, კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ ვიდეორგოლის შინაარსის, არსებული კონტექსტისა და სარეკლამო კამპანიის მიზნების გათვალისწინებით, რეკლამა ემსახურება არამხოლოდ წიგნის პოპულარიზაციას, არამედ პოლიტიკური ლიდერის არჩევის ხელშეწყობას. აქედან გამომდინარე, დადგინდა, რომ სახეზეა პოლიტიკური რეკლამა, რომელიც ეთერში განთავსდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების წესებისა და ნორმების დარღვევით. კერძოდ, მაუწყებლებს ეკრძალებათ გაავრცელონ ერთი კატეგორიის რეკლამა სხვა კატეგორიის რეკლამის სტატუსით. ამასთან, დაუშვებელია პოლიტიკური რეკლამის საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პერიოდისა თუ პროცედურის მიღმა განთავსება.
საგულისხმოა, რომ „მთავარი არხის“ შემთხვევაში, მაუწყებელმა დამოუკიდებლად, კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე და რეკლამის ეთერში გასვლიდან მალევე, აღმოფხვრა დარღვევა და შეწყვიტა რეკლამის განთავსება, რის გამოც, ComCom-მა მაუწყებელი მხოლოდ სამართალდამრღვევად ცნო და პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. ხოლო რაც შეეხება „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“, გამომდინარე იქიდან, რომ ტელევიზიების მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავს დარღვევას ადგილი არ ჰქონია, კომისიამ მაუწყებლები წერილობით გააფრთხილა და აღნიშნული ვიდეორგოლის სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალა.