თებერვალი 14, 2012

ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა

დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით ტექნიკური საკითხების შესახებ პრეზენტაცია სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინა.

კონფერენცია, სახელწოდებით „დაინტერესებულ მხარეთა მრგვალი მაგიდა – მზადება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად“ USAID-ის და  IREX–ის თაოსნობით  გაიმართა. შეხვედრას, საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, საქართველოს უშიშროების საბჭოს, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამაუწყებლო კომპანიების და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციაზე, სიტყვით გამოსვლის და პრეზენტაციის წარმოდგენის საშუალება ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა. მხარეებმა, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში ქვეყნის წინაშე მდგომ გამოწვევებზე და გადასვლის შემდეგ შესაძლო პოზიტიურ ასპექტებზე ისაუბრეს.

ერთდღიანი კონფერენციის ფარგლებში დამსწრე საზოგადოება შეთანხმდა, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართულნი იქნებიან როგორც მთავრობის წარმომადგენლები, ისე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, არასამთავრობო ორგანიზაციები, სამაუწყებლო კომპანიები და მედიის წარმომადგენლები. ამ სამუშაო ჯგუფის მიზანი იქნება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით და მაქსიმალურად გამჭვირვალედ განხორციელდეს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები