ივლისი 25, 2013

დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე თბილისში რადიომაუწყებლობის კონკურსზე რეგისტრირებული კომპანიების მიერ კომისიაში შემოტანილი დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნა.

შეგახსენებთ, თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის  მისაღებად განაცხადი ხუთმა კომპანიამ წამოადგინა, ესენია: შპს „არტპალასი“, შპს „ენერჯი გრუპი“, შპს „სტერეო+“, შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“ და შპს „არტ რადიო“. ხუთივე კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკონკურსო მოთხოვნებს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსი 2013 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით გამოაცხადა. საკონკურსო პირობების თანახმად, ლიცენზიის სახე იქნება - კერძო მაუწყებლობა, სახეობა - საერთო რადიომაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა კი თბილისი, მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 12 საათი. ლიცენზიის მაძიებლის მიმართ წაყენებულია  პროგრამირების შემდეგი მინიმალური მოთხოვნები, არანაკლებ ორი თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გადაცემებით მაუწყებლობა.

საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც კონკურსანტები სამაუწყებლო კონცეფციების შესახებ თავიანთ პოზიციებს კომისიონერებს და დამსწრე საზოგადოებას წარუდგენენ 2013 წლის 22 აგვისტოს 13:00 საათზეა ჩანიშნული, ხოლო კონკურსი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად 2013 წლის 26 აგვისტოს 13:00 საათზე გაიმართება.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები