დაძმობილების პროექტის ფარგლებში, კომისიაში ფართოზოლოვანი მომსახურების განვითარების შესახებ სემინარები ჩატარდა
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ტვინინგის პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით, ორდღიანი სემინარი ჩატარდა. ფართოზოლოვანი განვითარების შესახებ სემინარი დაძმობილების პროექტის ნაწილია, რომლის მიზანი კომუნიკაციების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის დახვეწა და ინსტიტუციური გაძლიერებაა. სემინარზე ევროკავშირის ექსპერტებმა უსადენო ფართოზოლოვანი მომსახურების განვითარების საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები წარმოადგინეს და ფართოზოლოვანი მომსახურების ინფრასტრუქტურისა და სერვისების მიწოდების გაუმჯობესების გზებზე ისაუბრეს.
ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება, ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის სტრატეგიის „ევროპა 2020“ პროექტის ნაწილია, რომელიც ქვეყნებისთვის და მათ შორის, საქართველოსთვის ეკონომიკური ზრდის წინაპირობაა. ამას გარდა, საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წელს მიღებულია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“, რომლის მთავარი ამოცანა ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ხელშეწყობაა. ამავე სტრატეგიის მიხედვით, მთავრობა იღებს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს ქვეყანაში სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის, ინტერნეტთან წვდომისა და ტექნოლოგიების განვითარებას.
ევროკავშირთან ერთად მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის დახვეწა, საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაა, რომელმაც კომუნიკაციების სექტორში კონკურენტული გარემოს შექმნა უნდა უზრუნველყოს, რაც სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პირობაა.
დაძმობილების პროექტი ლიეტუვის რესპუბლიკის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს (RRT), პოლონეთის რესპუბლიკის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის (UKE), გერმანიის ფედერალური ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროსა (BMWi) და ცენტრალური პროექტის მართვის სააგენტოსთან (CPMA) პარტნიორობით ხორციელდება.