წვდომის მენიუ

დეკემბერი 30, 2011

25 კომპანია სამაუწყებლო ლიცენზიის ვადის გაგრძელებას ითხოვს

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში  დღეს გამართულ სხდომაზე 25 კომპანიის სამაუწყებლო ლიცენზიის ვადის მოქმედების მომდევნო ათი წლით გაგრძელების შესახებ ზეპირი მოსმენა გაიმართა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სამაუწყებლო ლიცენზიები ათი წლის ვადით გაიცემა. ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია კომისიამ მიმართოს ვადის კიდევ ათი წლით გაგრძელების მოთხოვნით.

კომისიას სამაუწყებლო ლიცენზიების მოქმედების ვადის მომდევნო ათი წლით გაგრძელების მოთხოვნით 25 კომპანიამ მიმართა. ესენია: „ტელე–რადიო კომპანია მწვანე ტალღა“, „ტელეკომპანია თბილისი“, „ტელეკომპანია I სტერეო“, დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია „გურია“, სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა“, სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზია“, ტელეკომპანია „დია“, მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისთვის“, „იმპერია“, „კვენეტაძე და კომპანია“, „ტელერადიოკორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგო“, „ეკომი“, „ტელე–რადიო კომპანია ბორჯომი“, „ტელე–რადიო პრესკომპანია ზარი“, ასოციაცია „ათინათი“, რადიო „იმედი“, „რადიოცენტრი პლუსი“, რადიო „არტი“, ტელეკომპანია „მე–5 არხი“, ტელე–რადიო კომპანია „თრიალეთი“, ტელე–რადიო კომპანია „რიონი“, ტელე–რადიო კომპანია „ნოსტალგია“, დამოუკიდებელი ტელე–რადიო კომპანია „ოდიში“, დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“, „თვალი“ და ტელე–რადიო კომპანია „სამეგრელო“.

კომისიამ 24 კომპანიის ლიცენზიის მოქმედების ვადის  გაგრძელებაზე გადაწყვეტილება მიიღო, მხოლოდ ტელე–რადიო კომპანია „სამეგრელოს“ საკითხის არსებითი სხდომა გადადო, რადგან კომპანიას არაუფლებამოსილი პირი წარმოადგენდა, ასევე „სამეგრელოს“ შესაბამისობის დეკლარაცია არ ჰქონდა შევსებული. კომპანიას ათი სამუშაო დღის ვადა მიეცა დარღვევების აღმოსაფხვრელად. საკითხის არსებით სხდომაზე მოსმენის შესახებ ცნობა კომისიის ოფიციალურ ვებ. გვერდზე სამი სამუშაო დღით ადრე გამოქვეყნდება.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები