მაისი 23, 2008

ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-5-7 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას (შემდგომში “კომისია”) განცხადებით მიმართა შპს ”ჯეოსელმა”, შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯიამ” და შპს ”მობიტელმა”  ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონების გამოცხადების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების  შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის საფუძველზე.

კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირულის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა შეადგენს 25,000.00 (ოცდახუთი ათასი) ლარს.

კომისია აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ამოწურვადი რესურსის ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, მიზანშეწონილია გამოცხადდეს აუქციონი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ერთი ლიცენზიის მისაღებად.

 “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლებისა და კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გამოცხადდეს აუქციონი ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის შემდეგი ლიცენზიის მისაღებად:

 ა) ნუმერაციის რესურსი - 8-5-7 (რვა-ხუთი-შვიდი); 

 - რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 25,000.00 (ოცდახუთი ათასი) ლარით;

- აუქციონის ბიჯი შეადგენს  1250.00 (ერთი ათას ორას ორმოცდაათი) ლარს;

2. აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2008 წლის 4 ივლისის 13:00  საათი;

3. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2008 წლის 17 ივნისის 17:00 საათამდე;

 

გადაწყვეტილების სრული ვერსია,გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები