წვდომის მენიუ

თებერვალი 05, 2026 16:14

ComCom-მა „ტელეიმედის“ წინააღმდეგ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა

ComCom-მა „ტელეიმედის“ წინააღმდეგ „საქართველოს მომავლის აკადემიისა“ და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივარი არ დააკმაყოფილა. კერძოდ, „საქართველოს მომავლის აკადემიამ“ და ორგანიზაციის დამფუძნებელმა, ალექსანდრე ზიბზიბაძემ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი, მეორე, მე-7, მე-8, მე-11 და მე-12 პუნქტების საფუძველზე კომუნიკაციების კომისიას მიმართეს საჩივრით, რომელიც შპს „ტელეიმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ გასულ სიუჟეტს შეეხებოდა. მომჩივანების შეფასებით, მათ შესახებ გავრცელდა არაზუსტი, ცრუ და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, რაც ლახავდა მათ რეპუტაციას. ამასთან, მომჩივანები ითხოვდნენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხის უფლებით სარგებლობას, რაზეც შპს „ტელეიმედმა“ დაუსაბუთებლობის მიზეზით უარი განაცხადა. 

ComCom-ის მიერ შესწავლილი გარემოებების მიხედვით, სადავო სიუჟეტები ეხებოდა ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაცემული გრანტების განაწილების სქემას, მათ შორის, „საქართველოს მომავლის აკადემიის“ საქმიანობას, ასევე, ორგანიზაციის საქმიანობაზე შესაძლო გავლენებთან დაკავშირებულ გარემოებებს. 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ მაუწყებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მათი ფორმის, შინაარსისა და კონტექსტის გათვალისწინებით წარმოადგენს არა ფაქტებს, არამედ ბრალდებებს, რომლებზეც არ ვრცელდება გადაცემული ფაქტების მიმართ დადგენილი ჯეროვანი სიზუსტის დაცვის მოთხოვნა. შესაბამისად, ComCom-მა „საქართველოს მომავლის აკადემიისა“ და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივრები არ დააკმაყოფილა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები