ნოემბერი 16, 2015 16:10

ანალოგური მიწისზედა მაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლის რეფორმა დასრულდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, ციფრული მაუწყებლობის რეფორმის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს მთავრობის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრები, ევროკავშირისა და  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის,  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ჩინეთის საკონსულოს, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები.

ღონისძიება გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა. ანალოგურიდან ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესზე,  შესრულებულ  სამუშაოებსა და მიღებული შედეგების შესახებ ისაუბრეს  საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ვახტანგ აბაშიძემ, ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს თავმჯდომარემ, ნინო ქუბინიძემ,  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელმა ბრუნო ბალვანერამ და არასამთავრობო ორგანიზაციის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მედიისა და ტელეკომუნიკაციის მიმართულების  ხელმძღვანელმა, უჩა სეთურმა.

დიმიტრი ქუმსიშვილი: „დღეს, ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო მოწინავე ქვეყანაა, რომელმაც უმოკლეს პერიოდში მოახერხა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა.  რეფორმის წარმატება განაპირობა ქვეყნის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ერთად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, საქართველოს ტელერადიოცენტრის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებისა და კონსულტანტების, არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინირებულმა და მიზანმიმართულმა მუშაობამ  და ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შრომა“.

გიორგი კვირიკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცა რეფორმის წარმატება და აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ახალი ტექნოლოგიური პლატფორმისთვის საჭირო ყველა ღონისძიება უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში წარმატებით დაასრულა.

,,დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რეფორმის პროცესში ჩართულ  ყველა მონაწილეს;  ასევე გნასაკუთრებული მადლობა - ნინო ქუბინიძეს, რომელმაც უმნიშვნლეოვანესი მენეჯერული ფუნქცია შეასრულა ამ პროექტის ეფექტიანად განხორციელებაში. მადლობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომელიც გაგებით შეხვდა ამ სიახლეს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ვახტანგ აბაშიძემ ასევე მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო პროცესში. მისი თქმით, ახალ ტექნოლოგიურ ეტაპზე გადასვლასტან ერთად რეფორმის მთავარი მიღწევაა საქართველოში წარმოებული სამაუწყებლო კონტენტისა და გამოხატვის თავისუფლების წახალისება.

,,რეფორმამ საშულება მოგვცა, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში შესულიყო ცვლილებები და ტელემაუწყებლობის ლიცენზირების რეჟიმი შეიცვალა მარტივი ავტორიზაციის რეჟიმით. ეს გახლავთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური რეჟიმი მაუწყებლობაში მედიაპლურალიზმის უზრუნველყოფის თვალსაზრისით“, -  განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.

ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის წარმომადგენელმა ბრუნო ბალვანერამ აღნიშნა, რომ ამ პროცესმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა EBRD-ის საქმიანობაში.

 ,,ჩევნ გვჯერა რომ კომუნიკაციები ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა, რომელსაც ქვეყნისთვის დიდი სარგებელი მოაქვს. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამ მოიტანა გამოთავისუფლებული სიხშრული რესურსი, გაუმჯობესებული ხარისხი, კანონი გახდა უფრო ლიბერალური. საქართველო ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა ევროკავშირსა და ევროსტანდარტებს’’

ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს თავმჯდომარემ, ნინო ქუბინიძემ შეაჯამა რეფორმის პროცესში განხორციელებული აქტივობები და ისაუბრა მიღებულ შედეგებსა და სარგებელზე. მისი თქმით,  რეფორმის განხორციელების შედეგად ქვეყანამ მიიღო მრავალმხრივი სარგებელი.

„რადიოსიხშირული სპექტრის ეფექტიანად გამოყენების თვალსაზრისით და ასევე უპრეცედენტო ფასდაკლებით უმაღლესი კატეგორიის ქსელური აპარატურისა და სერთიფიცირებული სეთ-თოფ ბოქსების შესყიდვით, სახელმწიფომ უზრუნველყო ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური დაცვა და საბიუჯეტო ფულადი სახსრების ოპტიმალური, რაციონალური ხარჯვა.

რეფორმა შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის წარმომადგენელმა, უჩა სეთურმაც.  მან ისაუბრა მედიის რეგულირების გაუმჯობესებულ მოდელზე და პროექტის მსვლელობა დადებითად შეაფასა.

,,დღეს, სახელმწიფო მინიმალურად, მხოლოდ  რეგულირების დონეზე ერევა კომერციული მაუწყებლების  გავრცელებაში და  ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რომელსაც საქართველოს ფარგლებს გარეთაც დადებითად აფასებენ... მინდა ვთქვა, რომ ჩვენი პარტნიორების მიერ ეს პროცესი  შეფასდა, როგორც ქართული წარმატებული პროექტი“.

ნინო ქუბინიძემ და ვახტანგ აბაშიძემ  მადლობის  სიგელები გადასცეს  იმ კომპანიებსა და ცალკეულ ადამიანებს, რომლებმაც  რეფორმის პროცესში უპრეცედენტო თანადგომა და მხარდაჭერა გამოხატეს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის შემდეგ წარმომადგენლებს გადაეცა მადლობის სიგელი: კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსს სერგო შავგულიძეს, ამავე დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს ნოდარ ასპანიძეს და წამყვან სპეციალისტს ზაზა გონჯილაშვილს, ასევე კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსს თეა ტყეშელაშვილს და კომისიის პრესდმივანს ხატია ყურაშვილს.

დასასრულს, წარმოდგენილი იყო ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი „ციფრული მაუწყებლობის რეფორმა საქართველოში“.

საერთაშორისო ვალდებულებით განპირობებულმა ტექნოლოგიურმა ცვლილებამ  ტერესტრიული სატელევიზიო ინდუსტრია ძირეულად გარდაქმნა. მრვალფუნქციური მომსახურების სრული სპექტრი  და  სიხშირული რესურსის  ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობები თანამედროვე მსოფლიოს არჩევანია, რომელსაც ჩვენი ქვეყანაც შეუერთდა. რეფორმის განხორციელებით საქართველოში ღია საეთერო ტელემაუწყებლობა განვითარების ახალ  ეტაპზე გადავიდა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები