აგვისტო 08, 2011

ადმინისტრაციული წარმოება ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ოთხი რეგიონალური მაუწყებელის სანქცირების საკითხი განიხილა. აქედან სამ მაუწყებელს „თანამგზავრს“, „მე–5 არხს“ და „თრიალეთს“ გაფრთხილება მიეცა, ხოლო  შპს  ,,ტელე-რადიო პრესკომპანია ზარის“ მიმართ ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2011 წლის 2 ივნისს გაგზავნილი წერილით, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, უკანასკნელი 1 თვის პროგრამების სრული ჩანაწერების ციფრული მატარებლების საშუალებით (CD, DVD) კომისიაში წარმოდგენა დაავალა. ზემოთ ხსენებულმა მაუწყებლებმა, კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, ზოგ შემთხვევაში არასრულად ან დაგვიანებით, ან საერთოდაც არ წარმოადგინა.

საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომას ოთხივე ტელეკომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ მიეცათ საშუალება დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია, ყველა მტკიცებულების განხილვის შემდეგ კომისიამ შპს „თანამგზავრის“, შპს „მე–5 არხის“ და შპს „თრიალეთის“ გაფრთხილების გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება შპს ,,ტელე-რადიო პრესკომპანია ზარს“, დარღვევის არ არსებობის გამო კომპანიის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა.

ოთხივე გადაწყვეტილების სრული ვერსია, შეგიძლიათ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები