აპრილი 26, 2012

„ჯეოსელი“ 5 ათასი ლარით დაჯარიმდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე „ჯეოსელი“ 5 ათასი ლარით დააჯარიმა. კომპანია ყოველგვარი ლიცენზიის და მინიჭების გარეშე გარკვეულ რადიოსიხშირულ სპექტრს იყენებდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფმა მთაწმინდის მთის ტერიტორიაზე კომპანია „ჯეოსელის“ კუთვნილი მიმღები–გადამცემი სადგურის შემოწმება, კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე ჩაატარა. „ჯეოსელი“ კომისიას ატყობინებდა, რომ მთაწმინდის მთის ტერიტორიაზე მდებარე სადგურზე კომპანიის კუთვნილ რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების პროცესში გარკვეული ხელშეშლები ფიქსირდებოდა, რაც „ჯეოსელის“ საქმიანობას აფერხებდა. კომპანიამ კომისიისგან მოითხოვა ხელშეშლების მიზეზის დადგენა და აღმოფხვრა. მონიტორინგის შედეგად კი დადგინდა, რომ „ჯეოსელის“ განცხადებაში მითითებული 7128 მჰც და 7149 მგჰ რადიოსიხშირეები კომპანიას არც ლიცენზიით და არც კომისიის გადაწყვეტილებით მინიჭებული არ ჰქონია. კომპანია აღნიშნულ რადიოსიხშირულ სპექტრს უკანონოდ იყენებდა.

ამიტომ, კომისიამ საქართველოს ადნმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის  1441 –ე მუხლის პირევლი ნაწილის შესაბამისად „ჯეოსელის“ დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები