ივლისი 31, 2014 15:18

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში რადიოსიხშირული სპექტრის ლიბერალიზაციის უზრუნველსაყოფად ცვლილებები შედის

საქართველოს პარლამენტმა   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში რადიოსიხშირული სპექტრის ლიბერალიზაცია-ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად შესატანი ცვლილებათა პაკეთი პირველი მოსმენით უკვე მიიღო.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში რადიოსიხშირული სპექტრის ლიბერალიზაციის უზრუნველსაყოფად ცვლილებების განხორციელების შემდეგ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უფლებამოსილი იქნება ახალი (LTE) მობილური ფართოზოლოვანი ტექნოლოგიების დასანერგად გასცეს შესაბამისი ლიცენზიები. ეს საკანონმდებლო ცვლილებები ხელს შეუწყობს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მომხმარებლებისთვის ახალი ხარისხიანი  და ინოვაციური  მობილური (ინტერნეტი) ფართოზოლოვანი მომსახურებების  დანერგვას. ასევე, დაგეგმილი ცვლილებები ქვეყანას საშუალებას მისცემს უფრო ეფექტიანად გამოიყენოს რადიოსოხშირული რესურსი, ხელი შეუწყოს ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას. მძაფრი კონკურენციის პირობებში კი მომხმარებელი ყველაზე ადექვატურ ფასად იღებს მომსახურებას.

საკანონმდებლო ცვლილებები განპირობებულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმების ხელმოწერით, რომლითაც საქართველომ აიღო ვალდებულება  ეტაპობრივად უზრუნველყოს საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში   მოქმედი  კანონმდებლობის ჰარმონიზაცია  ევროკავშირის ფარგლებში არსებულ მარეგულირებელ ნორმებთან. კანონის ახალი რედაქციის ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია კანონთან შესაბამისობაში მოიყვანს „რიდიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმას“, რითაც  საქართველოსა და ევროკავშირს შორის ქსელების ურთიერთთავსებადობის ხელშეწყობაც მოხდება.

იცვლება დღეს მოქმედი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების ვადის გაგრძელების რეჟიმიც. რადიოსიხშირული რესურსით სარეგბლობის ლიცენზიები, დღეს მოქმედი კანონის რედაქციით, ათი წლის ვადით გაიცემოდა და შემდეგ, მუდმივად ოპერატორის სურვილის შემთხვევაში ათ-ათი წლით გრძელდებოდა. საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით, ევროკომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებების თანახმად,   ჰარმონიზებულ დიაპაზონებზე მომავალში არ გავრცელდება ლიცენზიების ავტომატურად გაგრძელების რეგულაცია. აქედან გამომდინარე, კომისიის მიერ მობილური მომსახურებებისთვის გაცემული ყველა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია დაექვემდებარება მოდიფიცირებას, ლიცენზიის მოქმედების ვადად განისაზღვრება მომდევნო თხუთმეტი წელი (ერთჯერადად), ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პრინციპის გათვალისწინებით. ამ ვადის გასვლის შემდეგ რადიოსიხშირული რესურსი აუქციონის წესით გაიყიდება. ასევე, მობილური ბაზრის არსებულ მონაწილეებს, მომავალზე ორიენტირებული და განჭრვეტადი საინვესტიციო გარემოს შექმნის მიზნით, უფლება ექნებათ მათ სარგებლობაში არსებული ლიცენზიების  მოდიფიცირება მოითხოვონ  ლიცენზიით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსზე სრულად, მხოლოდ ნაწილზე ან/და საკუთარი ბიზნეს გეგმების შესაბამისად, გადაწყვიტონ ამოწურვადი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიების გაუქმება.

ახალი რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ, კომისია მობილური უსადენო ფართოზოლოვანი მომსახურების ბაზარზე მაქსიმალური კონკურენციის უზრუნველსაყოფად უფლებამოსილი ხდება ერთი კომპანიის მიერ რადიოსიხშირული რესურსის ფლობის ახალი მაქსიმალური ზღვარი დაადგინოს, რითაც გამოირიცხება მობილური უსადენო ფართოზოლოვანი მომსახურების სეგმენტზე დომინანტი იურიდიული პირების ჩამოყალიბება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ საერთაშორისო ტენდერს გამოაცხადებს და მობილური უსადენო ფართოზოლოვანი მომსახურებებისთვის განკუთვნილი სიხშირეების ერთი მეგაჰერცის ღირებულების დადგენის მიზნით საკონსულტაციო მომსახურებას შეისყიდის. ევროკავშირის სივრცეში აღიარებული ერთი მეგაჰერცის ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგია გამოყენებული იქნება როგორც ახალი ლიცენზიების გაცემის დროს საწყისი ღირებულების დადგენისთვის, ასევე უკვე გაცემული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების (ერთჯერადად) მოქმედების ვადი გაგრძელების დროს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები