წვდომის მენიუ

მაისი 17, 2017 14:39

17 მაისს საქართველოში კავშირგაბმულობის პროფესიულ დღეს აღნიშნავენ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია კავშირგაბმულობის დარგის მუშაკებს ულოცავს პროფესიულ დღეს. კომისიამ კავშირგაბმულობის პროფესიული დღის აღსანიშნავად, შპს „კავკასიის უნივერსიტეტთან“ გაფორმებული  ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, „კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის“ ტელეკომუნიკაციების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს, რომლებიც მომავალში კავშირგაბმულობის სპეციალისტები იქნებიან, კომისიის რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის ბაზა დაათვალიერებინა და პრეზენტაცია ჩაუტარა.

რადიოსიხშირული სპექტრის ინტენსივობის მაღალი დონისა და სიხშირული სპექტრის რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით ქვეყანაში მზარდი მოთხოვნილებების (ციფრული მაუწყებლობა, მობილური კავშირგაბმულობის მე-4 თაობის სისტემები და სხვა), ასევე ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მოთხოვნათა გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიაზე იქმნება რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის ერთიანი სისტემა, რაც უზრუნველყოფილი იქნება დედაქალაქის სხვადასხვა გეოგრაფიულ წერტილში არსებული რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სპეციალური სტაციონარული სადგურების  მეშვეობით, სადაც შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის ინოვაციური სისტემებია ინსტალირებული.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიასა და საერთაშორისო ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ ამერიკულ კომპანია „TCI International, Inc.“-ს შორის სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, რომელიც შედგება 4 დამოუკიდებელი ეტაპისაგან, ამერიკული მხარე უზრუნველეყოფს რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სისტემის (GSMS) მოწოდების, აღნიშნული სისტემის ინსტალაციის პროცესისა და ექსპლუატაციაში გაშვების ტექნიკურ ზედამხედველობას, აგრეთვე ადგილობრივი პერსონალისათვის „ტრენინგების“ ჩატარების ორგანიზებას.

მიმდინარე ეტაპზე უკვე შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სამი ფაზა. პირველი და მესამე ფაზით, დაინსტალირდა და ექსპლუატაციაში გაეშვა სტაციონარული მონიტორინგისა და საპელენგაციო სისტემა (RFMS) ქ. თბილისში, ძეგვის მთაზე და შავნაბადას ქედზე მდებარე კომისიის კუთვნილ სტაციონარულ სადგურებზე. ასევე, ხელშეკრულების მეორე ეტაპით (მობილური მონიტორინგის სადგურის MMS დაგეგმარება, მოწოდება და ინსტალაცია) მონიტორინგის სისტემა სპეციალურ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე განთავსდა, რომლის მეშვეობითაც მობილური ჯგუფები პერიოდულად ახორციელებენ რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგს სხვადასხვა გეორგაფიულ წერტილში. აღნიშნული მობილური მონიტორინგის სადგურების (MMS) სპეციალურ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე განთავსება, ტექნიკური მომსახურება და ქარხნული შემოწმება განხორციელდა ლიტვის რესპუბლიკაში, მხარეთა შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე. თითოეული მონიტორინგის (სტაციონალური და მობილური) სადგურის მართვა შესაძლებელია ოფისიდან, მონიტორინგის მართვის ცენტრის (MCC) მეშვეობით.

მეოთხე, დამამთავრებელი ეტაპზე  სავარაუდოდ წყნეთის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება ინსტალირება, სადაც კომისიას გადაწყვეტილი აქვს რიგით მესამე რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სტაციონარული სადგურის მშენებლობა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები