აპრილი 25, 2014

ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად გამოცხადებულ კონკურსზე განაცხადების მიღების ვადა სამი კვირით გახანგრძლივდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა საბუთების მიღების ვადა სამი კვირით გაახანგრძლივა.

კომისიამ  ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კონკურსი 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით გამოაცხადა. დღეს გამართულ სხდომაზე კი აღნიშნულ გადაწვეტილებაში ცვლილებები შევიდა და კონკურსანტთა საბუთების მიღების ვადა, ნაცვლად 2014 წლის 2 მაისის 19:00 საათისა, 2014 წლის 28 მაისის 19:00 საათი განისაზღვრა.

აქედან გამომდინარე, შეიცვალა მოსამზადებელი საკონკურსო სხდომის თარიღიც, სადაც კონკურსში მონაწილე პირების დალუქული დოკუმენტაცია გაიხსნება,  სხდომა 2014 წლის 2 ივნისს 13:00 საათზე ჩატარდება. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის (ლიცენზიების) მისაღებად გამოცხადებული კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც კონკურსთან დაკავშირებით ყველა კონკურსანტს და დაინტერესებულ პირს საკუთარი მოსაზრებების და პოზიციების დაფიქსირების საშუალება მიეცემა, 2014 წლის 30 ივნისს 13:00 საათზე გაიმართება. უშუალოდ საკონკურსო სხდომა კი, სადაც გამარჯვებული კომპანია/კომპანიები გამოვლინდება, 2014  წლის 1 ივლისს  13:00 საათზე ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ კონკურსზე ხუთი ეროვნული დაფარვის შესაძლებლობის  ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის (შემდგომში მულტიპლექს პლატფორმა)  ფორმირებისათვის საჭირო რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიაა გამოტანილი.

 რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ხუთი ლიცენზიიდან, ორი MUX-A და MUX-B მულტიპლექს პლატფორმების შესაბამისი სიხშირული რესურსი გაიცემა მხოლოდ ღია საეთერო მაუწყებლობისთვის. ორივე ლიცენზია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მაუწყებლობის გავრცელებას უზრუნველყოფს.

MUX - A - მულტიპლექს პლატფორმა განსაზღვრულია ქვეყნის მაშტაბით ეროვნული მაუწყებლობის გავრცელებისთვის. ამ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ფარგლებში ასევე, შესაძლებელია 20 გეოგრაფიულ ერთეულში (head end), სხვადასხვა ადგილობრივი მაუწყებლობის გავრცელებაც.

MUX - B  - მულტიპლექს პლატფორმაც ეროვნული დაფარვის შესაძლებლობის  ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის ფორმირების შესაძლებლობას იძლევა და განსაზღვრულია უფრო მეტად ქვეყნის მაშტაბით ეროვნული მაუწყებლობის გავრცელებისთვის.

გარდა ამისა, კომისიამ კონკურსზე კიდევ სამი მულტიპლექს პლატფორმის ქსელის უზრუნველსაყოფად საჭირო რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის (1. 2. 3.) ლიცენზია გამოიტანა. სამივე ლიცენზია ასევე ეროვნულ დონეზე დაფარვის შესაძლებლობას იძლევა და განსაზღვრულია სამაუწყებლო სიგნალის გასავრცელებლად, როგორც ღია ეთერში, ასევე კომერციული მიზნებისთვის (Pay TV).

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ხუთი ლიცენზია კონკურსზე ათ ლოტად არის გამოტანილი:

□ A+0         □ B+0         □A+B+0 □ A+1         □ B+1         □A+B+1 □ A+2         □ B+2         □A+B+2      □ A+B+3

პოტენციურმა კონკურსანტმა განაცხადს თითოეულ ლოტზე  ცალ-ცალკე საკონკურსო წინადადება უნდა დაურთოს. ერთ კონკურსანტს სურვილის შემთხვევაში, საშუალება აქვს საკონკურსო წინადადება ერთზე მეტ ლოტზე, თუნდაც ათივე ლოტზე წარმოადგინოს, თუმცა  თითოელ ლოტზე  საკონკურსო წინადადება ცალ-ცალკე უნდა იქნას დალუქულ მდგომარეობაში წარმოადგენილი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია დალუქულ მდგომარეობაში:

·         საიდენტიფიკაციო მონაცემები;

·          ხუთი ლიცენზიისგან ფორმირებული ათი დასაშვები კომბინაციიდან მონიშნული ლოტი;

·          ამ ლოტით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობისთვის შემოთავაზებული მაქსიმალური საფასური ეროვნულ ვალუტაში;

·         MUX - A - მულტიპლექს პლათფორმის ფარგლებში, ეროვნულ დონეზე მაუწყებლის გავრცელების მომსახურებისთვის შეთავაზებული ყოველთვიური ზედა (მაქსიმალური) ზღვრული ტარიფი ეროვნულ ვალუტაში;

·         MUX - B - მულტიპლექს პლათფორმის ფარგლებში, ეროვნულ დონეზე მაუწყებლის გავრცელების მომსახურებისთვის შეთავაზებული ყოველთვიური ზედა (მაქსიმალური) ზღვრული ტარიფი ეროვნულ ვალუტაში;

·         მოქმედ ეროვნულ ტელემაუწყებელთან ან ტელემაუწყებლებთან გავრცელების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება;

·         ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველყოფის ტექნიკური წინადადება (უპირველეს ყოვლისა MUX-A და MUX-B მულტიპლექს პლატფორმების ფორმირებისთვის განსახორციელებელ სამუშაოთა ყოველთვიური დეტალური გეგმა);

·         ქსელის აგების სავარაუდო გეგმა, 42 ძირითადი გადამცემის სავარაუდო ადგილი (საიტები);

·         სადისტრიბუციო ქსელის სავარაუდო მოდელის შესახებ ინფორმაცია;

·         ინფორმაცია კაპიტალური და საოპერაციო სავარაუდო ხარჯების შესახებ;

·         ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

·         2015 წლის 17 სექტემბრამდე საბანკო გარანტია 500 000 ლარზე ან მის ექვივალეტის ოდენობით უცხოურ ვალუტაში.

კონკურსში გამარჯვებულ პირს/პირებს სალიცენზიო პირობად ციფრულ მიწისზედა ტელემაუწყებლობის ქსელთან დაშვების და ხარჯზე ორიენტირებული ტარიფით მომსახურების  ვალდებულება დაეკისრება.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

http://gncc.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=7070&info_id=115143

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები