წვდომის მენიუ

მარტი 31, 2026 14:53

ComCom-ისა და RIPE NCC-ის შეხვედრაზე საქართველოს ციფრული ჰაბის პოტენციალი განიხილეს

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და ComCom-ის თანამშრომლებმა, RIPE NCC-ის (ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ინტერნეტ რეესტრი) ცენტრალური აზიისა და კავკასიის საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი პოლიტიკის უფროს მრჩეველთან, ვაჰან ჰოვსეპიანთან და RIPE NCC-ის საზოგადოებრივი განვითარების ოფიცერთან და ტექნიკურ მრჩეველთან, ალექს სემენიაკასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა RIPE NCC-ისა და ComCom-ის თანამშრომლობის, ამიერკავკასიის ქვეყნებს შორის ინტერნეტის კავშირის ანალიზისა და საქართველოს, როგორც რეგიონის ციფრული ჰაბის პოტენციალის განხილვას ემსახურებოდა. 

შეხვედრაზე სტუმრებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც, განხილული იყო RIPE NCC-ის მიერ განხორციელებული ინტერნეტ-დაკავშირებისა და ტრაფიკის გაცვლის ანალიზი ამიერკავკასიის რეგიონში, კერძოდ, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ოპერატორების ქსელებს შორის მონაცემთა გადაცემის მარშრუტიზაციის სქემები. მათივე თქმით, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ კარგად განვითარებული საკაბელო ინფრასტრუქტურის მიუხედავად, მოცემულ სამ ქვეყანას შორის ტრაფიკის უდიდესი ნაწილი რეგიონს ტოვებს და ევროპული ქვეყნების გავლით მოძრაობს, რაც ზრდის მონაცემთა გადაცემის დაყოვნებას და ამცირებს ეფექტიანობას. ამასთან, RIPE NCC-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ოპერატორებს შორის მონაცემთა გაცვლისას ტრაფიკი ქვეყნის ტერიტორიას არ ტოვებს. 

სტუმრებმა ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს რეგიონული ჰაბი. კერძოდ, მათი თქმით, ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, შეასრულოს ცენტრალური საკომუნიკაციო და სატრანზიტო კვანძის როლი ამიერკავკასიაში, განსაკუთრებით კი ისეთი სტრატეგიული უპირატესობების გათვალისწინებით, როგორებიც არის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, განვითარებული საკაბელო ინფრასტრუქტურა და სხვა. 

შეხვედრისას მხარეებმა, ასევე, იმსჯელეს 2017 წელს RIPE NCC-სა და ComCom-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სამომავლო აქტივობების შესახებ. 

RIPE NCC წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც პასუხისმგებელია IP მისამართების რესურსების მართვაზე ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში. მისი ძირითადი ფუნქციებია: IP მისამართების (IPv4 და IPv6) განაწილება და ადმინისტრირება; AS ნომრების (Autonomous System Numbers) გაცემა და მართვა; ინტერნეტის მარშრუტიზაციის მონაცემთა რეესტრის წარმოება. RIPE NCC-ის მიზანია ინტერნეტის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირების ხელშეწყობა; IP რესურსების გამჭვირვალე, სამართლიანი და ეფექტური განაწილება; ღია, მრავალმხრივი (multi-stakeholder) მმართველობის მოდელის მხარდაჭერა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები